პოლიტიკური კალეიდოსკოპი
ისლანდიის პრემიერი თავის დაქალზე დაქორწინდა
ისლანდიის პრემიერ-მინისტრმა, იოჰანა სიგურდარდოტირმა ერთსქესიანი ქორწინების კანონის დამტკიცებიდან სულ ცოტა ხანში, უკვე დაკანონებული უფლება გამოიყენა და თავის დიდი ხნის მეგობარ ქალზე, მწერალ იონინა ლეოსდოტირზე დაქორწინდა. 69 წლის პრემიერ-მინისტრი 2001 წლიდან ერთსქესიან კავშირში ცხოვრობს 50 წლის მწერალთან და მხოლოდ ახალი კანონის მიღების შემდეგ მიეცათ მათ საშუალება, თავიანთი ურთიერთობისთვის ოფიციალური სახე მიეცათ. ისლანდია გახდა პირველი სახელმწიფო, რომლის ლიდერმა ოფიციალურად აღიარა თავისი არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია. აღსანიშნავია, რომ ქორწინების ცერემონიამ ზედმეტი პომპეზურობის გარეშე ჩაიარა და მას მხოლოდ ახლო მეგობრების წრე ესწრებოდა.
ბაკიევმა ნადირობისას ტახი მოკლა
ყირგიზეთის გადამდგარმა პრეზიდენტმა კურმანბეკ ბაკიევმა, რომელიც სამშობლოდან განდევნის შემდეგ ბელორუსიას აფარებს თავს, ნადირობისას ტახი მოკლა. ამის შესახებ მან თვითონ განუცხადა გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდას“ კორესპონდენტს. მისი თქმით, ტახის მოკვლა მან ეგერის დახმარებით მოახერხა. აღსანიშნავია, რომ გარეული ცხოველის მოკვლისთვის ბაკიევს ჯარიმის გადახდა მოუწია. ბაკიევი აპრილიდან იმყოფება ბელორუსიაში და, როგორც ის აცხადებს, მის შენახვაზე ბელორუსიის ბიუჯეტიდან არც ერთი კაპიკი არ იხარჯება.
ქლინთონს არქტიკაში პუტინი წაიყვანს
რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს ბილ ქლინთონს დაჰპირდა, რომ არქტიკაში წაიყვანს. მოსკოვში მყოფმა ქლინთონმა მადლობა გადაუხადა პუტინს, რომ ამ უკანასკნელმა მზადყოფნა გამოხატა, სტუმართან ერთად არქტიკაში გაფრინდეს. საუბრის დროს, პუტინმა დაამატა, რომ არქტიკაში ყოფნის პერიოდში ქლინთონს საშუალება ექნება, დაუახლოვდეს თეთრ დათვებს. გარდა ამისა, რუსეთის პრემიერმა ისიც აღნიშნა, რომ ამერიკაში პოლიცია უპატივცემულოდ იქცევა და პატიოსან მოქალაქეებს აკავებს. რა თქმა უნდა, რუსეთის პრემიერმა ახლანდელი ჯაშუშური სკანდალი იგულისხმა.
ბარაკ ობამამ დიმიტრი მედვედევი ჰამბურგერის საჭმელად წაიყვანა
ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტებმა თეთრ სახლში გამართული ოფიციალური შეხვედრის შემდეგ, ფორმალობას გვერდი აუარეს და ჰამბურგერების საჭმელად არლინგტონში, ადგილობრივი სწრაფი კვების ობიექტში – „რეი’ს ჰელ ბურგერში“ მივიდნენ. პრეზიდენტებმა ჩვეულებრივი ადამიანების მსგავსად, შეკვეთა დახლთან მისცეს და პერსონალს გაესაუბრნენ. მედვედევმა და ობამამ პიჯაკები გაიხადეს და ჩვეულებრივ მაგიდას მიუსხდნენ. ობამამ შეუკვეთა ბურგერი ყველი „ჩედირით“, ხახვით, სალათის ფურცლით, პომიდვრითა და მჟავე კიტრით, ხოლო მედვედევმა ბურგერი ყველი „ჩედირით“, მექსიკური მწარე წიწაკითა და სოკოთი. სასმელებიდან ობამამ ცივი ჩაი, მედვედევმა „კოკა-კოლა“ მიირთვა. აღსანიშნავია, რომ „რეი’ს ჰელ ბურგერს“ ობამა პირველად არ სტუმრებია. ამჯერად კი ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტები ჩვეულებრივი ადამიანების გვერდით ისხდნენ და ისე მიირთმევდნენ ჰამბურგერებს.
პრინცი უილიამი ბრიტანეთის მეცნიერების აკადემიის წევრი გახდება
დიდი ბრიტანეთის სამეფო ტახტის რიგით მეორე მემკვიდრე, პრინცი უილიამი, ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი გახდება. ეს საზოგადოება ნაციონალური მეცნიერების აკადემიის ფუნქციას ასრულებს და პრინცის მიღების საზეიმო ცერემონიალი სპეციალურ ღონისძიებაზე გაიმართება, რომელიც საზოგადოების არსებობის 350-ე წლისთავს ეძღვნება. პრინცი უილიამის აკადემიის წევრად კურთხევის ცერემონიალს უშუალოდ დედოფალი ელიზაბეტ მეორე და მისი მეუღლე, პრინცი ფილიპი წარუძღვებიან. ამჟამად აკადემიაში 1 314 წევრია რეგისტრირებული და, ევროპის სამეფო ოჯახების წევრების გარდა, მასში სხვადასხვა ეროვნების უცხოელი დიპლომატებიც არიან გაერთიანებულნი. სხვადასხვა დროს აკადემიის წევრები გამოჩენილი მეცნიერები – ისააკ ნიუტონი და ჩარლზ დარვინიც იყვნენ.
რამზან კადიროვმა
ინტერნეტბლოგი გახსნა
ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა, რუსეთის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირების მსგავსად, საკუთარი ინტერნეტდღიური გახსნა ვებ-გვერდზე livejournal.com. თავის პროფილზე კადიროვს უწერია, რომ ის არის მეგობრული, თბილი და გულახდილი ადამიანი და მასთან მეგობრობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. თავის ვებ-პოსტებში კადიროვს უწერია, რომ ახლო მომავალში ჩეჩნეთის დედაქალაქი გროზნო ყველაზე ლამაზ, უსაფრთხო და სტაბილურ ქალაქად იქცევა რეგიონში. საინტერესოა, რომ ჯერჯერობით კომენტარების დატოვების ფუნქცია კადიროვს გათიშული აქვს, ხოლო მისი ბლოგის მკითხველთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.