დუეტი
თანამდებობისთვის შეუფერებელი, მაგრამ – რეალური
ხალხის რჩეულთა – თორდია-კუბლაშვილის კანონშემოქმედებითმა დუეტმა კოლეგებს ახალი კანონპროექტი შესთავაზა, რომელმაც სახელმწიფო ქონების შემდგომი გაყიდვის დეტალები უნდა დააზუსტოს. ოპონენტებს თვალში ეცათ, რომ მაგისტრალური გაზსადენი ხელშეუხებელ ობიექტთა ნუსხაში აღარ არის. ეცათ, რადგან ფიქრობენ, რომ ის, ისევე, როგორც სხვა დანარჩენი, გაპრივატდება. ხოლო, რაკი სამხრეთ კავკასიის ამ მონაკვეთის სიახლოვეს გაზგამანაწილებელი ქსელები რუსეთისაა, ცხადია, რომ მყიდველი მხოლოდ „გაზპრომი“ თუ იქნება. ამის მიუხედავადაც, დუეტის ერთ-ერთი წევრი, სახელდობრ, ბ-ნი თორდია, დარწმუნებულია, რომ მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვა არანაირ საფრთხეს არ შეიცავს. მეტიც, აგვიხსნა, რომ ყველა ობიექტი, რომელიც შეიძლება, კერძო სექტორში იყოს, აუცილებლად უნდა გადავიდეს კერძო სექტორშიო. ბუნებრივია, ლოგიკა რკინისებურია, რომ არა ერთი „მაგრამ“: თუ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენი რუსეთისა გახდება, სომხეთისა კი უკვე მისია, ირან-რუსეთი ერთმანეთთან პირდაპირ საგაზო გზას გაჭრიან. ოპონენტების არგუმენტზე, რომ, შესაძლოა, „გაზპრომმა“ (თუ ჩვენი გაზსადენი შეიძინა) მის დასაცავად ჯარიც შემოიყვანოს, ბ-ნი თორდია თანამდებობისთვის შეუფერებელ, თუმცა რეალურ განმარტებას აკეთებს: რომ რუსეთი, თუ მოუნდა, ჯარს მაინც შემოიყვანს და ამისთვის გაზსადენი არ სჭირდებაო. თემა არახალია, რადგან ბ-ნი ბენდუქიძე (რომლის იდეებითაც, როგორც ჩანს, კვლავაც სულდგმულობს ჩვენი კანონშემოქმედი პოლიტელიტა) არაერთხელ ლამობდა იმავეს ჩადენას, თუმცა ბუშის ადმინისტრაცია ფხიზლად იყო და საქართველოს მთავრობამაც გაზსადენი თავიდან ვერა და ვერ მოიშორა. მართალია, პრემიერ-მინისტრი გვარწმუნებს, რომ გაზსადენის საკონტროლო პაკეტი ისევ სახელმწიფოს ხელში დარჩება და მხოლოდ მისი 10-15 პროცენტი გასხვისდება „აქციების ლონდონის ბირჟაზე განთავსებით“, მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ ამ გაზსადენს უფრო გეოპოლიტიკური დატვირთვა აქვს, ლონდონის ბირჟაზე თუ ბირჟის გვერდის ავლით, ამით მაინც მხოლოდ „გაზპრომი“ თუ იქნება დაინტერესებული. მეორე მხრივ, თუ ამას ობამას ადმინისტრაციის შედარებით სიცივესაც დავუმატებთ, შესაძლოა, ჩვენმა მთავრობამ გაზსადენის თავიდან მოშორება ამჯერად მაინც მოახერხოს. სავარაუდოდ, გამოიყენებს ენგურჰესზე აპრობირებულ მეთოდს: აადებს გრიფს – „საიდუმლო“, ჩვენ არაფერი გვეცოდინება და ვიქნებით მშვიდად, თუ, რა თქმა უნდა, სიმშვიდე შეიძლება ეწოდოს იმას, რომ „რუსეთი ჯარს, როცა მოუნდება, მაშინ შემოიყვანს“.