რამდენი მსოფლიოს ჩემპიონი გვყავს ქართველებს მკლავჭიდში და ვინ გახდა რუსეთში ნომერ პირველი ჩემპიონი ქართველებიდან
ახლახან, მოსკოვში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი მკლავჭიდში, სადაც ქართველმა მკლავჭიდელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, თავისი შესაძლებლობები და ოთხი ოქროს მედალიც მოიპოვეს. როგორც მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი, მსახიობი და რეჟისორი სოსო ჯაჭვლიანი ამბობს, რუსებს კიდევ ერთხელ დავუმტკიცეთ, რომ მათზე ძლიერები ვართ და კიდევ ერთხელ ავაჟღერეთ ქართული ჰიმნი და ავაფრიალეთ ჩვენი ეროვნული ხუთჯვრიანი დროშა რუსეთის დედაქალაქში
სოსო ჯაჭვლიანი: ქართველები იცით როგორი ხალხი ვართ? თუ რამეში წარუმატებლები ვართ, ნებისმიერ სფეროს ეხება ეს, ამაში თავად ვართ დამნაშავეები, ხოლო თუ რამეში წარმატებას და გამარჯვებას ვაღწევთ, ესეც ჩვენი ძლიერებისა და თავდადების შედეგია. არ აქვს მნიშვნელობა ოქსფორდის, კემბრიჯის, ქუთაისის თუ თბილისის კოლეჯს დაამთავრებ, შესაძლოა უშბის ან ტიანშანის ძირას იჯდე, ან თუნდაც მაჩხაანში და თუ ხედვა გაქვს, ყველაფერს საღი თვალით შეხედო და გადააფასო მოვლენები, რაც შენს გარშემო ხდება. თუ ამის დანახვა არ გინდა და სირაქლემის პოზაში გირჩევნია ყოფნა, ეს შენი პრობლემაა. ადამიანში გამოცდილება ასაკის მატებასთან ერთად მოდის და არ გაქვს კაცს უფლება, ეს გამოცდილება სასიკეთოდ არ გამოიყენო. ცხოვრებას როცა საღი თვალით უყურებ, ის თავისი მხრივ, აუცილებლად დაგაჯილდოვებს. როგორ შეიძლება, ნაღდი, პატიოსანი, ვაჟკაცი, პატრიოტი, ერის, ადათის, წესისა და ჯიშის დამცველი ადამიანი დაიჩაგროს? ჩემი თავი ენაცვალოთ რაგბისტებს, ნებისმიერი სპორტის სახეობის წარმომადგენლებს, ეს იქნება ოლიმპიური სახეობა თუ არაოლიმპიური. მათ კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ მსოფლიო სპორტი ოლიმპიზმით არ იწყება და არც მთავრდება. ისეთი ქვეყნები, რომლებიც სანაქებოდ მიაჩნიათ ამ მხრივ, მაგალითად ამერიკა, გერმანია, იაპონია, ყოველთვის არაოლიმპიური სპორტის სახეობიდან ასახელებენ ნომერ პირველ სპორტსმენს. კერძოდ, ამერიკა ასახელებს გოლფს, გერმანია ავტოსპორტს, იაპონია სუმოს. იმიტომ რომ, მათ აქვთ ნაციონალური ანუ სახელმწიფოებრივი ხედვა. შენ თუ მაგარი ხარ, არ აქვს მნიშვნელობა სპორტის რომელ სახეობაში ასახელებ სამშობლოს. თუ მსოფლიო სპორტის საზოგადოებამ გადაწყვიტა, რომ სპორტის ამა თუ იმ სახეობაში უნდა ჩატარდეს მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატი, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შენ თუ ნომერ პირველი ხარ ამ სპორტის სახეობაში, იმარჯვებ, შენი ქვეყნის ჰიმნს ააჟღერებ უცხო ქვეყანაში და დროშასაც გაშლი, რა მნიშვნელობა აქვს რომელი სპორტის სახეობით მოახერხებ ამას? ეს ხომ შენი ქვეყნის პრესტიჟია?
