კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ამბობს ხატია შამუგია უარს ღამის ცხოვრებაზე და როდის ხდება ის ძალიან პრეტენზიული


მიუხედავად იმისა, რომ ხატია შამუგია ყველასთვის სურნელთან ასოცირდება და ამ დარგის ექსპერტად მიიჩნევენ, ბოლო პერიოდი მის ცხოვრებაში ახალი გატაცება გაჩნდა – ფეხბურთი. ის სპორტის ამ სახეობის დიდი ქომაგი და გულშემატკივარია. რაც შეეხება ხატიას რჩეულს – ინგლისის ნაკრებია და დიდი შემართებით ადევნებს თვალს მსოფლიოს ჩემპიონატს ფეხბურთში. მართალია, იმედები ვერ გაუმართლეს, მაგრამ ინგლისის ფანი კვლავინდებურად რჩება და „სვეცკი“ გუნდი მაინც მისი რჩეულია.


– როგორია ხატია შამუგიას ცხოვრების სტილი?

– ხატია შამუგიას ცხოვრების სტილი დაახლოებით რობოტისას ჰგავს. დილით 8 საათზე ვიღვიძებ, 9 საათზე სკოლაში ვარ ბავშვთან ერთად, შემდეგ სახლში ვბრუნდები, თავს ვიწესრიგებ და სამსახურში მივდივარ, სადაც, საუკეთესო შემთხვევაში, რვის ნახევრამდე ვარ. სხვათა შორის, ჩემი ცხოვრების სტილი რამდენიმე თვეა შეიცვალა და გადახალისდა. კვირაში სამჯერ დავიწყე სიარული აკვააერობიკასა და ცურვაზე, რაც, ჩემი აზრით, რელაქსაციის საუკეთესო საშუალებაა. 45 წუთი წყალში ვვარჯიშობ, შემდეგი 45 წუთი კი, ვცურავ. ფანტასტიკურ შედეგსაც ვხედავ და წყლისგან ძალიან დიდ ენერგიას ვიღებ. რაც ძალიან დიდი მიღწევაა, თავს ვიწონებ ამით და მიმაჩნია რომ საკუთარ თავთან გავიმარჯვე – ძალიან კარგი რამ გავაკეთე, ეს არის აკვააერობიკასა და ცურვაზე სიარული. ძალიან დიდი ხანი ვამბობდი, რომ ამას გავაკეთებდი, მაგრამ ვერ ვახერხებდი. ახლა კი შევეცდები, ამ საქმით ყოველთვის ვიყო დაკავებული. ჩემი აზრით, ყველა ქალი უნდა ვარჯიშობდეს.

– მძიმე სამუშაო დღის შემდეგ განმუხტვის მშვენიერ საშუალებას მიაგენი.

– განმუხტვაც არის და თან ჯანსაღად ვარ. ყველას ვურჩევ, ცხოვრების აქტიურ სტილს, მხოლოდ აქტიურ ცხოვრებაში დისკოთეკებს, კლუბებსა და გართობას არ ვგულისხმობ.

– შენი ცხოვრება ძალიან გააქტიურდა. რამდენიმე წლის წინ, ალბათ, ასეთი გადატვირთული დღის რეჟიმი შენთვის წარმოუდგენელი იყო. როგორც ვიცი, ძილი ძალიან გიყვარს და ამას ახერხებდი კიდეც. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ რადიოს ეთერში კვირაში რამდენჯერმე დილის ეთერს უძღვებოდი და ადრე გიწევდა ადგომა.

– საერთოდ, ღამის ცხოვრება არ მიყვარს. ჩემი მეგობრები დამცინიან, 11 საათი გახდება თუ არა უკვე თვალები მეხუჭება. მაქსიმუმ, 12 საათამდე გავძლო, მერე უკვე ვიძინებ. ეს ალბათ, იმის ბრალიცაა, რომ ადრე ადგომა მიწევს ყოველ დილით. ჩემი აზრით, ძილი საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ კარგად გამოიყურებოდე. განსაკუთრებით შუადღის ძილი მიყვარს, რასაც შაბათ-კვირას ნამდვილად ვახერხებ. ჩემი ბავშვობის მეგობარი თეა გიორგაძე გამწარებული მყავდა. არდადეგების პერიოდში ეზოში რომ ვთამაშობდით, ვიტყოდი თუ არა, ცოტა ხანი სახლში ავალ, საჭმელს შევჭამ-მეთქი, გიჟდებოდა, რადგან ზუსტად იცოდა, უნდა დამეძინა. ძილი ბავშვობიდან მიყვარს. ენერგია, რასაც ხარჯავ, აუცილებლად უნდა აინაზღაურო, თან ღმერთის წყალობით გამიმართლა, რომ ღამის ცხოვრება არ მიყვარს.

