ჩამოუშორებლები
„სერდცუ ნე პრიკაჟეშ“
გასულ კვირას უშიშროების საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე რეინტეგრაციის მინისტრმა კოლეგებს ოკუპირებული რეგიონებისადმი ახალი სახელმწიფო სტრატეგია გააცნო, რომლის ეფექტურობაშიც ეჭვი არავის ეპარება (რა თქმა უნდა, ჩვენს ხელისუფლებაში). ეს კი იმას ნიშნავს, რომ იქ, ზემოთ, დარწმუნებულნი არიან, რომ ოსებისა და აფხაზების გულებისკენ სავალ ბილიკებს გატკეპნიან. ხოლო, ვიდრე ჩვენთან და ზემოთ ამას იჯერებენ, სერგო ბაღაფში ამტკიცებს, რომ „აფხაზეთის მიმართ აშშ-სა და ევროკავშირის მიდგომა იცვლება“. კერძოდ, ეს უკანასკნელები იმას კი არ ცდილობენ, რომ მოწყვეტილი რეგიონები საქართველოს დაუბრუნონ, არამედ, „სხვა ამოცანა აქვთ: რაც შეიძლება, სწრაფად და მეტად ჩამოაშორონ აფხაზეთი რუსეთს.“
აფხაზების ლიდერი იქვე დასძენს, რომ რუსეთი პარტნიორად არა კონიუნქტურული ან რაიმე სხვა შეხედულებების გამო აირჩიეს, არამედ, გულის ძახილით („სერდცუ ნე პრიკაჟეშო“) და ასკვნის, რომ ჩემი (ანუ აფხაზების) გული, შენი (ამ კონკრეტულ შემთხვევაში – რუსების) გული ჯაჭვით არის გადაბმული, ანუ, „ამერიკელების სურვილის მიუხედავად, აფხაზეთს რუსეთს ვერავინ ჩამოაშორებს.“
ივლისში სერგო ბაღაფში და ედუარდ-ჯაყო კოკოევი, დელეგაციებითურთ, ნიკარაგუასა და ვენესუელას (ანუ ამღიარებლებს) ესტუმრებიან. შესაძლოა, კუბაც მოინახულონ, იმ იმედითაც, იქნებ ამღიარებელთა სამეულს ფიდელის სამშობლოც შეუერთდეს.
მეორე მხრივ, ეს ჩვენი ედუარდ-ჯაყო ისეთი აქტიურია, შესაძლოა, ვენესუელურ ტელესერიალშიც კი აიყვანონ რომელიმე სახასიათო როლზე. ხოლო, რაკი ცნობილია ჩვენი ტელევიზიების ვნება ვენესუელური სერიალებისადმი (თუმცა, ისიცაა, წესით, პატრიოტი ქართული ტელევიზია, ჩვენი სეპარატისტული რეგიონების ამღიარებლის ნამუშევრებს მაინცდამაინც, არ უნდა ეძალებოდეს), არც ისაა გამორიცხული, რომელიმე ტელესერიალში კოკოითის სახეც შემოგვეფეთოს.