გახდება თუ არა კესოზე უფრო მაგარი ქალი ბექა ბერიანი, ვინ უწუნებს მას ქალობას და იყიდებიან თუ არა ქართველი კაცები ფულის სანაცვლოდ
ბოლო დროს საქართველოში მოდურ ტენდენციად იქცა საკუთარი არატრადიციული ორიენტაციის აფიშირება და ამაზე სიამაყით საუბარი. ჩვენც, როგორც ევროპული ქვეყნის ევროპელი შვილები, ნელ-ნელა ვახდენთ ინტეგრირებას ევროპულ კულტურასთან. ჩემი რესპონდენტის ინტერვიუდან გამომდინარე, ვფიქრობ, დროა, დავირაზმოთ უმცირესობაში აღმოჩენილი ჰეტეროსექსუალები და შევქმნათ კოალიცია „კაცები კაცობისთვის“, ლოზუნგით: „ერთად დავიცვათ ჩვენი სხეული!..“
ნარცისიზმით შეპყრობილი, კაფე-ბარ „ნიკალას“ ბარმენი, 19 წლის ბექა ბერიანი, კესოსა და სექსოს ქალობას უწუნებს და მიაჩნია, რომ თვითონ უფრო მეტად ქალური და სექსუალურია და მის გამოწვევას ვერც ერთი მამაკაცი ვერ უძლებს.
– ბექა, როდის აღმოაჩინე შენში ქალი?
– ასაკს ვერ გეტყვი, რადგან, ასეთად დავიბადე. მაგრამ, სადღაც, 13 წლამდე ვერ ათვითცნობიერებ, რა გინდა და ვინ ხარ. კი გრძნობ, რომ გამორჩეული ხარ ყველასგან, მაგრამ, რატომ, ამას ვერ იგებ. მერე უკვე ყალიბდები, უფრო მძაფრდება ქალურობისკენ მიდრეკილება და ნელ-ნელა ხვდები, რაც ხდება შენს თავს.
– სექსუალური ცხოვრება რა ასაკიდან დაიწყე და როდისმე ქალთან თუ გქონია სექსი ან სურვილი მაინც?
– 16 წლის ასაკიდან, მაგრამ ქალთან ურთიერთობის სურვილიც კი არასოდეს გამჩენია, არამცთუ მქონოდა. ლამაზ ქალს ვუყურებ, როგორც ხელოვნების ნიმუშს ან კარგი ტანსაცმლისთვის მანეკენს.
– კაცის „შებმას“ და დათრევას ადვილად ახერხებ?
– ჩემთვის „ორჯერ ორია“ ეგ ამბავი: რამდენიმე მარტივი მოძრაობა და – მიზანი მიღწეულია. ცხოვრებაში მხოლოდ ერთი შემთხვევა მქონდა, როცა მიზანს ვერ მივაღწიე.
– არატრადიციული ორიენტაციის ადამიანები უმცირესობას მიეკუთვნებიან და შენ როგორ ახერხებ უმრავლესობის შებმას?
– უმცირესობას, ჩემო კარგო, საზოგადოებისთვის ცნობილი ჰომოსექსუალები მიეკუთვნებიან, თორემ, რომ გადავხედოთ, დღეს თითქმის 40 პროცენტი გეი დადის ქალაქში და სადღაც 50 პროცენტამდე ბისექსუალია. თითქმის არ არსებობს, ყოველ მეორე მამაკაცს ერთხელ მაინც არ გაეფიქროს ან არ ჰქონოდეს ბიჭთან სექსი.
– ესე იგი, პატარა ჰოლანდიაში ვცხოვრობთ და ვერ გაგვიგია, ერს კი მხოლოდ 10 პროცენტი ამრავლებს?
– ამ 10 პროცენტში კიდევ რამდენიმე პროცენტია გაყიდული, ანუ, თუ ფულს გადაუხდი, გააკეთებს. თუმცა, ეს სულაც არ უშლის ხელს გამრავლების პროცესს, რადგან ბისექსუალს ქალთანაც აქვს ურთიერთობა და კაცთანაც.
– ბექა, შენ არ მალავ შენს ორიენტაციას და ოჯახში რას გეუბნებიან?
