დაუმორჩილებელნი 2
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28-25(495)
– დამშვიდდი, მამა, ეს ხალხი არაფერს გავნებს, – უთხრა ნატამ ნოდარს, – ხომ გითხარი, ჩემი მეგობრები არიან-მეთქი და შენსავით უჭირთ და იმალებიან. უფრო სწორად კი, მე და მათე ვიმალებით, პეტიკო და ჰამო კი გვეხმარებიან.
ნოდარმა იარაღი დაუშვა, მაგრამ არ შეუნახავს, მათე შეათვალიერა ყურადღებით და ჩაილაპარაკა: „არა, ალბათ, შემეშალა“.
ნატას მამას არც მათე აცილებდა თვალს და ბოლოს უთხრა:
– არ შეგშლია, ნოდარ, მართლა მე ვარ. უბრალოდ გრიმში და ასაკმომატებული. ასე რომ, გამარჯობა, კეთილი იყოს ჩვენი შეხვედრა.
– ზვიად, შენ?! – აღმოხდა ნოდარს, პისტოლეტი მაგიდაზე დადო და მათეს გადაეხვია, თან იმეორებდა: ზვიად, ზვიად, შე ძველო, როგორ ხარ?
– რა მიჭირს, შენ როგორ ხარ, „თითა“?
– თითა? გახსოვს? – ჩაეცინა ნოდარს, – ეგ როდის იყო.
– როდის და ზუსტად ოცდაცამეტი წლის წინ. მეოცე საუკუნის სამოცდაათიანებში, – თქვა მათემ, – ოქროს ხანა იყო.
– მართალი ხარ, მაგრამ მაშინ ახალგაზრდები ვიყავით, – დაეთანხმა მათეს ნოდარი.
– გეტყობათ, ძველი ნაცნობები ხართ, – თქვა ნატამ.
– ნაცნობებიო? – გაიმეორა მათემ, გაიცინა და ნოდარს მიუბრუნდა, – გესმის, ბიჭო, რას ამბობს შენი მაიორი ქალიშვილი? ნაცნობებიო.
– რა ნაცნობები, შვილო, – თქვა ნოდარმა, – მე და ზვიადი ბავშვობის ძმაკაცები, კლასელები და პაძელნიკები ვართ.
– ეჰ, ჩემო თითა, როდის ეგ იყო, არადა, ყველაფერი წუხანდელივით მახსოვს!
– მეც, მეც, ჩემო ზვიად, – დაეთანხმა მათეს ნოდარი, – ნეტავ, მახო სადაა?
– პითონს გულისხმობ, მამი? – ჰკითხა ნოდარს ნატამ.
– შენ რა იცი, ან როგორ მიხვდი? – გაოცდა ნოდარი და მათეს შეხედა.
– აქ ძალიან ჩახლართული სიტუაციაა, – სიცილით მიუგო მათემ ნოდარს, – მახო თბილისშია, შენი ქალიშვილი კი ჩვენი სრულფასოვანი პარტნიორია და ამერიკული დაზვერვა გვეძებს.
– რას ამბობ, რა ამერიკული დაზვერვა! – გაოცებას ვერ მალავდა ნოდარი, – აღარ იტყვით, რა ხდება?
– ხომ გითხარით უკვე, – საუბარში ნატა ჩაერია, – ამერიკული დაზვერვა გვეძებს. თუ შეგვიპყრეს, კარგი დღე არ დაგვადგება.
– ისეთი რა დააშავეთ?
– ამერიკელებს მათეს დათრევა უნდათ, რომ რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენონ, მაგრამ, ვერ მივართვით, – თქვა ნატამ.
ნოდარმა ჯერ მათეს შეხედა, შემდეგ ნატას მიუბრუნდა:
– კი მაგრამ, ისეთი ვინაა ზვიადი, რომ მასზე ასეთი ნადირობაა გამოცხადებული?
– დიდი კაცია, მამაჩემო, დიდი კაცი, – უთხრა ნოდარს ნატამ, ყველაფერი უამბო და ბოლოს უთხრა, – ასე რომ, თუ დაგვიჭირეს, კარგ დროს გაგვატარებინებენ.
– მანგუსტი, ვანგუსტი... – თავი გააქნია ნოდარმა, – ჰმ, მართლაც რომ მანგუსტს ჰგავს ის ნაბოზარი, რა სწორად შეგირჩევიათ სახელი! აბა, დიდი ომის გადატანა მოგვიწევს მომავალში!
– უკვე ჩვენს სიაში ჩაეწერე, მამი?
– რა, არ მიმიღებთ?
– აქ მე არ ვწყვეტ ამ საკითხს, – თქვა ნატამ და მათეს შეხედა, რომელმაც თქვა:
– რაზეა ბაზარი, ნოდარზე უკეთეს პაძელნიკს კაცი ვერ ინატრებს. როდის იყო, თითას რამე შეშლია?
– აღარ იტყვით, რას ნიშნავს ეგ თითა და რატომ შეარქვით მას ეს სახელი? – ჰკითხა ნატამ მათეს.
ზვიადმა თვალი ჩაუკრა ნოდარს და უთხრა:
– რას იტყვი, ნოდარ, მოვუყვეთ ნატას, რატომ შეგარქვით „თითა“?
