რატომ გაექცა ახალმოყვანილი ცოლი ზაზა კოლელიშვილს და რა ზღვარი არ არსებობს მათთვის ლოგინში
ზაზა კოლელიშვილის ცხოვრებაში ბევრი ქალი იყო, მაგრამ ცხოვრების მეგზურად დარჩენა მასთან აირჩია, ვინც მსახიობს კარგად გაუგო. ნათია გოგოჭურს ქმრის არც ბოჰემურობა, არც მისი ძველი ნაცნობი ქალების სახლში სტუმრობა და პირველი შვილის მიღება გასჭირვებია. ქმარს დღემდე გვერდში უდგას და ერთად ქმნიან ოჯახში შემოსატანს.
– თქვენ და ზაზა საუკეთესო მეგობრები იყავით. მოგვიყევით, როგორ გადაიქცა მრავალწლიანი მეგობრობა ცოლქმრობად?
– ჩვენი თანაცხოვრება საკმაოდ რთულად დაიწყო, თუნდაც იმიტომ, რომ ზაზას უკვე ჰყავდა პირველი ცოლი და შვილი. ოფიციალურად არ იყვნენ დაშორებულები, მაგრამ ნანა თავის სახლში ცხოვრობდა, ზაზა – თავისაში. ჩემი საახლობლოსთვისაც წარმოუდგენელი იყო ჩემი და ზაზას ერთად ყოფნა, გამომდინარე იქიდან, რომ მეგობრები ვიყავით. ერთმანეთს ცხრა წელი ვიცნობდით. ჩვენ მანამდეც კარგი ურთიერთობა გვქონდა, სანამ ზაზა ცოლს მოიყვანდა. ამიტომ, მის მიმართ ცოტა ზერელე დამოკიდებულება მქონდა. სიგიჟემდე მიყვარდა, ოღონდ, როგორც ჩემი ოჯახის მეგობრების შვილი და ნიჭიერი ადამიანი. ის საშინლად ბოჰემური იყო, მე უფრო ტვინდამჯდარი და წარმოუდგენელი გახლდათ ორი ასეთი, სხვადასხვა ხასიათის ადამიანი ერთმანეთს მორგებოდა.
– ის გრძნობა, რომ მის ცხოვრებაში პირველი არ იყავით, ალბათ, მოსვენებას არ გაძლევდათ.
– ეს მომენტი დღემდე მაქვს, რომ იქნებ არ იყო სწორი მათი დაშორება და შერიგებულიყვნენ. ეჭვიანობის გრძნობა კი არ მაქვს, რადგან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს მე და ნანას და, ნინიკო უფრო ჩემ შვილად მიმაჩნია, ვიდრე ნანასა და ზაზას შვილად. უფროსი შვილიშვილი სამი წელია, უკვე ჩვენს ოჯახში ცხოვრობს. ნანაც გათხოვდა, შვილი გაუჩნდა. ძალიან კარგი ბიჭი ჰყავს. იმ პერიოდისთვის უცნაურიც იყო ჩვენ შორის კარგი ურთიერთობა. ყველაფერი კი ნინიკოს გამო მოხდა. ზაზას ერთი წუთითაც ვერ წარმოედგინა ნინიკოს გარეშე ცხოვრება. ჩემთვისაც სრულიად ნორმალური იყო, შაბათ-კვირას ბავშვის სანახავად წასულიყო ან ბავშვი მოეყვანა ჩვენთან. პირველი სამი წელი შვილი არ გვყავდა. ელენე მესამე წელს დაიბადა, მერე ვიტო, ბაჩო და კესო გაჩნდნენ. ჩემმა შვილებმა, რომ გაიზარდნენ, უცნაურად აღიქვეს ის ფაქტი, რომ ნინიკო მათი ნახევარდაა. ვინც დედმამიშვილების დაშორებაზე ფიქრობს, ოდესმე ისიც ხომ უნდა დაუშვას, რომ და-ძმა, რომელიც ერთმანეთს არ იცნობს, შეიძლება, სადღაც მაინც შეხვდნენ და რაღაც ცუდი მოხდეს მათ შორის. ამის არ ეშინიათ? ბევრი შემთხვევა ვიცი, მამაკაცს შვილის ნახვის უფლებას არ აძლევდა ცოლი და ის კაცი პირველ მეუღლეს დაბრუნებია. ასე რომ, გინდა-არ გინდა, ის იყო შეჩვეული გარემო და მე კი ვიყავი ახალი, ვისთან ერთადაც უნდა შეგუებოდა ცხოვრებას.
