რომელი დაზიანებებით ეტყობა ავტომობილს ქალის მძღოლობა
კულტურული მართვა ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ავტომობილის მოფრთხილების თვალსაზრისით. განსაკუთრებით ახლა, როდესაც ქუჩების დიდი ნაწილი დავიწროებული ან დაკეტილია და ქალაქში ორიენტაციაც რთულია. როგორც პროფესიონალ მრბოლელთან, გიგა ლორთქიფანიძესთან საუბარში აღმოჩნდა, ავტომობილის ძირითად დაზიანებებს მისი არასწორი ექსპლუატაცია იწვევს.
გიგა ლორთქიფანიძე: პროფესიონალები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ უკნიდან შეხედვითაც კი ადვილად ხვდებიან, ქალი ატარებს ავტომობილს თუ კაცი, ახალგაზრდა თუ ხანში შესული. ეს დამოკიდებულია როგორც იმ წუთას მისი მართვის სტილზე, ასევე იმ დაზიანებებზე, რაც ავტომობილს გარედან ემჩნევა. ვთქვათ, თუ ავტომობილს გვერდები, ფარის გარშემო ადგილები, კარები აქვს დაზიანებული, ასიდან ოთხმოცდაათ შემთხვევაში მისი პატრონი ქალია. ქალებს ძალიან უჭირთ ზუსტი მოზომვა იმისა თუ სად ჩაეტევა მათი ავტომობილი პარკინგის დროს და სად – არა. ამა თუ იმ სიტუაციაში ადვილად იბნევიან და ვეღარ ზომავენ რაღაცეებს, მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ ქალები გაცილებით მეტად ფრთხილები არიან, სერიოზული დაზიანებები მათ ავტომობილებს ნაკლები აქვთ. ზოგადად კი, იმის მიხედვით, თუ როგორი დაზიანებები აქვს ავტომობილს, შეიძლება მივხვდეთ, თუ რა შეცდომებს უშვებს მისი მძღოლი. თან, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ავტომობილის გარეგნული დაზიანებების გამოსწორება – მისი შეღებვა, გასწორება და სხვა ყველაზე ძვირი ჯდება. ამიტომაც თითქმის ყველა დაკაწრული ავტომობილით დადის. ძალიან ხშირია სავალი ნაწილის დაზიანება, მაგრამ წინა და ოთხივე წამყვანი თვლით აღჭურვილ ავტომობილს დამატებით ყუმბარების პრობლემა აქვს. თუ ეს მძღოლისგან დამოუკიდებელი მიზეზით მოხდა, ნიშნავს, რომ ყუმბარის „პილნიკები“ დაიხა, საიდანაც ჭუჭყი ან წყალი მოხვდა და ყუმბარა დააზიანა. რაც შეეხება მძღოლების შეცდომას, ჩანს ავტომობილი ბოლომდე მოხვეული საჭით დიდხანს „ვაბუქსავეთ“ ან დიდი გაზი მივეცით, ან რაღაც მსგავსი ჩავიდინეთ. ორივე შემთხვევაში ვიღებთ იმას, რომ ყუმბარებს კაკუნის ხმა უჩნდება, ამას ყურადღებას არ ვაქცევთ და საბოლოოდ ავტომობილი ჩერდება. ჩემი რჩევა იქნება, სისტემატურად დაათვალიერებინეთ ხელოსანს ავტომობილის სავალი ნაწილი, რადგან მცირე დაზიანებები გაცილებით მარტივი აღმოსაფხვრელია. მაგრამ აქ არ ვგულისხმობ „დაბუქსავებით“ დაძვრას, რადგან, ამ შემთხვევაში, შეიძლება, ის უცებ გაფუჭდეს (გააჩნია მოდელს).
– რატომ ზიანდება ყუმბარები „დაბუქსავებით“?
– მოდების „პედალს“ ფეხი ისე უნდა ავუშვათ, რომ ის გარდამავალი იყოს, ანუ სიმძლავრე საბურავზე ისე გადაგვაქვს, რომ ავტომობილი მკვეთრ ბიძგს არ იღებს. თუ მოდების „პედალს“ ფეხს ძალიან სწრაფად ავუშვებთ, შესაბამისად, ძრავა და სიჩქარეთა კოლოფი მოდებაში უცებ მოვა, რაც დიდ ბიძგს გამოიწვევს. საბურავთან ენერგია დიდი სიმძლავრით გადავა და ამ შემთხვევაში დარტყმას სიჩქარეთა კოლოფი და ყუმბარები იღებენ. როდესაც ამ დროს საჭე მოხვეულია, დარტყმის ძალა ერთი ასად იზრდება.
თუ თქვენი ავტომობილი წინა ან ოთხივე წამყვანი თვლით არის აღჭურვილი, უნდა ეცადოთ, რომ, თუ მაინცდამაინც სწრაფი დაძვრა ან ავტომობილის „დაბუქსავება“ გინდათ, ამას მოხვეული საჭით ნუ გააკეთებთ. ამით ყუმბარებს დიდხანს „აცოცხლებთ“. უკანა წამყვანი თვლებით აღჭურვილ ავტომობილებს ყუმბარების პრობლემა ნაკლებად აქვს, რადგან უკანა საბურავები არ უხვევს, მხოლოდ ზევით-ქვევით დადის და, შესაბამისად, მასზე ნაკლები დაწოლაა. მაგრამ მათ სხვა სერიოზული პრობლემები ექმნებათ, რომელსაც ასევე მძღოლების არასწორი მართვა იწვევს. ძალიან უხეში და ეგრეთ წოდებული „რეზკი“ დაძვრები სერიოზულად აზიანებს უკანა ხიდსა და რედუქტორს. ამიტომ, გირჩევთ, თქვენს ავტომობილს ცოტა მოეფეროთ და ნაზად მოექცეთ, რადგან ნებისმიერი უხეში გამოვლინება იმდენად აზიანებს მას, რომ მერე შეკეთება დიდ ხარჯებთან და დროსთან არის დაკავშირებული.