ვის მიერ დამკვიდრებული სტილით შეიქმნა საგალობლები: „შენ ხარ ვენახი“ და „გალობანი სინანულისანი“
მეათე საუკუნეში მოღვაწე მიქაელ მოდრეკილი ქართული ჰიმნოგრაფიული სკოლის გამორჩეული წარმომადგენელია. მან შთამომავლობას ბრწყინვალე საგალობლებისგან შემდგარი უზარმაზარი კრებული დაუტოვა. ამ კრებულით, სხვა უამრავ ღირებულებასთან ერთად ირკვევა ისიც, რომ საქართველოში სანოტო დამწერლობა ათასი წლის წინათ არსებობდა. იყვნენ თუ არა მიქაელ მოდრეკილი და ექვთიმე ათონელი ძმები და რატომ უწოდეს ამ სასულიერო პირს „მოდრეკილი“, ამას ჩვენი რესპონდენტი, ისტორიის დოქტორი, პროფესორი დავით მერკვილაძე გვიამბობს.
დავით მერკვილაძე: მეათე საუკუნის მეორე ნახევარში, ქართულმა საეკლესიო ჰიმნოგრაფიამ, როგორც ლიტურგიკული პოეზიის ნაწილმა, თავისი განვითარების უმაღლეს მწვერვალს მიაღწია, რაც იყო ტაო-კლარჯეთის სალიტერატურო საზოგადოებაში წარმოშობილი მთელი წყება სანიმუშო ჰიმნოგრაფების დამსახურება, რომელთაც დიდი ოსტატობით, მაღალი მხატვრული გემოვნებით შეამკეს სადღესასწაულო საკითხავები როგორც ქართველი წმიდანების, ასევე მსოფლიო ეკლესიის წმიდანებისა.
– ვინ იყვნენ ეს ჰიმნოგრაფები?
– ესენი გახლდნენ: იოანე მინჩხი, იოანე-ზოსიმე, იოანე მტბევარი და ჩვენი სტატიის გმირი, მიქაელ მოდრეკილი. ამ უკანასკნელს ყველაზე დიდი ამაგი მიუძღვის ქართული ჰიმნოგრაფიის განვითარებასა და განსაკუთრებულად დაწინაურებაში. ის იყო გამორჩეული, უნიჭიერესი ჰიმნოგრაფი თავისი თაობის ჰიმნოგრაფებს შორის.
– რა არის ცნობილი მიქაელ მოდრეკილის შემოქმედებიდან?
– მიქაელ მოდრეკილმა შთამომავლობას დაუტოვა წლების განმავლობაში, დიდი შრომისა და ძალისხმევის შედეგად შექმნილი და მოგროვებული ბრწყინვალე საგალობლებისგან შემდგარი უზარმაზარი კრებული (ეგრეთ წოდებული „იადგარი“), სადაც თავმოყრილია სხვა ჰიმნოგრაფთა საგალობლებიც, როგორც ორიგინალური (ქართული), ასევე სხვა ენებიდან – უმეტესწილად – ბერძნულიდან ნათარგმნი. როგორც ჩანს, ეს კრებული შედგენილია 978-988 წლებში. ამ კრებულის ავტორის ვინაობა ირკვევა მისი ანდერძ-მინაწერიდან. ასევე, მიქაელის სახელი იკითხება ცალკეული საგალობლის აკროსტიხითაც, ანუ, საგალობლის ყოველი სტრიქონის პირველი ასოები იძლევიან ავტორის სახელს: მიქაელი.
კრებულიდან ისიც ჩანს, რომ მიქაელ მოდრეკილს ნათარგმნი საგალობლებისთვისაც მიუწერია გალობის საგანგებო სანოტო ნიშნები. ეს ადასტურებს ორიგინალური ქართული ნოტების არსებობას ათასი წლის წინანდელ საქართველოში.
– მიქაელ მოდრეკილის ბიოგრაფიული ცნობები თუ მოგვეპოვება?
