ვინ იყვნენ პირველი ტერორისტები, რომელთა სახელიც ყველა ევროპულ ენაში მკვლელის სინონიმი გახდა და რა ურთიერთობა ჰქონდათ მათთან ქართველებს
ანტიგმირს, რომლის შესახებაც დღევანდელ ინტერვიუში ვისაუბრებთ, რამდენჯერმე ჰქონდა „პატივი“ ეღალატა საკუთარი მეფისთვის, თუმცა, არსებობს კიდევ ერთი ვარაუდი, რომელიც დღემდე არაა ბოლომდე დასაბუთებული. კერძოდ არის თუ არა, ჩვენი რუბრიკის გმირი, რაჭის ერისთავი კახაბერ კახაბერისძე კოხტასთავის შეთქმულების გამცემი. სწორედ ამ შეთქმულებასა და კახაბერისძის შემდგომ „გმირობებზე“ გვესაუბრება ჩვენი რესპონდენტი ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ვაჟა კიკნაძე.
ვაჟა კიკნაძე: სანამ კახაბერ კახაბერისძეზე ვიტყოდე რაიმეს და იმ ბრალდებაზე, რაც შეიძლება, მას წავუყენოთ, ჯერ უნდა განვიხილოთ ის ვითარება და დრო, რაც წინ უძღვოდა კოხტასთავის შეთქმულებას. ეს არის მონღოლების ეპოქა, მეცამეტე საუკუნის მეორე ნახევარი. მას შემდეგ, რაც საქართველოში რუსუდან დედოფალი გარდაიცვალა, ქართული ტახტი დარჩა უმეთაუროდ. რუსუდანის ერთადერთი ვაჟი დავითი, ნარინად წოდებული, მონღოლებმა გააგზავნეს შორეულ ყარაყორუმში, ანუ მონღოლეთის დედაქალაქში, სადაც მეფედ უნდა დაემტკიცებინათ. ამას დასჭირდა რამდენიმე წელიწადი და ამ ხნის განმავლობაში, არავინ იცოდა, საქართველოში, ის ცოცხალი იყო თუ არა. რადგან დავით რუსუდანის ძემ ძალიან დაიგვიანა, ქართველებმა გადაწყვიტეს, ტახტის მეორე პრეტენდენტი მოეძებნათ – ლაშა-გიორგის უკანონო ძე დავითი, უფროსად, ანუ ულუდ წოდებული. აღმოჩნდა, რომ ისიც უმძიმეს მდგომარეობაში, მამიდამისისგან (რუსუდანისგან) განწირული, რუმში, თავის სიძესთან იმყოფებოდა ტყვეობაში. სანამ მემკვიდრეობის საკითხი გაირკვეოდა, საქართველოში შეიქმნა უმეფობის ხანა. ამით ისარგებლეს მონღოლებმა და გარკვეული დროის განმავლობაში, საერთოდ, გააუქმეს მეფობა. მათ საქართველო დაჰყვეს დუმნებად, ანუ საათიათასთაოებად. ეს საქართველოსთვის სრულიად მიუღებელი მონღოლური წესი იყო, რადგან საათიათასთაოდ ხშირად შემთხვევითი არაავტორიტეტული პირი აღმოჩნდებოდა ხოლმე. სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა კოხტასთავის შეთქმულება.
– რომელ დუმნებად დაიყო საქართველო და ვინ იყვნენ მათი „თავები“?
