როდის მოსდით „დორბლები“ თაკო აბაშიძის დანახვისას კაცებს და ვისთან ჩახუტება სიამოვნებს ჩელეს
როგორც აღმოჩნდა, ჩელე იმ იშვიათი მამიკოების მცირერიცხოვან სიაში შედის, რომლებიც ძალიან სერიოზულ მონაწილეობას იღებენ შვილების აღზრდაში, ინტერვიუებზეც თან დაჰყავთ და სხვა საქმეებზეც. ამან საოცრად იმოქმედა თაკო აბაშიძეზე და ახალგაზრდა მამით აღფრთოვანებულს, შეკითხვებიც ამ თემის გარშემო დაებადა.
ინტერვიუ 1. ჟურნალისტია თაკო აბაშიძე
– ვაიმე, ეს ვინ მომიყვანე, ჩელე, სახლში?! გადავირიე! ხელში რომ ავიყვანე, შოკში ჩავვარდი. როგორ ხარ?
– გადასარევად. დღეს ბავშვის დედას ვასვენებ და პატარასთან ერთად დავდივარ. უფრო სწორად, დედის როლში ვარ. მართალია, ძუძუში რძე არ მაქვს, მაგრამ არსებობს „ჰუმანები“ და „ჰიპები“ და იოლად გადავდივართ.
– ამ ამპლუაში რომ დაგინახე, ძალიან გამიკვირდა. ქმარი, არ ვიცი, როგორი ხარ, მაგრამ, მამა რომ კარგი ხარ, ეს უდავოა – სხვანაირად დღის ამ მონაკვეთში ბავშვთან ერთად არ იქნებოდი. პატარა კალათით რომ მოხვედი, გადავირიე. იცი ბავშვის მოვლა?
– ვიცი, მაგრამ მაინც, რომ არ დამავიწყდეს ყველაფერი ჩამოწერილი მაქვს. ესე იგი, 210 გრამი წყალი, რვა სუფრის კოვზი წიწიბურას ბურღული თუ რაღაც, ამას ვასხამთ ადუღებულ წყალს და, გურულები რომ „კორკოშალებს“ ვეძახით, სანამ ის არ გაუქრება, მანამდე ვზელთ, მერე ვაციებთ მისაღებ ტემპერატურამდე და ბავშვს ვასმევთ. ხანდახან ამის გაკეთება ავტომობილშიც მიწევს. ზოგჯერ პამპერსებსაც ავტომობილში ვუცვლი. ერთხელ პარკინგზე გავაჩერე და ის რაღაც გადასაფხეკი არ მქონდა. მოვიდა პატრული და მეკითხება, დგომის ნებართვა თუ გაქვს, აღებული გაქვს ბილეთიო? მივეცი პამპერსი და ვუთხარი, აქ ბევრი ბილეთია-მეთქი (იცინიან). პატრულმაც, გაიღიმა და წავიდა. გადამარჩინა. ისე, პატრულთან ყოველთვის მშველის: გადმოვიყვან ხოლმე ბავშვს, ამოვიღებ ძუძუს, ვაჭმევ, თან საქმიანად ვეუბნები, ახლავე მოგხედავთ-მეთქი. მოკლედ, დიდი ისტორიები გვაქვს, როდესაც ერთად ვართ.
– შემოქმედებით ცხოვრებაში რა ხდება?
– არაფერი განსაკუთრებული და კონკრეტული, ყველაფერი ძველებურადაა. ცოტა ხანში ვიწყებთ ახალ სეზონს. რაც შეეხება თეატრს, მომილოცავს შენთვისაც, რომ ის თეატრი, სადაც ვმუშაობდით, ანუ „სარდაფი“, დაიხურა. სხვა თეატრებიდან რაღაც შემოთავაზებები მაქვს და ვნახოთ, ჯერ არ გადამიწყვეტია, რას ვიზამ.
– საერთოდ, თეატრმა ცოტა იმედები ხომ არ გაგიცრუა?
