სად მოინათლა რიჩი ქრისტიანულად და ვინ არის მისი ქართველი შეყვარებული
შავკანიანი, ნიგერიელი ფეხბურთელი რიჩარდ უებადი ქართველმა მაყურებელმა ნინა წკრიალაშვილთან დუეტის დროს იხილა, როცა ერთად მღეროდნენ ერთ დროს გაჰიტებულ სიმღერა „ბოის, ბოის“. მაგრამ, რიჩარდი ამას არ დასჯერდა და ფართო მაყურებლის მოხიბვლას თავისი ვოკალური მონაცემების წყალობით კიდევ ერთხელ შეეცადა, როცა ვანო ჯავახიშვილის გადაცემაში ამღერდა. როგორც გავარკვიეთ, მისი შესაძლებლობების ზღვარი აქ არ მთავრდება, რასაც თავად რიჩარდ უებადისგან შევიტყობთ.
რიჩარდ უებადი: საქართველოში უკვე მესამე წელია, რაც ნიგერიიდან ჩამოვედი, კერძოდ, ქალაქ ლაგოსიდან. ადრე ჩემს სამშობლოში ვთამაშობდი. საფეხბურთო გუნდი იყო ასეთი „ტივიესი“. მოვწონდი იქაც ჩემს მწვრთნელებს, მაგრამ ის გუნდი მოგვიანებით დაიშალა და ვეღარ ვთამაშობდი. მერე აქ ჩამოვედი. მეგობარმა მითხრა, მოდი, სინჯე ბედი, თუ მოეწონები მწვრთნელს, დაგტოვებს ქართულ გუნდშიო და ასე აღმოვჩნდი თბილისის „ამერში“. მერე მინი-ფეხბურთსაც ვთამაშობდი, მოკლედ, რაც მომეხალისებოდა, იმას ვაკეთებდი.
– ფეხბურთის თამაშით გააკვირვე ქართველები, ის თუ მაინც გახსოვს, რამდენი ბურთი გაქვს გატანილი?
– მაგალითად, გუშინ ვიყავი კახეთში და ფინალში ვითამაშეთ. კი წავაგეთ, მაგრამ სამი გოლის გატანა მაინც შევძელი. მე ფეხის ტრავმა მივიღე, თორემ უფრო ვიყოჩაღებდი. ამაში ეჭვიც არ შეგეპაროთ.
– მართლა არ მეპარება შენში ეჭვი, რიჩი, რადგან ბევრი რამ გეხერხება. მაგალითად, როცა საჯაროდ გაბედავს ნიგერიელი კაცი ქართულად იმღეროს, ეს სახუმარო საქმე სულაც არაა...
– (იცინის) ჰო, რა ვიცი... საერთოდ, ჩვენ, შავკანიანებს, გვაქვს სიმღერისა და ცეკვის ნიჭი. გახსოვთ, ალბათ, ახალი წლის ღამეს კონცერტზე რომ გამოვედი ნინა წკრიალაშვილთან ერთად და ვიმღერეთ „ბოის, ბოის“, მართლა კარგი იყო.
– კი, რა თქმა უნდა, ნინასთან დუეტი კარგი გამოვიდა. მერე ეს არ იკმარე და ჩვენს პრეზიდენტს უმღერე – მიშა მაგარიაო, მართლა ასე ფიქრობ?
– კი, რა დასამალია, რომ „დარია თუ ავდარია, მიშა მაგარია“. მაგრად „მევასება“, კარგი ტიპია. რაც მთავარია, აფერისტი არაა. ძაან უბრალო ადამიანი ჩანს. იმასაც კარგი იუმორი აქვს, ჩემსავით. მიშა ნიგერიის პრეზიდენტს ნაღდად ჯობია. მის გამო აღარაა კორუფცია აქ და ხალხი ფულს აღარ გძალავს. ჩემს სამშობლოში კი ბევრი ბენზინია, ნავთობია... იქ დიდი თანამდებობის ხალხი მდიდრდება, დანარჩენი ღარიბია. აქ კი ეგეთი უსამართლობა არაა. აქაც ზოგი არ მუშაობს, მაგრამ მერე რა მოხდა, ყველგან არიან უმუშევრები. ამას გარდა, ქართველები ისედაც კეთილი და მეგობრული ხალხია, სტუმართმოყვარე და აქ კარგად ვგრძნობ თავს. ამიტომაც, ხშირად ცეკვის ხასიათზე ვარ და ჰიპ-ჰოპს ვცეკვავ. სიმღერის გარდა, ცეკვაც მეხერხება. ნიგერიაში დავდიოდი ჟურნალისტიკის სკოლაში. მომწონს თქვენი პროფესიაც. თუ ფეხბურთის თამაშს ვეღარ შევძლებ, მერე, იქნება, ჟურნალისტობაც კი დავიწყო.
– მართლა გამაოცე, რა მრავალმხრივი გატაცებები გქონია...
– კიდევ მიყვარს ენების სწავლა, მე რომ ქართულად ლაპარაკი დავიწყე, პირველი სიტყვა იყო გამარჯობა. ქუჩაში უცხოებიც კი მაჩერებდნენ, მელაპარაკებოდნენ და სულ გამარჯობას ვიძახდი. თითქოს, ყველა მეხმარებოდა, რომ ქართული ენა მესწავლა.