– სოსო, მგონი გულდაწყვეტილი ხარ? რაშია საქმე?
– ემოციური ადამიანი ვარ და თუ რამე სათქმელი მაქვს, აუცილებლად უნდა ვთქვა, ამას ვერ დავმალავ. ბევრი იმასაც იტყვის, სოსო ისე საუბრობს, მგონი მკლავჭიდის ნომერ პირველ სპორტად დასახელება უნდა საქართველოშიო. არამც და არამც. თუ ქართველები ხართ და მაგარი პატრიოტები, და, ამავდროულად თავმოყვარეები, მაშინ, ნომერი პირველი სპორტის სახეობა ჩვენთან ქართული ჭიდაობა უნდა იყოს. ნებისმიერ ოლიმპიურ სახეობაზე მაღლა უნდა დააყენო ის, როგორც თავმოყვარე იაპონელები სუმოს აყენებენ. ქართული ჭიდაობა ქართული რაინდობის გამოხატვაა. მე ნერვები მეშლება იცით, რაზე? როცა ქართველი კაცი იმარჯვებს უცხო ქვეყანაში და შენ მოვალეობის მიზნით ახსენებ მას, ხოლო საათობით გადაცემებს უძღვნი ტელევიზიით იმას, თუ როგორი შეკაზმული ფაფა უყვარს პანგიმონს, ეს გასაგიჟებელი არ არის?! წარმოიდგინეთ, რუსეთში წავედით მკლავჭიდელები, იმ რუსეთში, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის გარკვეული ტერიტორია, მის დედაქალაქ მოსკოვში ვაფრიალებთ ეროვნულ დროშას და ვაჟღერებთ ქართულ ჰიმნს და ამაზე მხოლოდ ორი სიტყვით იტყვი ტელევიზიით და, მორჩა! – ეს ნორმალურია? ჩემი აზრით, ეს გმირობის ტოლფასია. მარადიული ხომ მარტო სამშობლო და ღმერთია, ჰოდა, მათ გამო საგმირო ნაბიჯის გადადგმა ნამდვილად ღირს. ჩვენ ეს მკლავჭიდით შევძელით და ნამდვილი შოკი მივაღებინეთ რუსებს საკუთარი კუნთებით. 31 მაისს ევროპის ჩემპიონატი ტარდებოდა მოსკოვში, ოცდაათამდე ქვეყანა გამოდიოდა და 4 ოქრო და 4 ვერცხლის მედალი მოვიპოვეთ ქართველებმა. მოკლედ, ჩავედით ეს კუნთიანი ქართველები: გენადი კვიკვინია, ვილენ გაბრავა, ნიკა წერეთელი, ვიბრძოლეთ და გავიმარჯვეთ კიდეც. ჩვენი პრეზიდენტის ბაბუაც ხომ ნიკა წერეთელი იყო. ჰოდა, მკლავჭიდელი ნიკა წერეთელიც მისი მოსახელე და ნათესავია. სხვათა შორის, ჩემს ქვეყანაში თუ რამე არ მომეწონება, შემიძლია, ხმამაღლა გამოვთქვა აზრი, გავაკრიტიკო ნებისმიერი პოლიტიკოსი, მაგრამ, აბა, უცხოეთში ჩავიდე და იქ ვინმემ გაბედოს მათი კრიტიკა, მივუნგრევ ცხვირ-პირს! ეს ჩვენი ოჯახია და ამ ოჯახში თუ რამე რიგზე არ არის, შემიძლია, ვთქვა და ვაკრიტიკო, მაგრამ, ამის უფლებას სხვას როგორ მივცემ?! ნიკა წერეთელი ჩემპიონი რომ გახდა, ენით ვერ გადმოვცემ იმ სიხარულს, რაც იმ წუთას განვიცადე და როცა კვარცხლბეკზე აქეთ-იქიდან რუსი მკლავჭიდელები ამოუდგნენ, რომლებმაც მეორე-მესამე ადგილები გაიყვეს, ნიკამ ქართული დროშა აღმართა და ჰიმნიც გაჟღერდა, აი, მაშინ ვიყავი ნამდვილად ამაყი და ბედნიერი ქართველი შუაგულ რუსეთში.