– როდესაც თეატრალურში აბარებ, იმ წუთიდან უნდა იცოდე, რომ იმედები გაგიცრუვდება. უბრალოდ, ეს საქმე ძალიან უნდა გიყვარდეს, სხვანაირად არ გამოვა. სცენის მტვერზე რომ ლაპარაკობენ, მართლა ისე კი არ არის, რომ სცენაზე რაღაც შემოგეყრება სახეში და მოგაჯადოებს, არა, მაგრამ, შვიდი საათი რომ დგახარ იმ სცენაზე, რეპეტიციას გადიხარ, მტვერი და ჭუჭყი გედება, ძუნძგლიანი მიდიხარ სახლში – ეს ყველაფერი უნდა „გისწორდებოდეს“, ეს იმის ნიშანია, რომ იმ დღეს ნაყოფიერად იმუშავე. თუ არ გადმოვარდი და თავი თუ არ მიარტყი, არაფერი გამოვა.
– დათო, კინოსთან როგორ ხარ?
– სამწუხაროდ, ძალიან შორს. არ მიმიღია ფილმში მონაწილეობა.
– სერიალში ითამაშებდი?
– გააჩნია სერიალს. აი, ვთქვათ, შენი სერიალი ისეთია, ყოველი სერიის ბოლოს რაღაც აზრი მთავრდება, იუმორისტულია, სხვა სპეციფიკა აქვს. მაგრამ, რაც ჩვენთან სერიალები გადაუღიათ, ვითომ დეტექტიური და საშიში, არ მომწონს ეს სტილი და ამაზე არ დავთანხმდებოდი.
– ზაფხული როგორ გაატარე, როგორ დაისვენე?
– უამრავ ადგილას ვიყავი: ბათუმში, ქობულეთში, გურიაში – სულ ზღვასთან ახლოს ვტრიალებდი, მაგრამ რად გინდა, სულ ექვსჯერ თუ ვიქნებოდი სანაპიროზე გასული. სადაც მზე იყო, ჩვენც იქ ჩავდიოდით, მაგრამ რას დაეწევი?!
– ისევ ბავშვის ამბავს მინდა დავუბრუნდე. როდის მოვიდა შენთან მისი სიყვარული, ვგულისხმობ, როდის მიხვდი, რომ მამა ხარ?
– ეგრევე, როგორც კი დავინახე. თამთას მშობიარობას დავესწარი, თან, ფიზიოლოგიურად იმშობიარა. როგორც კი გაჩნდა, დაიჭყავლა და შევხედე, ტანში თითქოს დენმა გამიარა. მაშინ ვიგრძენი რაღაც საოცრება. შეიძლება, დაახლოებით ორი კვირა დასჭირდა, რომ თავი მამად მეგრძნო, მაგრამ თავიდანვე სასწაული შეგრძნებები მქონდა მის მიმართ. ყოველთვის მეჩქარება სახლში, მაშინვე ვისვენებ, როდესაც ჩავეხუტები.
– გართობისთვის დრო თუ გრჩება და, საერთოდ, ალბათ, ძალიან შეიცვალა შენი გართობის სტილი.
– იცი, რა არის? ალბათ, ყველაფერს თავისი დრო აქვს. თუ იყო პერიოდი, რომ არ ვიცოდი, სახლში როდის მივდიოდი, იქიდან როდის გამოვდიოდი, სად ვსვამდი და იყო ერთი ამბავი, ახლა მირჩევნია, სამსახურის შემდეგ სახლში მივიდე, სალომემ ჩამომადოს ფეხი სახეზე და ეგ იქნება ჩემი ყველაზე მაგარი დასვენება. დილით ხელს რომ მირტყამს და მაღვიძებს, ვგიჟდები.
– ადრე იღვიძებ?
– თუ სალომე მაღვიძებს, პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ ერთხელ დილით ადრე ჩემმა ცოლმა გამაღვიძა და კინაღამ გადავირიე. სალომე კიდევ, ზის და ხელებს გირტყამს, სანამ თვალს არ გაახელ. მე კი თვალს ვახელ ხოლმე და მძინავს, ამას ჰგონია, რომ მღვიძავს. რაღაცეებს ამბობს უკვე: ბაბა, მამა, ღუღუნებს თავისთვის.