– მონღოლებმა დაიწყეს აღმოსავლეთ საქართველოდან და გაჰყვნენ დასავლეთით. პირველი იყო: ჰერეთ-კახეთის დუმანი, რომელშიც კამბეჩოვანი, ანუ დღევანდელი ქიზიყიც შედიოდა. მას სათავეში ჩაუყენეს ეგარსლან ბაკურციხელი. ეს დუმანი თბილისიდან შამახიის მთებამდე (დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორია) მოიცავდა ტერიტორიებს. მეორე საათასისთავო იყო ქვემო ქართლი, რომლის მმართველი ვარამ გაგელი გახლდათ, მხარგრძელების შტოს წარმომადგენელი, მესამე სომხითი (როგორც სამხრეთ საქართველოს უწოდებდნენ) და სომხური პროვინციები, რომლებიც საქართველოში შემოდიოდა, შანშე მხარგრძელს ჩააბარეს. შიდა ქართლი – ქართლის ერისთავ გრიგოლ სურამელს, ჯავახეთი – გამრეკელ-თორელს, სამცხე-შავშეთი არზრუმამდე, ანუ კარნუქალაქამდე ივანე (ყვარყვარე) ჯაყელს. დასავლეთ საქართველოში, რომელიც ნომინალურად ემორჩილებოდა მონღოლებს, მაგრამ მაინც, როგორც ჩანს, მათ იქ რაღაც გავლენა ჰქონდათ, ორი დუმანი უნდა შექმნილიყო, რომლის მეთაურები იყვნენ ცოტნე დადიანი და კახაბერ კახაბერისძე. ცოტნე დადიანი იყო ოდიშის ერისთავი. კახაბერ კახაბერისძე კი – რაჭის.
– რამდენ წელიწადს გაგრძელდა უმეფობის ხანა?
– დაახლოებით, 2-3 წელიწადს. შემდეგ ორივე დავითი დაბრუნდა მონღოლთა დედაქალაქიდან და ორივე დავითი დასვეს ტახტზე. მაგრამ, სანამ ეს მოხდებოდა, სრულიად უპატრონოდ დარჩა ქართული სამეფო და მაშინ ქართველების გამორჩეულმა ნაწილმა, მათ შორის იგივე დუმნის თავებმა გადაწყვიტეს შეთქმულება მოეწყოთ.
– რას ისახავდა მიზნად ეს შეთქმულება?
– ქართველებს სურდათ, როგორმე შეემსუბუქებინათ ან საერთოდ გადაეგდოთ მონღოლთა უღელი. კოხტასთავი სამცხეშია, სწორედ იქ შეიკრიბნენ შეთქმულები. როგორც ჟამთააღმწერელი გვეუბნება, გარდა დუმნისთავებისა იქ იყვნენ: იმერნი და ამერნი, ყველა ცნობილი პირი. იქვე ყოფილა შოთა კუპარი, ჰერეთის ერისთავი (იგი შესაძლოა, შოთა რუსთაველი ყოფილიყო, როგორც პავლე ინგოროყვა ვარაუდობდა). ასევე, კოხტასთავთან შეიკრიბნენ: თორღვა პანკელი, თორელ-გამრეკელი, ჰერ-კახნი, ქართველნი, ანუ ქართლელნი, მესხნი და ტაოელნი, ანუ, მთელი საქართველოს დიდებულები და ცნობილი პიროვნებები.
მონღოლებმა, თავის დროზე, ფაქტობრივად, უბრძოლველად დაიპყრეს საქართველო. რუსუდანმა ვერ შეძლო მათთვის რეალური წინააღმდეგობის გაწევა, გაიქცა ქუთაისში და დანარჩენი საქართველოს დიდებულები ნელ-ნელა ჩაჰბარდნენ მონღოლებს. ქართველმა დიდებულებმა ინანეს ეს საქციელი და გადაწყვიტეს, ამ შეცდომის გამოსწორება. შეკრებაზე ითქვა, რომ ყოველ წელს მივყავართ უშორეს და უძნელეს ლაშქრობებში, გადასახადებს გვადებენ უზომოს, არაფერს გვეკითხებიან. საქართველო დარჩენილია თავის, ანუ მეფის გარეშე... იმსჯელეს, როგორ შეიძლებოდა მონღოლთა უღლის გადაგდება, ან ამ უღლის