– რა საჭიროა, – შეიშმუშნა ნოდარი, – სხვა დროს იყოს, ახლა ამის დრო არაა.
– როგორ არ არის? – თქვა ნატამ, – მიდი, რა, მამი, მოყევი, რატომ შეგარქვეს „თითა“?
– მე არ მოვყვები და, თუ ძალიან გინდა, ზვიადს მოაყოლე.
ნატა მათეს მიუბრუნდა.
– მოყვები?
– თუ თითა არ იქნება წინააღმდეგი, მოვყვები.
– მიდი, შეუბერე! – ხელი ჩაიქნია ნოდარმა.
მათეს გაეცინა და დაიწყო:
– ეს ამბავი იმ ოქროს ხანაში მოხდა, წეღან რომ ვახსენე და ნოდარს „თითა“ გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების დასაწყისში შევარქვით. 13 წლის ბავშვები ვიყავით, ქუჩას საკმაოდ შეჩვეულები და, რაც ამ გარემოს შეეფერება, ყველაფრის გამკეთებლები. მათ შორის, ყომარსაც მივდევდით, უფრო სწორად, მახო ყომარობდა, მე და თითა კი მას ამას ვუშლიდით.
– პითონზეა ბაზარი? – იკითხა ნატამ.
– სწორედ მასზე, – თქვა მათემ, – მოკლედ, მახო ზარს თამაშობდა.
– ეგ რაღაა? – ისევ გააწყვეტინა სიტყვა ნატამ მათეს.
– რა და, კამათლების გორება, შვილო. აცადე ზვიადს და ნუ აწყვეტინებ, ყველაფერს მოგიყვება, – უთხრა ნოდარმა ნატას.
– ჰოდა, – განაგრძო მათემ, – მახო ზარს ყომარობდა, ზოგჯერ იგებდა კიდეც, მაგრამ, უფრო ხშირად აგებდა და, მერე თავანი რომ ჩაებარებინა, ჩალიჩობდა. ერთხელ კი ორასი მანეთი წააგო და, ფუფლოში რომ არ გადავარდნილიყო, დედამისის ბრილიანტის ბეჭედი მოიპარა სახლიდან და მეიდნელ ისაკასთან „დააზალოგა“ ორას მანეთად. თავანი კი ჩააბარა, მაგრამ, ბეჭდის გამოსასყიდ ფულს ვეღარ შოულობდა. არადა, დედამისი სადღაც იყო წასული, სამ დღეში უნდა დაბრუნებულიყო და ბეჭდის ამბავი რომ გაიასნდებოდა, მახოს კარგ დღეს არ დააყრიდნენ. მთავარი კი ის იყო, რომ ეს ამბავი მე და თითამ არ ვიცოდით, რადგან ნოდარი მახოს დაემუქრა, კიდევ თუ ითამაშებ, თითებს მოგამტვრევო და პითონი შეშინდა. თუმცა, სხვა გზა რომ არ ჰქონდა, ისევ ჩვენთან მოვიდა და გვითხრა.
– დამერხა ძმებო!..
– რა გჭირს, რა მოხდა? – ვკითხე მე. ნოდარმა კი ირონიულად ჩაიცინა და თქვა:
– ალბათ, ისევ თავანი აქვს ამ კრეტინს.
– არა, – თქვა თავჩაღუნულმა მახომ, – თავანი ჩავაბარე, მაგრამ, ისაკასგან გამოსასყიდი ბეჭდის ფული არ მაქვს.
– რას ბოდავ, რა ბეჭდის ფული! – შეუტია ნოდარმა მახოს.
– დედაჩემის ბეჭდის. თავანი რომ ჩამებარებინა, ბრილიანტის ბეჭედი „დავაზალოგე“ ისაკასთან. ხვალ კი დედაჩემი ჩამოდის წყალტუბოდან და როცა გააიასნებს, რომ ბეჭედი გაქრა, ყველაფერს მიხვდება და დამაყრის.
– დეგენერატი! – თავში წამოარტყა ნოდარმა მახოს, – რაღა ბეჭედს იპარავდი და „აზალოგებდი“, ჩვენთვის გეთქვა და რამეს მოვახერხებდით!
– შენ არ მითხარი, რომ ითამაშო, თითებს მოგამტვრევო? – საცოდავად ამოილუღლუღა მახომ, – იმიტომ არ გითხარით.
მახოს ერთიც წამოარტყა კისერში მამაშენმა, მომიბრუნდა და მითხრა:
– ხომ არის ახლა ეს იდიოტი თითებმოსამტვრევი? ვუთხარი და არ დაიჯერა, რა ვუყოთ, ახლა, არ მივამტვრიოთ თითები?
– მერე მოვამტვრიოთ. ახლა კი იმაზე ვიფიქროთ, როგორ ვუშველოთ ამ კრეტინს, – ვუთხარი მე.
ნოდარს ჩაეცინა, ჯიბეში ჩაიყო ხელი, მოხდენილი მოძრაობით ორი ცალი ასმანეთიანი ამოაცურა და სახეგაბრწყინებულმა თქვა:
– აი, ამის საშველი. ამ ოც თუმანს ისაკას მივცემთ, ბეჭედს გამოვისყიდით და ყველაფერი მოყომარდება, – შემდეგ ნოდარი მახოს მიუბრუნდა და უთხრა, – მისმინე, იდიოტო! იცოდე, სიტყვას ვამბობ და არ გადავალ: თუკი ოდესმე კიდევ იყომარებ, დედას გეფიცები, მართლა მიგამტვრევ თითებს და, ვინც წინ გადამიდგება, იმასაც იმავეს ვუზამ.