– ვინმე გეხმარებათ მის აღზრდაში?
– კი, თამთას ბებია და ჩემი და. აუ, ლუდის გემო მოსწონს მაგრად. სურათიც აქვს უკვე გადაღებული ლუდის ჭიქით ხელში (იცინიან). ერთ ბოთლ ლუდს თუ მოუტან, მაგრად „გაუსწორდება“. ვხუმრობ, თაკო (იცინიან).
– ალბათ, სადაც მიდიხართ, სულ იმაზეა ლაპარაკი, როგორი მაგარი მამა ხარ. სხვებს ნამდვილად არ ჰგავხარ. ამაყობ ამით?
– ბავშვთან ერთად ამდენ დროს იმიტომ არ ვატარებ, რომ ვინმემ თქვას, რა მაგარი ტიპიაო, მსიამოვნებს, რომ ჩემთან ერთადაა. ჩემთან ერთად რომ არის, მაშინ უფრო მშვიდად ვარ, ვიდრე სხვას რომ ჰყავს. ისე, საამაყოა, რატომაც არა. ყველაზე სასაცილო ის არის, სულ რომ ველაპარაკები. მანქანაში ჯაზს ვუსმენთ ხოლმე, სულ ჩართული გვაქვს მუსიკა. გავხედავ და ვეკითხები: აი, მამიკო, რას ფიქრობ ამაზე, მაილს დევისის ეს კომპოზიცია როგორ მოგწონს? მერე მახსენდება, რომ პასუხს ვერ გამცემს.
– შეიძლება, აქვს კიდევაც პასუხი, უბრალოდ ლაპარაკი არ შეუძლია.
– რომ გაიზრდება მერე გამცემს ყველა კითხვაზე პასუხს (იცინიან).
– მგონია, რომ ძალიან ბედნიერი ხარ, მაგრამ, მაინც, როგორ ფიქრობ, იმისთვის, რომ სრულყოფილად ბედნიერი იყო, ფული არის საჭირო?
– როგორი მომენტია, იცი? იმდენი შემოსავალი, ღვთის წყალობით, ალბათ, სულ მექნება, რომ ოჯახი შევინახო და რაღაც პირობები გვქონდეს, მაგრამ მეტს ვისთვის უწყენია. აღარ მოვიდა, კაცო, ის დრო, რომ წითელ ხალიჩებზე ვიაროთ და მილიონიანი ჰონორარები გვქონდეს?! (იცინიან) ამბობენ, ადამიანს რაც მეტი აქვს კიდევ უფრო ბევრი უნდაო, მაგრამ იმდენი მჭირდება, რამდენიც დამაკმაყოფილებს.
– მშვენიერი პასუხია, კაცმა არ იცის, რამდენი დაგაკმაყოფილებს.
– აბა, მოგვბეზრდა ასე ცხოვრება მსახიობებს!
ინტერვიუ 2. ჟურნალისტია ჩელე
– ქალბატონო თაკო, მთელ საქართველოს აინტერესებს, გრძელდება თუ არა თქვენი სერიალი?
– მინდა, ყველა გავახარო და ვთქვა, რომ გრძელდება.
– თქვენს ოფისს ფართი ხომ არ ემატება?
– რამდენადაც ვიცი, მიმდინარეობს რეკონსტრუქცია, ფართიც მოგვემატება და სხვანაირებიც ვიქნებით.
– ქართულ-ბრაზილიურ სერიალში დონა ბარბარას როლს ხომ არ შეასრულებდი?
– (იცინიან) აი, არ ვიცი, დავფიქრდებოდი.
– იცი, რა მაინტერესებს?! რიოს ქალღმერთის როლს თუ ითამაშებდი, სადაც ერთ-ერთ სცენაში ბრაზილიური ცეკვების შესრულებაა საჭირო, როგორც კარნავალზე ცეკვავენ?