– დასამალი რა არის? შენ რატომ არ მალავ ქალები რომ გიზიდავს? ასევეა ჩემთვისაც ეს მომენტი. სახლში ამაზე არასოდეს მისაუბრია და, შესაბამისად, არ ვიცი, რას ფიქრობს დედა ამის შესახებ. თუმცა, მისთვის ყველაფერი ნათელია, მაგრამ დედაა და თვალებს ხუჭავს. სხვათა შორის, ამის გამო არც არასდროს უსაყვედურია ჩემთვის და არც გამიგია, ეწუწუნოს, რატომ არის მაინცდამაინც ჩემი შვილი ასეთიო. ის ცივილური ადამიანია და ყველაფერს გაგებით ეკიდება.
– ერთმანეთის სამკაულს არ იკეთებთ ხოლმე?
– არანაირად. ძალიან ეგოისტი ვარ, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ დედისერთა ვარ და მეორეც, არ მიყვარს არც თხოვება და არც განათხოვრება. ძალიან იშვიათად ჩემს უახლოეს დაქალებს თუ ვათხოვებ ცოტა ხნით.
– უბანში პრობლემები არ გექმნება შენი ორიენტაციის გამო, ან ქუჩაში არავისგან გაგიგია – „ფუი, შენი, რას ჰგავხარ“?
– არა მარტო უბანში, მთელ თბილისში მაქვს ამის პრობლება. ბევრჯერ მსმენია – ფუ, რას ჰგავსო, მაგრამ, დამიჯერე, ეს ძალიან მახინჯებს და ბომჟებს უთქვამთ, ასეთების ნათქვამს კი ყურადღებას არ ვაქცევ, არანაირად არ მწყინს.
– იმ დღეს „ნიკალაში“ რომ შემოვედი, დამწუხრებული იდექი დახლთან – „ბოიფრენდმა“ მიმატოვაო. ხომ არ შეგირიგდა?
– არა და აღარც ვაპირებ შერიგებას. უკვე ვიპოვე ნამდვილი მამაკაცი, რომელიც უკრაინიდან არის ჩამოსული და სიგიჟემდე ვუყვარვარ, რომელსაც ჩემთან ერთად ქუჩაში გავლის არ რცხვენია, იმ ქართველს კი თავისი გოიმური მენტალიტეტით ჩემი შეცვლა უნდოდა, ანუ ქალური მიხვრა-მოხვრა და მანერები შემეცვალა, პომადა აღარ წამესვა და ასე შემდეგ, მაგრამ, თუ ეს ყველაფერი შევცვალე ჩემში, მაშინ ის აღარ ვიქნები, ვინც ვარ და მერე ქალებსაც დავუწყებ ყურებას. ამიტომ დავშორდით ერთმანეთს და ახლა ისეთი ჰყავს, ვისთან ერთად ქუჩაში გავლის არ შერცხვება. გული დამწყდებოდა, ჩემზე უკეთესი რომ ენახა, მაგრამ, იმდენად მახინჯია ის ბიჭი, რომ ორივე მეცოდება.
– გინდა, რომ ქალის ტანსაცმელში გამოწყობილმა იარო ქუჩაში?
– ძალიან მინდა. ჩემს თავს გეიდ არ მივიჩნევ, მე უფრო ტრანსსექსუალი ვარ, ვიდრე გეი. ხელს იმაში მიშლის, რომ ტრანსსექსუალისთვის, თუნდაც, სამსახურის მოძებნა, ძალიან ძნელი კი არა, წარმოუდგენელია და, ამიტომ, თავს იმის ფუფუნების უფლებას ვერ მივცემ, რომ კაბა ჩავიცვა და სახლში დავჯდე ფეხი-ფეხზე გადადებული. მე არსებობა მჭირდება, ჩემი ჯიბის ფული მჭირდება. ეს, შეიძლება, გავაკეთო, თუ სპონსორი მეყოლება, რომელსაც არ მობეზრდება ჩემთან ურთიერთობა და ყველანაირ კომფორტს შემიქმნის იმისთვის, რომ ნამდვილ ქალად ვიგრძნო თავი.
– კესოსი და სექსოსი, თუნდაც მათი პუპულარობის გშურს?