მამაშენის ბოლო ფრაზა მე მეხებოდა, მაგრამ არაფერი მითქვამს საწინააღმდეგო და ვიკითხე:
– ეს მაყუთი საიდან, ნოდარ-ჯან?
– მოტოციკლეტისთვის ვაგროვებდი, – მითხრა ნოდარმა, – სოლოლაკელი რომასგან უნდა მეყიდა და სიურპრიზს გიმზადებდით, მაგრამ, ვინ გაცადა!
მახო კვლავ თავჩაღუნული იდგა და თვალებზე ცრემლები ჰქონდა მომდგარი. ნოდარმა მეგობრულად მოუთათუნა მხარზე ხელი და უთხრა:
– კარგი, კარგი, გეყოფა, ცრემლები არ დამანახვო, ვის არ მოსვლია შეცდომა! მაგრამ, ძმურად გთხოვ, მეტი აღარ ითამაშო. რომელი ყომარბაზი შენ ხარ...
– აღარ ვითამაშებ, ძმებო, პირობას ვდებ, მართლა აღარ ვითამაშებ, – ამოილუღლუღა მახომ და სამივე ისაკასკენ გავემართეთ ბეჭდის გამოსასყიდად.
ისაკა ერთ ნესტიან სარდაფში ცხოვრობდა და ერთი ჟანგიანი საწოლის, დამტვრეული სკამისა და მონგრეული მაგიდის მეტი არაფერი ედგა სახლში. თავს იკატუნებდა, თორემ, ფული ჩეჩქივით ჰქონდა და, რომ მოსდომებოდა, ნახევარ თბილისს იყიდდა. მოკლედ, მივედით, ფანჯარაზე მივუკაკუნეთ, და გამოვახედეთ. მახომ ჰკითხა:
– ძია ისაკ, ჩემი ბეჭედი ხომ ისევ შენ გაქვს?
– მა რა, მახო-ჯან! – დაიღრიჯა ისაკა. შარვლის ჯიბიდან ბრილიანტის ბეჭედი ამოაცურა, დაგვანახა, კვლავ შეინახა და გვკითხა, – დასაბრუნებლად მოხვედით?
– ჰო, ძია ისაკ, დასაბრუნებლად, – თქვა მახომ და ჯიბისკენ წაიღო ხელი, რომ ფული ამოეღო, მაგრამ ისაკამ შეაჩერა:
– რას აკეთებ, შე ბემურაზო, აბა, ასე იქნება? სახლში შემოდით და იქ გავსწორდეთ, ქუჩაში ფულის ამოღება როგორ შეიძლება!
ჩვენ ზიზღით შევედით ისაკას ნესტიან, მოშლილ სახლში, სადაც ისეთი სიმყრალის სუნი იდგა, რომ გაიგუდებოდი. მე მგონი, იმ ნაბოზარს შეგნებულად ჰქონდა ასე მოწყობილი, რომ, ვინიცობაა, სახლში ქურდები მისდგომოდნენ და ფული მოეთხოვათ, დიდხანს ვერ გაჩერებულიყვნენ იქ. მოკლედ, შევედით და ისაკამ გვითხრა:
– ფული მაიტანეთ?
– მა რა, – მიუგო მახომ, ჯიბიდან ორასი მანეთი ამოაცურა და უთხრა, – აი, ორასი მანეთი, ჩაიბარე, ძია ისაკ, და ბეჭედი დამიბრუნე.
– ბეჭედი დამიბრუნე... – გამოაჯავრა ისაკამ მახო, – მერე და არ იცი, რომ კიდევ ხუთი თუმანი გაქვს დასამატებელი?
– ხუთი თუმანი? კი მაგრამ, რატომ? – აღშფოთდა მახო, – მე ხომ ორასი მანეთი გამოგართვი?
– მერე, როდის გამომართვი, გახსოვს?
– ხუთი დღის წინ.
– სწორია. ჰოდა, მახო-ჯან, ყოველ დღეზე თუმანი გაქვს გადასახდელი, რაც, „ობშჩი შჩოტში“, ხუთი თუმანი გამოდის, სულ კი – ორას ორმოცდაათი მანეთი.
– ეგრე რომ არ მოვლაპარაკებულვართ?!
– რა მოლაპარაკება გინდა, შვილო, ეს ხომ დაუწერელი კანონია და, მე მეგონა, იცოდი.
– არა, საიდან? – თქვა მახომ.
– ჰოდა, ახლა ხომ იცი, წადით, კიდევ ხუთი თუმანი გაჩითეთ და ბეჭედიც ჩაიბარეთ, – გვითხრა ისაკამ.
– ძია ისაკ, – დაიწყო მახომ, – ხვალ დედაჩემი უნდა დაბრუნდეს და, ბეჭედი რომ ვერ ნახოს, მაგრად მომხვდება. კაცობას გეფიცები, ორასი მანეთი დაიტოვე და ბეჭედი მომეცი, დარჩენილ ფულს კი, ჰა-ჰა, ორ-სამ დღეში დაგიბრუნებ.
