კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაიცნო ახალი შეგრძნებები თორნიკე გოგრიჭიანმა და რატომ ელოდება ის მწვერვალიდან ვარდნას


მუსიკისა და დრამის თეატრის ძალიან ნიჭიერი მსახიობი, თორნიკე გოგრიჭიანი რომლის მიერ განსახიერებული „მაკბეტით“ თეატრმა უამრავი თეატრალური ფესტივალი მოიარა და მრავალი პრიზიც მოიგო, სერიალში „გოგონა გარეუბნიდან“ ახალი ქართველის როლში მოგვევლინა. მისი გმირისთვის მნიშვნელოვანია გოგონები, კარიერა... ერთი სიტყვით ყველა თანამედროვე მოთხოვნას აკმაყოფილებს, თუმცა ნელ-ნელა ისიც ირკვევა, რომ ნიკა კეკელიძე მგრძნობიარე და ემოციური ბიჭია, რომლისთვისაც ადამიანური ფაქტორები უმნიშვნელოვანესია.


თორნიკე გოგრიჭიანი: მსახიობობასთან პირველი შეხება საკმაოდ გვიან მქონდა, რადგან სანამ თეატრალურში ჩავაბარებდი, არქიტექტორი ვიყავი. ჩავაბარე ტექნიკურ უნივერსიტეტში. მესამე კურსზე მივხვდი, რომ აუცილებლად მსახიობი უნდა ვყოფილიყავი და ჩავაბარე თეატრალურში.

– ასე მარტივად პროფესიის რადიკალურად შეცვლა არ ხდება. რა გახდა ამის მიზეზი?

– მომინდა! ძალიან მარტივად. ისე, სიმართლე გითხრა, არქიტექტურულზე ისე ჩავაბარე, ეს იყო ჩემი მოწოდება-მეთქი რომ ვთქვა, მოგატყუებ. უფრო იმაზე ვფიქრობდი, სკოლა როგორ დამემთავრებინა (იცინის). საერთოდ. სპონტანურად არ ვიღებ გადაწყვეტილებებს, ბევრს ვფიქრობ. ამიტომ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მსახიობობა არ იყო ნაუცბათევი გადაწყვეტილება, ამაზე ბევრი ვიფიქრე. მესამე კურსი რომ დაიწყო, მთელი ის ერთი წელიწადი ამ გადაწყვეტილებაზე ვფიქრობდი.

– რამე კონკრეტულმა იმოქმედა?

– რა თქმა უნდა, რაღაცამ ყველა ვარიანტში იმოქმედა. ჩემი მეგობარი იღებდა ფილმს, უფრო სწორად უნდოდა და მერე ამის განხორციელება ვერ შეძლო. ჰქონდა მას ჩემი გადაღების სურვილი. წარმოიდგინეთ, გადაღებები ჯერ დაწყებულიც არ გვქონდა, უბრალოდ საუბრის დონეზე მიმდინარეობდა ყველაფერი, ვგეგმავდით რაღაცეებს, მიყვებოდა, როგორი უნდა ყოფილიყო ჩემი გმირი, როგორ უნდა მეთამაშა. ამ პროცესმა იმდენად მომხიბლა, თუ რაც გინდა დაარქვით – მომაჯადოვა, რომ მეტზე ვეღარაფერზე ვფიქრობდი. იქით წამივიდა მთელი გონება. არქიტექტურით დიდად გატაცებული არც არასდროს ვყოფილვარ, ჟარგონულად რომ გითხრა, ვერ „ვკაიფობდი“ ამაზე. ამ შემთხვევაში კი, ზუსტად აღმოვაჩინე, რომ მოვხვდი იქ, სადაც ყველაზე მეტად მინდოდა. ძალიან მსიამოვნებს თამაში, ამ დროს ვარ ბედნიერი.

