რატომ გახდა მესამეკლასელი ბავშვი ბებერი კაცი და როგორ გამოიმუშავა მან თვითგადარჩენის ინსტინქტი
ჯიმი პაპკიაური 25 წლისაა და ბავშვობიდან მღერის, თუმცა სახალხოდ სიმღერა ბოლო დროს დაიწყო. ჯიმის ისტორია ბანალური არ არის, ის საკმაოდ მრავალფეროვანი და ცოტა სევდანარევია. მესამე კლასიდან, უმცროს ძმასთან ერთად, სხვადასხვა მიზეზების გამო, კოჯრის ბავშვთა სახლში იზრდებოდა, სადაც 9 კლასის დასრულებამდე ჰქონდა დარჩენის უფლება. ამის შემდეგ ის ბედის ანაბარა აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, მას ერთი წუთით არ დაუკარგავს საკუთარი თავის რწმენა და ბედს არ შეგუებია. გარკვეული დრო თავს საკუთარი ჰონორარით ირჩენდა, რომელსაც მწერალთა კავშირი გამოქვეყნებულ ლექსებში უხდიდა. საარსებო წყარო საკუთარი ნიჭის წყალობით ჰქონდა და ამით მოხუც ბებიას და ძმასაც ეხმარებოდა.
ვისი გადაწყვეტილებით და რატომ მოხვდა ის ბავშვთა სახლში და როგორ განვითარდა მისი ცხოვრება, ამას უკვე თავად გიამბობთ ინტერვიუში.
– რა ჟანრის სიმღერებს მღერი?
– ბავშვობიდან ვმღერი. მაშინ მართლა ვმღეროდი, მერე კი ნერვიულობა, სიგარეტი... ხმის ხარისხი თავისთავად შეიცვალა. მელოდიას და ტექსტს თავად ვწერ, ვმღერი პოპს და ქალაქურ სიმღერებს. ვმუშაობდი რადიო „საქართველოს ხმაში,“ სადაც დილის ეთერში ვიჯექი და ჩემი რუბრიკა მქონდა. ჩემი სიმღერა სწორედ „საქართველოს ხმაზე“ ჟღერს, ისიც იმიტომ რომ მიცნობენ და ალბათ, ხათრი აქვთ ჩემი.
– უფრო რეიტინგულ რადიოში არ გიცდია?
– არა, რადგან ამისთვის ყველგან ფინანსებია საჭირო.
– ამაში ნამდვილად ვერ დაგეთანხმები, თუ სიმღერა რადიოს ფორმატს მოერგო, მის გაჟღერებაში, მერწმუნე, ფულს არავინ მოგთხოვს. რამდენი სიმღერა გაქვს ჩაწერილი?
– ოფიციალურად, 6 თვეა, რაც ვმღერი და უკვე მეექვსე სიმღერაზე ვმუშაობ. პროფესიონალი მომღერალი მართლა არ ვარ, მუსიკალურ სკოლაში არასდროს მივლია.
– როგორი პიროვნება ხარ? დაგვიხასიათე საკუთარი თავი უკეთ რომ გაგიცნოთ.
– საკუთარი თავის დახასიათება არ მჩვევია, მაგრამ რამდენიმე სიტყვით გეტყვით. გულჩათხრობილი ადამიანი ვარ. მეგობრობაში ძალიან ერთგული ვარ, პარტნიორთანაც, მაგრამ თუ დაიმსახურა მაშინ. გარდა ამისა, ნიჭიერიც ვარ და რაღაც-რაღაცეები მეხერხება. ადამიანთან საკმაოდ კარგად გამომდის ფსიქოლოგიური მიდგომა. მაქვს გაორებული ხასიათი, რადგან ზოდიაქოთი „ტყუპები“ ვარ. მგონი, საზიზღარი ხასიათი მაქვს და ალბათ, რთული ასატანიც ვარ.
– შენთან ურთიერთობა მძიმეა?
– ურთიერთობა არა, მაგრამ ჩემს გვერდით ცხოვრება, ალბათ, მძიმე იქნება. რასაც გავცემ, ორ იმდენს ვითხოვ. ამას კი არავინ მომცემს.
– როგორც აღნიშნე, გულჩათხრობილი ხარ. ასეთ დროს ადამიანები სულიერად მძიმდებიან, რადგან სათქმელს ვერ გამოხატავენ და ყველაფერს გულში იტოვებენ. შენც ასე ხარ?
– ჩემი სათქმელის გამოხატვაში სიმღერა მეხმარება, სადაც ყალბი არაფერია. რასაც განვიცდიდი და განვიცდი, ყველაფერი იქ არის – გულიდანაა ამოღებული. წყნარ და სევდიან სიმღერებს ვმღერი.
– რომანტიკოსი ხარ?