ისაკას ირონიულად ჩაეცინა:
– შენ რა, გოიმი მნახე თუ გუშინდელი ღლაპი, რომ დაგიჯერო? ფული მაიტანე და ბეჭედი წაიღე, თან იჩქარეთ, თორემ, რამდენ დღესაც გადააცილებთ, იმდენი თუმნიანის დამატება მოგიწევთ!
ისაკას სიტყვებზე, საშინლად აღვშფოთდი და ვუთხარი:
– ეგ სადაური სამართალია, ღმერთი არ გწამს? რა ამბავია, ყოველდღე თუმნის დამატება, ქვეყანა ჩალითაა დაფარული თუ ბნელა?
– ასეა, ძმაო, – თანატოლივით, სერიოზულად მითხრა ისაკამ, – წადი, გაარკვიე და მერე მითხარი. მე ყოველდღე ათ მანეთს ვამატებ, პლეხანოველი პესკარა კი თხუთმეტ მანეთად იძლევა მაყუთს.
– კარგი, რა, ნამუსი არ გაქვს? საიდან უნდა იშოვოს პატარა ბავშვმა ამდენი ფული? – შევუტიე ისაკას, – ორასი მანეთი იკმარე და ხუთ თუმანსაც ამ დღეებში მოგიტანთ.
– პატარა ბავშვი!.. – გაიმეორა ისაკამ, – ზარს რომ ყომარობდა ოყროყასთან, თანაც, გაკეთებული კამათლებით, მაშინ უნდა ეფიქრა. ახლა კი ან მაყუთი მოიტანეთ, ან აქედან დაახვიეთ, თორემ, ულვაშა კარენას დავუძახებ და თქვენს თავს შევაჭმევინებ.
„ულვაშა კარენა“ ისაკას უზარმაზარი ვირთაგვა იყო, რომელიც მის აყროლებულ სახლში ცხოვრობდა და იმ ნაბოზარს ჭკვიანი ნაგაზივით ჰყავდა გამოწვრთნილი. მისი სახელის ხსენებაზე კარენა სოროდან გამობობღდა, ისაკას გვერდით გაჩერდა, უკანა თათებზე დადგა და ცხვირით ჰაერი შეისუნთქა. ის საზიზღარი ისეთი დიდი და ამაზრზენი იყო, რომ უნებლიეთ შევხტი. ისაკამ ამით ისარგებლა და გვითხრა:
– აუდიენცია მორჩა. წადით და მაყუთი იშოვეთ, თორემ ბეჭედს დაკარგავთ!
ისაკას სიტყვებზე ისე გავმწარდი, რომ დავაპირე, ყელში ვცემოდი, მაგრამ, ულვაშა კარენა სტოიკაში დადგა და გველივით ასისინდა, თანაც, ნოდარმა დამატორმუზა:
– დამშვიდდი, ზვიად! არ ღირს ამ ჩათლახის გამო თავის გაფუჭება. წამოდი, მაყუთი ვიჩალიჩოთ, – შემდეგ ისაკას მიუბრუნდა და უთხრა:
– რამდენია გადასახდელი?
– ოცდახუთი თუმანი, ჯიგარო-ჯან, – სხაპასხუპით თქვა ისაკამ.
– კარგი, მოვიტანთ, – თქვა ნოდარმა და ისაკას აყროლებული სახლიდან გამოვედით.
– გოიმები ხომ არ ვართ, ამ, ნაბოზარს მაყუთი ვუხადოთ? – ვცხარობდი მე. ნოდარმა კი უხმოდ გაგვატარა სამასიოდე მეტრი და, ფუნიკულიორის სადგურს რომ მივუახლოვდით, გაგვაჩერა და გვითხრა:
– ისაკა მეშოკში გვყავს. ბეჭედიც შეგვრჩება, ორასი მანეთიც და კიდევ ბევრ მაყუთსაც ავახევთ. რა ღირს, მახო, დედაშენის ბეჭედი?
– ათას ორასი მანეთი, – უთხრა მახომ.
– ჰოდა, ისაკა კიდევ ათას ორას მანეთს დადებს.
– რას ბოდავ, ნოდარ, რის ათას ორას მანეთს? – ვუთხარი ნოდარს, – წამოდი, ხუთი თუმანი ვიჩალიჩოთ, რომ ბეჭედი არ დავკარგოთ!
– არ დავკარგავთ, – თქვა ნოდარმა. შემდეგ ბრილიანტის ბეჭედი ამოაცურა ჯიბიდან და დაგვანახვა, – აი, ისიც!
– ეგ როგორ, ნოდარ? – ენა დაება მახოს, – როგორ დაითრიე ბეჭედი?
– თითებით, მახო-ჯან, თითებით, – თქვა ნოდარმა და ბეჭედი მახოს მისცა, – ახლა ხუთ თუმანს ავიღებ სახლიდან და ისაკასთან მივიდეთ ბეჭდის გამოსასყიდად, მერე კი ვალიც დავადოთ.
აი, ამის გამო შევარქვით ნოდარს „თითა“ და, სხვათა შორის, მაგაზე მაგარი ბავშვი ჯიბგირი იმ პერიოდში მთელ თბილისში არ მოიძებნებოდა.
კმაყოფილი ხარ, ნატა, ახლა ხომ იცი, თუ რატომ ვუწოდებთ მამაშენს „თითას“?
