სად შეხვდა ნანა შონია მერლინ მონროს პირველ ქმარს და როგორ გადარიეს ის იტალიელმა და ესპანელმა მამაკაცებმა გალანტურობითა და ტემპერამენტით
მსახიობ ნანა შონიას სხვებზე მეტად გაუმართლა, კერძოდ, მან საკუთარი პროფესიის წყალობით, შეძლო ბევრი უცხო ქვეყნის ნახვა. თუმცა, სამწუხაროდ, მის ფოტოალბომში, ამ ფაქტების ამსახველი არც ერთი ფოტო არ მოიპოვება. ნანას სახლი დაიწვა და ფოტოები, რომლებიც ძალიან უყვარდა და უცხოეთში გატარებულ ბედნიერ წუთებს ახსენებდა, მთლიანად განადგურდა. ასე რომ, ნანას ახლა იმ დღეების მოგონება მხოლოდ წარმოსახვით უწევს. იმედი აქვს, რომ მომავალშიც ბევრ ქვეყანაში დაადგამს ფეხს.
ნანა შონია: რომ იტყვიან, მოგზაურობის „ფანი“ ვარ. მსიამოვნებს უცხო მხარეში საინტერესო რამეების ნახვა. სხვათა შორის, მოგზაურობა ერთგვარი თერაპიაა. თუ სულიერად კარგად ვერ გრძნობ ადამიანი თავს, მაშინ სასწრაფოდ უნდა აიღო ბილეთი და გაფრინდე სხვაგან. ამ ბოლო დროს, ხშირად ვამბობ, უცხოეთში მინდა დასვენება-მეთქი, მაგრამ, ჯერჯერობით ამას ვერ ვახერხებ. ამოჩემებული მაქვს, ჯერ ეგვიპტის ნახვა მინდა, მერე ინდოეთის და მერე ლათინური ამერიკის-მეთქი. მინდა, ისეთი მატერიალური მდგომარეობა მქონდეს, რომ წელიწადში ორჯერ თუ არა, ერთხელ მაინც შევძლო სამოგზაუროდ წასვლა.
– ვისთან ერთად გინდა უცხოეთში გამგზავრება?
– არავისთან. მარტოც სიამოვნებით წავალ და გემრიელად დავისვენებ, გამოვიცვლი გარემოს (იცინის). აღმოსავლური ესთეტიკა მომწონს. ამიტომ, ასეთ ქვეყანაში თავს კარგად ვიგრძნობ. ისე, ნამყოფი ვარ ინგლისში, იტალიაში, პრაღაში, შოტლანდიაში, ბულგარეთში, რუსეთში, ესპანეთში, გერმანიაში, პოლონეთში, იუგოსლავიაში, სერბეთში, თურქეთში. ყველა ქალაქი თავისი ხიბლით გამოირჩევა. უცხოეთში რომ მიწევს წასვლა, მორალურად ვემზადები. წინასწარ ვალაგებ ბარგს და თან, რომ მახსენდება უნდა ვიმგზავრო, ისიც თვითმფრინავით, რომლის შიშიც მაქვს, ცოტა მეზარება წასვლა. მაგრამ, იქ რომ ჩავალ, აი, მერე ვხვდები, რომ სულ ტყუილად მეზარებოდა. მაგალითად, ამერიკაში ვერაფრით წავალ. წარმოიდგინეთ, ამდენ ხანს მე თვითმფრინავში გამაჩერებთ? (იცინის). სულ იმას ვფიქრობ, ცაში რამე არ მოხდეს და ჩემი შვილი დედის გარეშე არ დარჩეს. დედობრივი ინსტინქტები, რაც მაღლა ავდივარ, მით უფრო მძაფრდება. ჩემს თავს ვუფრთხილდები. თან, რაც მეორე შვილი გამიჩნდა, ეს ინსტინქტიც გამიორმაგდა. ჩემი სისუსტეა გემი. ვგიჟდები გემით მოგზაურობაზე.
– უცხოეთში ჩასული იქაურ სამზარეულოს არ აგემოვნებ?
