ვინ არის ქართველი ეთნომუსიკოლოგი, რომელმაც მიიღო მსოფლიო ეთნომუსიკოლოგიის უდიდესი ჯილდო და რატომ შიმშილობდა მის გამო ზოოპარკში ვეფხვი
27 მაისს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის უცხოეთის ბიუროს ხელმძღვანელს, მელბურნის უნივერსიტეტის პროფესორს იოსებ ჟორდანიას ტოკიოში საზეიმოდ გადაეცა ფუმიო კოიცუმის პრიზი. იგი მსოფლიო ეთნომუსიკოლოგიის უდიდესი ჯილდოა და წელიწადში ერთხელ ენიჭება ტრადიციული მუსიკის წამყვან მკვლევრებს. ბატონი იოსები დიდი ხანია ავსტრალიაში საქმიანობს.
იოსებ ჟორდანია: ფუმიო კოიცუმი იყო იაპონელი ეთნომუსიკოსი, რომელიც 1983 წელს გარდაიცვალა. ის სწავლობდა იაპონელი, ჩინელი, ინდოელი, წინა აზიის, სხვადასხვა ეროვნების ხალხის ტრადიციულ მუსიკას. მისი გარდაცვალების შემდეგ, მან საკმაოდ დიდი შემოსავალი დატოვა. ფუმიოს მეუღლის სურვილი იყო, ჯილდო დაეწესებინა იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც საერთაშორისო მასშტაბით დიდი წვლილი შეიტანეს სხვადასხვა ხალხის ტრადიციული მუსიკის შესწავლაში. პრიზი დაწესდა ფუმიო კოიცუმის გარდაცვალებიდან 6 წლის მერე, ანუ 1989 წელს. ამ პრიზის გადაცემა წელიწადში ერთხელ ხდება. წლის ბოლოს, დეკემბერში ირჩევენ ადამიანს და მაისში გადასცემენ მას პრიზს. არავინ იცის, იმ წელს ვისი ნაშრომი არის წარდგენილი კომისიის წევრების გარდა. შესაბამისად, 19 დეკემბერს მივიღე წერილი, სადაც მწერდნენ, თქვენ აგირჩიეთ და გვინდა გადმოგცეთ ფუმიო კოიცუმის პრიზიო. ტოკიოში ქართველებისთვის ღირსშესანიშნავ დღეს 26 მაისს ჩავედი და 27 მაისს გაიმართა საზეიმო ცერემონიალი. ჩემს სიტყვას, თარგმნიდა პროფესორი მინარუ მორიტა, რომელიც კოიცუმის კომისიის წევრია და როგორც მითხრეს, სწორედ მან წარადგინა ჩემი კანდიდატურა. მე ეს პრიზი მივიღე, როგორც ორი ქვეყნის წარმომადგენელმა – საქართველოსი და ავსტრალიის.
– როგორც ვიცი, ეს პრიზი საქართველოში არავის აქვს მიღებული.
– არა მარტო საქართველოში. საერთოდ, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან მხოლოდ ერთ ეთნომუსიკოლოგს აქვს ეს პრიზი მიღებული – იური შეიკინს, რუსი ეთნომუსიკოლოგია.
– როდის დაინტერესდით ეთნომუსიკოლოგიით? ჩემთვის ცნობილია, რომ მამათქვენი, მინდია ჟორდანიაც სწორედ ამ საქმიანობას ეწეოდა.
– როდესაც მე ამ ცერემონიალზე გამოვედი, იქ თავიდანვე აღვნიშნე, რომ ეთნომუსიკოლოგების ოჯახიდან ვიყავი. გარდა იმისა, რომ მამაჩემი იყო ეთნომუსიკოლოგი, ჩემი ძმაც ამ სპეციალობას ემსახურება, მისი მეუღლე და ჩემი მეუღლეც. მოკლედ, 5 ეთნომუსიკოლოგი ვართ ერთი ოჯახიდან. მამა რომ არ ყოფილიყო, ალბათ, ამ სფეროთი არ დავინტერესდებოდი, ყოველთვის მიტაცებდა ისეთი საკითხები, როგორიც არის: ბიოლოგია, ზოოლოგია, გენეტიკა და სკოლაში სწავლისას, სულ ვფიქრობდი, ზოოლოგი, ან გეოგრაფი გამოვსულიყავი. ათასგვარ შარში ვარ გახვეული ზოოპარკში სიარულის გამო.
– ვეფხვებთანაც მეგობრობდით?