– როგორც ჩანს, მიეჩვიე საქართველოს. მაინც, სად უფრო კარგი ცხოვრების პირობებია – აქ თუ ნიგერიაში?
– ნიგერია დიდი ქვეყანაა, იქ ფულიანი ხალხია, მაგრამ ღარიბებიც ბევრია. აქ არა უშავს ხალხს, ისე არ უჭირთ, როგორც ტელევიზორში იძახდნენ. ყველაფერი კარგად იქნება. (იცინის) ნიგერიაში სხვანაირი ცხოვრების სტილია. 16 წლიდან დამოუკიდებელი მოქალაქე ხარ და სადაც გინდა, იქ წახვალ და რასაც გინდა იმას გააკეთებ.
– როგორც ვიცი, შენს ძმაკაცს, ბრაიანს, ქართველი ცოლი ჰყავს, შენც ხომ არ აპირებ მიჰბაძო?
– (იცინის) რატომაც არა? მე მომწონს ქართველი გოგონები. კარგები არიან. შავკანიანი იქნება თუ თეთრი, რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია, კარგი ადამიანი იყოს. ერთი გოგო მიყვარს, კახელია. ოღონდ, სახელსა და გვარს ვერ გეტყვით. იმისმა მშობლებმა კი იციან ჩვენი ურთიერთობის შესახებ. დამოუკიდებლები ვართ ორივე და როგორც საჭიროდ ჩავთვლით, ისე გადავწყვეტთ ჩვენს მომავალს. ჩემი შეყვარებული ქუჩაში გამეცნო, ინგლისურად მომესალმა. გავიცანით ერთმანეთი და მოგვეწონა კიდეც. თუ ასე გაგრძელდა, მეც რომ გავხდე ქართველების სიძე, ცუდი არ იქნება.
– საინტერესოა, როგორ აუხსენი შენს გულისსწორს სიყვარული?
– ორივეს კარგი იუმორი გვაქვს და მარტო მიყვარხარო, ასე ხომ არ ვეტყოდი? ვუმღერე სერენადები და მოეწონა. აბა, რაჭველ ბიჭს რამე შემეშლებოდა?
– რიჩი, მართლა რა კარგი იუმორი გაქვს. შენ და რაჭველი?
– ჰო. თქვენ გგონიათ, გეხუმრებით, მაგრამ მართლა ასეა. მე რაჭიდან, ამბროლაურიდან ვარ, რადგან იქაურმა ხალხმა მომნათლა – ბესო და დათო კაციტაძეებმა ნიკორწმინდის ეკლესიაში. ჩემი ნათლიები ხომ არიან რაჭველები და მეც გამოვდივარ რაჭველი. იქაურობა ძაან მომეწონა, წამოსვლა აღარ მინდოდა.
– ქართველი ნათლიების გარდა, ალბათ, ბევრი მეგობარიც გეყოლება აქაური...
– კი, მე და ბრაიანს კარგი საძმაკაცო გვყავს. ესენი არიან: ანრი ჯოხაძე, გიორგი ასანიძე, ვანო ჯავახიშვილი... გიგი უგულავას ფანი ვარ, მიყვარს, ჯიგარი კაცია. კიდევ კარგ სუფრაზე რომ ხარ ძმაკაცებთან ერთად და ქეიფობ, მაგას რა ჯობია!
– ქართული სუფრა თუ გიყვარს, თამადობა და კარგი საჭმელების დაგემოვნებაც გეყვარება. ასეა?
– არა. ღვინის სმას ვერიდები, თრობა არ მინდა. საჭმელებიდან ყველაზე მეტად კარგი რაჭული ლობიანი მიყვარს, აგრეთვე, მწვადი, ხინკალი და აჩმა.
– კარგი გემოვნება გქონია საჭმელებში. ისიც გვითხარი, რა განსხვავებაა ქართველ ხალხსა და ნიგერიელებს შორის?
– განსხვავება ცოტაა. ყველგანაა კარგი და ცუდი ხალხი, ხომ იცით. აქ მომწონს ყოფნა, ვიყავი ზუგდიდში, აბაშაში, ზესტაფონში, ქობულეთში, რაჭაში, სვანეთში. მოკლედ რომ ვთქვა, მიყვარხართ ყველა და მთელი საქართველო!
– რიჩი, რამდენ ხანს აპირებ აქ დარჩენას და რა გეგმები გაქვს?
– მე ჯერ აქ ვარ და მშვენივრად ვგრძნობ თავს. არ ვაპირებ წასვლას. ჩემი ოჯახის წევრებს ველაპარაკები ზოგჯერ. მეუბნებიან, არ ჩამოდიხარო? მეც ვეუბნები, აქ საქართველოში მომწონს ყოფნა და ჯერ არ მელოდოთ-მეთქი. ახლა თუ მიშა სააკაშვილი მომცემს აქაურ მოქალაქეობას, დავრჩები ჩემს მეორე სამშობლო – საქართველოში.