როგორ მონაწილეობს 20 წლის დავით ალადაშვილი ამერიკის ერთ-ერთ პრესტიჟულ მუსიკალურ ფესტივალში, სადაც მსოფლიოდან მხოლოდ 12 პიანისტს არჩევენ
15 ივნისს საქართველოს ეროვნულ მუსიკალური ცენტრის დარბაზში მსმენელი მშვენიერი საღამოს მომსწრე გახდა, ნიკა მემანიშვილის ორკესტრთან ერთად და ცალკე ფორტეპიანოზე შოპენის საოცარ მელოდიებს 20 წლის ნიჭიერი პიანისტი, დავით ალადაშვილი ასრულებდა. ის უკვე მესამე წელია, ნიუ-იორკში ცხოვრობს და სწავლობს ჯულიარდის მუსიკალურ სკოლაში, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. ახალგაზრდა ქართველ პიანისტს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, მას წინ ბევრი და საინტერესო გეგმა აქვს.
დავით ალადაშვილი: საკუთარი თავით არასდროს ვარ კმაყოფილი. სულ მინდა, უფრო სრულყოფილად დავუკრა. შევცვალო ის პატარა ადგილი, რომელიც შეიძლება, მსმენელისთვის უმნიშვნელოა, მაგრამ ჩემთვის თითოეულ ნოტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ხშირად უთქვამთ, ტელეფონი რეკავდა – ვერ გაიგე? მე კი, როცა ვუკრავ, ასეთ რაღაცეებზე საერთოდ არ მაქვს რეაქცია. გამორთული ვარ ყველაფრისგან და შეიძლება ითქვას, ჩემთვის დრო ჩერდება. რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ ამ მომენტში მსმენელისთვისაც გაჩერდება დრო.
– ვის ეკუთვნოდა ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში კონცერტის ჩატარების იდეა?
– შარშან მქონდა კონცერტი ამავე დარბაზში. მაშინ დაიგეგმა კონცერტი სიმფონიურ ორკესტრთან ნიკა მემანიშვილის დირიჟორობით. ნიკასთან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს. პრინციპში, ნიკას „ბრალია“, რომ მე მუსიკას გავყევი. სასიამოვნო იყო მასთან მუშაობა, ძალიან კარგი მუსიკოსია, კარგად უჭირავს ორკესტრი. ჩვენც რეპეტიციაზე ერთმანეთისთვის არაფერი გვითქვამს – უსიტყვოდ, მუსიკალურად გვესმოდა ერთმანეთის. ჩანაწერს რომ მოვუსმენ, მერე უკეთ მივხვდები, კარგი იყო თუ არა. ამ დროს ყოველთვის ძალიან კრიტიკული ვარ საკუთარი თავის მიმართ. ერთხელ ძალიან სასაცილო შემთხვევა მქონდა. ჩემი ბერძენი მეგობარი, პიანისტი, რომელიც ჩემთან ერთად ცხოვრობს საერთო საცხოვრებელში, რაღაც ჩანაწერს უსმენდა, ვუთხარი, რა კარგი შესრულებაა-მეთქი და თურმე, ჩემს ჩანაწერს უსმენდა.
– როდის დაინტერესდი მუსიკით, როდის დაიწყე ფორტეპიანოზე დაკვრა?
– 11 წლის ასაკში დავიწყე დაკვრა და 14-15 წლის ასაკამდე, ბოლომდე არ ვიყავი დარწმუნებული, ეს საქმე ნამდვილად მინდოდა თუ არა. დღემდე კარგად მესმის, რომ ეს ერთ-ერთი ურთულესი პროფესიაა, მაგრამ ნამდვილად ვიცი, ამის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. ფრანგულ კოლეჯში ვსწავლობდი, პარალელურად, თეატრალურ სკოლა-სტუდია „ბერიკებში“ დავდიოდი, სადაც ვცეკვავდი, ვმღეროდი, ვმონაწილეობდი სპექტაკლებში – ასე თუ ისე შეხება მქონდა მუსიკასთან. დედამ მასწავლა ნოტების კითხვა და შევედი მეშვიდე სამუსიკო სკოლაში, ჩემი პედაგოგი იყო ლეილა მუმლაძე. შემდეგ ნიჭიერთა ათწლედში განვაგრძე სწავლა, დოდო ცინცაძის კლასში. 2007 წელს წარმატებით ჩავაბარე თბილისის კონსერვატორიაში და პარალელურად, ნიუ-იორკის ჯულიარდის სკოლის პრე-კოლეჯში. ჯულიარდის უცხოეთთან ურთიერთობის დირექტორი არის ნონა შენგელაია და მისი იდეა იყო, ერთ ქართველს მაინც ესწავლა ამ სკოლაში. პაატა ბურჭულაძის ფონდ „იავნანას“ ხელშეწყობით, გაიგზავნა ჩემი ჩანაწერი, ჩავედი ნიუ-იორკში. ერთი წელი ვცხოვრობდი ნონა და გია შენგელაიების ოჯახში. ვსწავლობდი პრე-კოლეჯში და იმავე წელს, მარტში ჩავაბარე მისაღები გამოცდები ამერიკის შეერთებული შტატების სამ წამყვან კონსერვატორიაში: კლივლენდში, ბოსტონსა და ნიუ-იორკში. არჩევანი შევაჩერე ნიუ-იორკის ჯულიარდის კონსერვატორიაზე და ამჟამად ვარ ბაკალავრის მესამე კურსის სტუდენტი.