– ძალიან ხშირად დავდიოდი ზოოპარკში. ცხოველებიც გავიცანი, ისინიც მცნობდნენ. ჩვენს ზოოპარკში, ერთი ცნობილი ვეფხვი იყო, მარსი ერქვა. მან 60-იან წლებში ერთ-ერთ დამთვალიერებელს ხელი მოაგლიჯა. მე მას დავუმეგობრდი და ისეთი კარგი ურთიერთობა მქონდა, ბოლოს ზოოპარკიდან გამაძევეს. თან, მტაცებლების განყოფილების გამგემ, მარგო კაპანაძემ წერილი დამაწერინა, რომ იქ აღარ მივიდოდი. მართლაც არ მივედი ერთი კვირა და როცა მივედი გაირკვა, რომ ვეფხვს ამ ხნის განმავლობაში არაფერი უჭამია და ეგონათ რომ კვდებოდა. ჩემი მისვლის შემდეგ ისევ დაიწყო ჭამა.
სხვათა შორის, როდესაც თავიდან ვცდილობდი მის შეჩვევას, ერთ მელოდიას ვუსტვენდი და ვაკვირდებოდი, როგორი რეაქცია ექნებოდა. ჩემს ხმას ყოველთვის ცნობდა. ეს ინტერესი ზოოლოგიისადმი და ბიოლოგიისადმი ბოლომდე შემომრჩა. რამდენიმე წლის მერე, როდესაც მრავალხმიანობაზე ვმუშაობდი, აღმოჩნდა, რომ მისი გავრცელების კერები, ახლოს არის ფიზიკური ანთროპოლოგიის მონაცემებთან. ანუ, თუ ხალხებს შორის შეიმჩნევა ფიზიკური სიახლოვე, ეს ჩანს მრავალხმიანობის სიახლოვეშიც. მახსოვს, პირველად რომ წავიკითხე ვალერიან ალექსევის წიგნში, ბალკანეთის მთების მოსახლეობას აშკარა გენეტიკური ნათესაობა აქვს კავკასიის მთების მოსახლეობასთანო და ჩამოთვლილი იყო ეს მონათესავე რეგიონები, ჩრდილოეთ საბერძნეთი, სამხრეთ-დასავლეთ ბულგარეთი, ალბანეთის მთიანეთი, იუგოსლავიის საკმაოდ დიდი ტერიტორიები, ანუ ეს ზუსტად ის ადგილებია, სადაც მრავალხმიანობაა. ჩემს კვლევებში ხშირად მიწევს ისეთი შეკითხვების დასმა, რომელიც ჯერ არ დასმულა. გარდა ამისა, დღემდე არის პრობლემები, რომლებსაც პასუხი არ აქვს გაცემული. მაგალითად, რატომ დადის ადამიანი ორ ფეხზე, რატომ ამოსდის მას თავზე ამსიგრძე თმა, რაში სჭირდება წარბები? ვერ ვიტყვი, რომ ამ კითხვებს საბოლოო პასუხები გავეცი, მაგრამ როდესაც ჩემი კუთხით მივუდექი მრავალხმიანობის წარმოშობის საკითხს, ყველა ეს საკითხები ბუნებრივად ჩართული აღმოჩნდა ჩემს კვლევებში. ჩემი მოსაზრებაა, რომ მრავალხმიანი სიმღერა თავისი გენეზისით არ არის კულტურის ფენომენი. ის, ისევე როგორც, ხატვის გაჩენა, უნდა იყოს დაკავშირებული ბუნებრივი გადარჩევის გადარჩენის სტრატეგიასთან. როდესაც ადამიანის წინაპარი ჩამოვიდა ხიდან, მას სულ სხვანაირი საარსებო პირობები დახვდა დედამიწაზე. ნებისმიერ არსებას, რომელიც ხეზე ცხოვრობს, შეუძლია ხის სხვადასხვა სიმაღლეზე ცხოვრება, თავისი წონის მიხედვით. სწორედ ამიტომ ვინც კი ხეზე ცხოვრობს, მისთვის სიმღერა, ხმის ამოღება გაცილებით უფრო ადვილია. დღეისთვის ცნობილია, რომ დაახლოებით, 5 400 სხვადასხვა ჯიშის ცხოველი მღერის და აქედან თითქმის ყველა ან დაფრინავს, ან ხეზე ცხოვრობს. რამდენიმე ცხოვრობს წყალში. მაგალითად, დელფინები, ვეშაპები, სელაპებიც მღერიან. მაგრამ, მიწაზე რომ დადიოდეს და მღეროდეს, ასეთი მხოლოდ ადამიანია. საერთოდ, ტრადიციულ ყოფაში, თითქმის ყველა ქვეყანაში ადამიანებს შორის მიღებულია სიმღერის ჯგუფურად შესრულება. მე მხოლოდ მრავალხმიანობაზე არ ვსაუბრობ. გარდა ამისა, ადამიანი დედამიწაზე ერთადერთი არსებაა, რომელსაც გარდა სიმღერისა, რიტმის გრძნობაც აქვს.
– შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის სიმღერას გარკვეული ევოლუციური ფუნქცია აქვს?
– როგორც ჩანს, ადამიანის სიმღერას ჰქონდა ორმხრივი ფუნქცია. ერთი – შინაგანი, ფსიქოლოგიური და მეორე – გარეგანი ფუნქცია. შინაგანი ფუნქცია ის არის, რომ ადამიანთა ჯგუფი, როდესაც ერთად იწყებს ხმამაღლა რიტმულ სიმღერას, მათ ტვინში ხდება ქიმიური ელემენტების გამოყოფა, რომლის გამოც ისინი გადადიან, ფაქტობრივად, ტრანსის მდგომარეობაში და ამ დროს მათ არც მტრის შიში აქვთ და უქრებათ ტკივილის შეგრძნებაც. მუსიკის იმ თავისებურებას, რომ მას შეუძლია ადამიანი ტრანსში გადაიყვანოს, ბრძოლისთვის მოამზადოს და უფრო უშიშარი გახადოს, იყენებდნენ კაცობრიობის ისტორიის ყველა პერიოდში. მაგალითად, ის, რომ ჯარისკაცები რიტმულად მიაბიჯებენ, ესეც ძალიან საინტერესო საკითხია. ანუ, რამდენად მოქმედებს მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე მწყობრში ხანგრძლივი სიარული. ავსტრალიაში ვესაუბრე ერთ-ერთ ამერიკელ ჯარისკაცს, რომელმაც მითხრა, რომ სანამ ამერიკელი ჯარისკაცები, თუნდაც ერაყში, პოსტზე, მივლენ, სადაც შეიძლება ნებისმიერ დროს დაიღუპონ, აუცილებლად ისმენენ ძალიან ხმამაღლა ჩართულ როკ-მუსიკას. მისი მოსმენით შედიან ისეთი მდგომარეობაში, რომ შეუძლიათ, წავიდნენ და იბრძოლონ. მან ისიც თქვა, ყველანი ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, გვიჭირს სხვას ვესროლოთ, ვიბრძოლოთ. როდესაც ვგრძნობთ, რომ არ ვართ იმის ხასიათზე, რომ წავიდეთ და ვიბრძოლოთ, ამ დროს რამდენიმე წუთის განმავლობაში როგორც კი მოვისმენთ ხმამაღლა როკ-მუსიკას, რიტმს ავყვებით, დავიწყებთ სიმღერას და მოძრაობას, ვგრძნობთ, რომ შინაგანი განწყობა გვეცვლება, აგრესია გვიჩნდება, საბრძოლო განწყობა გვეუფლება, მერე უკვე გაცილებით იოლია საბრძოლველად წასვლაო.
– თქვენ თქვით, რომ ადამიანის სიმღერას, გარდა შინაგანისა, გარეგანი ფუნქციაც აქვს, ეს რას ნიშნავს?
– მაგალითად, ხმამაღალი შეძახილი ერთად და რიტმულად ნებისმიერ ცხოველს აშინებს. როდესაც კაციჭამია ვეფხვი ინდოეთში ან აფრიკაში ლომი ადამიანს მოკლავს, თუ მას რამდენიმე შეუიარაღებელი ადამიანი მიადგება და ერთად, რიტმულად დაუწყებენ ყვირილს, მშიერი ლომი ანებებს თავს ჭამას და წავა, არაფრის სროლაც კი არ არის საჭირო. ჩემი მოსაზრებით მუსიკის თავდაპირველი ფუნქცია იყო არა დასვენება, არამედ მტაცებლისგან თავდაცვა. მას შემდეგ, რაც ჩვენი წინაპარი მიწაზე ჩამოვიდა მან სიმღერა კი არ შეწყვიტა, პირიქით, სიმღერა თავდაცვის საშუალებად გამოიყენა.
– თქვენს საქმიანობას მინდა, დავუბრუნდეთ. რატომ გადახვედით ავსტრალიაში საცხოვრებლად?