– აი, რატომ არ უნდა მინდოდეს რიოს ქალღმერთობა?! არა, მე „ჩვენ ოფისში“ უნდა დავრჩე! ძალიან მომწონს ცეკვაც, ვგიჟდები კარნავალზე.
– გადასაღებ მოედანზე, ალბათ, მთელი თბილისი მოვარდება (იცინიან).
– მომწონს, დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი.
– მითხარი ერთი, აი, ჩემ შემხედვარეს გათხოვება არ მოგინდა? არ აპირებ რამეს?
– არაფერსაც არ ვაპირებ, არ მინდა. შეყვარებული არ მყავს და როგორ უნდა გავთხოვდე?! ქასთინგი გამოვაცხადო?! (იცინიან) თავისთავად უნდა მოხდეს ყველაფერი. ვაიმე, არ მინდა და ცხოვრებაში გათხოვებას არ ვაპირებ-მეთქი, არ ვამბობ, მაგრამ ამ ეტაპზე ასეა, ერთგვარი შესვენება გამოვაცხადე. ოჯახი გადასარევი რაღაცაა, მაგრამ სიყვარული ოჯახის გარეშეც შეიძლება, აუცილებელი ხომ არ არის ხელი მოაწეროთ და ჯვარი დაიწეროთ?! მაგრამ, ვაღიარებ, რომ ბავშვი ყველაზე დიდი სასწაულია ნებისმიერი ოჯახისთვის.
– იმისთვის, რომ კარგი ოჯახი გქონდეს მხოლოდ სიყვარული საკმარისია?
– არა, ასე არ არის. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყოველ ნახევარ საათში იმას ამბობენ, მიყვარს ჩემი ცოლიო, მაგრამ ურთიერთობაში ამას არაფრით გამოხატავენ. სიყვარული ძალიან ბევრნაირად და ძალიან ბევრჯერ უნდა გამოხატო.
– ქართველი კაცების დამოკიდებულება ცოლების მიმართ ძალიან განსაკუთრებულია, დილით აჭმევ, ღამე – ... თან, სხვა რაღა უნდათო, ამბობენ. ცოლს სხვანაირი მოვლა უნდა, ჩემო კარგო!
– მიხარია, რომ ჩელესნაირი მამაკაცები არსებობენ. შესაბამისად, ვხვდები, რომ არიან ადამიანები, რომლებიც შენნაირად ფიქრობენ. ბევრს მართლა ჰგონია, რომ ერთხელ ჩახუტება სიყვარულის უდიდესი გამოხატულებაა. რა სისულელეა. თუკი შენ ქალი გიყვარს, ეს ბევრნაირად უნდა გამოხატო.
– ქალი ყოველთვის უნდა ცდილობდეს, კაცი ასიამოვნოს. ქართველები ძალიან უცნაური კაცები არიან. ბევრისგან მსმენია, აუ, ამ „ნაშას“ ცოლად როგორ მოვიყვანო და ზუსტად ის მოჰყავს ცოლად. არც ამაშია პრობლემა, უბრალოდ, თუ მოგყავს, მერე უნდა მიხვდე, რომ შენი ცოლი „ნაშა“ აღარ არის და ის ყველაფერში შენი სრულფასოვანი პარტნიორია. ოჯახი უნდა იყოს, როგორც ძრავის კბილები, ერთმანეთში იდეალურად რომ ჯდება და საკუთარ თავს ატრიალებს, წინ მიჰყავს. ასეა მთელი სისტემა. თუ ერთი კბილი მოტყდა, დამთავრდა ყველაფერი. ქალებს გირჩევთ, ხანდახან ზედმეტად თბილები იყოთ, ხანდახან ზედმეტად იეჭვიანოთ, ზედმეტად იჩხუბოთ, მაგრამ ცუდს ყოველთვის კარგი უნდა მოაყოლოთ. ეს არ უნდა გადაზარდო ხელჩართულ ბრძოლებში, ყველაფერში ზომა უნდა იცოდე.