– როგორ შეეგუა თქვენთან დაწყებულ ახალ ცხოვრებას?
– ზაზას გაორება შევატყვე, არანორმალურად უნდოდა შვილთან ყოფნა. სრულიად მშვიდად დავსხედით და დავილაპარაკეთ. ვუთხარი: თუ მიგაჩნია, რაღაც შეცდომა დაუშვი, რომ ახლა ბავშვთან და ნანასთან არ ხარ, მაშინ, მოდი, ცოტა ხანს დავშორდეთ და ყველაფერში კარგად გაერკვიე-მეთქი. ოღონდ, ვთხოვე, სანამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, ჩემთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონოდა. ყველაფერი ხდება ცხოვრებაში. ამის გამო კალთებს ხომ არ ჩამოახევ ადამიანს და დაუწყებ წივილ-კივილს.
– როგორ შეატყვეთ ეს?
– რაღაც პერიოდი, ნანამ გადაწყვიტა, ბავშვი არ გამოეგზავნა. ამით უნდა დავესაჯეთ. აი, ამ დროს საშინლად ინერვიულა ზაზამ და ვუთხარი, მოდი, მაშინ, დაფიქრდი, რა ჯობია და არაფერი პრობლემა არაა-მეთქი. სახლიდან წავედი დედაჩემთან. სხვათა შორის, დედაჩემი ისე გარდაიცვალა, არ იცოდა, რაზე წამოვედი სახლიდან. მან იცოდა, რომ ზაზა გადაღებებზე იყო და ამიტომ დავბრუნდი სახლში. დაახლოებით, ათი დღე ვიყავით ცალ-ცალკე, მერე ჩემს სახლთან მოვიდა, დამირეკა – ჩამოდი, უნდა დავილაპარაკოთო. ჩავედი, მითხრა: უშენოდ არ შემიძლია. ჩვენ მოვახერხებთ, ყველაფერი გადავლახოთო. ვისაც მსგავსი სიტუაცია აქვს, მინდა, რჩევა ასეთ ქალებს მივცე, ეს არ არის გამოუსწორებელი სიტუაცია და ძალით პრობლემას ნუ შექმნიან. ბავშვი არაფერ შუაშია. შენ თუ იმ ადამიანთან ურთიერთობა არ გეწყობა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვები უნდა დაიჩაგრონ.
– ყველა ქალს ხომ არ შესწევს იმის ძალა და უნარი, მსგავს სიტუაციაში პრობლემა არ შექმნას. ალბათ, ესეც ნიჭია, ყველაზე ნეგატიური ამბავი და მდგომარეობაც დადებითად მიიღო. რას გამოჰყავხართ წყობიდან?
