რატომ არ აქვს გულში წყენა მიშა არჯევანიძეს სამოთხის დაკარგვასთან დაკავშირებით და ვინ ზარალდება, მისი აზრით, ქალის კაცთან გათანაბრებით
საუბრისას მივხვდი, რომ მის ცოლს აშკარად გაუმართლა... მიშა არჯევანიძეს ძალიან კარგად ესმის ქალების. გრძნობს მათ პრობლემებს და მზად არის, პირნათლად შეასრულოს ის მოვალეობები, რომლებიც ბუნებამ ძლიერ სქესს დააკისრა... თუ ბალანსი დაირღვევა, ანუ თუ ქალსა და კაცს შორის ყველა ზღვარი წაიშლება, და ისინი ერთმანეთს გაუთანაბრდებიან, მაშინ სამყარო დაყირავდება.
მიშა არჯევანიძე: მე ძალიან კარგად მესმის, როგორი ძნელია, იყო ქალი. ვერ დავიტრაბახებ, რომ ქალების ფსიქოლოგიას კარგად ვიცნობ, ამის თქმა არც ერთ მამაკაცს არ შეუძლია. თუმცა, ის უპირატესობა მაქვს, რომ ქალების გარემოცვაში გავიზარდე. ორი და მყავს და ჩემს მეგობრებს შორის ყოველთვის, უმეტესობა ქალები იყვნენ. როგორც ძმაკაცები, ისე მყავდა დაქალები და დღეს უკვე ერთმანეთის ნათესავები ვართ, ნათელ-მირონით. მართლა ძალიან დიდ პატივს ვცემ ქალებს. მიმაჩნია, რომ ყველაზე გასაოცარი და სრულყოფილი არსება ბუნებაში ქალია.
– მამაკაცად დაბადება უპირატესობა არ არის?
– რატომ არის უპირატესობა? მე ვიტყოდი, რომ ეს არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა. როცა მამაკაცად იბადები, ძალიან ბევრი უნდა იტვირთო. გაცილებით მეტი, ვიდრე ქალმა. ეს შენი პირდაპირი დანიშნულებაა და ქალს არ უნდა „მიაჩეჩო“ რაღაც-რაღაცეები. ამიტომ, მე ძალიან დიდი წინააღმდეგი ვარ ემანსიპაციისა და ქალის კაცთან გათანაბრების. ოღონდ სწორად გამიგეთ. მე იმას არ ვამბობ, რომ ქალის აზრი არაფერში მაინტერესებს, ან ქალმა არ ისწავლოს, არ იმუშაოს და მას საკუთარი ცხოვრება არ უნდა ჰქონდეს. პირიქით, ყველანაირად მომხრე ვარ ამის. მე ის არ მინდა, ქალი გაკაცდეს და მამაკაცის საკეთებელიც აკეთოს. არ მგონია, რომ თამარ მეფეს, ან ეკატერინე მეორეს ფემინიზმის იდეები აწუხებდათ. ისინი იყვნენ ძლიერი ქალები, ძლიერი პიროვნებები, მაგრამ მაინც ქალებად რჩებოდნენ. გერმანიაში ვიყავი საქმეზე და ისე მოხდა, პიანინო იყო გადასატანი. მოვიდა ერთი ქალი და მოკიდა ხელი ამ პიანინოს. რას აკეთებ-მეთქი და მე კარატისტი ვარო. შენ ბავშვი გყავს გასაჩენი-მეთქი. რატომ უნდა გადაიტანოს პიანინო ქალმა, მაგრამ ევროპაში ეს უკვე ნორმალური მოვლენაა და ამაყობენ კიდეც ამით. თუმცა, მე მიმაჩნია, რომ სასახელო და საამაყო ამაში არაფერია.
– მამაკაცი ხომ არის ბუნების გვირგვინი...
– ვინ არის ბუნების გვირგვინი?! (იცინის) მე ბუნების გვირგვინად ქალი მიმაჩნია. მასზე სრულყოფილი არსება სამყაროში არ არსებობს. ოჯახშიც ქალს უკავია პრიორიტეტული ადგილი და მისი აზრი გაცილებით გასათვალისწინებელია.
– როგორც ვატყობ, თქვენ არ გაქვთ გულში წყენა იმასთან დაკავშირებით, სამოთხე რომ დაგაკარგვინეთ?!
