კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გაწირა საკუთარი შვილი უმამოდ გაზრდისთვის თეა თუთბერიძემ და რის იარაღად გამოიყენა მან გუგა ჟღენტი


ალბათ, არასდროს არ ყოფილა თეა თუთბერიძის პირადი ცხოვრება ისე საინტერესო, როგორც ახლა. მთავარი მოქმედი გმირი კი ამჯერად ბავშვია, რომელიც ჯერ არ დაბადებულა და უკვე საკმაოდ რთული ცხოვრება აქვს – ის საყოველთაო განსჯის საგანი გახდა. შეძლებს თუ არა თეა შვილის იმ აგრესიისგან დაცვას, რაც ხალხს მის მიმართ გაუჩნდა? – ეს კითხვა ბავშვის მამასაც აწუხებს. გუგა ჟღენტს თურქეთში ვესაუბრეთ.


გუგა ჟღენტი: ვარ დიჯეი, ამჟამად თურქეთში ვმუშაობ. დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდი მოსკოვში, თბილისშიც. თუმცა, თბილისში, ალბათ, ყველა კარგად ხვდება, რომ ღამის ცხოვრების, კლუბური სიტუაციის აბსოლუტურად სხვა ხედვაა, სხვა დამოკიდებულება და ამიტომ ვარჩიე აქეთ წამოსვლა. ძირითადად, სტამბულში ვმუშაობ, მაგრამ, ვინაიდან ახლა სეზონია, მიწევს ბოდრუმში, ანტალიაში და ხმელთაშუა ზღვის კურორტებზე მუშაობა.

– ვიცი, რომ შვილები გყავს და ცოტა ხნის წინ მესამედ დაოჯახდი.

– ორი შვილი მყავს, პირველი და მეორე ცოლისგან. პირველი ცოლი საკმაოდ პატარა ასაკში მოვიყვანე – 19 წლის ვიყავი. ერთად ხუთი წელი ვიცხოვრეთ. ახლა უკვე ექვსი წლის შვილი გვყავს, ალექსანდრე. ჩემი მეორე ცოლი იყო ანა ჯაკობია, რომელსაც, აუცილებლად მინდა, აღვნიშნო, რომ ჩემი მიზეზით არ გავშორებივარ. რა თქმა უნდა, რაღაცეები ჩემი ბრალიც იყო და, თავისდაუნებურად, ბევრი რამ დაგროვდა. ისეთი ცხოვრების წესი მაქვს, ძნელია მისი აყოლა, მაგრამ, საერთოდ არ ვფიქრობდი, რომ ეს ჩვენს ურთიერთობას ასეთ ფინალამდე მიიყვანდა. ერთ დღეს მითხრა, აღარ მიყვარხარო. მიზეზი, ალბათ, ჩემი ცხოვრების წესიც იყო, მაგრამ, ეს არ იყო ჩვენს ურთიერთობაში იმდენად სერიოზული პრობლემა, რომ აქამდე მივეყვანეთ, ალბათ, სხვა რაღაცეებიც მოხდა. ძალიან მენატრება ჩემი შვილი, ნუცი, რომელიც ანასგან მყავს. ალექსანდრეც ძალიან მენატრება, ორი-სამი წელია, არ მინახავს, მას შემდეგ, რაც მოსკოვთან გზა ჩაიკეტა – ჩემი პირველი ცოლი და შვილი მოსკოვში ცხოვრობენ.

– ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შენი ძალიან უცნაური პორტრეტი დაიხატა – ხომ არ შეიძლება, ბიჭს სამჯერ არ გაუმართლოს? ეტყობა, ბიჭი არ ვარგა.

