რის გამო შეიძლება დაიწუნოს მამაკაცი ცირა სუქნიძემ და რატომ დახვდა მას სამი ბიჭი საქმის გასარჩევად
მშვენიერი ცირა სუქნიძე დაახლოებით, ერთი წლის წინ წლის ყველაზე ლამაზი გოგონა, „მის საქართველო 2009“ გახდა და მისი ცხოვრება ამ ფაქტმა, გარკვეულწილად, შეცვალა.
ცირა სუქნიძე: საოცრად ბედნიერი იყო ის დღე, როდესაც „მის საქართველო“ გავხდი და ამას ყოველთვის დიდი სიხარულით ვიხსენებ. შანსები, ხშირად ეძლევა ადამიანს, ზოგს იყენებს, ზოგს – ვერა. ეს კი ის შემთხვევა იყო, როდესაც ძალიან კარგი შანსი მომეცა და მეც ხელიდან არ გავუშვი. სხვა დროსაც მქონია შესაძლებლობები, მაგრამ ვერ გამოვიყენე. უბრალოდ, ადამიანებს ყოველთვის იმაზე მეტის გაკეთება შეგვიძლია, ვიდრე ვაკეთებთ.
– როდესაც შანსს ხელიდან უშვებ, ამას მალევე ხვდები?
– კი და მერე ვნანობ. თუმცა, წინ ჯერ კიდევ ბევრი მაქვს, ახალგაზრდა ვარ და შემიძლია, გამოვიყენო. ცოტა ზარმაცი ვარ, ძირითადად, რაღაცის გადადება მიყვარს. ვფიქრობ, რომ იმ მომენტისთვის არ არის შესაფერისი დრო, მირჩევნია, მომავალში უფრო კარგად მოვემზადო და მერე გავაკეთო. მინდა, კონცერტი ჩავატარო, ამისთვის კი მომზადება, შრომაა საჭირო. გამოცდები მაქვს და ვერ მოვიცალე, აუცილებლად გავმართავ საღამოს და ახლობლებს დავპატიჟებ. ეს მოდელობის შემდეგ, ჩემი მეორე გატაცებაა და ვფიქრობ, კარგად გამომდის. ყოველთვის ვმღერი „მინუსზე“, როგორი მომზადებულიც არ უნდა ვიყო. „პლუსზე“ სიმღერა მაყურებლის მოტყუებაა და უბრალოდ პირის გაღება დისკომფორტს მიქმნის, არ მსიამოვნებს.
– სიზარმაცე, ალბათ, რაღაცეებში გიშლის ხელს.
– შეუშლია, მაგრამ მერე გამომისწორებია. სიზარმაცეს ხომ არ დავაჩაგვრინებ საკუთარ თავს, ნიჭს, შესაძლებლობებს. ხელჩართული ბრძოლა მიწევს. თუ დაუთმე სიზარმაცეს, მერე ჩაგითრევს და ბევრ რამეში შეგიშლის ხელს. დილის ძილი არ მიყვარს. მერე მთელი დღე არაპროდუქტიული ვარ და გაბრუებული დავდივარ. ჩემი სიზარმაცე იმაში გამოიხატება, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს ნელი ვარ, ბევრს ვფიქრობ, ვაანალიზებ.
– ზოგიერთი ადამიანი საკუთარ შეცდომებზე სწავლობს. ზოგი სხვისაზე. შენს შემთხვევაში, როგორ არის საქმე?
– მეც ვუშვებ შეცდომებს, თუმცა ისეთი არ დამიშვია, რომ მას ჩემი ცხოვრება დაემახინჯებინა. ამ დროს ყოველთვის მაქვს სინანულის განცდა, მაგრამ რადგან სერიოზული არაფერია, მალევე მავიწყდება. ალბათ, უფრო საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობ, ბრძენი უნდა იყო, რომ სხვის შეცდომებზე ისწავლო. რაც უნდა გირჩიონ, თუ ცხვირი არ წაიმტვრიე, სხვას არ დაუჯერებ. შესაბამისად, მეც მქონია ასეთი მომენტები.
– საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული ხარ?
– ეს საშუალებას მაძლევს, სულ ძიებაში ვიყო, სიახლეები ავითვისო და არავის ჩამოვრჩე. გარეგნობის მიმართაც ვარ კრიტიკული. ერთ დღეს გავიღვიძებ, ერთი თვალი არ მომწონს, მეორე დღეს – ცხვირი, საბოლოო ჯამში, მგონი, არ ვარ მახინჯი. ხასიათი ხშირად მეცვლება და ალბათ, ეს უფრო ამის ბრალია.
– როგორი ბავშვი იყავი?
– ძალიან ჭკვიანი. ცელქი და ონავარი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუხლები სულ გადატყავებული მქონდა. ერთი „შრამი“ ისევ მაქვს. ჯიუტიც ვიყავი რაღაც მომენტებში, რომ მეტყოდნენ, ამოდი სახლშიო, და არ ავდიოდი. ბიჭებს სულ ვეჩხუბებოდი. მათთან ხელჩართული ბრძოლა მქონდა. თან, მაშინ ვერეოდი კიდეც მათ და ბევრი მიცემია. მახსოვს, მერე სკოლაში სამი ბიჭი ერთად დამხვდა, სამივე ცალ-ცალკე ნაცემი მყავდა და რომ არა ჩემი ცრემლები, ყველაფერი ცუდად დამთავრდებოდა.
– რატომ სცემდი?