– არანაირად არ მშურს, ჩემო კარგო, მე ვინც მიცნობს ყველა მიწინასწარმეტყველებს ასი პროცენტით უფრო მაგრობას, ვიდრე კესოა. მათ ერთი შეხედვითვე ეტყობათ, რომ არიან კაცები და ასეთებად დარჩებიან ბოლომდე და მე არც ფეხი მაქვს მათნაირად, არც მსხვილი თვალი, ყბები. თუ მოვინდომე უფრო მაგარი ქალი ვიქნები, ვიდრე ეგენი არიან. მათი პოპულარობის კი არა, მათი გამბედაობის მშურს, რომ მათ ეს შეძლეს და გააკეთეს, რადგან კესო ორი წლის ჩამოსულია თბილისში და რა თქმა უნდა, ვერ დამაჯერებს იმას, რომ ასეთი დახვეწილი ტანსაცმელი ვანში იკერებოდა – აი, ეს მშურს, მეტი არაფერი. მე სხვა რომელიმე ცივილურ ევროპულ ქვეყანაში უნდა წავიდე, რომ ეს გავაკეთო, კესოსთვის კი ევროპა ამ შემთხვევაში თბილისია, ვანიდან როცა ჩამოდიხარ.
– არ გეშინია, ამის გამო კესოსთან პრობლემები შეგექმნას?
– არა. არ მაინტერესებს ეგეთი ძალიან გაბანძებული ტიპები, ეთერში ერთმანეთს რომ მიუვარდებიან და საქვეყნოდ იმასხარავებენ თავს. ეს არის უნახაობა და ხამობა. თბილისში არ არის მხოლოდ ორი ტრანსსექსუალი – კესო და სექსო. უბრალოდ, ეს ორია გაბაზრებული და გაბანძებული, თორემ, ისე ძალიან ბევრია, ვინც, მათგან განსხვავებით, უფრო ღირსეულად არიან და თავს არ იბაზრებენ, როგორც ეგენი.
– ბექა, ეკლესიასთან რა ურთიერთობა გაქვს, და მოძღვარი თუ გყავს?
– სხვათა შორის, ხატვის სკოლაში დავდიოდი და ხატწერის ნიჭიც მაქვს და მაქვს დიზაინის ნიჭიც, ორივე ერთნაირად საინტერესოა ჩემთვის და როცა დავდექი ამ ორ პროფესიას შორის არჩევნის წინაშე, ჩემი ორიენტაციიდან გამომდინარე, დიზაინი ავირჩიე, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ხატი მაქვს დაწერილი და საკმაოდ კარგი ნამუშევრებია. ეკლესიაში დავდივარ და ვლოცულობ კიდეც, მაგრამ მოძღვარი არ მყავს.
– ჯერ პატარა ხარ და, ალბათ, სწორი გზისკენ მიმთითებელი რომ გყავდეს და მოძღვარი აიყვანო, შეიძლება ჩვეულებრივ კაცურ ცხოვრებას დაუბრუნდე?
– არ ვიცი, შეიძლება მართალი ხარ, მაგრამ, მთავარი მონდომებაა, მე კი ძალიან აშვებული მაქვს და, რაც ვარ, მომწონს. ასეთი ვარ და, ალბათ, უფრო არ მსურს, სხვანაირი ვიყო, თორემ, რა პრობლემაა. მე მაინც მგონია, რომ ასე უნდა ყოფილიყო, ალბათ, ესეც ღვთის ნებაა, ან უფრო, სასჯელი, ანუ წინაპრის ცოდვა ჩემზე გადმოვიდა, რომელსაც ვერ ან არ შევებრძოლები. ერთი მხრივ, ისიც არის, რომ სკოლებში არ ისწავლებოდა რელიგია, ღმერთის სიყვარულს არ გვინერგავდნენ და ეკლესიისკენ არ გვითითებდნენ, ახლა კი ასწავლიან, მაგრამ, როგორც ვიცი, ძალიან ზერელედ. გარდა ამისა, განსხვავებული ორიენტაცია ტაბუდადებული თემა იყო, არადა, მე ვიცნობ ბევრ 50-60 წლის ადამიანს, რომლებმაც ახლა აღმოაჩინეს საკუთარი თავი – რომ თურმე სხვა რაღაც სდომებიათ ცხოვრებაში. ეს ხომ საშინელებაა, დაბერდე და მერე მიხვდე, ვინ ხარ და რა გინდა, ამიტომ, ჯობია ამ თემაზე ხმამაღლა იყოს საუბარი, რომ მიხვდნენ ადამიანები, რა უნდათ ცხოვრებაში. ბევრს ეს სჭირს, მაგრამ, არ იცის, რომ ეს ჰომოსექსუალიზმია და ამ გაურკვევლობით იტანჯება. უკეთესი არ არის, ადამიანმა იცოდეს, რა არის ჰომოსექსუალი, ბისექსუალი, ჰეტეროსექსუალი და ასე შემდეგ?