– ისაკას რა ბედი ეწია? – იკითხა ნატამ.
– ისაკამ ათას ხუთასი მანეთი მოიტანა და შევეშვით, – ჩაეცინა მათეს.
– ათასორასმანეთიან ბეჭედში ათას ხუთასი როგორ ააფცქვენით?
– როგორ და, მისივე პრინციპით: ყოველ გადაცილებულ დღეზე ათი მანეთით დავშტრაფეთ. ის კი ერთი თვე აღარ ჩანდა როცა შეიტყო, რომ ბეჭედი არ ჰქონდა, დაიმალა. მაგრამ, შევუთვალეთ, რომ, ან ფული მოეტანა, ან – ბეჭედი და, ბოლოს ათას ხუთასი მანეთი ჩაგვაბარა.
– რა ხნის იყავით მაშინ? – იკითხა ნატამ.
– ხომ გითხარი უკვე, ცამეტ-ცამეტი წლის, – თქვა მათემ, – პატარები კი ვიყავით, მაგრამ, ბევრ დიდს არ ჩამოვუვარდებოდით და კარგი სახელი გვქონდა. მამაშენი კი განსაკუთრებულად გამორჩეული იყო და ისე ჯიბგირობდა, ერთხელაც არ დაუჭერიათ.
– ეჰ, – ხელი ჩაიქნია ნოდარმა, – როდის ეგ იყო! ნეტავი, ერთი კვირით მაინც დამაბრუნა იმ დროში.
– ოცნება კარგია, მაგრამ რეალობას დავუბრუნდეთ, – თქვა მათემ და ნოდარს მიუბრუნდა:
– ყველაფრის საქმის კურსში ხარ. რას იტყვი, შემოგვიერთდები?
– მიმიღებთ, რო?
– მიღებული არ ხარ? – თქვა მათემ და დანარჩენებს მიუბრუნდა, – რას იტყვით, გვინდა ასეთი კომპანიონი?
– ბაზარი არაა, – ერთხმად თქვეს ჰამომ და პეტიკომ, ნატამ კი დაამატა:
– ეს რა მამა მყოლია და არ ვიცოდი: ჯიბგირი, მძარცველი და ბრილიანტების გამტაცებელი. ბაზარი არაა, თანახმა ვარ, რომ ჩვენს შაიკაში მივიღოთ.
– ესე იგი, თქვენიანი ვარ? – ხუმრობით თქვა ნოდარმა.
– შენ დიდი ხანია, ჩვენიანი ხარ, შე ძველო! – თქვა მათემ და ნოდარს მხარზე მოუთათუნა ხელი, – შენისთანა კაცი ჩვენთვის მისწრებაა.
– თანაც პუსტოი არ ვარ, – თქვა ნოდარმა, წელიდან სპეციალური კორსეტი მოიხსნა. შემდეგ მაგიდაზე დადო, გაშალა და ბუდეში ჩალაგებული ბრილიანტები ელექტროშუქზე აკიაფდა.
– ხომ ვამბობდი, ბრილიანტები თან ექნება-მეთქი, – თქვა მათემ, – ალბათ, შენი ცოლ-შვილიც აქ გყავს.
– კი, სარა, ბექა და ნინო თბილისში არიან. მართლა ძლივს მოვუტყდით ინტერპოლს და ერთი ნაბიჯით გამოვასწარით გერმანიიდან.
– ახლა სად არიან?
– მოპირდაპირე სახლში.
– მოპირდაპირე სახლში? – გაიმეორა ნატამ, – კი მაგრამ, ვისთან?
– ისეთივე ბაითში, როგორიც ესაა და იმასაც შავი დღისთვის ვინახავდი. ახლა კი ეს შავი დღე დადგა და ვიყენებ.
***
თითას კონსპირაციულ ბინაში გამართულ თათბირზე გადაწყდა, რომ მათე და კამპანია იქვე დაიმალებოდნენ და პირველივე ხელსაყრელი შემთხვევისას მთაში ავიდოდნენ დროებით. ჰამოსა და პეტიკოს კი მათთან კავშირი უნდა ჰქონოდათ, რომლებიც მათეს ინფორმაციებს მიაწვდიდნენ.
ჰამო და პეტიკო იმავე გზით დაბრუნდნენ სახლში, რომლითაც წამოვიდნენ და ამერიკელებს ეჭვიც არაფერზე აუღიათ. ის-ის იყო, ღამენათევი და საშინლად დაღლილი პეტიკო დაძინებას აპირებდა და თავი ბალიშზე დადო, რომ ტელეფონმა დარეკა.
– უცხო ნომერია, – თქვა პეტიკომ, მაგრამ მაინც უპასუხა:
– გისმენთ!
– როგორ ხარ, ძვირფასო? – მოესმა პეტიკოს გენერლის ხმა, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრად ახალი დანიშნული იყო და პეტიკოს კარგად იცნობდა, – მიცანი?
– ბატონ გენერალს ვახლავარ! – მიუგო პეტიკომ, – გისმენ, ჩემო კარგო, რისთვის გარჯილხარ?
– წუხანდლიდან გირეკავ და ვერა და ვერ დაგიკავშირდი.
– ჰო, რაღაც პროექტზე ვმუშაობდი და, ხელი რომ არავის შეეშალა, მობილური გამოვრთე. რაშია საქმე, ხომ მშვიდობაა?
