ეს ისტერიკაა
ისტერიკული ტიპის ქალები მამაკაცებში ყოველთვის იწვევდნენ განსაკუთრებულ გრძნობას. ვერ ვიტყვით, რომ ეს არის შიში, მაგრამ, ძალიან ჰგავს იმას, რასაც მამაკაცები ექიმთან მისვლის წინ განიცდიან.
ისტერიკული ქალბატონებით განსაკუთრებით ფროიდი დაინტერესდა. მან ბევრი ვარიანტი აღწერა და ისიც თქვა, ქალებში ხშირი ისტერიკები მათი ბავშვობიდან მოდისო. ძველ დროში ქალი ისტერიკას ვერ მოაწყობდა, რადგან მას ბნელ ძალებთან კავშირში დასდებდნენ ბრალს და შესაძლოა, კოცონზეც კი დაეწვათ. მაგრამ, ეს ისე არ უნდა გავიგოთ, რომ მამაკაცებს საერთოდ არ ახასიათებთ ისტერიკა. ისტერიკისკენ მიდრეკილი მამაკაცი ახლობლებს ცხოვრებას ნამდვილ თრილერად გადაუქცევს. მიაყენებს როგორც მორალურ, ისე მატერიალურ ზარალს. როცა ისტერიკა ზომიერების დასაშვებ ნორმებს არ სცილდება, მეტ-ნაკლებად ასატანია. ზოგჯერ ის აუცილებელიც კია მოწყენილობის გასაფანტავად. გრძნობების ქარიშხლისებური გამოხატვა მოსწონთ მამაკაცებს, მაგრამ, როცა ხვდებიან, რომ ეს, შესაძლოა, მანიპულაციის იარაღი გახდეს, უკან იხევენ და ფრთხებიან. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც ისტერიკულ ქალებთან ურთიერთობით სიამოვნებასაც კი იღებენ. როცა ხელი თეფშების დასამტვრევად გაგირბით და ხვდებით, რომ ეს ცდუნება თქვენზე ძლიერია, როცა ჩახშულმა ყვირილმა ლამის ფილტვები დაგიხეთქოთ, იცოდეთ, რომ ეს ისტერიკაა. თუმცა, თუკი იშვიათად გემართებათ, საშიში არაფერია. მთავარია, ამით თქვენი პარტნიორი არ დააფრთხოთ. პატარა დოზით კი, ნამდვილად არ აწყენს. მით უმეტეს, თუ ხედავთ, რომ ამით ერთობა.