– მართალია, სულ ვდიეტობ, მაგრამ უცხო ქვეყანაში ჩასული ყოველთვის ვცდილობ, იმ ქვეყნის დამახასიათებელი კერძები დავაგემოვნო. უცხოეთში, ქართული სამზარეულო, სულ მავიწყდება და ეგზოტიკური საკვებით ვარ გატაცებული. ინგლისში ორი თვე მომიწია ყოფნა და იქ გავსინჯე ინდური, მექსიკური, ტაილანდური, ჩინური და იაპონური კერძები. ყველაზე მეტად მექსიკური საჭმელ-სასმლით მოვიხიბლე. ისეთი ცხარე და ტემპერამენტიანი საჭმელები აქვთ, როგორებიც თავად არიან. ესპანეთში ლოკოკინის სუპი მივირთვი და დიდად ვერ მოვიხიბლე. იტალიაში ყოფნის დროს კი ჩემმა მეუღლემ დამპატიჟა რესტორანში. მე როგორც დიეტაზე მყოფმა ადამიანმა, მოვითხოვე ზღვის სალათა. მომიტანეს დიდი ლანგრით, ულამაზესად გაფორმებული სალათა. ძალიან მშიოდა. დავიწყე ჭამა. ამოვავლებდი საწებელში ზღვის ცხოველ-მცურავებს და სიამოვნებით მივირთმევდი. თან, ვიცოდი დიეტური იყო და მსუბუქად შესარგი. შევედი ეშხში და რომ დავნაყრდი და თვალებში გამოვიხედე, კარგად დავაკვირდი საჭმელს. ვხედავ თეფშზე არ მოძრაობს ჩემი საკვები? კინაღამ გული წამივიდა. იმდენად შევიშალე, არც კი მიკითხავს რა ვჭამე.
– ნანა, რომელი ქვეყნის მამაკაცებით მოიხიბლე ყველაზე მეტად?
– ყველაზე მეტად ინგლისელმა მამაკაცებმა მომხიბლეს, თავისი გალანტურობით და ტემპერამენტით. იქ გრძნობ ქალი, რომ შენზე ლამაზი, შენზე საყვარელი, ნიჭიერი და ძვირფასი, მსოფლიოში არავინაა. არასდროს მიგრძნია უყურადღებობა მამაკაცების მხრიდან, მაგრამ, ესპანეთში, ისე გეტყვიან კომპლიმენტს, ისე გამოგხედავენ და იმდენ სითბოს გამოაფრქვევენ შენ მიმართ, რომ ძნელია მათ მიმართ გულგრილი დარჩეს ნებისმიერი ქალი. იციან ქალის ფასი და თუ თვალში მოუხვედი, არ მოგეშვებიან. არ დამავიწყდება, ერთი ესპანელი არქიტექტორი ისე გადამეკიდა, რომ ძლივს მოვიშორე. ყველა სპექტაკლზე მოდიოდა. აგზავნიდა ყვავილებს. ყოველდღე მეგობრებს მოვკიდებდი ხელს და მის ხარჯზე მოვიარეთ მთელი ესპანეთი. უამრავი რამ გვაჩვენა, გვეპატიჟებოდა, არაფერს გვაკლებდა. და, ამის გამო არაფერს ითხოვდა ჩემგან. ისე, უარს არაფერზე იტყოდა, მაგრამ... (იცინის). იტალია კი ცოცხალი მუზეუმია. იქ ყოველ ქვას, სახლს, კარს და ძელსაც კი თავისი ისტორია აქვს. შოკში ჩამაგდო და თავბრუ დამახვია ვენეციის, ბოლონიისა და ფლორენციის ხილვამ. მივხვდი, რატომაც განსხვავდებიან იტალიელები ყველა ქვეყნის მცხოვრებლებისგან ესთეტიკური ხედვით.
– ისე, ამბობენ ქართველები იტალიელებს ვგავართო. ეს მსგავსება ვერ აღმოაჩინე?
