რუსული ექსკლუზივი
ანუ, საცემად გამზადებული
ქართული მედია ფრიად აქტიურად აშუქებს ჩვენი ოკეანისგაღმელი მეგობრების მიერ რუსი ჯაშუშების გამოვლენის ფაქტს, სხვათა შორის, მეტად გასაგები მოტივით: ოთხიოდე წლის წინათ თავადაც გამოვააშკარავეთ რუსი ჯაშუშები და პატრონებს საჯაროდაც გადავეცით. რაც მთავარია, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ხშირ-ხშირად იმეორებს, რომ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მეტიც, ამ ბოლო დროს ოკუპაციაც ახსენა და, ამდენად, ჯაშუშების საქმეში საინფორმაციო მხარდაჭერა ჩვენი პირდაპირი პარტნიორული მოვალეობაცაა. სულ ბოლოს, რუსულ ოკუპაციაზე განცხადება ბ-ნმა გორდონმა გააკეთა, რაც ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს არ მოეწონა – ამერიკას რუსეთის სამხრეთ საზღვარზე დესტაბილიზაციის მოწყობა უნდაო (როგორც ჩანს, ფიქრობენ, რომ დესტაბილიზაციაზე ექსკლუზივი რუსეთისაა). მეტიც, ჩრდილოელმა დეპუტატებმა ოკეანისგაღმელებს ერაყისა და ავღანეთისკენ მიუთითეს (ანუ, თქვენს პრობლემებს მიხედეთო). ჩვენ არ ვიცით, გაითვალისწინებენ თუ არა ეს უკანასკნელები პირველების შენიშვნას. ბუნებრივია, არც ის, როგორ დასრულდება ჯაშუშთა სკანდალი, ოღონდ ერთი რამ ამთავითვე ცხადია: თუ ეს ორი ერთმანეთს კვლავ დაუპირისპირდა, სუსტი რგოლი (ანუ, დიდი ალბათობით – ჩვენ) გაილახება. თუმცა, ისიცაა, თუ ამაში კიდევ ერთ ოთხ-ნახევარ მილიარდს გადაგვიხდიან, ერთგვარი მადლიც კი იქნება ჩვენი ცემა.