– უზომოდ რომანტიკოსი. უფრო მეტიც, რომანტიზმის მამა ვარ. ბევრი სასწაული გამიკეთებია, რის გამოც ქალი გაოცებული წასულა.
– სიურპრიზების გაკეთება გიყვარს, ალბათ.
– ფინანსებში ისე არ ვარ, რომ ძვირად ღირებული სიურპრიზების გაკეთება შევძლო. მაგრამ, რაც შემძლებია გამიკეთებია, რასაც დღეს ვნანობ.
– ცხოვრებაში ხშირად ყოფილხარ იმედგაცრუებული?
– სამწუხაროდ, ცხოვრებაში ძალიან ხშირად ვყოფილვარ იმედგაცრუებული, ეს პირადულს არ ეხება. უკითხავთ, რომელიმე კურიოზი გაიხსენეო, ვერ ვიხსენებ, რადგან არ მქონია. ისეთი შეგრძნება მაქვს, ბავშვობიდან ბებერი კაცი ვიყავი. ისეთი ბავშვობა მქონდა, ღიმილი ბევრი არ მქონია. შესაბამისად, იმედგაცრუებაც ბევრი იყო. საერთოდ, როცა ბავშვს რაღაცის ნიჭი აქვს, ცდილობენ, ის განუვითარონ, ჩემს შემთხვევაში კი – პირიქით ხდებოდა. როცა გვერდით არ გყავს ადამიანი, რომელიც დაგარიგებს და ბიძგს მოგცემს, ცხოვრების ეტაპების გადალახვა ძნელია.
– დეპრესიული ხარ?
– დეპრესიაში ძალიან ხშირად ვვარდები, მაგრამ მერე თავი ხელში ამყავს და ყველაფერი გვარდება. ძალიან მიზანდასახული ვარ და მის მისაღწევად არაფერზე უკან არ დავიხევ. ამით უფრო თვითდაჯერებული ვხდები. მიზანი ძალას მაძლევს. ყოფილა შემთხვევა, უთქვამთ, რა სიმღერა, რის სიმღერაო. ასეთ ადამიანებს რომ დავუჯერო, ცხოვრებაში არაფერი არ უნდა გავაკეთო.
– როგორც ვიცი, ბავშვობა კოჯრის ბავშვთა სახლში გაქვს გატარებული.
– ბავშვთა სახლში მე-3 კლასიდან მივედი და 9 კლასი დავამთავრე.
– როგორი იყო შენთვის იქ გატარებული წლები?
– არაჩვეულებრივი დირექტორი გვყავდა, ოთარ ჩხიკვაძე. მასწავლებლები ზოგი კარგი იყო, ზოგი – არა. საერთო ჯამში, მაინც უცხო და მარტოსული ხარ, რომელსაც ხათრის გამო შეიძლება, ვინმემ თავზე ხელი გადაგისვას და მოგეფეროს. თუმცა, სინამდვილეში მისთვის არაფერი არ ხარ. ამ ყველაფერს გრძნობ. ბავშვთა სახლში თავი როგორც საკუთარ სახლში არასდროს მიგრძნია. პირიქით, ჩემს სახლში ყოველთვის მინდოდა, მაგრამ ამის საშუალება არ იყო. ბავშვობიდან დამოუკიდებელი ვარ. როცა ადამიანი ბავშვთა სახლში იზრდები და ბევრი რამ გაკლია, ხვდები, რომ თავად მოგიწევს მთელი ცხოვრება საკუთარ თავზე ზრუნვა, დამოუკიდებული უნდა იყო და მიზნებს საკუთარი ძალებით მიაღწიო, ასეთ დროს თვითგადარჩენის ინსტინქტი გიმუშავდება. ძალიან ძლიერი ინტუიცია მაქვს, მხოლოდ ათასში ერთხელ შეიძლება, შევცდე. შემიძლია გვერდით ოთახში მჯდომ ადამიანზე ვთქვა, რა აზრის არის ის ჩემზე. ბევრი ბავშვთა სახლიდან წამოსვლის შემდეგ ციხეში მოხვედრილა. რაც შინაგანად გაქვს, ვერ გაექცევი – გინდ ოჯახში გაიზარდე, გინდ – ქუჩაში. მღვდელი ჭილობში იცნობა.
– ბავშვთა სახლში რატომ აღმოჩნდი?
