როგორ აღმოაჩინა გვანცა დარასელიამ მიზიდულობის ძალის არსებობა და რამ შეცვალა მისი ცხოვრება
რომელი ლამაზი ქალი გეტყვის, რომ უნდოდა კაცად დაბადება. ამიტომ, მისი პასუხი საუბრის დაწყებამდე ვიცოდი. მაგრამ, საინტერესო „აღმოჩენები“ მაინც გავაკეთე. მაგალითად, გავარკვიე, რომ კაცი რომ ყოფილიყო, გვანცა დარასელია არასოდეს... თუმცა, მოდით, თავად გვანცას მოვუსმინოთ და ისიც გავიგოთ, რა შეცვალა მის ცხოვრებაში სიყვარულმა
გვანცა დარასელია: მიხარია, რომ ქალი ვარ. ვერც წარმომიდგენია, სხვანაირად როგორ უნდა ყოფილიყო. ჩემთვის სულაც არ არის ძნელი, ვიყო ქალი და არც ის მიფიქრია როდისმე, კაცი რომ ვყოფილიყავი უფრო მეტს მივაღწევდი-მეთქი. მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი ქალი ამბობს ამას. შეიძლება, მათთვის მართლაც ასეა, მაგრამ მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ქალად დავიბადე. იმასაც ვფიქრობ, რომ ღირსეული ქალი ვარ (იცინის).
– თან ლამაზიც. ხომ არის სილამაზე უპირატესობა?
– იძულებული ვარ დაგეთანხმო. თუმცა, ჩემი მხრიდან ცოტა უხერხულია, ამას რომ ვამბობ. მაგრამ ფაქტია, ჩემი გარეგნობა იყო გადამწყვეტი, მე რომ დღეს „რუსთავი 2-ში“ ვმუშაობ. გარეგნობა ძალიან მეხმარება ჩემს საქმიანობაში. იყო ტელეწამყვანი, თან დილის გადაცემის და არ გქონდეს კარგი გარეგნობა, წარმოუდგენელია. ამიტომ, შემიძლია ვთქვა, რომ გამიმართლა, ასე რომ გამოვიყურები. თუმცა, მიმაჩნია, რომ ქალის სილამაზე მარტო გარეგნობაზე არ არის დამოკიდებული. მე საკმაოდ კრიტიკული ვარ და ბევრს ვითხოვ საკუთარი თავისგან.
– მამაკაცები დარწმუნებულები არიან, რომ მამაკაცად ყოფნა გაცილებით კომფორტულია და ადვილი.
– სადავო საკითხია (იცინის) თუ იმას გულისხმობენ, რომ მათ მეტი თავისუფლება აქვთ, მე ასე არ მიმაჩნია. ძალიან ხშირადაც მიკამათია ამ თემაზე. რატომ არის მამაკაცის ცხოვრება უფრო ადვილი და რატომ არიან ისინი უფრო თავისუფლები. იმიტომ, რომ მათ ამის უფლებას ქალები აძლევენ. ძალიან ბევრ რამეს პატიობენ და ამაშია საქმე. თორემ, მამაკაცობა იმხელა პასუხისმგებლობაა, თუ კაცს ეს გაცნობიერებული აქვს, ნამდვილად არ იტყვის, ადვილი ცხოვრება მაქვსო. შეცდომაა და მგონი, მარტო ქართველი ქალების ბრალია ის, რომ კაცს ბევრი ეპატიება, ქალს კი – არაფერი. არ უნდა ჩაიყენოს ქალმა საკუთარი თავი ასეთ წამგებიან მდგომარეობაში. მე იმას არ ვამბობ, რომ ქალი კაცს ყველაფერში უნდა ეჯიბრებოდეს და ერთ ნაბიჯსაც არ უთმობდეს. ეს სხვა თემაა. უბრალოდ, როცა პასუხისმგებლობასა და ვალდებულებებზეა საუბარი, მიმაჩნია, კაცმა მეტი უნდა იტვირთოს. იმიტომაც არის ის კაცი.
– მამაკაცის უპირატესობა არ არის საგრძნობი, თუნდაც ოჯახში?