– მეც ვხვდები, რომ ასე დაიხატა, თუმცა ეს ჩემთვის ყველაზე ნაკლებად პრობლემურია იმ სიტუაციაში, რომელშიც აღმოვჩნდი. საშინლად მაწუხებს ჩემდამი დამოკიდებულება, რომელიც პრესაშიც დაიწერა – თითქოს ვარ ვიღაც მაჩო, ბავშვებს ვაკეთებ და ეს კარგად გამომდის. არადა, ბავშვები მთელი ჩემი ცხოვრების აზრია, სულ მათზე ვფიქრობ, განვიცდი, რომ მათ გვერდით არ ვარ. ვგრძნობ, რომ ბევრ რაღაცას ვკარგავ მათ გვერდით არყოფნით. პირველი სიტყვა, პირველი გავლა, პირველი დღე ბაღში – ამ ყველაფერს ვტოვებ და კიდევ ერთხელ მემუქრება გამოტოვება. ქუჩაში ბავშვებს რომ ვხედავ, ჩემი შვილების ნაცვლად მათი მოფერება მინდება.

– როგორ ფიქრობ, კარგი მამა ხარ?

– ვფიქრობ, ასეა. ჩემს ორივე ყოფილ ცოლს რომ ჰკითხოთ, ორივე გეტყვით, რომ ასეა. უფრო მანდილოსნებთან ურთიერთობა არ გამომდის. ორიენტაცია ხომ არ შევიცვალო?! (იცინის).

– ამ დროს გამოჩნდა შენს ცხოვრებაში თეა.

– ამის შესახებ სიმართლესთან ახლოს დაიწერა. პირველად „ფეისბუქზე“ მივწერე პატრიარქის სკანდალთან დაკავშირებით: გეყოფა-მეთქი – ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ათჯერ თქვი და, ხომ უნდა დაამთავრო-მეთქი. მან ამაზე მიპასუხა. მერე ვსაუბრობდით, მერე ნელ-ნელა დავმეგობრდით, სკაიპით ვჭორაობდით. ძალიან მინდა, დაწეროთ: რომ არა პატრიარქის ამბავი, თეას პიროვნებას არანაირი ჩირქი არ ექნებოდა მოცხებული, მართლა კარგი ადამიანია, ძალიან გულისხმიერი. შევსწრებივარ ფაქტებს, როგორ დახმარებია, „თავისუფლების ინსტიტუტში” უბრალოდ მოსულ ადამიანებს – შვილდაჭერილ დედას ან თუ ვინმეს ოპერაცია დასჭირვებია. პატრიარქთან დაკავშირებით არ ვიცი, რა ხედვა აქვს, ვერანაირად ვერ ვუგებ მაგ თემაზე. ეს ჩემი და თეას გადასაწყვეტი და სამსჯელო არ არის ნამდვილად. თბილისში იმაზეც დაიწყეს ლაპარაკი, რომ, შეიძლება, ჩემი და თეას გზები ისევ გადაიკვეთოს, ისევ ერთად ვიყოთ, რასაც კატეგორიულად გამოვრიცხავ.

– რამდენ ხანს გაგრძელდა თქვენი ურთიერთობა?

– არ ვიცი, ამას ურთიერთობა უნდა დაერქვას?! არც იყო ეს ურთიერთობა. ერთი თვე ვკონტაქტობდით, გრანდიოზულს არაფერს ვაპირებდით – დაქორწინებას და რაღაც ეგეთებს; ეს მეც ვიცოდი და მანაც.

– დიახ, ეს თვითონაც თქვა ინტერვიუში და, ისიც, რომ შვილის გაჩენა მას უნდოდა. თუმცა, ფიქრობს, რომ შვილს ძიძა გაუზრდის – მისი ეს გადაწყვეტილება ნორმალურია შენთვის?

– ჩემთვის ძალიან არანორმალურია. მესამე შვილისთვის მზად ნაღდად არ ვიყავი. რომ იწერება ჩემზე, თითქოს ბავშვების გაკეთებაში ჩემპიონი ვარ და ეს საქმე მაგრად გამომდის – საშინლად მომხვდა გულზე. თითქოს ბავშვებს ვაკეთებ, „ვიკიდებ” და ვტოვებ. არანორმალური უნდა იყოს ადამიანი, ცხოველი, რომ ასე ფიქრობდეს და აკეთებდეს. ჩემი შვილები მართლა ყოველთვის სიგიჟემდე მენატრებიან. თეას ვუთხარი, იქნებ, გაიკეთო აბორტი, რადგან, მართლა არ ვარ მზად მესამე შვილისთვის და ჩემი იმედი არ გქონდეს-მეთქი, მაგრამ, ეს გადაწყვეტილება მიიღო და ამით შეიცვლება ჩემი ცხოვრება. ერთი ვიცი, რომ ეს ბავშვი უმამოდ გაიზრდება და ყველაზე მეტად ეს არ მინდოდა. ორი შვილი იზრდება უკვე უმამოდ, ისევე, როგორც მე გავიზარდე და ვიცი, ეს როგორი მტკივნეულია. მესამე შვილი რომ უმამოდ გაიზრდება, ეს თეამ ბავშვის დაბადებამდე გადაწყვიტა.