– ზაზას აქვს პერიოდები, როცა ბევრს სვამს. ფხიზელი ძალიან მორიდებულია ადამიანებთან ურთიერთობაში და ნასვამს უგროვდება ემოციები. ვხვდები, რომ ნიჭიერ და შემოქმედებით ადამიანებს სჭირთ ასეთი გადახვევები. ამიტომ, ძირითადად, ჩვენი კონფლიქტის მიზეზი სასმელია, მოვითხოვ, რომ მუდმივად საქმე აკეთოს და ფორმაში იყოს. მეც ამ პროფესიის ვარ და ერთად ვართ ჩართული სამუშაოში. საკმარისია, ზაზა ცოტა რეჟიმიდან ამოვარდეს, საქმე მთლიანად ვარდება რეჟიმიდან. ძალიან ბევრი გაჭირვება გამოვიარეთ. ისეთ პირობებში გვიცხოვრია, ნაქირავებში, ფანჯრებიდან რომ ვირთხები ძვრებოდნენ, იმიტომ რომ ყველაფერი ფილმში ჩავყარეთ. სულ გვაქვს იმის იმედი – დავიწყოთ და მერე რაღაც იქნება, მაგრამ ვიწყებთ და მერე ჩვენი ახალი წამოწყებების მსხვერპლი ვხდებით. სულ გვეჩვენება, რომ ქვეყნისთვის კარგს ვაკეთებთ და ბოლოს აღმოჩნდება, ეს მარტო ჩვენ გვჭირდება და სხვას არავის. ბავშვები პატარები იყვნენ, ქვეყანაში რომ არეულობა იყო. მე არ ვმუშაობდი. ზაზაც, ფაქტობრივად, უმუშევარი დარჩა და ვიყავით ჩვენი მეგობრების კეთილი ნების იმედად. რომ არა ზაზას რამდენიმე მეგობარი, შეიძლება, ჩვენი ცხოვრება ტრაგედიით დამთავრებულიყო. ყველაზე ცუდი, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო, ალბათ, ფიზიკური დაუძლურება იქნებოდა. უკვე აუტანელი იყო ასეთი მდგომარეობა.
– ესე იგი, ქმრის ცხოვრებით ცხოვრობთ.
– სულ იმას ვამბობ, რომ ჩემთვის მთავარია, ზაზა იყოს კარგად. თუმცა, ყოველთვის უმთავრესი იყო, ბავშვებისთვის პირობები შემექმნა და ამისთვის ვწვალობდი. ვცდილობდი, პრობლემები მაქსიმალურად აღმეკვეთა, რაღაც ისეთი მომეფიქრებინა, რითაც ზაზა დაკავდებოდა და თვითრეალიზებული ზაზა ნიშნავდა ბედნიერ ოჯახს. მე არ ვყოფილვარ ისეთი ცოლი, პრეტენზიებს რომ გამოთქვამენ, მომიტანე და გაჭმევ, ან ჩასაცმელი არა აქვს ბავშვს და რატომ არ მოუტანე. ჩვენ ერთად ვქმნით მოსატანსაც და გასატანსაც. თუ რაღაც არ გვაქვს, იქ ჩემი მინუსიც არის. ტახტზე წამოგორებული ზაზა და მე საქმიანი, არასოდეს ყოფილა. ზაზა ტახტზე წევს, მე მის გვერდით სავარძელში ვზივარ. „შერეკილებში“ როგორ არის? ქმარი მიდის და კარტოფილით სავსე ტომრით რომ ბრუნდება. ეგ მომენტი არასდროს გვქონია. არ ვიცი, შეიძლება, ვცდები. ბევრი ქალისთვის ოჯახი არის გარემო, შვილები, შემომტანი ქმარი. ჩვენთან ასე არ არის. ყველას საკუთარი ჯვარი გვაქვს სატარებელი.
– ყველა თვითონ ჩარხავს თავის ცხოვრებას. შეიძლება, ძნელად, მაგრამ საითკენაც გინდა, იქით მოაბრუნებ მას. წლების წინ გაკეთებული არჩევანი თუ გაფიქრებთ, სწორი იყო თუ არა?
– გარანტირებული არაფერია. ხომ შეიძლება, მის ნაცვლად ვიღაც სხვა ყოფილიყო, რომელიც დილიდან საღამომდე წიხლის ქვეშ გამიგდებდა. იქნებ, ეს იყო ყველაზე უკეთესი არჩევანი?
– ამდენი წლის შემდეგ როგორია თქვენი ურთიერთობა ლოგინის თვალსაზრისით?