– სხვათა შორის, ბოლო წლებში სპორტის მოყვარულიც გახდი, განსაკუთრებით ფეხბურთს ეკუთვნის შენი სიმპათია.

– ფეხბურთის მოყვარული სულ ვიყავი, უბრალოდ, არ ვთამაშობ. თვალს ყოველთვის ვადევნებ ჩემპიონთა ლიგის თამაშებს, ასევე ევროპის ჩემპიონატს, პრემიერლიგას, რომელშიც ყველაზე ძლიერი ინგლისია. სულ ჩართული ვარ გამომდინარე იქიდან, რომ გამოკვეთილად ინგლისური ფეხბურთისა და ინგლისური კლუბების ფანი ვარ. დანარჩენები აბსოლუტურად არ მაინტერესებს და არც აქ დავდივარ სტადიონზე თამაშის საყურებლად. ინგლისი რომ ჩამოვიდეს, დიდი სიამოვნებით წავალ, 2:0 რომ მოგვიგეს მაშინ ვიყავი.

– შესაბამისად, მსოფლიოს ჩემპიონატსაც ადევნებ თვალს. ინგლისმა იმედები ხომ არ გაგიცრუა?

– ძალიან ვნერვიულობ და ინგლისის თამაშიდან გამომდინარე, ვერც იმას ვიტყვი, მშვიდად ვარ-მეთქი. რაღაც ევროპული გუნდები – გერმანია, საფრანგეთი, იტალია და ინგლისი ჯერჯერობით ვერ არიან თავის სიმაღლეზე, რაც საწყენია ყველა გულშემატკივრისთვის. ყველამ ისწავლა უკვე ფეხბურთის თამაში და ძველი დრო აღარ არის. ოპტიმისტი ვარ, ინგლისელები გაიმარჯვებენ თუ არა მაინც სიამოვნებით ვუყურებ მათ თამაშს. არაჩვეულებრივი შემადგენლობა ჰყავთ. ქალურ გადახვევას გავაკეთებ და აღვნიშნავ, ამ ჩემპიონატზე ერთ რამეში დავრწმუნდი. მიუხედავად იმისა, რომ იტალიის ნაკრებს „დოლჩე და გაბანა“ აცმევს, ყველაზე ლამაზი, დახვეწილი და მოხდენილი ფორმა მაინც ინგლისის ნაკრებს აცვია. ძალიან გამორჩეულები არიან. ბოლოს და ბოლოს ჩემპიონატზე ინგლისის ყველა თამაშს სამეფო ოჯახი ესწრება. მოკლედ, ინგლისი „სვეცკი“ გუნდია და ძალიან მომწონს.

– ტოტალიზატორში თუ თამაშობ?

– კიდევ კარგი, ტოტალიზატორში არასდროს ვთამაშობ, თორემ ყოველთვის წაგებული ვიქნებოდი. მართალია, აზარტული ვარ, მაგრამ აზარტული თამაშები არ მიყვარს. კაზინოშიც ერთხელ ვარ ნამყოფი, ისიც ინტერესის გამო.

– მოკლედ, ძალიან აქტიურად ხარ ჩართული მსოფლიოს ჩემპიონატში.

– კი, ძალიან აქტიური ვარ. რამდენიმე დღის წინ ეთერშიც ვიყავი ლაშა დვალიშვილთან და იმდენი ვისაუბრე, ლაშამ თქვა, გაოგნებული ვარ ხატიას პროგრესით ჩემპიონატიდან ჩემპიონატამდეო. მე კი დავამატე, ხატიას პროგრესით და ინგლისის რეგრესით-მეთქი. მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა გააკეთოს ინგლისის ნაკრებმა, მის ფანად მაინც დავრჩები.

– ასეთ აქტიურს შეგიძლია, იყო პასიური ადამიანის მეგობარი?

– პასიური ადამიანის მეგობარი შემიძლია, ვიყო ზაფხულში, როცა დასასვენებლად ვარ. მე თვითონ იმდენად პასიური ვხდები ამ დროს, რომ არაფრით არ შემიძლია, აქტიურ ადამიანებთან დასვენება.

– როგორ ისვენებ?