– მე ვერ ვიტყვი, რომ ეს უპირატესობაა. ქართულ ოჯახში მამაკაცს აქვს ოჯახის თავის, ოჯახის პატრონის ფუნქცია და ეს უპირატესობა კი არა, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. საერთოდ, ოჯახში ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც ორივეს უნდა და არა ისე, როგორც კაცს, ან ქალს უნდა – ერთპიროვნულად და ეგოისტურად. ჩემთვის სხვანაირი ოჯახი წარმოუდგენელია და ვიცი, რომ ჩემს შეყვარებულსაც ასეთივე პოზიცია აქვს. ვახო სულ ამბობს, რომ ქალს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და არა მარტო კაცის ცხოვრებაში – იმდენს, რამდენსაც ქალი გააკეთებს, მამაკაცი ვერასდროს შეძლებს. თუნდაც შვილის გაჩენა და მერე მისი აღზრდა რომ ავიღოთ. კაცის მხრიდან, ეს ყველაზე სწორი პოზიციაა. ოჯახზე ვლაპარაკობდი და მიმაჩნია, რომ ოჯახი უნდა შეიქმნას მყარ ბაზაზე, რომელიც უნდა უზრუნველყოს მამაკაცმა, დამოუკიდებლად. მას უნდა ჰქონდეს იმის ამბიცია, რომ მისი ოჯახი იყოს ყველაზე კარგად მოვლილი. ეს ქალისთვის იმხელა ფუფუნებაა ასეთი მამაკაცის გვერდით, ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან ბედნიერი იქნება.
– კარგად გცოდნია მამაკაცის მოვალეობები.
– (იცინის) რა თქმა უნდა. მე ძალიან ბევრ რამეს მივხვდი, რაც შეყვარებული მყავს. ბევრი ისეთი რამე გავიგე და აღმოვაჩინე, რაც ჩემთვის ადრე უჩვეულო იყო. ახლა უკვე არსებობს ადამიანი, რომლის აზრსაც ანგარიშს ვუწევ და ძალიან ბევრ რამეს მასთან შეთანხმებით ვაკეთებ. როცა უკვე აღარ ხარ მარტო, ეს ბევრ რამეს ცვლის. გადაწყვეტილებასაც ერთობლივად იღებთ და როცა რაღაცას ისე ვერ აკეთებ, უპირველესად, შენს საყვარელ ადამიანს აყენებ უხერხულ მდგომარეობაში. ამაზე ქალმაც უნდა იფიქროს და კაცმაც. მე ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ როცა ქალი რაღაცას აშავებს, ეს იმ მამაკაცის დანაშაულიც არის, რომელიც მას გვერდით ჰყავს. დაახლოებით ასევეა, როცა კაცი უზრდელობს ქალის გვერდით. ესე იგი, იმ ქალისთვის მისაღებია უზრდელი მამაკაცი. თორემ, მე, მეგობარს არ მივცემ უფლებას, ითავხედოს და რამე ცუდი გააკეთოს, როცა ჩემ გვერდით არის.
– შენ ფიქრობ, რომ ქალს შეუძლია შეცვალოს მამაკაცი უკეთესობისკენ, ან უარესობისკენ?
– ქალსაც შეუძლია შეცვალოს კაცი და კაცსაც შეუძლია შეცვალოს ქალი. გააჩნია, შემთხვევას. თუმცა მამაკაცი მეტად იცვლება. მეტად დამოკიდებული ხდება ქალზე.
– მე შემცვალა სიყვარულმაო...
– კი. ნამდვილად შევიცვალე. უკვე სხვანაირად ვცხოვრობ. არსად წასვლა აღარ მინდა მის გარეშე. ვახოც ასეა. უცხოეთში იყო და ვეღარ გაძლო. თან, ის პერიოდი დაემთხვა, ვულკანის ამოფრქვევის გამო, ევროპაში ფრენები რომ იყო გაჩერებული და ვერ ჩამოდიოდა. გადაირია. აქედან იქ გადავალ, მერე გემზე დავჯდები და მაინც ჩამოვაღწევ შენამდეო (იცინის). მეც ძალიან გამიჭირდა მის გარეშე და მაშინ მივხვდი, რომ მიზიდულობის ძალა არსებობს და ის მოქმედებს. ეს არ არის ვალდებულება. პირიქით, ძალიან კარგი და სასიამოვნო გრძნობაა.