– თითქმის არაფერი, გარდა იმ ცნობებისა, რაც შემოინახა მიქაელისავე ანდერძმა. ამ ანდერძიდან ირკვევა, რომ მიქაელის ბიძა, მამის მხრიდან, ყოფილა, სასულიერო პირი, ვინმე „მამა დავითი.“ კორნელი კეკელიძის მოსაზრების თანახმად, მიქაელ მოდრეკილი არის ის მიქაელი, რომელიც იყო იოანე ვარაზ-ვაჩეს ძე და ძმა ექვთიმე ათონელისა, რომელიც 978 წელს ოშკის ლავრაში ჩანს და ასევე მოხსენიებულია ათონის ბიბლიის ანდერძში.
სამეცნიერო წრეებში მიღებული აზრის თანახმად, მიქაელ მოდრეკილი სამხრეთ საქართველოდან, კერძოდ, ტაო-კლარჯეთის მკვიდრი უნდა ყოფილიყო.
– რატომ უწოდებდნენ მიქაელ ვარაზ-ვაჩეს ძეს მოდრეკილს?
– ერთ-ერთი მეცნიერული მოსაზრების თანახმად, „მოდრეკილი“, ნიშნავს დაყუდებულს, ანუ განდეგილს, მაგრამ, მე მიჭირს გავიზიარო ეს მოსაზრება. თუმცა, სრულიად დამაჯერებელი ჩანს, რომ ექვთიმეც სასულიერო პირი და ბერად აღკვეცილი უნდა ყოფილიყო. სიტყვა „მოდრეკილს“ ქართულ ენაში შეიძლება ჰქონდეს ორი მნიშვნელობა: პირდაპირი გაგებით, „მოდრეკილი“ ნიშნავს „მოხრილს“, მაგრამ, სულიერი მნიშვნელობით, „მოდრეკილი“ შეიძლება გამოიყენებოდეს დიდი თავმდაბლობის აღსანიშნავად. ვფიქრობ, ეს უკანასკნელი გაგება უნდა მიესადაგებოდეს მიქაელის ზედწოდებას, ვინაიდან თავმდაბლობა ქრისტიანის, მით უმეტეს, სასულიერო პირისთვის, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სათნოებად მიიჩნევა. ეს სახელი მიქაელს სწორედ განსაკუთრებული თავმდაბლობის გამო შეიძლებოდა შერქმეოდა.
– როგორც ვიცი, მიქაელ მოდრეკილმა ქართულ სასულიერო პოეზიაში ახალი სტილის დამკვიდრებას ჩაუყარა საფუძველი.
– ქართულ სასულიერო პოეზიაში ჯერ კიდევ მანამდე არსებობდა იამბიკური თორმეტმარცვლედის სხვადასხვა სახის საზომები. თვითონ იამბიკო ძველ ქართულ მწერლობაში ორნაირი მნიშვნელობით გამოიყენება: ერთი მნიშვნელობით ის გამოხატავს ზოგადად ლექსს, რაც დამოწმებულია ეფრემ მცირესთან, იოანე ფილოსოფოსთან, თუმცა, თავისი ძირითადი მნიშვნელობით, იამბიკო არის თორმეტმარცვლედი ლექსი. მიქაელ მოდრეკილმა ამ იამბიკურ გალობათაგან დაამკვიდრა ეგრეთ წოდებული ხუთ-შვიდიანი დიმეტრი აღმავალი სახეობა – მან თორმეტმარცვლედი სტრიქონი ამ სისტემით გადაანაწილა თავის შემოქმედებაში. ეს საზომი შემდგომში მიღებული და დამკვიდრებული იქნა მეთერთმეტე-მეთვრამეტე საუკუნეების ქართულ სამოძღვრო და ფილოსოფიურ პოეზიაშიც კი. მას იყენებდნენ: ეფრემ მცირე, არსენ იყალთოელი, იოანე ფილოსოფოსი, დავით აღმაშენებელი „გალობანი სინანულისანში“, დემეტრე პირველი „შენ ხარ ვენახში“ და სხვები.