ანრი ჯოხაძის ახალი პროვოკაცია მაყურებელს კინო “რუსთაველში„ წარუდგინეს
სიმღერა „არ გვინდა ვანია“, რომელსაც კლიპში ანი სირაძე ასრულებს, თავიდან ბოლომდე ანრი ჯოხაძის შექმნილია. ამიტომ, რომ კინოთეატრ „რუსთაველში“ გამართული პრემიერის მთავარი გმირი სწორედ ის იყო. პირველი შემთხვევა არ არის, რომ ანრი რეჟისორის ამპლუაში გვევლინება, მის კლიპებს კი ნიჭიერი ადამიანის ალღო და გამოცდილება თანდათან უფრო ეტყობა. პოლიტიზებული კლიპი, დასაწყისში „სხვისი შვილებიდან“ კადრებითა და მოცეკვავეების მიერ დახატული საქართველოს დროშის ფინალით, სავსეა პოლიტიკური სიმბოლოებით. თუმცა, დასაწყისში, პიონერის ფორმაში გამოწყობილი ანი სირაძე, თავისი ცეკვითა და თავად სიმღერის ჟღერადობით, ძალიან ჰგავდა ბრიტნი სპირსს პირველ კლიპში, რომლითაც მისი პოპულარობა დაიწყო. ჩვენებას, შოუ-ბიზნესში მოღვაწე ცნობილი ადამიანების გარდა, პოლიტიკოსებიც ესწრებოდნენ. ხათუნა გოგორიშვილი, გია როინიშვილი, გიორგი ასანიძე და ინგა გრიგოლია ანრის შემოქმედების გულშემატკივრები აღმოჩნდნენ. პრეზენტაციის ბოლოს, მას შემდეგ, რაც ანას კლიპი სამჯერ ნახეს, სტუმრებმა კინოთეატრის ფოიეში გადაინაცვლეს, სადაც კლიპის ელემენტებით გაფორმებული ტორტიც დააგემოვნეს. რა იქნება მოუსვენარი და ენერგიული ანრი ჯოხაძის მომდევნო პროვოკაცია – ამის გასაგებად, ალბათ, დიდხანს ლოდინი არ დაგვჭირდება.