– შენი ნახვა მინდა.
– სად და როდის მოვიდე?
– ერთ საათში ჩემთან, კაბინეტში.
– კარგი, მოვალ, – თქვა პეტიკომ. შემდეგ ქაღალდზე დაწერა და ჰამოს მისცა წერილი, რომელშიც სულ სამი წინადადება ეწერა: „მინისტრი მიბარებს. რა უნდა, არ ვიცი. ჩვენები ფხიზლად იყვნენ“.
ჰამომ თავი დაუქნია პეტიკოს და ხმა არ ამოუღია. პეტიკომ კი ჩაიცვა, მანქანაში ჩაჯდა და გენერალთან წავიდა. ერთი საათის მერე კი უკვე მინისტრის კაბინეტში იყო და ახალთახალ ფორმაში გამოწყობილ გენერალ-მაიორს მიესალმა.
– გილოცავ წოდებას და თანამდებობას. როგორ ხარ?
– როგორ ვიქნები! დიდი პასუხისმგებლობა დამეკისრა და უნდა გავამართლო ის დიდი ნდობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობამ დამაკისრა. შენგან კი, ჩემო პეტიკო, დახმარება მჭირდება.
– მზად ვარ, გემსახურო, ბატონო გენერალო, – უთხრა პეტიკომ მინისტრს. თუმცა, გრძნობდა, რომ საკმაოდ მძიმე, არასასიამოვნო ლაპარაკი უნდა ჰქონოდა, – ყოველთვის მზად ვარ, რომ მეგობრებს დავეხმარო.
– მეგობრობა აქ არაფერ შუაშია, – მოულოდნელად ხმას აუწია გენერალმა და პეტიკოს გამჭოლი მზერა ესროლა, – როდესაც ქვეყნის ინტერესებზეა საუბარი, არც მეგობრობა არსებობს, არც დედმამიშვილობა და არც მამაშვილობა.
– აბსოლუტურად გეთანხმები, – გენერლის მკაცრი ტონის შერბილება სცადა პეტიკომ, – ბრძანე, რაშია საქმე და რით შემიძლია, გემსახურო.
პეტიკოს სიტყვებზე გენერალი მოულოდნელად მოლბა, წამოდგა, ოთახში გაიარ-გამოიარა და უთხრა:
– სწორედაც რომ უზუსტესად განსაზღვრე. ჩვენ ყველა უნდა ვემსახუროთ, მაგრამ უნდა ვემსახუროთ არა სატანას, არამედ, ჩვენს სამშობლოს.
– ასპროცენტიანია, შენ გენაცვალე, – უთხრა პეტიკომ გენერალს, – ჩვენ ყველა ჩვენს სამშობლოს უნდა ვემსახუროთ და მეც მზად ვარ.
– ჰოდა, თუ მზად ხარ, ჩემო კარგო, მაშინ რამდენიმე კითხვაზე გამეცი პასუხი.
– კი ბატონო, გისმენ.
გენერალი კვლავ თავის სავარძელს დაუბრუნდა, ჩაახველა და კოპებშეკრულმა უთხრა პეტიკოს:
– ორიოდე დღის წინ რომ ქვეყნის მოღალატეთა ორგანიზებული ჯგუფი დავაპატიმრეთ, ალბათ, იცი და ამაზე აღარ შევჩერდები.
– რა თქმა უნდა, ვიცი.
– ჰოდა, ჩემო კარგო, იმათ ჩვენებებში შენი სახელი ამოტივტივდა:
– როგორ, ჩემი სახელი?
– როგორ, ძვირფასო პეტიკო და, გაირკვა, რომ შენ მფარველობ მათეს, რომელსაც ჩვენი მოძმე სახელმწიფო ამერიკა ეძებს, ასევე, რუსეთიც და მის კვალს ჯერჯერობით ვერსად მივაგენით. რას იტყვი ამის შესახებ?
– ვიტყვი იმას, ჩემო ძვირფასო, რომ ეს ყველაფერი მტკნარი სიცრუეა, დაპატიმრებულები ტყუილს ამბობენ, ცილს მწამებენ და ვერ ვხვდები, რაში სჭირდებათ ეს ყველაფერი, – დინჯად, მაგრამ საკმაოდ მკაცრი ტონით უთხრა მინისტრს პეტიკომ, – შენ მე კარგად მიცნობ, გუშინდელი ნაცნობები არ ვართ. თუ ჩემში ეჭვი მაინც გეპარება, მაშინ, შეგიძლია, ოფიციალურ საშუალებებს მიმართო და სხვაგვარად, სულ სხვა ვითარებაში გაარკვიო ჩემი სიმართლე. მე არც მათეს ვიცნობ და არც სხვა ვინმეს. ხოლო თუკი ეს ყველაფერი იმისთვისაა მოგონილი რომ ჩირქი მომცხონ, გამწეწონ და მიწასთან გამასწორონ, არ გამოუვათ!
– არავინ აპირებს შენს დაჩაგვრას და არც შენ ხარ ის კაცი, რომ ვინმეს თავი დააჩაგვრინო, – მშვიდად მიუგო გენერალმა პეტიკოს, – შენ იცი, რომ ამერიკელების ოცდაოთხსაათიანი მეთვალყურეობის ქვეშ ხარ?