– როგორ ფიქრობ, შენ თავად როგორი მამაკაცი იქნებოდი?
– მე როგორი კაცი ვიქნებოდი? (იცინის) არ ვიცი. არ მიფიქრია ამაზე... ვითომ მექალთანე? არ მგონია.
– პოდიუმზე ახვიდოდი?
– არაა. მე ქალიც ძლივს ავედი პოდიუმზე. მართლა (იცინის). ამიტომ, არ ვიქნებოდი მოდელი. სამაგიეროდ, უფრო „მიმწოლი“ ხასიათი მექნებოდა. საკუთარ თავს კიდევ უფრო მეტს მოვთხოვდი და მეტსაც მივაღწევდი. ურთიერთობაში კი, ალბათ, ისეთივე „ლაითი“ ვიქნებოდი, როგორიც ახლა ვარ. ძალიან უპრობლემო ადამიანი ვარ. არ ვარ ნერვიული, ჭირვეული და პრეტენზიული.
– არ გაინტერესებს, სიმთვრალეში როგორ ხასიათი გექნებოდა?
– ვიცი. სიმთვრალეში „კანფეტი“ ვიქნებოდი და ძალიან მოსიყვარულე. (იცინის) ნამდვილად არ „ვიბუინებდი“.
– ქალებს „დაჭმა“ ექნებოდათ შენზე.
– მერე მაგას რა ჯობია. კარგია, შენს გამო ქალებს რომ „დაჭმა“ აქვთ.
– შენს შეყვარებულზე რომ ჰქონდეთ ეგეთი „დაჭმა“?!
– არ არის პრობლემა. უყურონ, თუკი უნდათ, მაგრამ ნუ შეეხებიან და ნუ ეცდებიან, მის წართმევას. ჩემს სიყვარულს ბოლომდე კბილებით დავიცავ. ყველაფრისთვის მზად ვარ. ხომ ხედავ, როგორ ვიმუქრები (იცინის). ხრიკებსაც მივმართავ. ამ შემთხვევაში, ყველა მეთოდი გამართლებულად მიმაჩნია.
– როგორ ფიქრობ, ადამი მართლა შეაცდინა ევამ?
– შეიძლება შეაცდინა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ასეც უნდა მომხდარიყო. ის მოხდა, რაც გარდაუვალია. ისე, ქალს ნამდვილად შეუძლია კაცი შეაცდინოს. მე მჯერა ამის.
– წარმოიდგინე, რომ ერთ დღეს ყველაფერი გაიგე, რასაც მამაკაცები ფიქრობენ.
– ვაიმე, არ მინდა. რა საშინელება იქნება! ღმერთო, ხომ გავგიჟდები, გარეთ რომ გავიდე და ქართველი, წუწუნა კაცების ფიქრები გავიგო. არა, არავის ფიქრების მოსმენა არ მინდა. კი მქონია შემთხვევა, მითქვამს, ნეტავი, ახლა ამის ტვინში ჩამახედა და გამაგებინა, რას ფიქრობს-მეთქი, მაგრამ ეს მხოლოდ იშვიათად. თუ ისე იქნება, რომ მხოლოდ მაშინ „ჩავრთო“ ეს ღილაკი, როცა მე მომინდება, კიდევ არა უშავს. ხანდახან მართლა გამომადგებოდა.
– რატომ ბრაზობენ მამაკაცები, როცა ქალს მანქანის საჭესთან ხედავენ?
– იმიტომ, რომ ქალების უმრავლესობა ბატივით დადის და მეც კი ვცოფდები ხოლმე და კაცების რა ვთქვა. მანქანის მართვა არის ის ერთადერთი რამ, რასაც მამაკაცებმა ქალებზე უკეთესად აუღეს ალღო. დანარჩენში, ყველაფერში ჩვენ ვჯობივართ.