არ შემიძლია, არ ვახსენო გოჩა ძასოხოვი, რომელიც იქ ჩასულებს ძალიან დაგვეხმარა. გოჩა ქართველებში ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი, ხოლო ოსებში – ერთ-ერთი გამორჩეული ოსია.
– პირველად მოსკოვში, ჩატარდა, მკლავჭიდის პარალელურად, ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი იაკუტიურ სპორტში, სადაც ჩემპიონი ისევ ქართველი სპორტსმენი გახდა. როგორც ვიცი, საკმაოდ სოლიდური პრიზი იყო დაწესებული გამარჯვებულისთვის. ვინ მოიპოვა ეს პრიზი?
– მართალია, მოსკოვში პირველად ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი იაკუტიურ სპორტში, ჯოხის წართმევაში და იქაც ქართველმა გვასახელა. გამარჯვებულისთვის კი დაწესებული იყო 25 000 ევროდ ღირებული ბრილიანტისთვლიანი ბეჭედი. გენადი კვიკვინიამ მოიგო მძიმე წონაში მკლავჭიდი და იფიქრა, მოდი, აქაც ვცდი ბედს, იქნებ, გავიმარჯვოო. ასეც მოიქცა და მოიგო კიდეც. ჩაიდო მოგებულმა გენადიმ ძვირად ღირებული ბრილიანტის ბეჭედი ჯიბეში და წამოუღო ცოლს საქართველოში. მართალია, მძიმეწონიან, ჯანიან და კუნთიან რუს სპორტსმენებთან მოუხდა შეჭიდება, მაგრამ, ღმერთის წყალობით, მაინც შეძლო გამარჯვება და პირველი ევროპის ჩემპიონი გახდა ქართველი გენადი კვიკვინია იაკუტიურ სპორტის სახეობაში, მოსკოვში. ამაზე დიდი გმირობა წარმოგიდგენიათ? ჩვენ ისეთი ძლიერი ფესვები გვაქვს, მისი ამოძირკვა და მოსპობა შეუძლებელია, ამას რუსებიც კი ვერ შეძლებენ, ეს ტყუილია! ქართული გენი ძალიან ძლიერი და მაგარია და ამიტომ მწყდება გული, რომ მას სათანადოდ ვერ ვაფასებთ. ქართველებს პირველობა გვიყვარს, მაგრამ, თუ არ გაქვს კაცს იმის შეგრძნება, რომ შენ მარტო პირველი კი არა, მეორეც, მესამეც და მეოთხეც ხარ, ისე არაფერი გამოვა. ძალიან ბევრი ქართველი წავიდა უცხოეთში და გამოდის იმ ქვეყნის სახელით, მაგრამ, ვიცი, გამარჯვების დროს მათ გულში რაც ტრიალებს. დარწმუნებული ვარ, ყველა გამარჯვებას სამშობლოს უძღვნიან და ეს ჩუმად, გულში ეამაყებათ. ერთი ჩვენი მკლავჭიდელი სპორტსმენი დარჩა ამერიკაში და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. როცა მასზე იყო საუბარი, ვთქვი, ახლავე ჩამოვიყვან საქართველოში, თქვენ ოღონდ შესაბამისი პირობები შეუქმენით სავარჯიშოდ-მეთქი. ჯერ გაჩუმდნენ, მერე დაფიქრდნენ და თქვეს: იქ კაცი მსოფლიოს ჩემპიონია, ყველა პატივს სცემს; აქ რომ ჩამოვიდეს, მშიერი ხომ არ მოკვდება, ოჯახი ხომ უნდა არჩინოს, ისევ იქ იყოს, ქართულ სულს