კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აღმოჩნდა გიორგი ვარსიმაშვილი კანის ფესტივალზე და როგორ ჩამოაყალიბა მან როკ-ჯგუფი


რეჟისორ ავთო ვარსიმაშვილის შვილები – გიორგი და მარიამი საფრანგეთში, კერძოდ კი, პარიზში ცხოვრობენ, სწავლობენ და სხვადასხვა საქმითაც არიან დაკავებული.


გიორგი ვარსიმაშვილი: ძალიან სასიამოვნოა იყო ავთო ვარსიმაშვილის შვილი, რადგან მუდმივად საინტერესო ხალხის გარემოცვაში გიწევს ყოფნა. მამასთან ურთიერთობა, ალბათ, ისეთივეა, როგორიც ჩვეულებრივ ოჯახში.

მარიამ ვარსიმაშვილი: მამას ჩემთან, ისევე როგორც ჩემს ძმასთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და აქვს. ორივე ძალიან ხშირად ვეკითხებოდით რჩევებს, ჩვეულებრივიდან დაწყებული, სწავლისა და ცხოვრებისეული საკითხებით დამთავრებული, რა თქმა უნდა, ისიც ყოველთვის გვირჩევდა, რა იყო უკეთესი.

გიორგი: როცა ვაბრაზებდი, ზომიერად მკაცრი იყო. ახლა გავიზარდე, აღარ ვაბრაზებ და ისიც აღარ არის მკაცრი. მამა ჩემს გადაწყვეტილებებში არ ერევა, მაგრამ როდესაც ხვდება, რომ არასწორი მიმართულებით მივდივარ, რჩევას მაძვლევს, მეც თითქმის ყოველთვის ვუჯერებ. რაც მთავარია, ნებისმიერ დროს შემიძლია, ვკითხო რჩევა.

მარიამი: ჩემსა და გიორგის შორის განსხვავება 2 წელია, ასე რომ, ბავშვობიდან გვქონდა საერთო თამაშები და გასართობები. ხშირად ვჩხუბობდით, გავიბუტებოდით, შევრიგდებოდით და მერე ისევ ვჩხუბობდით. მშობლები ძალიან მკაცრები არ იყვნენ, მაგრამ სახლში იყო წესები და როცა მათ ვარღვევდით, ორივეს გვხვდებოდა.

– ვინ მოდიოდნენ თქვენს ოჯახში?

– ჩვენს სახლში ძალიან ხშირად მოდიოდნენ ხელოვნების წარმომადგენლები. მამაჩემის მხრიდან, ძირითადად, მსახიობები, რეჟისორები. თუმცა, ყველაზე ხშირად მაინც „თავისუფალი თეატრის“ მსახიობები მოდიოდნენ, მათ შორის იყო ჩვენი ოჯახის მეგობარი და ძალიან საყვარელი ადამიანი, ნიკო გომელაური. დედაჩემის მხრიდან კი მოდიოდნენ მუსიკოსები. ორივეს მეგობრები იყვნენ და არიან დღესაც ბევრი ცნობილი მუსიკოსი – გია ყანჩელი, ჯანსუღ კახიძე და ასე შემდეგ.

გიორგი: გაგვიმართლა, რომ დედა მუსიკოსების ოჯახიდან არის და მამა კი თეატრალურ წრეში მოღვაწეობს. დედაჩემს სულ დავყვებოდი კლასიკური მუსიკის კონცერტებზე, ხოლო მამაჩემს – თეატრებში. ბავშვობაში, მახსოვს, დედის მხრიდან ბებიის სახლში ხშირად იკრიბებოდნენ ცნობილი მუსიკოსები – ჯანო კახიძე, გია ყანჩელი, ბიძინა კვერნაძე და მათი მოსვლა ერთ დიდ და ლამაზ ცერემონიას ჰგავდა. შემდეგ დაიწყო ომი, უბედურება, ბებია გარდაიცვალა და ეს ყველაფერი დამთავრდა.

– როგორ ცხოვრობდით თბილისში და რატომ გადაწყვიტეთ პარიზში სწავლა?

– თბილისში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დავამთავრე. მანამდე განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში. შემდეგ პარიზში ჩავედი კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე სასწავლებლად. მომავალში მინდა, სატელევიზიო სკოლაში ვისწავლო. პარიზში ძალიან უცნაურად მოვხვდი. ჰოლანდიაში ვაპირებდი სასწავლებლად წასვლას და საელჩოში ვიზა არ მომცეს. ფრანგული კარგად ვიცოდი, ამიტომ პარიზში გავაგზავნე საბუთები და იქ მიმიღეს. მეც გადავწყვიტე, ის მესწავლა, რაც ნამდვილად მინდოდა.

მარიამი: თბილისში დავამთავრე ფრანგულ-ქართული კოლეჯი და ფრანგულ-ქართული ინსტიტუტი, რის მერეც ჩამოვედი საფრანგეთში. მთელი ცხოვრება ვსწავლობდი ფრანგულს. ასე რომ, საფრანგეთში სწავლის გაგრძელება, ეს ერთგვარად ლოგიკური გადაწყვეტილებაც იყო. მშობლებს თავიდან გაუჭირდათ, მაგრამ უფრო გაუხარდათ, რადგან ვიცი, ყოველთვის ოცნებობდნენ, რომ ჩვენ უცხოეთში გვესწავლა.