– რეჟიმი ასეთია: დილით ადრე ადგომა, ზღვის ნაპირზე გასვლა, ცურვა, ვარჯიში, მერე სასტუმროში დაბრუნება, დასვენება, მერე ისევ ცურვა და ადრე დაძინება. ჩათვალეთ, რომ ვინც ჩემთან ერთად მოდის დასასვენებლად, ფაქტობრივად, მარტოა. აბსოლუტურად არაფერი არ მაინტერესებს ცურვისა და დასვენების გარდა. ყველა ხუთვარსკვლავიან სასტუმროს თურქეთში ანიმაცია აქვს, რომელიც მაქსიმუმ, 12 საათზე მთავრდება. სიმბოლურად ვუყურებ და მერე ვიძინებ. აბსოლუტურად ბავშვურ რეჟიმზე გადავდივარ. სხვათა შორის, შარშან ლეპტოპი მქონდა წაღებული და დღე და ღამე სკაიპში ვიყავი. წელს თუ წავედი დასასვენებლად, გადაწყვეტილი მაქვს, ლეპტოპის გარეშე წავიდე და ბოლომდე დავისვენო. ძალიან დატვირთული წელი იყო „ისი-პარისთვის.“ ბევრი სიახლე შემოვიტანეთ, უამრავი პრეს-კონფერენცია და პრეს-ლანჩი გავმართეთ. სექტემბერში ასეთივე შემართებით კიდევ ბევრ სიახლეს ვგეგმავთ და ამიტომ, აუცილებლად მჭირდება დასვენება.

– ყველა სეზონს თავისი სურნელი აქვს. რა რჩევას მისცემ მანდილოსნებს?

– პირადად ჩემთვის, ზაფხულის სურნელი, მზისგან დამცავი საშუალებაა ყოველთვის, რადგან ზაფხული ყოველთვის გარუჯვასთან ასოცირდება. მართალია, ჩვენთან ძალიან ბევრია მზისგან დამცავი საშუალება, მაგრამ მე „ლანკასტერს“ ვხმარობ. ის კიდევ ერთხელ აღიარეს მსოფლიოში ნომერ პირველ ბრენდად მზის ხაზში. ეს ჩემთვის ყველაზე გემრიელი სურნელია, რომელიც დასვენებასთან და ოქროსფერ, სრიალა კანთან ასოცირდება. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის გარუჯული ვარ, მაინც სულ თან ვატარებ მზისგან დამცავ საშუალებას. ერთი დღეც თუ არ გავედი მზეზე, ვიწვები. მერე კი ალერგია მაქვს, რის გამოც ვშუპდები. სულ ამაზე მიდის ხუმრობა, რომ თუ სადმე მივდივარ, ერთი პატარა მოკრძალებული ჩანთა მიმაქვს ტანისამოსით და ორი დიდი ჩემოდანი – სხვადასხვა კრემებით სავსე. რა თქმა უნდა, მზის სხივებს ნუ მოერიდებით, მაგრამ ყველას ვურჩევ, თუ გსურთ, ახალგაზრდები იყოთ და თქვენი კანი ჯანმრთელად გამოიყურებოდეს, ყოველთვის წაისვით მზისგან დამცავი საშუალება. მე, მაგალითად, შემიძლია, თანხა სამოსზე დავზოგო, მაგრამ ვერანაირად დავზოგავ თავის მოვლის საშუალებებზე. აქედან გამომდინარე, მოვიკლებ სხვა რამეს, მაგრამ ამას არა.

– კიდევ რაზე ვერ იტყვი უარს?

– უარს ვერ ვიტყვი ძილზე და ვერასდროს გამოვრთავ მობილურს. მობილური გათიშული მაქვს, აუზზე, რადგან იქ არ იჭერს. ამ დროს თუ ვინმე მირეკავს, ან უცხოეთში ვგონივარ, ან მკვდარი. ასევე, უარს ვერასდროს ვიტყვი ტკბილეულზე.

– თუმცა, შენი აღნაგობიდან გამომდინარე, შეიძლება, ბევრმა ვერ დაიჯეროს, რომ ბევრ ტკბილეულს ჭამ.

– ტკბილეულს არასდროს ვიზღუდავ, უბრალოდ, ღამე არ ვჭამ. გვიან ჭამა არ მიყვარს. ძალიან მიყვარს შოკმანჟე, ბლომანჟე და ჟელე. მიყვარს არა მშრალი, არამედ კრემიანი, მსუყე ნამცხვრები. ჩემს ცხოვრებაში არ მიჭამია ღორის და ცხვრის ხორცი, გუდის ყველი, ხინკალი. ხორცეულიდან მხოლოდ ქათამი მიყვარს. ცხოვრებაში არ მიჭამია თევზი, ზეთისხილი. ძალიან პრეტენზიული მჭამელი ვარ.

– ინტერვიუს დასაწყისში იმდენი ვისაუბრეთ ფეხბურთზე, რომ ლოგიკურია, საუბრის დასასრულს გკითხო, შენი პროგნოზით ვინ გახდება 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ფეხბურთში?

– მითი იმის შესახებ, რომ ინგლისი ჩემპიონი გახდება, სამწუხაროდ, ნელ-ნელა ინგრევა. ვფიქრობ, ფინალში ვერც ერთი ევროპული გუნდი ვერ მოხვდება. ჩემი პროგნოზით, ფინალს ბრაზილია-არგენტინა, ან რომელიმე გაურკვეველი სამხრეთაფრიკული გუნდი ითამაშებს, რომელზეც წარმოდგენა არ გვაქვს.


скачать dle 11.3