ყველგან გამოავლენსო. რა მნიშვნელობა აქვს სად იბრძოლებ? მთავარია, ფესვები არ მოიკვეთო და დარჩე სამშობლოს პატრიოტი, სადაც არ უნდა იყო და რასაც არ უნდა აკეთებდე. კახი კახნიაშვილი რომ წავიდა საბერძნეთში, ერთი ამბავი ატყდა. კახი იყო ოლიმპიური ჩემპიონი და საბერძნეთის სახელით რომ გამოდიოდა, სამგზის გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. რომ მოძლიერდა და გამდიდრდა, აქეთ ეხმარებოდა ქართველ შტანგისტებს და შედეგიც მივიღეთ. ახლა კახი კახნიაშვილი საქართველოშია და კარგის მეტს ვინ რას ამბობს მასზე? – ესაა ჩემი პასუხი მათთვის, ვინც ამბობს, სხვა ქვეყნის სახელით არ უნდა გამოვიდეს ქართველიო. სხვათა შორის, რუსები აღიარებენ, ჩვენ ქართველებისგან ვისწავლეთ მკლავჭიდიო. ვახტანგ მუსელიანია მკლავჭიდის „მამა“ საქართველოში და ახლა ამერიკაში ცხოვრობს. მან დაიწყო ჩვენში ამ სპორტის განვითარება და ზენიტშიც აიყვანა. სულ ამბობდა, მკლავჭიდი მაგარი სპორტია, საქართველოში თუ ავაღორძინეთ, ნამდვილად გვეყოლება ბევრი მსოფლიოს ჩემპიონიო. ჩვენ არ ვიჯერებდით, მაგრამ, შედეგი სახეზეა.
– რამდენი მსოფლიოს ჩემპიონი გვყავს ქართველებს მკლავჭიდში?
– 18 მსოფლიოს ჩემპიონი გვყავს და ეს ცოტაა? არადა, მკლავჭიდის ფედერაციას თავისი სავარჯიშო დარბაზიც კი არ აქვს. არ მიყვარს წუწუნი, მაგრამ, ხომ ფაქტია? ჩემი აზრით, მსოფლიოს ჩემპიონი უნდა დადიოდეს მაგარი მანქანით, უნდა იყოს უზრუნველყოფილი ბინით, უნდა იყოს გამორჩეული, კარგად ჩაცმულ-დახურული, საზოგადოებაშიც გამოჩენილი, რეკლამირებული გაზეთებსა თუ ტელევიზიაში და, ამას რომ შეხედავს ახალგაზრდა თაობა, მოწევას და „გაჩხერვას“ აღარ დაიწყებს, სპორტით დაკავდება, წარმატებასაც მიაღწევს და ცხოვრებაში თავის გზასაც მონახავს. საოცარი, იცი, რა არის? შარშან გენადი კვიკვინია რომ გახდა ვენეციაში მსოფლიოს ჩემპიონი 54 ქვეყნის წარმომადგენელში მძიმე წონათა შორის, რომ ჩამოვედით, აეროპორტში არავინ დახვდა. არადა, ის ადამიანი ჩამოვიდა, რომელსაც ყველაზე ძლიერი ხელი აქვს დედამიწის ზურგზე და ეს დაამტკიცა კიდეც. მოკლედ, მოგვაქვს პრიზები, თავი გვაქვს აწეული და კაციშვილი არ გვხვდება აეროპორტში. გავიხედეთ, ოთხი დღის შემდეგ, ნორვეგიაში ჩატარდა გეი-პარადი. იქაც მეგრელი გახდა გამარჯვებული და პირველი გეი და ერთი კვირა აცხადებდნენ ტელევიზიით ამ ამბავს. ვშაყირობდი: ბიჭებო, მგონი, დროა, კუნთების თამაშს თავი დავანებოთ და ერთი ადგილის თამაში დავიწყოთ-მეთქი. (იცინის).