რამ შეცვალა ანი ქორქიას ცხოვრება და რას ვერ მალავს ის
ტელეეკრანებზე გამოჩნდა ახალი ტელე-შოუს – „დაამარცხე ვარსკვლავის“ ქართული ვერსია. ეს გადაცემა 2006 წელს გერმანიაში, ტელეარხ PROSIEBEN-ის ბაზაზე შეიქმნა და იმდენად გაამართლა, რომ ზუსტად ერთ წელიწადში თოთხმეტ ქვეყანაში გაიყიდა. წელს საქართველოც შეუერთდა მათ რიცხვს. როგორია ამ გადაცემის ფორმატი და გაამართლებს თუ არა ის საქართველოში, ამ თემებზე გვესაუბრება მისი წამყვანი, ანუკა ქორქია.
– როგორი სახის არის ეს გადაცემა?
– გადაცემა გასართობი ტიპისაა. ამ გადაცემის შექმნის აზრი გერმანიაში დაიბადა და, იმდენად გაამართლა, რომ ერთ წელიწადში თოთხმეტ ქვეყანაში გაიყიდა. ამჯერად მათ რიცხვს საქართველოც შეუერთდა. ესაა ძალიან სახალისო და არასტანდარტული სახის გადაცემა. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოშიც გაამართლებს. თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, ძალიან საინტერესო უნდა იყოს. ბედნიერი ვარ, რომ წილად მხვდა ამ გადაცემის წაყვანა. როგორი დამღლელიც უნდა იყოს, იმდენად სახალისოდ მიმდინარეობს გადაღების პროცესი, რომ თავს მაინც ძალიან კარგად ვგრძნობ.
– შენ როგორ მოხვდი ამ პროექტში?
– ამ პროექტში მოვხვდი ქასთინგის მეშვეობით. დამირეკეს და მკითხეს, შემეძლო თუ არა მისვლა. მივედი საკმაოდ მოუმზადებელი და ძალიან ჩვეულებრივ ფორმაში, არც კი ვიცოდი, რა ხდებოდა. იქვე ამიხსნეს და მითხრეს, რომ ორ დღეში ტარდებოდა ქასთინგი. მე დიდი იმედი არ მქონია, რადგან ძალიან ცოტა დრო იყო დარჩენილი და სრულიად მოუმზადებელი ვიყავი სხვებთან შედარებით, მაგრამ, ჩემთვის მოულოდნელად, გამიმართლა. ალბათ, ჩემი მონაცემები უფრო მისაღები იყო მათთვის და ამიტომ მე დამამტკიცეს.
– რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ მოწვეული სტუმრები?
– არის ერთადერთი კრიტერიუმი: ერთ-ერთი მათგანი უნდა იყოს ვარსკვლავი, მეორე კი – საზოგადოებისთვის უცნობი ადამიანი. მან თავისი „სივი“ უნდა გამოგზავნოს, ელექტრონულ მისამართზე: VS-Star@Rustavi2.com. შემდეგ მოხდება შერჩევა ჟიურის მიერ. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან.
– არის თუ არა ასაკობრივი შეზღუდვა?
– მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი ასაკის ადამიანს, უბრალოდ, უნდა გაითვალისწინოს ის, რომ არის სპეციფიკური შეჯიბრებები და ვინც დარწმუნებულია, რომ თავს გაართმევს ამ ყველაფერს, მას, რა თქმა უნდა, შეუძლია, მიიღოს მონაწილეობა.
– როგორც ვიცი, უკვე ორი გადაცემა ჩაიწერა. როგორ მიმდინარეობდა გადაღებების პროცესი, თუ მოხდა რამე ისეთი, რაც ეკრანს მიღმა დარჩა?
– ჩაწერა მიმდინარეობს ძალიან მხიარულად და ხალისიანად. ეს პირველივე გადაცემაში ჩანს. ნამდვილად არაფერი მახსენდება ისეთი, რაც ამოჭრეს. მონაწილეებიც ადვილად იგებენ საკუთარ მოვალეობებს და, შესაბამისად, გადაღების პროცესი მიმდინარეობს სწრაფად და ხარისხიანად.
– შენ თუ გქონია აქამდე ტელეეკრანთან შეხება?
– მე ვიყავი ფოტომოდელი და, შესაბამისად, ფოტოებთან და რეკლამებთან ხშირი შეხება მქონდა; ასევე, მონაწილეობა მაქვს მიღებული ფილმებში, როგორც დოკუმენტური ჟანრის, სადიპლომო ნამუშევარში. ამიტომ, კამერის კომპლექსი მოხსნილი მქონდა და ძალიან თავისუფლად ვგრძნობდი თავს. ასევე, ტელევიზიაში არაერთ გადაცემაში ვიყავი მიწვეული. შესაბამისად, ეს ჩემთვის ჩვეულებრივი მომენტი იყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ სიტუაციას სხვა პასუხისმგებლობა აქვს და თავისი მღელვარება ახლავს.
– ისევ ამ გადაცემას დავუბრუნდეთ: თუ გაქვს ნანახი უცხოური ვარიანტები?
– გერმანული ვარიანტი მაქვს ნანახი, რომელიც არის ძალიან რეიტინგული, ჰყავს უამრავი მაყურებელი და გერმანიაში ერთ-ერთ პრესტიჟულ გადაცემად ითვლება.
– როგორ წარიმართება ეს გადაცემა მომავალში, რაიმე სიურპრიზს ხომ არ შემოგვთავაზებთ?
– ჩაიწერება 11 გადაცემა, სტუმრად გვეყოლება 11 ვარსკვლავი და 11 უცნობი ადამიანი; შემდეგ გავა მე-12, ჯამური ეთერი, სადაც აღწერილი იქნება მთელი სეზონის სასაცილო მომენტები და ბოლოს იქნება მე-13 გადაცემა, სადაც ერთმანეთს შეეჯიბრებიან ყველაზე მაღალქულიანი ვარსკვლავი და ყველაზე მაღალქულიანი უცნობი ადამიანი და იქნება ბრძოლა „ჰიუნდაის“ მიერ დაწესებული ავტომობილისთვის. ეს გადაცემა არის სეზონური და დამთავრდება ზაფხულში. მეორე სეზონი როდის დაიწყება, ინფორმირებული არ ვარ.
– როგორც ვხედავ, ძალიან დაკავებული ხარ. დრო თუ გრჩება პირადი ცხოვრებისთვის?
– რა თქმა უნდა, დრო მაქვს, მაგრამ, ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი ხდება. წელს ვამთავრებ უნივერსიტეტს და ვიქნები სტომატოლოგი. მართალია, გამოცდების გადადება მიწევს, მაგრამ, არა უშავს. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი ნაბიჯია, რადგან ეს არის ერთ-ერთი უსერიოზულესი არხი და საკმაოდ საპასუხისმგებლო პროექტს ვეჭიდები; ამან, შესაძლოა, ჩემი მომავალი რადიკალურად შეცვალოს. რაც შეეხება ჩემს პირად ცხოვრებას, რაღაცეები სულ ხდება, მაგრამ მნიშვნელოვანი არაფერია. თუ რამე სიახლე იქნება, აუცილებლად შეგატყობინებთ. შესაბამისად, თუ ვინმე შემიყვარდა, არ დავმალავ.