– როგორ არა. ძალიან ვგავართ იტალიელებს. ქუჩაში რომ დავდიოდით იტალიელები ვეგონეთ, ამაში დარწმუნებულებიც იყვნენ და ეჭვიც არ ეპარებოდათ. ერთხელ, ღია კაფეში დავსხედით. გავიხედეთ, გვერდით მაგიდასთან ქართველები სხედან. დავიწყეთ ხმამაღლა საუბარი, მათი ყურადღება რომ მიგვექცია. უცებ, არ დაიწყეს იტალიურად საუბარი? სხვათა შორის, ერთხელ ესპანეთში, მომინდა ნაყინი. ცხელოდა, ქუჩაში დავჯექი და დავიწყე ნაყინის ჭამა. მომიახლოვდა ახალგაზრდა ესპანელი მამაკაცი და დამიწყო ესპანურად საუბარი. ვუთხარი, არ ვარ ესპანელი-მეთქი. გამიცინა, ნუ მეხუმრები, ასეთი ტყუილები არ მიყვარსო. ძლივს დავარწმუნე, არ ვარ ბატონო ესპანელი, ჯორჯიიდან ვარ-მეთქი. გაუკვირდა, უი, ამერიკელი ხარო? დამეზარა ახსნა-განმარტება და დავეთანხმე. კიდევ კარგი არ იცოდა კარგად ინგლისური და თავი დამანება (იცინის). იტალიელებიც და ესპანელებიც ძალიან ყურადღებიანები არიან. მე არ მიყვარს გაპრანჭული კაცები, მაგრამ მომწონს, როცა „სტილნად“ აცვიათ. იტალიაში ზაფხულში მომიწია ყოფნა. თითქმის ყველა მამაკაცს ტილოს ქსოვილისგან შეკერილი ტანსაცმელი ეცვა და მათ ხასიათში ისე კარგად ჯდებოდა ეს გრილი, ოდნავ დაკუჭული, თავისუფალი სტილი, ვერ გეტყვით. ძალიან მიყვარს უცხოეთში ფოტოების გადაღება. უამრავი ფოტოც მქონდა, მაგრამ, ჩემი სახლი დაიწვა და სამწუხაროდ, ყველა ფოტო განადგურდა. სხვათა შორის, ინგლისში, თეატრში შევხვდი მერლინ მონროს პირველ ქმარს, არტულ მილერს. მინდოდა, ავტოგრაფი გამომერთმია, მაგრამ, სანამ მე მივედი, თავად გამომეცნაურა. მკითხა, საიდან ხართო. ვუთხარი, საქართველოდან-მეთქი. ძალიან კარგად იცნობდა ქართულ კულტურას და საქართველოშიც იყო თურმე ნამყოფი. ძალიან თბილი ადამიანი აღმოჩნდა. მიამბო როგორ მოეწონა ჩვენი ქვეყანა, როგორ აღფრთოვანდა ჩვენი კულტურით. მასთანაც გადავიღე ფოტოები, მაგრამ ისიც განადგურდა ხანძრის დროს.
– მართალია, თითქოს გლაზგოს აეროპორტში კინაღამ დაგიჭირეს?
– დაჭერის რა მოგახსენოთ, მაგრამ ისეთები ჩავიდინე, მთელი აეროპორტი ფეხზე დადგა. ძალიან მიყვარს აქსესუარები. გლაზგოს აეროპორტის მაღაზიაში შევედი. ძელზე იყო დამაგრებული ბევრი საყურე. დავიწყე დათვალიერება და თან ვატრიალებდი ამ ძელს. ეტყობა იმდენი ვატრიალე, რომ ძელი ამოვარდა სამაგრიდან, დავარდა მარმარილოს იატაკზე და მთელი ეს ულამაზესი ბიჟუტერია, ზოგი დაიმსხვრა, ზოგი სად გაგორდა და ზოგი სად, კაცმა არ იცის. ისე ვინერვიულე, გული წამივიდა. მთელი აეროპორტი ფეხზე დადგა. ვიფიქრე, ახლა ჯარიმა არ ამცდება-მეთქი. მაგრამ, პირიქით, ოღონდ არ მენერვიულა და რაღა არ გააკეთეს, მომიარეს, რესტორნიდან მოაქანეს საჭმელ-სასმელი, ყავა, უცნაური კერძები, გადაიღეს სურათები ჩემთან. ბოლოს, აიღეს მუჭებით იატაკზე მიმოფანტული ბიჟუტერია, ჩაყარეს დიდ პარკში და საჩუქრად მომცეს. პირი ღია დამრჩა. მივხვდი, იქ ადამიანის უფლებები როგორი დაცულია. გადმოაგდო კი არა, ხანდახან ჩვენთან მაღაზიაში რომ შეხვალ, ათვალიერებ რამეს და არ ყიდულობ, ცალი თვალით გიყურებენ.