სიმძიმის შემსუბუქება. როგორც ჩანს, შეთქმულები შეიარაღებულ აჯანყებას ემხრობოდნენ, რადგან შეკრებილებს უთქვამთ, თუ ასე არ გავაკეთეთ, მაინც ამოგვწყვეტენო; განსაკუთრებით ალამუტის ციხის წინააღმდეგ ლაშქრობა აფიქრებდათ. აქ, ამ მიუვალ ციხეში იყვნენ გამაგრებული, შეიძლება ითქვას, პირველი ტერორისტები, ასასინები, რომელთა სახელიც, შემდეგ მკვლელის სინონიმი გახდა ყველა ევროპულ ენაში. მათ წინააღმდეგ, ყოველწლიურად, ქართველებს აგზავნიდნენ და მას ათასობით ქართველი ეწირებოდა. ყოფილა შემთხვევა, როდესაც არც ერთი მებრძოლი აღარ დაბრუნებულა ალამუტიდან ოჯახში. შეთქმულებს ესეც დაუსახელებიათ ერთ-ერთ მიზეზად. შეთქმულები ძალიან სწრაფად შეთანხმებულან. როგორც ჟამთააღმწერელი გადმოგვცემს, შეკრებილთა შორის არ ყოფილა დიდი აზრთასხვაობა. გადაწყვიტეს, რომ ყველა ერისთავისა და დუმნისთავის ჯარი შეეკრიბათ და რკინისჯვარში, რომელიც აგრეთვე სამცხეშია, მოეყარათ თავი. ყველანი სასწრაფოდ აპირებდნენ თავიანთი მამულებისა და საერისთავოებისკენ გამგზავრებას, მაგრამ პირველები ცოტნე დადიანი და კახაბერ კახაბერისძე წავიდნენ. როგორც ყველაზე შორეული ტერიტორიების მმართველებს, დროულად რომ მოესწროთ ჯარის შეკრება და დანიშნულების ადგილას დაბრუნება. ამის შემდეგ, ვითარდება ის დრამატული მოვლენები, რაც ამ შეთქმულების გაცემას უკავშირდება.
– ვინ გასცა შეთქმულება?
– ჟამთააღმწერელი არ ასახელებს გამცემს, მაგრამ ამბობს, როგორც კი შეთქმულებმა დაამთავრეს კრება, მონღოლები მაშინვე იქ გაჩნდნენ და ყველა შეიპყრესო. რა თქმა უნდა, გარდა კახაბერ კახაბერისძისა და ცოტნე დადიანისა, რომლებმაც პირველებმა დატოვეს საიდუმლო კრება. შეთქმულები ანისში წაიყვანეს, სადაც ერთ-ერთი მონღოლი ნოინი – ჭორმაღანი იდგა; შეთქმულებს შეუკრეს ხელ-ფეხი, გააშიშვლეს და დაყარეს მზეზე. დაკითხვა დიდხანს გაგრძელდა, და ყოველი მათგანი ერთხმად ამბობდა, რომ ქართველი დიდებულები გადასახადების მოწესრიგების მიზნით ვიყავით შეკრებილნიო. ამას მონღოლები არ იჯერებდნენ და საქმე ცოტნე დადიანის ცნობილმა გმირობამ გადაწყვიტა.
– ეს ის გმირობაა, ბავშვობაში, რომ გვასწავლიდნენ, თუ როგორ იხსნა ცოტნე დადიანმა მზეზე დაყრილი თაფლწასმული მეგობრები, რომელთაც ფუტკრები ეხვეოდნენ?
– ზუსტად ეს შეთმულებაა, რომელსაც მართლაც ბავშვობიდან იცნობს ქართველი მკითხველი. მაგრამ, აქ თაფლის დეტალი იმიტომ არ მოვიხსენიე, რომ ამაზე მხოლოდ ვახუშტი ბაგრატიონი მოგვითხრობს, სხვა წყაროები ამის შესახებ არ იუწყებიან. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვახუშტი ბაგრატიონს, მეთვრამეტე საუკუნეში, უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონოდა აღნიშნული შეთქმულების შესახებ, ვიდრე ჟამთააღმწერელს, რომელსაც რამდენიმე ათეული წელი აშორებს ამ მოვლენებთან.