– აღლუმებიც ხომ არ მოვაწყოთ?
– შენ იცინი და, მგონი, ჰოლანდიაში გეი- პარადს ქალაქის მერი ხსნის, რომელიც წინ მიუძღვება მონაწილეებს. იქ სხვანაირი სიტუაციაა: ბიჭებს შვილი აჰყავთ გასაზრდელად და ერთად ზრდიან. რიკი მარტინმაც კი სუროგატ დედას გააჩენინა შვილი და „ბოიფრენდთან“, ერთად ზრდის.
– უცებ მითხარი: რომელ ცხოველს შეადარებდი საკუთარ თავს?
– შავ პანტერას, ოღონდ, მელირებულს. მაცდური და მიმზიდველი, გარკვეულწილად ძლიერი, ნაზი, მატყუარა, გულწრფელი და სევდიანიც, რომელიც ნელ-ნელა მიიზიდავს მსხვერპლს და უცებ დაესხმება თავს.
– საკუთარ თავში რომელ ცნობილ ლამაზმან ქალს ხედავ?
– სხვათა შორის, ამაზე არასდროს დავფიქრებულვარ. არ ვიცი. ალბათ, შარლიზ ტერონს. ჩემი ქცევებით, მანერებით, გამბედაობით კი – ოდრი ტატუს მივამსგავსებდი თავს.
– ტატუსი რა გითხრა, მაგრამ, ოდრი ჰეპბერნის „ჩოლკა“ კი გაქვს, ფილმიდან „რომაული არდადეგები“, რომის საპარიკმახეროში რომ შეიჭრის თმას.
– სხვათა შორის, თითზე ჩამოსათვლელი მსახიობებია, ვინც მიყვარს, მათ შორის არის ჰეპბერნიც, კაცებიდან კი ჩემი ოცნების მამაკაცია უილ სმიტი. როგორი ფანი ვარ, არ იცი, ოღონდ, სურვილი არ მაქვს, გავიცნო, მინდა, მთელი ცხოვრება ჩემი ოცნების მამაკაცად დარჩეს, თორემ, თუ გავიცანი, მერე, შეიძლება, ისე აღარ გავაფანატო, როგორც ახლა.
– რას გეძახიან მეგობრები, ზედმეტი სახელი ან ფსევდონიმი გაქვს?
– კი, მაქვს, მაგრამ, არ მომწონს ეს სახელი. საერთოდ, ცვალებადი ხასიათი მაქვს და სანამ ნამდვილი ტრანსსექსუალი გავხდები, ათას სახელს დავირქმევ. ახლა მეგობრები „საბის“ მეძახიან, ანუ „საბრინას“ (იცინის), ოღონდ, კიდევ ვიმეორებ არ მომწონს ეს სახელი.
– ვთქვათ, ხარ იმ ქვეყანაში, სადაც ერთ- სქესიანთა ქორწინება დასაშვებია, როგორ წარმოგიდგენია შენი ჯვრისწერა?
– ველური ვიქნები. გადაპარსული თავით, სისხლისფერი ტუჩებით, შავმაქმანებიანი საპატარძლო კაბით, სადაც ცალი მკერდი გამომიჩნდება. ძალიან ექსტრავაგანტური და ორიგინალური ვიქნები, თან – შავ კაბაში.
– ისეთი გაბრწყინებული თვალებით ყვები, მადლია შენზე ერთი კაი მამაპაპური ქორწილი!..
P.S. ბექა ინტერვიუს ჩაწერაზე მხოლოდ იმის გამო იკავებდა თავს, რომ „ნიკალას“ ხელმძღვანელობას სამსახურიდან არ დაეთხოვა. რედაქცია იტოვებს იმედს, რომ მას ამ ინტერვიუს გამო პრობლემა არ შეექმნება და სამსახურს არ დაატოვებინებენ.