– ავსტრალიაში 1995 წელს ჩამოვედით. მე პირველ ყოვლისა, ქართული მუსიკის სპეციალისტი ვარ და არასდროს მიფიქრია, რომ სხვაგან გადავიდოდი საცხოვრებლად. მახსოვს 1992 წელს ივანე ჯავახიშვილის ქართული მუსიკალური ისტორიის ძირითადი საკითხების ახალი გამოცემის რედაქტირებას პურის რიგში ვაკეთებდი. ვწერდი შენიშვნებს, რომელიც ახლანდელ გამოცემაშია შესული. 1990 წელს გაგვიჩნდა ბიჭი, არადა ამ დროს ძალიან მძიმე სიტუაცია იყო და ჩემს კოლეგებს ამერიკაში დავუკავშირდი, ვთხოვე, ხომ არ შეიძლება, რამდენიმე თვით, ან ერთი წლით ჩავსულიყავი ამერიკაში. აღმოჩნდა, რომ მე არალეგალური გზით უნდა წავსულიყავი, მერე წამეყვანა ცოლ-შვილი, რაც ნამდვილად არ მომეწონა. შემდეგ ერთმა მეგობარმა მკითხა, ხომ არ წავიდოდი ავსტრალიაში და ფიქრის მერე გადავწყვიტეთ, წავსულიყავით. სპეციალური გასაუბრება და გამოცდები გავიარეთ. ბოლოს, როგორც იქნა, მოგვცეს ავსტრალიაში გამგზავრების უფლება. თავიდან არც ერთს არ გვქონდა სამსახური, მაგრამ ავსტრალია ძალიან ჰუმანური ქვეყანაა და მაშინვე დაგვინიშნეს ყოველთვიური დახმარება, თვეში დაახლოებით, 1 500 დოლარი. შემდეგ დავიწყე მუშაობა, მასწავლებლობა, მერე უნივერსიტეტშიც მიმიწვიეს და ბოლოს ყველაფერი კარგად აეწყო.
– თქვენ ახსენეთ, პრიზი გადმომცეს, როგორც ორი ქვეყნის წარმომადგენელსო, ანუ ავსტრალიურ ტრადიციულ მუსიკასაც იკვლევთ?
– იმის გამო, რომ 1998 წლიდან ავსტრალიის მოქალაქე ვარ, ამიტომ ვარ ავსტრალიელი ეთნო-მუსიკოლოგი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ავსტრალიურ მუსიკას ვიკვლევ. რა თქმა უნდა, ვიცი ბევრი რამ ამ ქვეყნის ტრადიციული მუსიკის შესახებ, რა თავისებურება აქვს აბორიგენულ-ავსტრალიურ, თუ თანამედროვე ავსტრალიურ მუსიკას. მაგრამ, საკუთარ თავს მივიჩნევ მრავალხმიანობის, უფრო მეტად კი, ქართული მრავალხმიანობის სპეციალისტად.
– ავსტრალიური მუსიკა, განსაკუთრებით, აბორიგენული, პირადად მე ძალიან საინტერესო მგონია.
– ავსტრალიური აბორიგენული მუსიკა და, საერთოდ, მათი ყოფა, მიჩნეულია, როგორც უძველესი ადამიანის ეთნოგრაფიული ყოფის ყველაზე კარგად შემონახული ტრადიცია. ავსტრალიელებს აქვთ ძალიან მაღალგანვითარებული მითოლოგიური სისტემა, ძალიან რთულია მათი ნათესაობის სისტემა, შეიძლება, რამდენიმე ლექციას დაესწრო და მაინც ვერ გაარკვიო საბოლოოდ, თუ რა ხდება. რაც შეეხება მუსიკას, ავსტრალიაში ვოკალური მრავალხმიანობა არ არის. აქ ძირითადად მღერიან ერთად, უნისონურად. ავსტრალიაში არის ძალიან საინტერესო საკრავი დიჯერიდუ – გრძელი ცარიელი მილივითაა და მასზე ერთი ბგერის გამოცემაც ძალიან რთულია. ამიტომ, დამკვრელები, ფაქტობრივად, ერთ ან ორ ბგერას გამოსცემენ. მასზე დაკვრა და, საერთოდ, მიკარებაც სასტიკად ეკრძალებოდათ ქალებს. ის ერთ-ერთ წმიდა საკრავად მიიჩნევა და უცხოელმა, მასზე რომ დაუკრას, ეს მისთვის ძალიან დიდი პატივია.