– გიორგი, როგორც ვიცი, გიტარაზე უკრავ, როკ-მუსიკით ხარ გატაცებული?

– 6 წლის წინ ჯგუფი ჩამოვაყალიბე, რომელსაც დავარქვი Made in Georgia, რამდენიმე ჩანაწერი გავაკეთეთ, ახლაც ამ საქმით ვარ დაკავებული. სამწუხაროდ, მხოლოდ სტუდიური ჯგუფი ვართ. 2005 წელს ერთი დისკი ჩავწერეთ. 2007 წელს მუსიკა დავწერეთ, ფილმისთვის „ზღვარი“, დისკიც გამოვუშვით და გაყიდვაშიც იყო. ახლა მესამე დისკზე ვმუშაობთ, რომელსაც უკვე სერიოზულად მოვეკიდეთ, განსხვავებით წინა ორისგან, რომლებიც მხოლოდ გართობის დროს კეთდებოდა. იმედი მაქვს, ოდესმე კონცერტიც გვექნება, მაგრამ ჯერჯერობით, ორივე – კონცერტი და სწავლა ერთად არ გამოდის.

– მომიყევით, როგორ ცხოვრობთ პარიზში, როგორი ცხოვრების სტილი გაქვთ. მშობლები თუ ჩამოდიან თქვენთან?

მარიამი: დედა და მამა ხშირად ჩამოდიან ჩვენ სანახავად. ამ ახალ წელს ერთად შევხვდით პარიზში, წინა წელს – მონაკოში. მე ძალიან მიყვარს მოგზაურობა, ადრე ერთად ვიყავით ეგვიპტესა და თურქეთში. ოჯახთან ერთად მოგზაურობიდან ყველაზე კარგად ეგვიპტე მახსენდება. ჩვენ „თავისუფალი თეატრის“ დასთან ერთად წავედით და ძალიან კარგი დრო გავატარეთ. მე ოჯახის გარეშე, მეგობრებთან ერთად, ვიყავი ლონდონში, რომში, ორივე მოგზაურობა დაუვიწყარი იყო. პარიზში წელს ჩავაბარე მაგისტრატურის პირველ კურსზე ისტორიისა და ბიზნესხელოვნების სპეციალობაზე. მანამდე ვსწავლობდი ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტზე. ჩემი სამომავლო გეგმა სწავლის დამთავრებაა და მერე ვნახოთ, რა იქნება. მინდა, რომ აქ ვიმუშაო და მერე დავბრუნდე საქართველოში.

– შენ და შენი ძმა პარიზში ცალ-ცალკე ცხოვრობთ?

– კი. სხვადასხვა სახლში ვცხოვრობდით, რადგან თავიდან მე ვიყავი ქალაქ ნანტში, ის კი – პარიზში. წელს გადმოვბარგდი პარიზში. გიორგი თავის სახლში დარჩა. მე და ჩემი ბიძაშვილი კი ერთად ვცხოვრობთ, ნანტშიც ერთად ვიყავით.

გიორგი: პარიზში მერვე უნივერსიტეტში ვსწავლობ, საფრანგეთში პირველი კინოფაკულტეტი სწორედ აქ გაიხსნა. უნივერსიტეტი 1968 წლის რევოლუციის შემდეგ დაარსდა და ყველაზე თავისუფლად მოაზროვნეთა თავშეყრის ადგილად მიიჩნევა. რაც შეეხება ცხოვრების სტილს, აქ განსაკუთრებული არაფერია. ძირითადად წყნარ გარემოში ვარ. არ მიყვარს ხმაურიანი ადგილები. თანაც ძალიან დაკავებული ვარ, ამიტომ გართობისთვის და კლუბებში სიარულისთვის არ მცალია, ერთადერთი გამონაკლისი როკ-კონცერტებია. უნივერსიტეტში მასწავლიან ცნობილი პედაგოგები, ერთ-ერთია ცნობილი სცენარისტი სერგე ლე პერონი, რომელიც ფილმებს იღებს ტელევიზიისთვის.

– საფრანგეთში, ალბათ, ძალიან საინტერესო ადამიანებთან გიწევს ურთიერთობა, ვინ არიან ისინი, მათ შორის თუ არიან ცნობილი მსახიობები, რეჟისორები?

– ოთარ იოსელიანთან ვმუშაობდი მის ბოლო ფილმზე „შანტრაპა“. იქ მთელი გადამღები ჯგუფი ისეთი ხალხისგან შედგებოდა, ვინც პრაქტიკულად, შექმნა ფრანგული კინო. ესენი არიან ოპერატორები, დეკორატორები, განსაკუთრებით გრიფ-მემანქანე, რომელსაც ყველა ცნობილ რეჟისორთან აქვს ნამუშევარი. გავიცანი ჟული ბერტუჩელი, რომელმაც წელს კანის ფესტივალი დახურა ახალი ფილმით „ხე“. კარგად გავიცანი პიერ ეტექსი, რომელიც ცნობილი რეჟისორია, ოსკარიც აქვს აღებული. ქართველ მაყურებელს ის ეცოდინება ფელინის „ჯამბაზებიდან“, რომელშიც მსახიობი საკუთარ თავს თამაშობს. ასევე, შორიდან გავიცანი იზაბელ იუპერი და გასპარ ნოე.