– თუმცა, მხოლოდ სურვილი ხომ არ კმარა, მთავარი ნიჭია, რომელიც აღმოგაჩნდა. წლობით ემზადებიან ადამიანები იმისთვის, რომ თეატრალურში მოხვდნენ. შენი წარმატება განაპირობა მხოლოდ ნიჭმა, გარეგნობამ თუ გამართლებაც იყო.

– ძალიან უხერხულია ჩემი მხრიდან ვისაუბრო იმაზე, როგორი ნიჭიერი ვარ. ძალიან მარტივად მოვხვდი თეატრალურში. ამისთვის წლები არ დამჭირდა და ჩემთვის ახლაც გაუგებარია, რატომ დამამტკიცეს „მაკბეტზე“. რა უნდა ვთქვა, არ ვიცი – ჯობდა, სხვა აერჩიათ?! ან ისეთი ნიჭიერი ვარ, რომ მხოლოდ მე მეკუთვნოდა ეს როლი-მეთქი?! ალბათ, ვიყავი ის კადრი, რომელიც სჭირდებოდათ (იცინის). მგონია, რომ ამ პროფესიაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გამართლებას. იმისთვის რომ დაგინახონ, საჭირო დროს საჭირო ადგილას უნდა აღმოჩნდე. ჯერჯერობით მიმართლებს, ქუდში ვარ დაბადებული, თუ რას უწოდებენ მაგას?! (იცინის).

– ცხოვრებაში თუ გიმართლებს, პროფესიას რომ თავი დავანებოთ.

– არ ვუჩივი ბედს. ისე არ მინდა გამიგოთ, რომ სულ სწორ გზაზე დავდივარ, პირიქით ძალიან ბევრი და სერიოზული ბარიერი მხვდება, მაგრამ მომწონს ეს, კარგია. ამით არის ცხოვრება საინტერესო. ბარიერების გარეშე ინტერესი არაფერს აქვს, არც ცხოვრებაში, არც პროფესიაში და არც ურთიერთობებში.

– „მაკბეტის“ წარმატება რა იყო შენთვის?

– იცი, წარმატებაზე და ამდენი ფესტივალის მოგებაზე კი არა, საერთოდ იმაზე ვფიქრობდი, გამოვიდოდა თუ არა ეს პროექტი – უფრო სწორად მე გამომივიდოდა თუ არა ისეთი, როგორიც საჭიროა. აქ იმას არ ვგულისხმობ, რომ საკუთარი თავის არ მჯერა. მითამაშია სპექტაკლებში, სადაც როლები ასეთი საპასუხისმგებლო არ იყო. მთავარი როლის თამაში და თან ისეთი, რომელიც ვფიქრობ, მსახიობის პროფესიაში ერთ-ერთი მწვერვალია, დამეთანხმებით, რთულია. ყველა პროფესიას ხომ თავისი მწვერვალები აქვს?! ჩვენს პროფესიაში ასეთი რამდენიმე როლია და მათ შორის ერთ-ერთი, ვფიქრობ, „მაკბეტია“. როდესაც ამ როლამდე მიხვალ, მერე ცოტა ხანს უკან უნდა წამოხვიდე, დამშვიდდე – რაღაც პერიოდმა უნდა გაიაროს, რომ კიდევ ისეთივე დონის როლი ითამაშო, როგორიც „მაკბეტია“ და მაყურებელმა თქვას, აი, ეს კიდევ უკეთესი იყოო. ასეთი სპექტაკლების ზედიზედ თამაში საშინელებაა, როგორც არ უნდა მოინდომო, ერთი მეორის ფონზე აღარ გამოჩნდება. ჩვეულებრივი მომენტია. კარგი შედარება მომაწოდა თქვენმა ფოტოგრაფმა და ჩემმა მეგობარმა ქეთომ. ახლა, რომ თბილისის „დინამომ“ მოიგოს, ხომ ყველა იმას იტყვის „დინამო“ ისევ იმ ფორმაშია, როგორც „კარლცაისთან“ მოგებისას იყოო. მეორე, მესამე, მეოთხე წელსაც რომ მოეგო, ეს ყველაფერი ჩვეულებრივ ხასიათს მიიღებდა. ახლა კი ნამდვილი ფურორი იქნება. ამიტომ პაუზები მხოლოდ კარგია.