– მართლა?
– მართლა, – დაუდასტურა გენერალმა.
პეტიკოს ჩაეცინა და გენერალს უთხრა:
– კი მაგრამ, რაში დასჭირდათ, რომელი ბინ ლადენი მე მნახეს, რომ ჩემზე ოცდაოთხსაათიანი კონტროლი აქვთ დაწესებული?
– შენ არა, მაგრამ, ჩერეზ შენგან უნდათ ბინ ლადენზე გასვლა.
– ვინ ბინ ლადენზე?
– ბინ ლადენი ხუმრობით ვახსენე, მათეზე უნდათ გასვლა და იმიტომ გითვალთვალებენ. დარწმუნებულები არიან, რომ, ადრე თუ გვიან, ის დაგიკავშირდება და შენი მეშვეობით დაიჭერენ.
– კარგი, რა, – ჩაეცინა პეტიკოს, – გიმეორებ, რომ არც მათეს ვიცნობ და კარგად არც კი ვიცი, ვინაა. ყურმოკრული მაქვს რაღაც და სულ ეს არის. მე ჩემი ბიზნესი მაქვს. მართალია, ზოგჯერ კანონსაც ვარღვევ ხოლმე, მაგრამ, ვიღაც-ვიღაცეებსაც ხომ ვუსწორებ და ზოგ-ზოგიერთებივით არ ვღორობ. ნარკოტიკებით მე არ ვვაჭრობ, იარაღით და ხალხით. მე ხომ ამ კუთხით სუფთა ვარ და არც ამერიკელებისა და არც შენს ძვირფას ყურადღებას არ ვიმსახურებ.
– დარწმუნებული ხარ შენს სიტყვებში?
– ათასი პროცენტით! – მტკიცედ თქვა პეტიკომ.
გენერალს ირონიულად ჩაეცინა, წამოდგა და ოთახში გაიარ-გამოიარა. შემდეგ პეტიკოს პირისპირ დადგა და უთხრა:
– წამოდი, გვერდით ოთახში გავიდეთ.
პეტიკო და გენერალი პატარა, მოსასვენებელ ოთახში გავიდნენ და მინისტრმა კარი გამოიხურა. შემდეგ პეტიკოს სავარძელზე მიანიშნა და უთხრა:
– ეს ერთადერთი ადგილია, სადაც ის ნაბოზრები ვერ მომისმენენ.
– ვინ ნაბოზრები და რა მოსმენაზე მელაპარაკები, შენ ვინ უნდა მოგისმინოს?
– ნაბოზარმა ამერიკელებმა, – ჩაეცინა გენერალს, – აბა, მე მისმენენ თუ მისმენენ, მაგრამ, სულ ერთ ადგილზე მკიდია. აქ კი იმიტომ შემოგიყვანე, რომ სრულიად სერიოზულად დაგელაპარაკო ერთი-ერთზე და ყველაფერი გავაიასნო.
– გისმენ, მიბრძანე...
გენერალმა პეტიკოს ოთხი ცალი ფერადი სურათი მიაწოდა და უთხრა:
– დაათვალიერე!
პეტიკომ გულდასმით დაათვალიერა ფერადი ფოტოსურათები, რომლებზეც ახალგაზრდა გოგონა და პატარა გოგო-ბიჭი იყვნენ აღბეჭდილი, თუმცა, ვერავინ იცნო და გენერალს უთხრა:
– ვერავის ვცნობ, ვინ არიან?
– მათეს ცოლ-შვილი.
– მერე, მე რა შუაში ვარ?
– ისინი მე მყავს. ჩემმა ხალხმა მიაგნო მათ ადგილსამყოფელს და საიმედოდ მყავს გადამალული. თუმცა, იმათ არც კი იციან, რომ ჩემთან არიან და ჰგონიათ, თითქოს მათეს ბრძანებით შეუცვალეს ადგილმდებარეობა.
გენერლის სიტყვებზე პეტიკოს ფერი ეცვალა და უხეშად უთხრა:
– მერე, მე რატომ მრევ ამ საქმეში, მე რა შუაში ვარ?
– მინდა, რომ შუამავლის როლი შეასრულო და, რაც გითხარი, მათეს ყურამდე მიიტანო. არ მგონია, ისეთი კურდღელი იყოს, რომ ცოლ-შვილის გათავისუფლების ფასად ჩაბარებაზე არ დამთანხმდეს.
– რომ არ დაგთანხმდეს, მაშინ, რას უზამ მის ცოლ-შვილს? – უღრიალა გენერალს წამოწითლებულმა, უკიდურესად გამწარებულმა პეტიკომ, – ცოლ-შვილი რა შუაშია, თუ ერთი ადგილი გაქვს, მათე დაიჭირე!
– აბა, არ ვიცი, სად არისო? – ნიშნისმოგებით უთხრა გენერალმა პეტიკოს.
– მერე, როდის გითხარი, ვიცი-მეთქი? – ზიზღნარევი ტონით თქვა პეტიკომ, – მე, უბრალოდ, გირჩევ, რომ ასეთ სახიფათო თამაშს თავი დაანებო და ღირსეულად, კაცურად მოიქცე.
– რჩევისთვის მადლობელი ვარ, მაგრამ, ჯობია, დამიჯერო და მათესთან შემახვედრო.