– ძირითადად, უფრო მოწონებას გამოხატავდნენ, თმას მაწიწკნიდნენ და მე არ ვპატიობდი. მე მყავდა და ახლაც მყავს ძალიან ახლო მეგობარი, რომელიც ჩემი ნათლიაა, ერთი ასაკის ვართ. თეონა ყოველთვის ჩემ გვერდით იდგა მედგრად. ქოლგები გვქონდა ორივეს და ვეჩხუბებოდით ბიჭებს. ბოლო კლასებში უკვე დავჭკვიანდი და ჩვენი ურთიერთობებიც დარეგულირდა.
– გახსოვს, ბიჭის მიმართ შენი პირველი სიმპათია?
– ბაღში ჩემი ყველას ეშინოდა. როგორც გავარკვიე, ბაღში რომ დავდიოდი, ძალიან მაღალი ვიყავი და ზოგს მშობელი ვეგონე. ერთმა გოგონამ ახლა მითხრა, შენ რომ შემოდიოდი, მაგიდების ქვეშ ვიმალებოდითო. მახსოვს, ერთი ზაფხულიდან მეორე ზაფხულამდე 15 სანტიმეტრი მოვიმატე – კატასტროფულად ვიზრდებოდი, ფეხის ზომა მეზრდებოდა, ფეხსაცმელები მიპატარავდებოდა. ჩემები გაგიჟებულები იყვნენ, ვერაფერი მოვარგეთ ამ ბავშვსო. ბაღში, როდესაც ყველა ჭამდა, მე მაგიდებს ვალაგებდი. სამაგიეროდ, ორმაგ ულუფას მისხამდნენ, იმიტომ რომ ყოველთვის კარგი მადა მქონდა. სხვები თეფშზე ხახვებს ტოვებდნენ, მე საჭმელს ხახვიანად ვჭამდი. რაც შეეხება სიმპათიებს, პირველად სკოლაში მქონდა რაღაც გატაცება, სიყვარულს ვერ დავარქმევ. ჩემი კლასელი იყო. ზამთარში სახლში რომ ვბრუნდებოდით, ერთმანეთს თოვლში ვაგორავებდით, თოვლში მმარხავდა, პეპლებს ვხატავდით.
– მას შემდეგ, რაც მათ უკვე აღარ ეჩხუბებოდი თაყვანისმცემლების ყურადღებით იყავი განებივრებული?
– ერთ-ერთი კონკურსის შემდეგ, გააქტიურდნენ უფრო, ვარდებს მიგზავნიდნენ, სახლში ტელეფონზე რეკავდნენ, არ მასვენებდნენ. ბებიაჩემი პასუხობდა მათ, რა გინდათ, ამ გოგოს თავი დაანებეთო.
– ალბათ, ასაკის მატებასთან ერთად, მამაკაცების მიმართ მოთხოვნები გეცვლება.
– ბიჭებთან ურთიერთობისას გამოცდილება გემატება, შეიძლება, რაღაც ისეთი თვისება აღმოაჩინო, არ მოგეწონოს, მერე მეორეს აკვირდები, მასაც ხომ არ აქვს ის თვისება. ჩემთვის ყველაზე მთავარი ბიჭის მხრიდან პატივისცემა და ყურადღებაა.
– კრიტიკულიც ხარ?
– შეიძლება, რაღაც არ მომწონს, მაგალითად, რომელიმე ბგერას წარმოთქვამს ცუდად, ან თითი ჰქონდეს რაღაცნაირი. ანუ, თუ გულში არ ჩამივარდება, შეიძლება, პატარა რაღაცის გამო დავიწუნო. ჩემთვის სიყვარული არ არის ბრმა და ყრუ. ყოველთვის ყურადღებით ვარ, რომ რაღაც არ გამომეპაროს, არ მოვტყუვდე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ ვენდობი, ენდე და ყოველთვის შეამოწმეო – ასეთი პრინციპი მაქვს. ჩემი ნდობა ნამდვილად შეიძლება, რადგან ბოლომდე ერთგული ვარ.
– როგორია შეყვარებული ცირა?
– ვიცვლები, გარშემო მყოფების მიმართაც ვთბები. ანუ, სხვებისთვისაც ხელსაყრელია, შეყვარებული რომ ვიყო.
– ახლა თუ ხარ შეყვარებული?
– შეყვარებული ვარ და ჩვენი ურთიერთობა დამშვიდებული, დალაგებულია. აფორიაქებამ უკვე გადამიარა, თუმცა ძალიან აფორიაქებული არასდროს ვარ. უბრალოდ, იმ მომენტში უფრო მეტ ყურადღებას იჩენ, ბევრს ფიქრობ, ახლა ყველაფერი გარკვეულია და ბევრი საფიქრალიც არ მაქვს.
– რით მოგხიბლა?
– შეუძლია, ყველაფერი გამიგოს და ამ თვისებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა. მე კი არ ვარ ასეთი – წარსულს ძნელად ვივიწყებ და შეიძლება, რაღაცეები არ ვაპატიო. ძალიან ყურადღებიანია და ჩემი დაძალება არ სჭირდება, დამირეკე-მეთქი.
– დამეთანხმები, ალბათ, რომ სიყვარული ქალს, ისევე როგორც მამაკაცს დიდ სტიმულს აძლევს...
– დიდი სტიმულია და ხასიათსაც გიცვლის. მასზე ხარ დამოკიდებული. თუ ის კარგ განწყობაზეა – შენც კარგ ხასიათზე ხარ, თუ მოწყენილია, შენც მოწყენილი ხარ და ეს ძალიან სასიამოვნოა. ჩხუბიც ხდება. თუ წყვილი არ ჩხუბობს, მიმაჩნია, რომ ცუდია. ზოგჯერ იჩხუბებთ, იკამათებთ და მერე შერიგება უფრო ტკბილია. საერთოდ, ძალიან ცოტა ხნით ვბრაზდები და ჩემი შემორიგება ძალიან ადვილია. საუბრით მირჩევნია ყველაფრის მოგვარება.