– ალბათ, ოთარ იოსელიანთან მუშაობა, ურთიერთობა ძალიან სასიამოვნო იყო.

– ოთარ იოსელიანი ჩემთვის ყოველთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეჟისორი იყო მსოფლიოში. პარიზში როდესაც გავიგე, რომ ფილმის გადაღებას აპირებდა, მაშინვე მივედი გასაუბრებაზე მის ასისტენტთან. ვიდეოასისტენტად ვმუშაობდი. ეს საუკეთესო ადგილია იმისთვის, რომ ბევრი რამ ისწავლო. მთელ დღეს რეჟისორთან ერთად ატარებ და რეალურად, გაცილებით მეტს სწავლობ, ვიდრე რეჟისორის ერთ-ერთ ასისტენტად ყოფნისას. იოსელიანის გუნდში მუშაობა ერთი მხრივ, რთულია, რადგან შენგან ბევრს ითხოვენ და შეცდომას არავინ გაპატიებს. მეორეს მხრივ, როდესაც პროფესიონალებთან მუშაობ, პრობლემები გაცილებით ცოტაა და შენც გიადვილდება საქმის კეთება.

– მამასთან ერთად თუ გიმუშავია ფილმის გადაღებებზე, სპექტაკლებზე?

– ფილმში „ყველაფერი კარგად იქნება“ პატარა როლს ვთამაშობ. ასევე, გოგა ბარბაქაძის დუბლიორი ვარ პარიზულ სცენებში. ზურგით რომ მიდის, სურენა – მე ვარ. მანამდე „იდიოტოკრატიაზე“ ვიმუშავე რეჟისორის ასისტენტად. თეატრშიც მაქვს მუშაობის მცირე გამოცდილება. ცოტა ხანს ხმის ინჟინრად ვმუშაობდი არარეიტინგულ სპექტაკლებზე. ეგვიპტეშიც ვიმუშავე „ძმებზე“, ტექნიკურ ჯგუფში.

– ფოტოები ვნახე, სადაც „კანის ფესტივალზე“ ხარ, მომიყევი, იქ როგორ აღმოჩნდი?

– „კანის ფესტივალზე“ პირველად შარშან ვიყავი, უნივერსიტეტმა გამიშვა. წელს ოთარ იოსელიანის ფილმიდან ვიყავი. იქ ჩასვლა ნებისმიერს შეუძლია, აკრედიტაციას ნებისმიერ ადამიანს აძლევენ, ვინც კი რაიმე სახით კინოსთან არის დაკავშირებული. მაგალითად, თუ სტუდენტი ხარ, გარკვეული კატეგორიის აკრედიტაცია გაქვს, თუ რეჟისორი – უფრო მაღალი კატეგორიის. ღამე კარავში მეძინა, ეგრეთ წოდებულ „კემპინგში“. შარშან ტარანტინოსთან ერთად ვიჯექი რიგში. წელს უფრო გამიმართლა და ჩემგან ორი ადგილით უკან ისხდნენ სკორსეზე, ალენ დელონი, კლაუდია კარდინალე, ბენისიო დელ ტორო და სელმა ჰაიეკი. საერთოდ, იქ ისეთი სიტუაციაა, რომ ცნობილ ხალხს ყველა შემთხვევაში გადაეყრებით.

– მათთან გასაუბრებაც ხომ არ მოახერხე?

– არა, გამოლაპარაკება ვერ მოვახერხე. მათ შორის გამონაკლისები მხოლოდ იზაბელ ჰუპერტი და გასპარ ნოე იყვნენ. ასევე, ლეა სეუდოუც, რომელიც დღეს ამომავალი ფრანგი ვარსკვლავია.

– როგორც ვიცი, თბილისში ფილმის გადაღებას აპირებ.

– საქართველოში წელიწადში ორჯერ მაინც ჩამოვდივარ. ამჯერად მინდა, მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადავიღო იმაზე, რომ ყველაფრიდან არის გამოსავალი. წელს კიდევ სამი მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადავიღე, მაგრამ ახლობლების გარდა ჯერ არავის უნახავს. 2007 წელს გადავიღე სრულმეტრაჟიანი ფილმი „ზღვარი“, 2005 წელს – ფილმი „შეუმჩნეველი ოქრო“, მაგრამ ის სამოყვარულო იყო. მინდა, ფილმები საერთაშორისო ფესტივალებზე გავაგზავნო. საკმარისია, ერთხელ მაინც ვაჩვენო ტელევიზიით, რომ არც ერთი ფესტივალი აღარ მიიღებს. რასაკვირველია, შემდეგ უკვე შევეცდები, ისინი ფართო მაყურებელსაც ვაჩვენო.


скачать dle 11.3