– არ შეიძლება, რამე შეიცვალოს? შესაძლოა ამ ბავშვმა უდიდესი სიყვარული მოგიტანოს.

– არასოდეს თქვა „არასდროს“, მაგრამ, ამ ეტაპზე მგონია, რომ ეს გამორიცხულია.

– გამორიცხულია იმიტომ, რომ თეასგან გეყოლება შვილი თუ, იმის გამო, რომ კიდევ ერთი შვილი არ გინდოდა?

– „არ მინდას“ ვამბობდი, რადგან მზად არ ვიყავი, თორემ, ახლა ფაქტის წინაშე დავდექი და ვემზადები მესამე შვილისთვის. არ მინდოდა შვილი, მაგრამ ახლა მასთან ურთიერთობა უნდა ვისწავლო. ბავშვი საერთოდ არ ვცნო – ეს ჩემი მხრიდან გამორიცხულია, მასთან ურთიერთობა, ალბათ, მექნება და, შესაბამისად, თეასთანაც. ჩვენ არ გვიჩხუბია და სკანდალები არ გვქონია, ამიტომ, ნორმალურ დონეზე გვექნება ურთიერთობა. ამ ურთიერთობაში სიყვარული არ ყოფილა, მაგრამ ერთმანეთს პატივს ვცემთ. შიგადაშიგ ვეკონტაქტები, სკაიპით მისი ამბები გავიგე.

– ერთი თვე გრძელდებოდა ჩვენი ურთიერთობაო. ანუ, ეს დაახლოებით ხუთი თვის წინ იყო, რადგან თეა ახლა ოთხი თვის ორსულია.

– დიახ და, მეტსაც გეტყვით: ზუსტად ვიცი ის დღე, რომელ დღესაც ბავშვი ჩაისახა.

– ანუ, ეს ერთადერთი სექსის შედეგი იყო?

– ნუ, რაღაც დაახლოებით ეგეთი.

– სხვათა შორის, იმასაც ამბობენ, რომ თეას შვილი უნდოდა და იარაღად გამოგიყენა.

– ამბობენ და ამას არც მე გამოვრიცხავ. ჩემთვის თეას ძალიან ბევრჯერ უთქვამს: ჩემმა მშობლებმა იციან და სახლში ნათქვამი მაქვს, რომ არასოდეს გავთხოვდები, ქმარი არ მინდა და შვილის გასაჩენად ხელოვნურ განაყოფიერებას გავიკეთებო. რადგან ასეთი აზრები აწუხებდა, აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ მისთვის მხოლოდ ამ ფუნქციის შემსრულებელი ვიყავი. ჩემთვის ეს ძალიან არასასიამოვნოა.

– ამ პერიოდში პარალელურად ვითარდებოდა შენი ურთიერთობა ამჟამინდელ მეუღლესთან.