– ანუ, ამ ფურორის შემდეგ ასეთივე მასშტაბურ როლზე უარს იტყვი?

– არა, ეს ჩემზე სულაც არ არის დამოკიდებული. ძალაუნებურად ხდება ასე, რომ პაუზა კეთდება. ზემოთ, მწვერვალისკენ სიარულს ყოველთვის მოსდევს ვარდნა. „ვზლიოტ, პადენიე“ – ასეა აწყობილი ცხოვრება. აბსოლუტურად შეგუებული ვარ იმ აზრს, რომ ამ წარმატების შემდეგ სულ ერთ დონეზე ვერ გავჩერდები.

– საერთოდ, როგორ მოხვდი დათო დოიაშვილთან?

– ჯერ კიდევ თეატრალურში ჩაბარებული არ მქონდა, რომ რაღაც პროექტში აგვიყვანეს ხუთი ბიჭი. ეტყობა, მაშინ შემამჩნიეს და სხვადასხვა სპექტაკლებში დამაკავეს. მერე კოტე ფურცელაძემ შემომთავაზა „სალომეაში“ თამაში. სწორედ ეს იყო ჩემი პირველი სპექტაკლი. ძალიან მიყვარს ეს სპექტაკლი, მაინც პირველია. მახსოვს, სპექტაკლისწინა ემოციები. ვერც გადმოვცემ, რას ვგრძნობდი, ნერვიულობაც კი აღარ იყო ეს. უდიდესი ადრენალინი აქვს სცენაზე გასვლას და მით უმეტეს, პირველად. „სალომეას“ შემდეგ იყო „ბედნიერი ერი“ და ბოლოს მოვიდა „მაკბეტი“. ვერ მივხვდი, რა უნდა მეპასუხა, მადლობა გადამეხადა, ვაიმე, არა, ამ როლს ვერ მოვერევი, რკინას ხელი – თვალი არ მეცეს... (იცინის). ვერ მივხვდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი. საშინლად ვნერვიულობდი ამ სპექტაკლზე და პრემიერამდე სულ იმაზე ვფიქრობდი, გავივლიდი თუ არა ბეწვის ხიდზე. ეს ბეწვის ხიდი თვალნათლივ ჩანდა. ან გადავივლიდი და მეორე ნაპირზე გავიდოდი, ან სამუდამოდ ჩავვარდებოდი. შეიძლება, ეს სპექტაკლი გამოსულიყო, შეიძლება – არა. ეს მხოლოდ ჩემზე არ იყო დამოკიდებული. მთელ გუნდს ვგულისხმობ, რომელსაც ერთი მიზანი ჰქონდა.

– ამდენმა პრიზმა თავბრუ არ დაგახვია?

– არ ვიცი, ძალიან მაგარია, სულ რაღაც ხდება. უცებ ძალიან ბევრი წარმატება მოვიდა – პრიზებით, ტაშით, ოვაციებით. ბევრი ისეთი ემოცია განვიცადე ამ მოკლე ხანში, რომელიც ჩემთვის აბსოლუტურად უცხო იყო. ბოლო ერთი თვეა, ახალი შეგრძნებები გავიცანი. შეიძლება ითქვას, ამისთვის ღირს ეს პროფესია. თუმცა, თავბრუ ნამდვილად არ დაუხვევია, რადგან ვფიქრობ, რომ საერთოდ, ბევრი არაფერი გამიკეთებია. მსახიობმა სულ უნდა იფიქროს იმაზე, რაღაც ახალი და საინტერესო გააკეთოს.

– გამოჩნდი სერიალში და გახდი გოგონების ახალი გულთამპყრობელი...