– მამაჩემი დედაჩემს რომ გაშორდა, 3 წლის ვიყავი. მე და ჩემს ძმას დედა და ბებია გვზრდიდნენ. ჯანმრთელობის მხრივ ორივეს პრობლემები ჰქონდა. ისე მოხდა, რომ იძულებულები გახდნენ ბავშვთა სახლში წავეყვანეთ. მერე დედამ ზეწოლის შედეგად ბინა გაყიდა. 9 კლასის დამთავრების შემდეგ, ბავშვთა სახლიდან რომ წამოვედი, ქუჩაში აღმოვჩნდი და გარკვეული პერიოდი არ ვიცოდი, დედაჩემი სად იყო. ბებიასთან მქონდა ურთიერთობა, რომელიც სანთლებს ჰყიდდა. ის ერთ პატარა ოთახს ქირაობდა, სადაც ერთი ლოგინი იდგა და დღეში 5 ლარს იხდიდა. ხან მასთან ვიყავი, ხან სამების ეკლესიაში. ამ ყველაფრის მიუხედავად, ჭუჭყიანი არასდროს ვყოფილვარ. ბავშვთა სახლშიც კი საერთო სამრეცხაოში ტანსაცმელი არასდროს მიმქონდა და თავად ვრეცხავდი.
– თავს როგორ ირჩენდი?
– ლექსებს ვწერდი, მერე სხვადასხვა ჟურნალებში ვაქვეყნებდი და მწერალთა კავშირი ჰონორარს მიხდიდა. ამ ფულით ვცდილობდი ბებიაჩემს დავხმარებოდი. მერე რამდენიმე წელიწადი მერიაში ერთი და იგივე შინაარსის წერილებით დავდიოდი. მინდოდა, ბინა მოეცათ ჩვენთვის. ბოლოს აკაკი გოგიჩაიშვილის დახმარებით, საერთო საცხოვრებელში 40 კვადრატული ფართის ოთახი მივიღე. მერე ისე მოხდა, დედაჩემი გამოჩდა, რომელიც ძალიან ცუდად იყო და ეს ბინა მას დავუთმე.
– შენ?
– ბინა ვიქირავე.
– დედასთან გაქვს ურთიერთობა?
– კი, მაგრამ ხშირი არა.
– შენი ძმა სად ცხოვრობს?
– დედაჩემთან.
– მამასთან თუ გაქვს ურთიერთობა?
– მამაჩემთან ურთიერთობა არ მაქვს. მან სხვა ოჯახი შექმნა. მასთან მივსულვარ, თუმცა, მერე ძალიან მინანია. არ ვიცი რატომ, მაგრამ მამა ყოველთვის დედაზე მეტად მიყვარდა. ვიფიქრე, მივალ მასთან, გაუხარდება-მეთქი, მაგრამ სულ სხვა სიტუაცია შეიქმნა. დილის 5 საათზე თავსხმა წვიმაში ქუჩაში გამომაგდო. მართალია, გული ძალიან მეტკინა, მაგრამ მასთან შერიგება მოგვიანებით, ისევ ვცადე. ისევ მე მივედი და ვეწუწუნე, მაგრამ კვლავ გარეთ აღმოვჩნდი. მამაჩემმა სიყვარულის მათხოვარი გამხადა. დღეს საერთოდ არ იცის, სად ვარ, რას ვაკეთებ, როგორ ვცხოვრობ. ეს პიროვნება საერთოდ არ დაინტერესებულა ჩემით.
– თბილისში ცხოვრობს?
– კი, ვარკეთილის მეორე მიკროში.
– ცხოვრებამ მოგცა გამოცდილება, რაც ბევრს არ აქვს. შენ როგორი მამა იქნები?
– მე კარგი მამა ვიქნები. ყოველ შემთხვევაში, შვილს არასდროს მივატოვებ. მე კიდევ კარგი შვილი ვარ, შემეძლო, მისთვის ისეთი რაღაც გამეკეთებინა, რაშიც არავინ გამამტყუნებდა.
– მუშაობ?
– პროფესიით შეფ-მზარეული ვარ. მსოფლიო კერძები შევისწავლე. რესტორანში ჯერ მიმტანად მივედი, მაგრამ არ გამომივიდა. ჩემში არ ზის, ალბათ. მენეჯერმა სამზარეულოში გამიშვა და სწორედ იქიდან დაიწყო ყველაფერი. ჩემი გამოგონილი კერძების ბროშურაც მაქვს გამოცემული. ამჟამად არ ვმუშაობ. სადაც ვმუშაობდი, ის რესტორანი დაიხურა. როგორც უფროსმა მითხრა, ზაფხულში, ალბათ, ბათუმში წავალ სამუშაოდო. 2-3 წელი ანტალიაში, 5-ვარსკვლავიან სასტუმროში მთავარ შეფ-მზარეულად ვმუშაობდი. ძალიან კმაყოფილი ვიყავი, მაგრამ საქართველო ისე მენატრებოდა, ვტიროდი. ახლაც მაქვს შემოთავაზება, მაგრამ ფინანსების პრობლემაა, თან სიმღერებს ვწერ. ჩემთვის სიმღერა ყველაზე დიდი ოცნება იყო და რომ ამიხდა, ბედნიერი ვარ. მთავარია, ხალხი როგორ მიიღებს ჩემს სიმღერას.