– როგორც ვიცი, თქვენ მიღებული გაქვთ დედოფალ ელისაბედ მეორის „საუკუნის მედალი“ ავსტრალიის საზოგადოების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
– როდესაც დაიწყო ოცდამეერთე საუკუნე, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა, რომ ჩვენ გვინდა დავაარსოთ პრიზი „საუკუნის მედალი”. ის გადაეცემა იმ ადამიანებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ავსტრალიაში ნებისმიერი სფეროს განვითარებაშიო. ადრე მყავდა სტუდენტი, რომელსაც ფორტეპიანინოზე დაკვრას ვასწავლიდი და მას საოცრად მოსწონდა ჩემი სწავლების მეთოდი. შემდეგში სწორედ მის მშობელს შეუთავაზებია ამ პრიზზე ჩემი კანდიდატურა. ამ პრიზის მიღებამდე, ავსტრალიის მუსიკის მასწავლებლების ასოციაციისგან უკვე მქონდა მიღებული ორი ჯილდო როგორც ასოციაციის საუკეთესო მასწავლებელს, როგორც ფორტეპიანოზე, ასევე გიტარზე – 1998-1999 წლებში ორჯერ დამასახელეს საუკეთესო მასწავლებლად. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი, მომცეს ეს ჯილდო, რაც ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო.
– როგორც ვიცი, თქვენ და თქვენი მეუღლე ავსტრალიის უნივერსიტეტში მუშაობთ.
– მელბურნში 5 უნივერსიტეტია, მათ შორის ყველაზე დიდია ორი – მონაშის და მელბურნის. მონაშის გაცილებით დიდია და მეტი დაფინანსებაც აქვს. მელბურნის კი უფრო ძველია და უფრო პრესტიჟულად მიიჩნევა. ამიტომ, მათ შორის სულ ქიშპობაა. მე მელბურნის უნივერსიტეტში ვმუშაობ, ნინო კი – მონაშის უნივერსიტეტში. თუმცა, ხანდახან ერთადაც გვიწევს მუშაობა. რაც შეეხება ჩვენს შვილს, სანდრო 20 წლისაა. ავსტრალიაში რომ ჩამოვედით, ძალიან საინტერესო რამ მოხდა, მაშინ სანდრო 5 წლის იყო და ინგლისურად საერთოდ არ ლაპარაკობდა. ჩვენ ჩამოვედით ნოემბერში და იანვარში მივიყვანეთ სკოლაში. მაისში მასწავლებელმა გვითხრა, სანდრო კლასში ყველაზე კარგად კითხულობს ინგლისურადო. ძალიან სწრაფად აითვისა ახალი ენა, მაგრამ ამავე დროს დაიწყო ქართული ენის დავიწყება. ეს რომ შევატყეთ, ძალიან შეგვეშინდა. ამიტომ, როდესაც რამეს ინგლისურად გვეკითხებოდა, ჩვენ ვეუბნებოდით, ქართულად გვითხარი, რასაც ამბობო, ისიც ცდილობდა, ეპასუხა. ამის გამო, მას დაეწყო ენის დაბმა, ენაბლუობა. ადამიანს შეიძლება, ენაბლუობა ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო დაეწყოს. ეს ხშირად ემართებათ იმ ადამიანებს, რომლებიც არიან ცაციები და როდესაც სხვები ცდილობენ, ამას გადააჩვიონ. ამიტომ, ცაციებში უფრო მეტია ენაბლუ. განსაკუთრებით, მათ შორის, რომლებიც ცაციები იყვნენ და ძალით გახდნენ მემარჯვენეები. მივხვდით, რომ სანდროზე ზეწოლას ვახდენდით. მას სურდა, ერთ ენაზე ჰქონოდა ჩვენთან ურთიერთობა და ჩვენ კი ვაიძულებდით, ორ ენაზე ესაუბრა. ამიტომ, აღარ დავატანეთ ძალა და მას ქართული დაავიწყდა, მაგრამ, როდესაც 2002 წელს საქართველოში ჩამოვედით, მან შედარებით იოლად გაიხსენა ქართული. საერთოდ, ბავშვს 12 წლამდე ასაკში შეუძლია, ენა ისე აითვისოს ორიოდე წელიწადში, როგორც ამას დიდი ვერ გააკეთებს წლების განმავლობაში. წელს ოქტომბერში თბილისში ვიქნებით, მრავალხმიანობის სიმპოზიუმს დავესწრებით. გარდა ამისა, მე სტუმრები მიმყავს ზემო სვანეთში, ნინოს კი ცნობილ ფრანგ ეთნომუსიკოლოგ, ჰუგ ზემპთან ერთად ფილმის დოკუმენტური გადაღება აქვს დაგეგმილი ქართული დუდუკის შესახებ.