– ძალიან ხშირად ოჯახი დანგრეულა და მიკითხავს, გაიხსენე, რა არ იყო, როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი-მეთქი. პირველი: ყველა საწოლს და ურთიერთობას თავისი არომატი აქვს. მეორე: ძალიან ცუდი შეხედულება აქვთ მამაკაცებს, როცა ფიქრობენ, რომ თავისუფალი საწოლი ცოლთან მიუღებელია. ამიტომ, სხვაგან იწყებენ ძებნას. მიაჩნიათ, რომ ცოლთან გარკვეული ზღვარი არსებობს და სხვა ქალთან ყველაფერი შეიძლება. ჩვენ თავიდანვე არ გვქონდა ეს ზღვარი, რაც ზაზას მხრიდან იყო დაშვებული. მართალია, ცოტა უხერხულობის მომენტი გაქვს, მაგრამ რაც ამოუცნობია, ახალგაზრდობაში ყოველთვის ის გაინტერესებს, იმისკენ გაქვს ლტოლვა. ის ლტოლვა რომ არ იყოს, ეს საწოლი ერთად არ იდგმებოდა და ამ გასაღებს ვერ ნახავდი ამ კარზე. როგორი პრობლემაც არ უნდა იყოს ოჯახში, ცოლ-ქმარი ცალ-ცალკე არ უნდა წვებოდეს. ეს არის პირველი ფიზიკური დაშორება. მესამე: ქალს სჭირდება სხვანაირი კეკლუცი მამაკაცთან, არ ვგულისხმობ სარკესთან კეკლუცს. ვგულისხმობ, ხანდახან ცოტა თავშეკავებულობას ან აღვირახსნილობას. ამ ყველაფერს ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე გეუბნებით. ჩვენი ურთიერთობა ამით დგას ფეხზე. დღემდე ვკეკლუცობ ზაზასთან.
– კეკლუცობით ქმრის შებმა რა უბედურებაა. თუ არ უნდა, არ უნდა, ხომ ვიცით, რომ მაინც სხვასთან წავა და რაზე უნდა მოვიტყუოთ და დავიმციროთ თავი, არ მესმის?
– როცა ზაზას გავყევი, ძალიან ბევრ მანდილოსანს ჰქონდა ურთიერთობა. რამდენიმე წლის განმავლობაში ეს ადამიანები პერიოდულად ჩნდებოდნენ ჩვენს ცხოვრებაში. არასოდეს მიეჭვიანია უმიზეზოდ. სახლში შემოსულ ქალზეც კი, რომელზეც დანამდვილებით ვიცოდი, რომ ადრე ზაზასთან რაღაც ჰქონდა. ეს მისთვის არასდროს მიგრძნობინებია. არ შეიძლება, ამის გამო წივილ-კივილი აუტეხო. ამით შენ აგდებ კაცს სახლიდან. პირიქით, თბილი გარემო უნდა შეუქმნა. მან უნდა იცოდეს, რომ თუ სადღაც, ვიღაც პრობლემებს შეუქმნის, შენთან უნდა განიტვირთოს. რა თქმა უნდა, ფიზიკური ჩაბღაუჭებით ვერ შეინარჩუნებ კაცს და არც კუჭზე გადის კაცის გულისკენ მიმავალი გზა. ბევრ მამაკაცს ძალიან კარგად შეუძლია თვითონ მოიმზადოს საჭმელი და ზაზასაც მშვენივრად მოუმზადებია ბავშვებისთვის. ეს არის ბუდე, სადაც ადამიანი გარედან მიღებული სტრესისგან ისვენებს. შენ თუ დამძიმებული გაუშვი შინიდან, იმას აღარ მოუნდება სახლში შემოსვლა. იცი, რომ ყველა მამაკაცი, რომელიც ასაკშია და რომელსაც დედა აღარ ჰყავს, ცოლში ეძებს დედას? ისინი ჩვენზე მეტად დაჭრილები და ტკივილმიყენებულები არიან. ეს არის მათი ერთგვარი პოზა. დღესაც, პატარა ტყუილზეც კი, ზაზა დარწმუნებულია, რომ შემიძლია, მისი ცხოვრებიდან წავიდე, იცის, რომ ამის გამკეთებელი ვარ.