ერთი სიტყვით, სწორედ ცოტნე დადიანის გმირობამ იხსნა ყველა. როცა ცოტნე ჯარით გადმოვიდა ლიხს აქეთ და გაიგო, რომ ყველა დაპატიმრებულია და ანისშია წაყვანილი. მან ჯარი გაუშვა, თვითონ მარტო გაემართა ანისში, ხელ-ფეხიც თვითონ შეიკრა, „განიძარცვა ტანსაცმელი“, როგორც მემატიანე წერს და დაჯდა მათ გვერდით. განცვიფრებულ მონღოლებს კი უთხრა, მე ისეთივე ჩვეულებრივი ერისთავი ვარ და ისეთივე უდანაშაულო, როგორც ესენი და მოვედი აქ რომ ეს დაგიმტკიცოთო. მონღოლებმა დაიჯერეს ეს თუ არა უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ ცოტნეს საქციელი მოეწონათ და ვაჟკაცობად ჩაუთვალეს. შესაძლოა, საბაბსაც ეძებდნენ, რადგან არ აწყობდათ მთელი ქართველი დიდებულების გადამტერება და ყველანი გამოუშვეს.
– რაც შეეხება კახაბერ კახაბერისძეს?
– ის საერთოდ არსად ჩანს. ჟამთააღმწერელი არც იმას ამბობს, მივიდა თუ არა იქ კახაბერი, ჩაიყვანა თუ არა ჯარი, სად წავიდა საერთოდ... ამის შესახებ, სულ ცოტა ხნის წინათ, გაჩნდა ვერსია, რომელიც პროფესორმა ვაჟა შუბითიძემ გამოთქვა, რომ სწორედ კახაბერ კახაბერისძეს დამსახურებაა ამ შეთქმულების გაცემა.
– თქვენ იზიარებთ მის ვერსიას?
– მე შემიძლია, გითხრათ, ერთი მხრივ, ნამდვილად დამაფიქრებელია, რომ კახაბერ კახაბერისძე საერთოდ აღარ ჩანს შემდგომ, მაგრამ მეორე მხრივ, ჩნდება კითხვებიც. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბატონმა ვაჟამ კახაბერ კახაბერისძის შემდგომი მოღვაწეობაც განიხილა ჟამთააღმწერლის მიხედვით. კერძოდ, მემატიანე მოგვითხრობს, რომ 20 წლის შემდეგ, კახაბერ კახაბერისძემ სამჯერ გასცა მეფე დავით ნარინი და ამიტომ უფრო მეტად მიიჩნია ის მოღალატედ.
– გვიამბეთ, ამის შესახებ.
– კოხტასთავის შეთქმულებიდან დაახლოებით 20 წლის შემდეგ, დავით ნარინმა დასავლეთ საქართველოში შეიფარა ყაენის მტერი, ვინმე ღალღურ ნოინი, ვინაიდან მონღოლებს უჭირდათ ლიხს იქით გადასვლა. ერთ მშვენიერ დღეს, ღალღურ ნოინი და კახაბერ კახაბერისძე შეიკრიბნენ და ქუთაისში მონღოლთა ჯარი დააყენეს თავს დავით ნარინს. რაჭის ერისთავმა ფარული გზებით გადმოიყვანა ისინი. მეფე შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს, რადგან გაქცევა მოასწრო.
– ესე იგი, ღალღურმა ამ საქციელით ურთიერთობა გამოისწორა ყაენთან და გასწირა ის ვინც შეიფარა?
– ეს საქციელი მონღოლისგან იმდენად გასაკვირი არაა, მაგრამ რაჭის ერისთავ კახაბერ კახაბერისძეს, ცუდად ახასიათებს. მონღოლებმა ქუთაისი აიკლეს, გაძარცვეს და დაბრუნდნენ აღმოსავლეთ საქართველოში. მათ გაჰყვა კახაბერიც, ვინაიდან მას დასავლეთ საქართველოში უკვე აღარ დაედგომებოდა. სამი წლის შემდეგ მან იგივე ფანდი გაიმეორა, მაგრამ ამჯერად მომზადებული დახვდა დავით ნარინი. ამის შემდეგ რაჭის ერისთავი საბოლოოდ დამკვიდრდა ატენში, სადაც მონღოლებმა მამული მიუჩინეს; მაგრამ, სამწუხაროდ, ამით არ დამთავრდა კახაბერისძის ეპოპეა. მან, უკვე საკმაოდ მოხუცებულმა, დავით ნარინს მისწერა, ძალიან ცუდად მოვიქეცი, მაპატიე და ჩემს მშობლიურ რაჭაში დამაბრუნეო. ნარინმა დიდსულოვნება გამოიჩინა და აპატია.
