„მოქნილი“, ანუ – გაქნილი
ანუ „მაძღარი მონები ვერაფერს შექმნიან კარგს“
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა (რომელსაც ერთი წყვილი ტუფლი უდავოდ ეკუთვნის ფეშქაშად საქართველოს პარლამენტისგან) გასული კვირის მიწურულს ხალხის რჩეულებს მთავრობის განახლებული შემადგენლობა აწ უკვე პარლამენტის სხდომაზე წარუდგინა (სხვათა შორის, პროგრესი შეიმჩნა, იმ თვალსაზრისით, რომ ძალოვანები, მართალია, სრულად არა, მაგრამ ნაწილობრივ მაინც იყვნენ წარმოდგენილნი, სახელდობრ, ბ-ნი ახალაიას სახით). იმავდროულად, მთავრობის მეთაურს არც მიღწევებზე საუბარი დავიწყებია და გვაცნობა, რომ ამ ბოლო პერიოდში 4-ჯერ მეტი კომპანია დარეგისტრირებულა, ამავე მაჩვენებლით გაზრდილა საშუალო ხელფასიც (ოღონდ, რაკი არ დაუზუსტებია, ვის გაეზარდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ „ინფორმაცია განსჯისთვის“ მოგვაწოდა), 50 პროცენტით მეტ ადამიანს ჰყოლია ავტომანქანა (მერე რა, რომ მათგან აბსოლუტურ უმრავლესობას მეორადი) და შექმნილა „ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი“, თუმცა, ისიც დასძინა, რომ ბევრი ილუზორული სამსახურიც გაუქმდა! ერთი ისაა, რომ ამ ჩვენს ბ-ნ გილაურს არც შექმნილი „ბევრი სამუშაო ადგილის“ რაოდენობა დაუსახელებია და არც „გაუქმებული ილუზორულები“ ჩამოუთვლია.
ერთი სიტყვით, პრემიერ-მინისტრი საკუთარი მიღწევებითაც კმაყოფილია და, რაც მთავარია, თვით „საქართველოს შრომის კოდექსითაც“ (აი, იმ „შრომის კოდექსით“, რომლის მიხედვითაც საქართველოს დაქირავებულ მოქალაქეს ისეთივე უფლებები აქვს, როგორიც შუა საუკუნეების დროინდელ მონას!). ბ-ნ გილაურს კოდექსის განსაკუთრებულ უპირატესობად ის მიაჩნია, რომ ინვესტორებს დაქირავებული მუშახელის სამსახურიდან დათხოვნა უიოლესად შეუძლიათ. მეტიც, ხმარობს ეპითეტს – „მოქნილი“, შემკობის მოტივს კი შემდეგნაირად ხსნის: „როდესაც იგივე ინვესტორი სხვა ქვეყანაში ჩადის (აი, იმ ქვეყანაში, სადაც ადამიანი ადამიანი ჰგონიათ და არა მონა) და იმ ქვეყნის შრომით კანონმდებლობას კითხულობს, მუშა-ხელის აყვანაზე უარს ამბობს, რადგან შემდგომში მათი სამსახურიდან გათავისუფლება გაუჭირდება“ (ვფიქრობ, რუსთაველის შემდეგ ძნელად თუ მოიძებნება ქართულ სინამდვილეში ასეთი დონის „სიბრძნის“ მთქმელი).
მეორე მხრივ, ისიც აშკარაა, რომ ბ-ნი გილაური უცხვირპირო განმგეთუხუცესისკენ იხრება: „ მაძღარი მონები ვერაფერს შექმნიან კარგს. ეს ციხეები… ეს სასახლეები მშივრების მიერაა აგებული.“ შესაბამისად, რათა უფრო „მოქნილი“ გახდეს, „საქართველოს შრომის კოდექსი“ ითხოვს ჩამატებას: „დაქირავებულის ვალდებულებაა, იყოს მუდმივად მშიერი!“