რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: მყავს ავტომობილი „ტოიოტა ჰაილუქსი“, 2.4-იანი ძრავით. მაინტერესებს, შესაძლებელია თუ არა ძრავის გაძლიერება ან სხვა ავტომობილის შედარებით ძლიერი ძრავის დამონტაჟება?
პასუხი: ძრავის გაძლიერება შესაძლებელია, თუმცა, არც ისე მარტივია, რადგან ეს დიზელის ძრავია და ქარხნულად ფორსირების ლიმიტი არცთუ მაღალი აქვს. თქვენს შემთხვევაში შესაძლებელია ტურბინის წნევის გაზრდა, თუმცა ამას კვალიფიციური სპეციალისტი დასჭირდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამასთან ერთად გაგეზრდებათ წვის ხარჯი. რაც შეეხება სხვა ძრავის ჩადგმას, სხვა მანქანისა და სხვა კონსტრუქციის ძრავის ჩადგმა ბევრ სამუშაოს მოითხოვს, რასაც არ გირჩევთ, მით უმეტეს, თუ თავად იმდენად ვერ ერკვევით ამ საკითხში, რომ ხელოსნის შეცდომები აკონტროლოთ. შეგიძლიათ, ჩადგათ პირდაპირ „ჰაილუქსის“ დიზელის 3.0 ტურბოდიზელის ძრავი, რომელიც გაცილებით ძლიერია 2.4-თან და სხვა ავტომობილის ძრავასთან შედარებით უფრო იოლი დასამონტაჟებელია.
კითხვა: ვარ 60 წლის, ვცხოვრობ სოფელში, რაიონის ცენტრთან ახლოს, ვმუშაობ რაიონის ქალაქში. მსურს, შევიძინო იაპონური ან კორეული წარმოების „ჯიპი“ – „ტოიოტა რავ-4“, „მიცუბიში პაჯერო იო“, „სუზუკი გრანდ ვიტარა“ ან „კია“. ამ ოთხი ავტომობილიდან რომლის ყიდვას მირჩევთ ჩემი პირობებისთვის? იქნებ, დამიხასიათოთ ისინი თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებებით?
პასუხი: ეს ოთხი ავტომობილი „კროსოვერების“ კლასში გადის. თუმცა „რავ-4-ის“ გარდა დანარჩენი სამი უფრო მაღალი გამავლობისაა, რაც მათ ტრანსმისიაში გამოიხატება (დამატებული აქვთ დაბალი გადაცემა, ეგრეთ წოდებული „პანიჟენია“). რაც შეეხება საიმედოობას, „ტოიოტა“ ყველაზე საიმედო და გამძლეა, შემდეგ მოდის „გრანდ ვიტარა“, „იო“ და ბოლოს – „კია“. თუ შედარებით რთული რელიეფის მქონე გზებზე გიწევთ სიარული, საფარი ტალახიანი და ზამთარში დიდთოვლიანია, მაშინ „პაჯერო იოს“ ან „გრანდ ვიტარას“ გირჩევდით. იმ შემთხვევაში, თუ ასფალტზე და სწორ რელიეფზე გიწევთ სიარული, მაშინ „რავ-4“ უნდა შეიძინოთ. „კია“ შედარებით ნაკლებად საიმედოა. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ „პაჯერო იოს“ შემთხვევაში მაღალი ხარისხის ბენზინისა და ზეთის მოხმარება დაგჭირდებათ.
კითხვა: მაინტერესებს, ძლიერი ძრავა აქვს თუ არა 1998 წლის „მერსედეს ცე-230-ს“ კომპრესორით. გაასწრებს თუ არა ის „ბეემვე 525-ს“, ეგრეთ წოდებული „დუტის“ იმავე ასაკის ავტომობილს, ოღონდ, გრძელ გზაზე.
პასუხი: ძრავის სიმძლავრე ამ ორ ავტომობილს თითქმის ერთი და იგივე აქვს, თუმცა, „ც“ კლასი „ბეემვეზე“ 155 კილოგრამით მსუბუქია, რაც ნებისმიერ პირობებში „მერსედესის“ უპირატესობაა. აქედან გამომდინარე, ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ „მერსედესი“ სწრაფი იქნება, თუმცა კონკრეტულად, შესაძლოა, სხვანაირი შედეგი ნახოთ, რადგან, ავტომობილის მდგომარეობიდან გამომდინარე უპირატესობა ბევრ სხვა რამეზეა დამოკიდებული.
გვერდი მოამზადა
სალომე გველესიანმა