– თან, ეს არ უნდა იყოს ძალიან ხელოვნური, თორემ სიყალბე ადვილად ჩანს. ყოველი ჩხუბის მერე ბზარი ჩნდება. არ ვეთანხმები აზრს, რომ სიყვარულს ჩხუბი უხდება თუ რაღაც სისულელე.
– კაცებს არ უნდა ეგონოთ, რომ, რადგან ამბობენ, მამაკაცი ოჯახის უფროსიაო, ცოლს არაფრის უფლება არ აქვს.
– ზუსტად ეს არის ქართველი მამაკაცების ყველაზე დიდი შეცდომა – აბსოლუტურად უუფლებო ჰგონიხარ. ოჯახში მხოლოდ მისი აზრია მთავარი, არ შეიძლება, ოჯახში განსხვავებული აზრი არსებობდეს. ბოლო ხანებში კიდევ უფრო შეიცვალა სიტუაცია, შედარებით გამოსწორდნენ, მაგრამ ეს „რქები“ ძველი დროიდან აქვთ შემორჩენილი.
– არც უნდა გეშინოდეს და არც უნდა გრცხვენოდეს კომპრომისზე წასვლა. „მე ასეთი ხასიათი მაქვს და მორჩა“ – ეს არ მესმის. პირიქით, შესაძლოა რაღაც სიტუაციაში მართალიც იყო, მაგრამ დათმობაზე წახვიდე მხოლოდ იმიტომ, რომ სერიოზულად არ იჩხუბოთ. თუმცა, ეს არც შენმა პარტნიორმა უნდა გამოიყენოს ცუდად. „მე ეგეთი კაი ტიპი ვარ და ყველა ჩემს აზრზე იყავით“, – ასე არ გამოვა. როგორც მოიქცევი, ისე მოგექცევიან.
– ქალი კისერი უნდა იყოს, რომელიც კაცის თავს ატრიალებსო, მაგრამ, არ მინდა, ვიყო ასეთი ქალი, უფრო სწორად, ისეთი კაცი არ მინდა, ვისაც, საითაც მინდა, იქით მივახედებ. მინდა, ორივე სრულფასოვანი პიროვნება ვიყოთ, ჩვენ-ჩვენი აზროვნებით, მაგრამ დიდი სიყვარულითა და პატიისცემით ერთმანეთის მიმართ.
– არ მესმის ხოლმე, რატომ უშლიან ცოლებს მუშაობას?
– ამაზე ხომ საერთოდ ვგიჟდები, რა ახსნა აქვს ვერ ვხვდები. მე შენ უზრუნველგყოფ?! იქნებ, მალე სულ არ მეყოლები გვერდით, არ შეიძლება?! არ გინახავს ოცდაორი წლის, ორი შვილით დარჩენილი ქვრივი გოგო?!
– არ იმუშაო, არ ჩაიცვა – ეს ყველაფერი იმდენად გკეტავს ნაჭუჭში, რომ მერე აგრესიული ხდები. საბოლოოდ, ეს ნაჭუჭი ნელ-ნელა კი არა, ეგრევე ტყდება და ქმრები იწყებენ ჭორაობას, რამ გადარია ჩემი ცოლიო. ოჯახის დანგრევა ერთ და ორ დღეში არ ხდება. ურთიერთობებში გაჩენილი პრობლემა შეიძლება სხვა სახით ამოტივტივდეს. თუ კაცს ბეზრდება რაღაცეები, რატომ არ შეიძლება მობეზრდეს ქალს?!
– საერთოდ, ამაზე, რომ ვსაუბრობთ, ვგიჟდები, ისე მეშლება ნერვები. რატომ უნდა გახდეს ეს განხილვის თემა? ჩემთვისაც დაუშლიათ რაღაცეები, მაგრამ იქვე დამიმთავრებია ურთიერთობა.
– კაცებს ის პრობლემაც აქვთ, ვთქვათ, სადღაც მიდიხართ და გითხრა, ეს არ ჩაიცვაო, მერე ცოლი შეეხვეწება და მაინც დართავს ჩაცმის ნებას. სადღაც წვეულებაზე მივლენ, მისი ცოლი ყურადღების ცენტრში ექცევა, ყველა უყურებს და იმ კაცს ეს ძალიან სიამოვნებს.