– მე არც მათეს ვიცნობ და არც მასთან შეხვედრის მოწყობა შემიძლია. თუმცა, გიმეორებ: შეეშვი ასეთ საზიზღარ თამაშს და მისი ცოლ-შვილი გაუშვი!
გენერალმა მშვიდად გააბოლა და პეტიკოს უთხრა:
– კაცობას გეფიცები, რომ ეს საუბარი არასოდეს გაბაზრდება და ჩვენ ორს შორის დარჩება. არ იფიქრო, რომ გინაჟიმებ. უბრალოდ, ქვეყანას, საქმეს სჭირდება ასე და ჩემთან თანამშრომლობას გთავაზობ.
– რა თანამშრომლობას, ვერ ვხვდები, მავერბოვკებ?
– მითხარი, სადაა მათე და, პირობას გაძლევ, ვერავინ შეიტყობს, ვისგან გავიგე ეს ინფორმაცია.
– შენ ხომ არ შეიშალე, გენერალო? რამდენჯერ უნდა გაგიმეორო, რომ მათეს არ ვიცნობ! ან ოფიციალური ბრალდება წამომიყენე და სხვაგან ვილაპარაკოთ, ადვოკატების თანდასწრებით, ან მე წავედი, – თქვა პეტიკომ და წამოდგა.
– დაჯექი მანდ! – ხმას აუწია მინისტრმა, – ჯერ ლაპარაკი არ დამიმთავრებია!
– მე კი უკვე დავამთავრე, ნახვამდის! – თქვა პეტიკომ და კარისკენ გაემართა, მაგრამ ის გენერალმა შეაჩერა:
– ერთი წუთით მოითმინე, შენთან სათქმელი მაქვს.
– რა სათქმელი, რა გინდა?
– გინდა, რომ ბოზის იარლიყი აგაკრა და მთელ მსოფლიოს გავაგებინო, რომ მათე შენ ჩაუშვი?
– რას როშავ, რა მათე, რის იარლიყი? – ზიზღით თქვა პეტიკომ და კარის სახელურს წაეპოტინა.
– ერთი წუთით, ერთი წუთით, არ გააღო! – მიაძახა მას მინისტრმა და უთხრა: – მათე მთაწმინდაზე იმალება ნატასთან ერთად და, რომ „ავაგდებთ“, გავაბაზრებ, თითქოს შენი ჩაშვებულია.
პეტიკო გველნაკბენივით შეტრიალდა, მაგრამ ვნებები დაიოკა და გენერალს უთხრა:
– რას ბოდავ, ნატა ვინაა, რა მთაწმინდაზე?
– იმ მთაწმინდაზე, სადაც ორი მოპირდაპირე ბინაა განთავსებული და ერთში ნოდარი და მისი ცოლ-შვილი იმალება, მეორეში კი – მათე და ნატა. შენ და ჰამო კი მათ ინფორმაციებს აწვდით.
– რა სისულელეა!.. – გაუბედავად თქვა პეტიკომ, რომელიც ვერ ხვდებოდა, საიდან იცოდა ეს ყველაფერი გენერალმა.
– არავითარი სისულელე! ესაა ზუსტი ინფორმაცია. ახლა ჩვენს სპეცნაზს გავგზავნი იქ და ყველას „აყრიან“, შენ კი ნაბოზრის იარლიყი გარანტირებული გაქვს, – თქვა მინისტრმა, ტელეფონს დასწვდა და ნომერი აკრიფა.
პეტიკომ პატარა კომოდზე პისტოლეტი დაინახა, დასწვდა, გენერალს მიუშვირა და კბილებში გამოსცრა:
– ახლავე დადე ყურმილი!
მინისტრმა ირონიული მზერა ესროლა პეტიკოს, ნომრის აკრეფა არ შეუწყვეტია და უთხრა:
– აბა, მათეს არ ვიცნობო?
– ყურმილი დადე!
– რა, მესვრი?
– უეჭველად! ყურმილი დადე!
– მესვრი და აქვე მოგკლავენ.
– მკიდია! ყურმილი დადე!
მინისტრმა ბოლო ციფრიც აკრიფა და დაელოდა. პეტიკომ კი პისტოლეტი გადატენა და კბილებში გამოსცრა:
– ბოლოჯერ გეუბნები, ყურმილი დადე!
გენერალმა ყურადღება არ მიაქცია პეტიკოს მაუზერს და ტელეფონში თქვა:
– როინ, ახლავე შეკრიბე შენები და მთაწმინდაზე... – გენერალს ფრაზა აღარ დაუმთავრებია, რადგან პეტიკომ მას შუბლში დამიზნებული პისტოლეტიდან ერთხელ ესროლა და გენერალმა ლაპარაკი შეწყვიტა, თუმცა მინისტრი კვლავ ფეხზე იდგა და უცნაურად უღიმოდა პეტიკოს. მან კიდევ ორჯერ გაისროლა პისტოლეტიდან და მინისტრი კი მაინც ფეხზე იდგა.
– გეყოფა ჯახანი, ვერ ხვდები, რომ „ხალასტოებია“?
– რა „ხალასტოები“? – აღმოხდა პეტიკოს.
– აბა, შენ სულელი გგონივარ, რომ თავი მოგაკვლევინო?
გაგრძელება შემდეგ ნომერში