– რა საშინელებაა (იცინის). არ მომწონს ეს ტიტული და ის „ესემესები“, რომელიც გამუდმებით მოდის ჩემს ტელეფონზე. რეალურად სულ არ მგონია, რომ გულთამპყრობელი თუ რა სიტყვა თქვი? აი, ეგ ვარ. პირიქით, სულ ჩვეულებრივად გრძელდება ჩემი ცხოვრება.

– არ მჯერა, რომ ვერ გრძნობ, როგორ გიჟდებიან გოგონები ნიკა კეკელიძეზე.

– ვინ არის ნიკა კეკელიძე?! ა, ჰო, მე ვარ იმ სერიალში.

– ახლა მჯერა!

– არა, მართლა არ აქვს ასეთ რაღაცეებს ჩემთვის მნიშვნელობა. მხოლოდ ის მაინტერესებს, როგორი საყურებელია ეს სერიალი. ისე დაემთხვა, სულ გასტროლებზე ვარ და ხალხის რეაქცია, მოსწონთ ეს სერიალი თუ არა, არ ვიცი. რასაც ვიღებთ, კარგი გამოდის. მგონი, ყველაზე კარგია, რაც აქამდე გადაუღიათ. ძალიან მარტივად მოვხვდი ამ სერიალში. „ღამის შოუს“ ქასთინგი აქვსო, და მეც წავედი. დავილაპარაკეთ, მერე კიდევ დამიბარეს, რაღაც სინჯები გადავიღეთ და დავიწყეთ. საკმაოდ საინტერესოა, მსგავსი სპეციფიკით არასდროს მიმუშავია. კამერასთან მუშაობის დიდი გამოცდილებაა. კინოს კიდევ სხვა სპეციფიკა აქვს, მაგრამ თითქმის დაახლოებულია მასთან.

– ანუ, შენი პოპულარობის რეალური გემო არ შეგიგრძნია, რადგან საქართველოში არ იყავი. ახლა როდემდე რჩები?

– არ ვიცი. ჯერჯერობით ზაფხულის ბოლომდე არაფერია დაგეგმილი. ალბათ, ახლა ვიგრძნობ „გულთამპყრობელობას“ (იცინის). ფუმფულა სათამაშოებსა და დათვებს გამომიგზავნიან. ვხუმრობ, რა სისულელეა.

– ახლა ის, რაც ყველა გოგოს ყველაზე მეტად აინტერესებს...

– არა! სანამ მკითხავ, შემიძლია ვთქვა, რომ არა. ჩემს პირად ცხოვრებაში რაც ხდება, მხოლოდ ჩემი პირადია.

– ის მაინც მითხარი, შეყვარებული გყავს თუ არა, ძალიან ბევრ გოგოს აინტერესებს.

– არ ვარ შეყვარებული. მიყვარს ცურვა, ვისკი, ჭამა. აი, ვისკია ჩემი შეყვარებული, ჩემი ცოლი.

– ხშირად სვამ?

– ხშირად არა, მაგრამ როცა ვსვამ, ბოლომდე ვსვამ. მერე როგორ ვიქცევი, ეგ უკვე აღარ მახსოვს ხოლმე. მაგრამ, მეუბნებიან რომ არაფერს ვაშავებ და აგრესიული არ ვხდები. სუფრაზე მშვიდობის სადღეგრძელოებს რომ სვამენ ხოლმე, ძალიან მეცინება. აბა, ხომ უნდა მოასწრონ, რადგან რომ დათვრებიან, მერე სულ დედა უნდა აგინონ ერთმანეთს მშვიდობიანად (იცინის). ტრადიციული ქართული სუფრა ხშირ შემთხვევაში ფარისევლობად იქცევა ხოლმე და ეს საშინლად არ მომწონს. ამიტომ, მირჩევნია, ვისკი დავლიო.

– როგორი გოგონები მოგწონს?

– აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა ქერაა თუ შავგვრემანი. მთავარი სულ სხვა რაღაცეები, სხვა იმპულსებია, მაგრამ ასეთ თემებზე საუბარი არ მიყვარს.


скачать dle 11.3