– სხვა კატეგორიის კაცებიც არსებობენ: გიჟდებიან, საშინლად ღიზიანდებიან, როდესაც მათი ქალი ყურადღების ცენტრში ექცევა. მაგალითად, მე. თაყვანისმცემელთან ერთად ვიყავი რაღაც წვეულებაზე, სადაც ჩემ მიმართ გამოხატულმა ყურადღებამ ის ისე გააბრაზა, რომ იქაურობა დავტოვეთ.
– იცი, იმასაც გააჩნია, როგორ გაქცევენ ყურადღებას. ქართველების პრობლემა კიდევ ის არის, რომ: „ვაა, რა ნაშაა“! – იტყვიან და არა რა მაგარი გოგოა. ეგრევე დორბლები მოსდით. ეს არც ერთ კაცს არ მოეწონება.
– ეს არაფერ შუაშია. ნორმალურ კაცს უნდა უხაროდეს, რომ გვერდით ძალიან ლამაზი ქალი ჰყავს და ის ქალი, რომელსაც ყველა მშიერი თვალებით უყურებს, მისია. მე, მაგალითად, მირჩევნია, კარგი მამაკაცი მყავდეს გვერდით და მას ყველა უყურებდეს. რაც შეეხება დორბლების მოსვლას, თუ ბევრი კაცი მივა იმ დასკვნამდე, რომ, ურჩევნია, გვერდით არაჩვეულებრივად ჩაცმული, ძალიან ლამაზი ქალი ჰყავდეს, მაშინ დორბლიანი კაცების რიცხვიც ავტომატურად შემცირდება. ამით დორბლიანი კაცების თემა ამოვწურეთ! (იცინიან).
– ესე იგი, შევცვალოთ თემა. ბოლოს ის მითხარი, როგორ დაისვენე, სად იყავი?
– სად არ ვიყავი, შენ ეგ მკითხე, მაგრამ, საბოლოოდ, ჩემი დასვენება ჩაიშალა. ჯერ იყო ერთი, პატარა ჩაშლა: ალბათ, ყველა ნახავდით ტელევიზორში რომ ნაცისტად და ფაშისტად გამომიყვანეს, რეალურად კი აბსოლუტურად უწყინარი ფრაზა იყო, რომელსაც არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა. მერე კიდევ უფრო სერიოზულად ჩაიშალა, რადგან ჩემმა ძმამ მოულოდნელად ცოლი მოიყვანა და თავპირისმტვრევით ჩამოვქანდი თბილისში.
– გილოცავ! ოჯახში მატებაა. ქორწილში ხომ იცეკვებ?
– აბა რას ვიზამ!
– კინტოური ხომ იცი, გოგო, არ შემარცხვინო, შპაგატში ხომ ჩაჯდები?
– აბა რას ვიზამ, ცხვირსახოცს არ ავიღებ, რო?! შენ დიდი ქორწილი გქონდა?
– არც ისე, სადღაც 150-კაციანი. ისე, ვიყავი 450-კაციან ქორწილში და რა მოხდა ვერ აგიწერ, მამა შვილს ვეღარ ცნობდა და ვეღარ პოულობდა. მაგარი არეულობა იყო. თან, რაც უნდა დიდი ქორწილი გადაიხადო, ვიღაც მაინც დარჩება ნაწყენი, რომ ვერ დაპატიჟე. მაშინ დიღმიდან გორამდე გზა უნდა გადაკეტო და კარავი გაშალო.
– როგორია ქორწილი სეფაში?
– გადასარევი. შეჭამ ხორცს და ძვალს ეგრევე გადააგდებ. იქვე კი ძალიან ბევრი ძაღლი დარბის. შენ დიდ ქორწილს გადაიხდი?
– არა მგონია, მაგრამ, იმხელას კი გადავიხდი, რომ დაგპატიჟო.
სალომე გველესიანი