– ამის შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები?
– მშობლიურ რაჭაში დაბრუნებულმა კახაბერმა საკუთარ ჩვევას არ უღალატა. მან წერილი გაუგზავნა აღმოსავლეთ საქართველოში ალიყან ნოინს, მე ვეღარ გამოგიძღვებით, თქვენ თვითონ მოდით და შეიპყარით დავითიო. დავით ნარინი, როგორც ჩანს, ბოლომდე მაინც არ ენდობოდა კახაბერ კახაბერისძეს და ფხიზლად იყო. სწორედ ამიტომ ვერ მიაღწია ამ წერილმა ადრესატამდე. წერილის ხელში ჩაგდების შემდეგ კი, დავით ნარინმა სასტიკად დასაჯა რაჭის ერისთავი. მას თვალები დასთხარა და ცალი ხელი და ფეხი მოაჭრა. მისი შვილები კი ბიზანტიაში განდევნა. ასე დამთავრდა რაჭის ერისთავის ცხოვრება.
– მოთხრობილი ძალიან ცუდად მეტყველებს კახაბერ კახაბერისძეზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, შეგვიძლია თუ არა, ხელაღებით ვთქვათ, რომ კახაბერ კახაბერისძე კოხტასთავის შეთქმულების გამცემიც იყო?
– არის ორი გარემოება, რომელმაც კახაბერ კახაბერისძის მიერ კოხტასთავის გამცემლობაზე, შეიძლება, აზრი შეგვაცვლევინოს. ერთი ის, რომ თუ კახაბერ კახაბერისძე გამცემია, მას პირდაპირ დაასახელებდა ჟამთააღმწერელი, რომელიც ამ ერისთავს ძალზე უარყოფითად ახასიათებს და ამბობს, რომ ის არის ბაღვაშების შთამომავალი და როგორც ისინი იყვნენ გამცემნი და არასოდეს გამოსწორდებოდნენ, ისევე აგრძელებდა კახაბერ კახაბერისძეცო. მეორე – თუ მან გასცა ეს შეთქმულება, მაშინ სავარაუდოდ, ცოტნე დადიანსაც დაასახელებდა მონაწილეთა შორის და ასეთ შემთხვევაში, მონღოლებიც აღარ აღიქვამდნენ დადიანის საქციელს გმირობად. ამგვარად, აქ პატარ-პატარა კითხვები ჩნდება, თუმცა, ამის შესახებაც შეგვიძლია საწინააღმდეგო ვარაუდის გამოთქმა. ჯერ ერთი, ალბათ, ჟამთააღმწერელმა ზუსტად არ იცოდა შეთქმულება კახაბერისძემ გასცა თუ არა და თავს არ იდვა ცოდვა დაებრალებინა მისთვის – ის, რაც არ იცოდა. თუმცა კი, შემდგომი მთელი მისი უარყოფითი მოღვაწეობა დაუფარავად დაგვიხატა. მეორე, შესაძლოა, კახაბერ კახაბერისძემ ამცნო მონღოლებს შეთქმულება რომ მზადდებოდა, თუმცა პერსონალურად არ დაუსახელებია მისი მონაწილენი. ასე რომ, ეჭვი მაინც ეჭვად რჩება და ასეა თუ ისე, კახაბერ კახაბერისძემ იმდენჯერ ჩაიდინა დავით ნარინის წინაშე ცოდვა, რომ არაა გამორიცხული, ის იყოს კოხტასთავის ცნობილი შეთქმულების გამცემიც.