– (იცინის) იცით, რაშია საქმე? ეგ ისე დიდი ხნის წინ მოხდა, იმდენი საუკუნე გავიდა, რომ არ ვიცი, რა დავკარგეთ. შემიძლია, რაღაცნაირად წარმოვიდგინო, მაგრამ რეალური სამყაროც გადასარევი და შესანიშნავია. კი, ბევრი სირთულეც გვხვდება ცხოვრების გზაზე, მაგრამ ამ სირთულეებშიც არის თავისებური ხიბლი. ასე რომ, ვერანაირი წყენა ვერ მექნება. რა დავკარგე არ ვიცი, მაგრამ რა მივიღეთ, ვხედავ და ძალიან მომწონს. მით უმეტეს, როცა ქალი გყავს გვერდით და ცხოვრებას გილამაზებს.
– ისე, ქალები უფრო დავისაჯეთ, ვგულისხმობ შვილის გაჩენასთან დაკავშირებულ სიძნელეებს.
– ვერ ვიტყოდი, რომ დაისაჯეთ. ასე რომ იყოს, აბსოლუტურად ყველა ქალს დედობა არანორმალურად არ ენდომებოდა. მე რომ ვუყურებდი ჩემი მეუღლის ორსულობას, მასზე ბედნიერი, მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, არავინ იყო. ბავშვისა და დედის გასაოცარ ურთიერთობაზე არაფერს ვამბობ. ქალი კაცზე ბედნიერია. მას შეუძლია, შვას ახალი სიცოცხლე. ამაზე დიდი სასწაული ხომ არ არსებობს. ჩვენც კი ვიღებთ რაღაც მონაწილეობას ამ სასწაულის შექმნაში (იცინის).
– მაგრამ თქვენი ჩანაცვლება შეიძლება, ქალისა არა.
– დიახ. სამწუხაროდ, უნდა დაგეთანხმოთ. მაგრამ მაშინ ირღვევა ჰარმონია ქალსა და კაცს შორის. ეს კი არ უნდა მოხდეს.
– რატომ, სამყარო ხომ არ ამოყირავდება?
– რა თქმა უნდა. სამყაროში ბალანსს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ქალს თავისი ადგილი აქვს და კაცს თავისი. ქალი ყოველთვის დარჩება მოსაფერებელ, გასაფრთხილებელ არსებად. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის... და ძალიან ცუდია, თუ ზოგიერთ მამაკაცს ეს ავიწყდება, რაღაც მიზეზების, თუ გარემოების გამო. ქალის „გაკაცება“ არ ვარგა. კი, ცხოვრებას ახლავს ისეთი სირთულეები, რომ ზოგჯერ რაღაცის შეცვლა გიწევს ძალაუნებურად, მაგრამ რაც უმთავრესია, ის არ უნდა შეიცვალოს.
– თქვენ რომ ქალი ყოფილიყავით, როგორი მამაკაცი არ მოგეწონებოდათ?
– მე ვყოფილიყავი ქალი? (იცინის) სიმართლე გითხრათ, ამაზე არასოდეს მიფიქრია. არ მინდა, რომ ქალი ვიყო. თუმცა, შემიძლია, წარმოვიდგინო, როგორი არასასიამოვნოა, როცა ყურადღებას არ გაქცევენ, ან როცა გვერდით მთვრალი, სასმლის სუნით აყროლებული მოგიწვება. საშინელებაა. ზოგადად არ მიყვარს აგრესიული ადამიანები, ყველგან და ყველასთან პრეტენზია რომ აქვთ. არ მომწონს მამაკაცი, რომელიც ქალს ეუბნება, მე შენზე ჭკვიანი ვარ და ყველაფერი მე უკეთესად ვიციო. კაცს არც საკუთარი ძალის დემონსტრირება უხდება.
– მამაკაცები ძალიან ღიზიანდებიან, როცა ავტომობილის საჭესთან ქალს ხედავენ.
– იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ვერ შეეჩვივნენ ამას და ეს გარკვეულწილად ქალების „დამსახურებაა“. ყველას ეს ნამდვილად არ ეხება, მაგრამ უმრავლესობა ქალებისა ძალიან ცუდად დადის და ხშირად წესებსაც არღვევენ. ეს არ შეიძლება. მამაკაცი ძალიან დაძაბულია და იძულებულია იფრთხილოს, როცა გვერდით მანქანის საჭეს ქალი უზის.