პირველ წელს ჩემი პედაგოგი იყო პროფესორი ვიქტორია მუშკატაკოლი, რომელსაც ლენინგრადის კონსერვატორია აქვს დამთავრებული და დიდი ხანია, ამერიკაში მოღვაწეობს. უკვე ორი წელია, ბაკალავრიატში მასწავლის პროფესორი ჯერომ ლოვენთჰალი, რომელიც ცნობილი ამერიკელი პიანისტია და მის კლასში მოხვედრა ძალიან ძნელია.
– მან თავად გააკეთა შენზე არჩევანი?
– გამოცდის პერიოდში პროფესორებს აქვთ არჩევნის უფლება. ის საგამოცდო ჟიურიში იყო და ამ შემთხვევაში ჩვენი არჩევანი დაემთხვა, დიდი სიამოვნებით მიმიღო თავის კლასში. რაც შეეხება ჯულიარდში სწავლას, საკმაოდ რთულია, თუმცა ყველაფერი, რაც სჭირდება პიანისტს, გვაქვს: გაკვეთილები პირადად მასწავლებელთან, საშემსრულებლო კლასები, ლექციებს მთელი მსოფლიოდან ჩამოსული ცნობილი პროფესორები, მუსიკოსები გვიტარებენ. მაგალითად, დევიდ დიუბალი, რომელიც ცნობილი პიანისტია, ვლადიმირ ჰოროვიცის ახლო მეგობარი იყო, მასზე წიგნიც დაწერა. ის ხშირად მიწვევს თავის მასტერ-კლასებზე, ლექციას კითხულობს და სჭირდება, რომ პიანისტმა დაუკრას იმ თემაზე, რაზეც საუბრობს. მეც დიდი სიამოვნებით ვთანხმდები.
– ჯულიარდში სწავლა საკმაოდ ძვირია, შენ თუ გაქვს კოლეჯიდან დაფინანსება?
– დიდი დაფინანსება მაქვს სკოლიდან – ვან კლიბერნისა და სუზან როუზის საფორტეპიანო გრანტი, ასევე, ორი წლის განმავლობაში მაფინანსებდა პრეზიდენტთან არსებული განვითარებისა და რეფორმების ფონდი და ვარ პაატა ბურჭულაძის სტიპენდიანტი.
– როგორც ვიცი, ამერიკაში გაქვს სხვადასხვა კონცერტები.
– თებერვალში „კარნეგი ჰოლში“ მქონდა დიდი სოლო კონცერტი. 2010 წელი არის შუმანისა და შოპენის დაბადების 200 წლისთავი და ამიტომ ჩემი პროგრამაც მათი ნაწარმოებებით შედგა. ამერიკაში პირველი კონცერტი მაშინ მქონდა, როდესაც დავამთავრე პრე-კოლეჯი და დავუკარი ჯულიარდის კონსერვატორიის დიდ დარბაზში. მქონდა კონცერტები ნიუ-იორკის ხელოვნების ცენტრში, „მერკინ ჰოლში“, ვაშინგტონში. უკვე მეოთხე წელია, ვმონაწილეობ ვლადიმირ ნილსენის სახელობის ფესტივალზე, რომელიც იმართება ნიუ-იორკში ლონგ აილენდზე. ეს პრესტიჟული ადგილია და ბევრი ცნობილი პროფესორი ჩამოდის მასტერ-კლასების ჩასატარებლად. კონცერტები იმართება კვირაში ორჯერ, ახალ-ახალი პროგრამით. ამ ფესტივალში მხოლოდ 12 პიანისტი მონაწილეობს. მე უკვე მეოთხე წელია, სრული დაფინანსებით მიწვევენ.
– დღეს ძალიან ბევრი უკრავს ჯაზს, შენი მიმართულება მხოლოდ კლასიკური მუსიკაა?
– დიახ, მაგრამ მყავს ახლო მეგობარი, რომელიც ასევე, ჯულიარდში სწავლობს. ის ნახევრად კორეელი, ნახევრად ჰოლანდიელია და როცა ერთად ვართ, ხშირად ვაკეთებთ არაკლასიკურ იმპროვიზაციებს, ოთხ ხელში ვუკრავთ. სხვებიც სხვადასხვა ინსტრუმენტებით გვიერთდებიან.
– რას ფიქრობ დირიჟორობაზე?
– ძალიან საინტერესო და რთულია. შეიძლება, პიანისტობაზე რთულიც კი. ჯერ ვაპირებ, ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო როგორც პიანისტმა, მერე ვნახოთ. დიდი სურვილი მაქვს, ერთხელ დავუკრა ორკესტრთან ერთად და თან ვიდირიჟორო. თუმცა, კამერულ ორკესტრთან ერთად დამიკრავს და მიდირიჟორია კიდეც. წელს შევასრულე თანამედროვე კომპოზიტორის ნაწარმოები. ეს არის თანამედროვე „ა-ტონალური“ მუსიკა, ძალიან ძნელი იყო მისი გარჩევა, სწავლა და მერე დაკვრა. საინტერესო თემაა და ვცდილობ, ნელ-ნელა შევეხო. ჩვენთან ერთად უკრავდა ვალტორნა, ალტი და ვიოლინო. უცნაური კომპოზიცია იყო, სადაც მე უნდა მედირიჟორა, სხვანაირად ერთად ვერ დავუკრავდით. ანუ, თან ვუკრავდი და თან ვდირიჟორობდი. კომპოზიტორიც ესწრებოდა, შესრულებით ძალიან კმაყოფილი დარჩა.
– თითებს, ალბათ, განსაკუთრებულად უფრთხილდები.
– განსაკუთრებული ყურადღება ნამდვილად სჭირდება, მაგალითად, ზამთარში ხელთათმანები უნდა გეცვას.