– გეტყვით, ზუსტად როგორ მოხდა. თეასთან ურთიერთობა თითქმის არ ყოფილა, მოხდა ისე, რომ ბავშვი ჩაისახა და მერე უკვე ნელ-ნელა დაიწყო და განვითარდა ლიზასთან ურთიერთობა. ლიზამ აბსოლუტურად ყველაფერი იცოდა ჩემ შესახებ – როგორც თეასთან დაკავშირებული ამბები, ისე სხვა ყველაფერი. თავიდანვე გავაფრთხილე, რომ ასეთი რთული, ცოტა არეულ-დარეული ცხოვრება მაქვს. ჩემი მთავარი პრობლემა ისაა, რომ მომავალზე არ ვფიქრობ, ვფიქრობ დღევანდელზე, მაქსიმუმ ხვალინდელზე და ზუსტად აქ „ვიჭედები“. გამოდის, რომ ამით ძალიან ბევრ ადამიანს გულს ვტკენ, ზიანს ვაყენებ. მართალია, ეს ჩემდაუნებურად ხდება, მაგრამ, ფაქტია, რომელსაც ვერსად გავექცევი. სულ მინდოდა, ისე მეცხოვრა, რომ არავისთვის არ მეტკინა გული. ის, რომ ყველა ეს ურთიერთობა ცუდად განვითარდა, იმის ბრალი ნამდვილად არ იყო, რომ ან მე ვიყავი ცუდი, ან – ისინი. უბრალოდ, არ შედგა და მორჩა. თეასთან კიდევ სხვა დამოკიდებულებაა, „მიყვარხარ“ კი არ გვითქვამს ერთმანეთისთვის. არ მინდა, ისე გამოვიდეს, რომ ჩემი საუბრით თეას ვაწყენინო. ნაღდად არაფერი არ გაუკეთებია მას ჩემთვის ცუდი. ერთადერთი, იმაზე გავბრაზდი, რომ მუცელი არ მოიშალა. შეიძლება, მკითხველი ამაზე ძალიან გაბრაზდეს – ეს რა საშინელი ბიჭი ყოფილაო, რადგან ამას ხმამაღლა არ ამბობენ, მაგრამ ეს სულ არ მადარდებს. ეს სიმართლეა და სულაც არ მეშინია, ამას ცუდად გაიგებენ თუ არა. როგორ წარმოგიდგენიათ, ვთქვა, ეს ბავშვი როგორ მინდოდა-მეთქი? იცი, როგორ სიტუაციაში ვარ?! ერთს ვიტყვი – ერთი ღიზიანდება, მეორეს ვიტყვი – მეორე და, ასე დაუსრულებლად. გადავირიე უკვე, მეშინია თბილისში ჩამოსვლა.

– ალბათ, ძალიან სიმბოლურია, რომ პატრიარქის თემით დაწყებული თქვენი ურთიერთობა თეასთვის შვილით დასრულდა.

– არ ვიცი, შესაძლოა. ჩემი მეგობრები ამბობდნენ, ღმერთმა დასაჯა თეა შენი სახითო. არ ვიცი, ამაზე უნდა გამეცინოს თუ არა. მართლა ცოდვაა არა მარტო იმის გამო, რომ შვილის მარტო გაზრდა მოუწევს. ყველაზე მეტად მის რეპუტაციაზე ვნერვიულობ და ვფიქრობ. როგორი იქნება ბავშვისთვის იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც დედამისს ასეთი რეპუტაცია აქვს? წარმომიდგენია, როგორი რთული იქნება მისთვის სკოლაში სიარული. ძალიან მინდა, რომ ეს სიტუაცია გამოსწორდეს. ისეა ამ თემაზე მიჯაჭვული და გადამკვდარი, თითქოს პატრიარქი მთელი მისი ცხოვრების მტერი იყოს, თითქოს რაღაც დაუშავა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ბავშვისთვის უკვე ჩანასახშივე რთულია ცხოვრება. მართლა ყველანაირად ვეცდები, ცხოვრება გავუადვილო. ამ რეპუტაციამ მეც შემიქმნა პრობლემები – მეგობრებისგან, ნათესავებისგან, ახლობლებისგან დიდი აგრესია წამოვიდა თეასთან ურთიერთობის გამო. არ ვიცი, ალბათ, ყველაფერი დალაგდება.

– თბილისში როდის იქნები?

– დაახლოებით სამი-ოთხი თვე ვერ ჩამოვალ და, მერე ვნახოთ, რა და როგორ იქნება. ისედაც რთული სიტუაციაა, ათასად ვარ გახეული და გაგლეჯილი და კიდევ ეს ზედმეტი საუბრები თბილისში, ძალიან ცუდად მოქმედებს. ჩემი სათქმელი ვთქვი და ვინ როგორ გაიგებს, ეს მათი საქმეა.


скачать dle 11.3