– მამაკაცებმაც დაუთმონ გზა, ის ხომ ქალია.
– არა. ამ შემთხვევაში ქალმა უნდა დაივიწყოს, რომ ქალია. წესების დაცვა ქალს და კაცს ერთნაირად მოეთხოვება. ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი სქესის წარმომადგენელი ხარ. ზიხარ საჭესთან? კეთილი ინებე და წესებს დაემორჩილე.
– გულახდილად მითხარით, გითქვამთ როდისმე, გამიმართლა ქალი რომ არ ვარო?
– შეიძლება, მითქვამს კიდეც. არ მახსენდება. მაგრამ ნამდვილად მიხარია, რომ კაცი ვარ. ქალს ძალიან ბევრ რამეზე მაინც უარის თქმა უწევს და ამას ვერ უარვყოფთ. მით უმეტეს აქ, ჩვენს საზოგადოებაში. ჩვენი მენტალიტეტის გათვალისწინებით. რაღაცას უბრალოდ, ვერ გააკეთებს.
მაგალითად ძალიან ბევრ ადამიანს, ჯერ კიდევ აღიზინებს, ქალი რომ ეწევა. მე ის მაღიზიანებს, მე რომ ვეწევი. ცუდია ჯანმრთელობისთვის და იმიტომ. ადამიანმა არ უნდა მოწიოს, იმიტომ, რომ არ დაიზიანოს ორგანიზმი, რომელიც, სხვათა შორის, ქალს გაცილებით ძლიერი აქვს. მამაკაცი ვერ გააჩენდა ბავშვს. ვერ გაუძლებდა ამას. გამორიცხულია. ფიზიოლოგიურად არ არის მზად ამისთვის.
– ამბობენ, კაცის ტვინი ასი გრამით მძიმეა ქალისაზეო...
– ესეც სჭირდება კაცს. რამდენი ხანია, რაც ქალი გააქტიურდა და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაერთო. ქვეყნების ბედს და გლობალურ საკითხებს ყოველთვის მამაკაცი წყვეტდა. ქალი იჯდა თავისთვის სახლში და ამაში მონაწილეობას არ იღებდა. მე თუ მკითხავთ, ქალის გააქტიურებით ისევ ქალმა წააგო.
– ვინ უფრო მეოცნებეა ქალი, თუ მამაკაცი?
– მამაკაცი, რა თქმა უნდა. ის მეტად რომანტიკულიც არის. ქალი გაცილებით პრაგმატულად აზროვნებს და უფრო მყარად დგას დედამიწაზე. ბიჭებიც უფრო დიდხანს რჩებიან ბავშვებად, ვიდრე გოგონები.
– და ჭკვიან ქალს შეუძლია ეს კარგად გამოიყენოს და მართოს მამაკაცი.
– ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ხშირ შემთხვევაში, სწორედ ეს განაპირობებს მამაკაცის კარიერულ წინსვლასა და პიროვნულ წარმატებას. ქალი თუ უქმნის მამაკაცს საიმედო ზურგს და ყველა პირობას წარმატებისთვის, ამას რა ჯობია. იმ კაცის ცხოვრება, რომელსაც ქალისგან საიმედო ზურგი არ აქვს, ძალიან მძიმეა. ასეთი კაცები, როგორც წესი, იკარგებიან. ძალიან ხშირად მინახავს, როგორი საბრალოა მამაკაცი, რომელსაც ცოლი უკვდება. მით უმეტეს, თუ ის უკვე ასაკშია. ძალიან ხშირად თავადაც ძალიან მალე კვდება. ქალს უფრო შეუძლია სიძნელეების გადალახვაც და თვითგადარჩენის ინსტინქტიც მას უფრო ძლიერი აქვს. ეს დედის ინსტინქტიდან მომდინარეობს. მას თითქოს უფლებაც არ აქვს, მოეშვას და მარტო საკუთარ თავზე იფიქროს. კაცი უფრო ეგოისტი გამოდის. ზოგიერთი კაცი შვილზეც კი ეჭვიანობს.
– თქვენს შემთხვევაშიც ასე ხომ არ არის?
– ჩვენ საკმაოდ დიდი ხანი ველოდით პატარას დაბადებას, ამიტომ მე და ჩემი მეუღლე ერთნაირად გავგიჟდით ბავშვზე. გიორგი ამბობს, მე ყველაზე კარგი დედიკო და მამიკო მყავსო (იცინის).