ღამის საჩუქარი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹25(495)
ლიკასთვის სოფი არასდროს ყოფილა ავტორიტეტი. პირიქით, გულის სიღრმეში ყოველთვის დასცინოდა და „პროვინციალიზმის იშვიათ ნიმუშს“ ეძახდა. რა თქმა უნდა, ხმამაღლა არა, მხოლოდ გუნებაში. ხმამაღლაც არ მოერიდებოდა და ეტყოდა, მაგრამ, სამსახურში აშკარა დაპირისპირებას მოერიდა. სოფოს ნამდვილად არ დაეზარებოდა და სამუშაო საათებში მოაწყობდა სკანდალს. პრინციპში, ლიკასთვის სულერთიც იყო, სოფო პროვინციელი იქნებოდა თუ დედოფლის მანერებით იგოგმანებდა ბანკში, მაგრამ იმ დღეს მან ის „ოქროს შუალედი“ „შეურაცხყო“, რომელიც მათ შორის უსიტყვოდ, წინასწარი შეთანხმების გარეშე არსებობდა. ლიკა თავს დამცირებულად გრძნობდა. სოფიმ ყველაზე სუსტ წერტილში დაარტყა, რამაც მის პატივმოყვარეობაზე იმოქმედა და იძულებული გახდა, იმაზე ეფიქრა, რაც თავადაც აწუხებდა, მაგრამ დიდი ძალისხმევის ფასად ახერხებდა, ყურადღების მიღმა დაეტოვებინა. სოფიზე და, მასთან ერთად, მთელ სამყაროზე გამწყრალმა ლიკამ უღალატა მათ ოჯახში დროებით, საგანგებო რეჟიმში დამკვიდრებულ „ოქროს წესს“ – არ დაეხარჯა იმაზე მეტი, რაც სავალდებულო იყო, და ტაქსი გააჩერა. ეს ლაშას, შეიძლება, სოფოს, ან, სულაც, საკუთარი თავის ჯიბრით გააკეთა. სახლამდე მთელი გზა მოღუშული იჯდა და იმაზე ფიქრობდა, როგორ დაატეხდა მთელ რისხვას ქმარს, რომელმაც სოფოს დასაცინად გაუხადა საქმე.
ლაშა და ვატო თამაშობდნენ. რა თქმა უნდა, ფეხბურთს და, რა თქმა უნდა, დიდ, სასტუმრო ოთახში, კომპიუტერის, ტელევიზორის, სამშვენისებისა და კიდევ უამრავი ლამაზი და საჭირო ნივთის რეალური განადგურების საშიშროების გაუთვალისწინებლად. მაგრამ ლიკასთვის ეს არც სიახლე იყო და არც აღმაშფოთებელი ფაქტი. თითქმის ყოველდღე, რამდენიმე საათის განმავლობაში, მათი სასტუმრო ოთახი ფეხბურთის მოედნად იქცეოდა ხოლმე და ლიკა ამას არ აპროტესტებდა. თუმცა, ისედაც საჩხუბრად შემართულისთვის, ამჯერად სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, რომ ვულკანივით ამოეხეთქა:
– ერთობი, არა? მიდი, მიდი, რა გენაღვლება, დაამტვრიე, რაც ჯერ კიდევ მთელია! ხვალ წახვალ და ახალს იყიდი, შენ ხომ მაგარი ბიჭი ხარ!
ვახომ დამფრთხალი მზერა ჯერ დედას შეავლო, მერე ბურთი ჩაბღუჯა და მამის ზურგსუკან დამალა. ლაშამ შვილს თავზე დაადო ხელი და ცოლს უკმაყოფილოდ უსაყვედურა:
– ნუ ყვირი, ბავშვს ეშინია!
– ვყვირი? მე? სულ არ ვყვირი და ნუ ცდილობ, ბავშვთან დამამცირო! შენ სულ ასე აკეთებ. სპეციალურად, ჩემს ჯიბრზე ისე იქცევი, თითქოს ვატო მარტო შენ გიყვარდეს!
ლაშამ ამოიოხრა, მაგრამ ცოლს მაშინვე არაფერი უთხრა. ვატოს მხარზე მოხვია ხელი, დაიხარა და ყურში რაღაც წასჩურჩულა. ბავშვმა მორჩილად დაუქნია თავი, ბურთი აიღო და თავისი ოთახისკენ გაემართა.
– რა უთხარი?.. ჩემ წინააღმდეგ ამხედრებ, ხომ? – ეცა ლიკა.
კაცმა ცოლს მაჯაში ჩაავლო ხელი და მაგრად მოქაჩა თავისკენ.
– ნელა, მტკივა! – იყვირა ლიკამ.
– უფრო მაგრად გეტკინება, თუ ახლავე არ დაწყნარდები! – მშვიდი, მაგრამ კატეგორიული ტონით უთხრა ლაშამ და ლიკაც მიხვდა, რომ მისი ქმარი არ ხუმრობდა. ლაშას ზოგადად მშვიდ ხასიათში იყო პატარ-პატარა თავისებურებები, რომლებიც მას იშვიათად გამოჰქონდა სააშკარაოზე. მაგრამ, როცა ამას აკეთებდა, საკმაოდ საშიში და ანგარიშგასაწევი ძალა ხდებოდა. ამიტომაც არჩია ქალმა, უკან დაეხია, თუნდაც დროებით და, თუნდაც, ხელახალი შეტევისთვის მოსამზადებლად.
– დამშვიდდი? – ჰკითხა წარბშეკრულ ცოლს კაცმა და ხელი გაუშვა. ქალის ნაზ კანს წითლად დაეტყო მისი თითების ანაბეჭდი, – ნუ გეშინია, ძალიანაც არ მომიჭერია, გაგივლის.
– ველური ხარ, – ლიკამ ნატკენზე დაიხედა, – ნამდვილი ველური და არარაობა!
– მდა! რაღაც მოხდა. აბა, დაჯექი და დალაგებით მოყევი, ვინ ან რამ გადაგრია.
– არავის არ გადავურევივარ, შენ მიშლი ნერვებს. საშუალებას არ მაძლევ, ცოტათიც კი არ ამომასუნთქებ, რომ აღარ გეჩხუბო.
– ამიტომ ვარ არარაობა?
– დიახ, ამიტომ ხარ არარაობა... – ლიკამ ეს სიტყვები შედარებით ფრთხილად, აგრესიის გარეშე წარმოთქვა. არ უნდოდა, წუთის წინ ამოსაფრქვევად გამზადებული და ისევ მიძინებული ვულკანი ხელახლა გაეღვიძებინა.
– ჰმ, – ჩაიცინა ლაშამ, – წესით, მე უნდა ვყოფილიყავი ჩხუბის ინიციატორი, იმიტომ რომ, სერიოზული მიზეზი მაქვს.
– მე ასეთი მიზეზი სულ მაქვს.
– ეგ უკვე ვიცი და, მაინც, დღეს კიდევ მოხდა რაღაც, თვალებში გატყობ. ხომ იცი, ვერაფერს გამომაპარებ.
– ჰო, მოხდა. დღეს სოფიმ შემომთავაზა, საყვარელი გაიჩინეო, – ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ წარმოსთქვა ლიკამ, დოინჯშემოყრილი ქმარს გამომწვევად დაუდგა წინ და სახეში მიაშტერდა. ლაშამ უყურა ცოლს, უყურა და სიცილი აუტყდა. ლიკასთვის ეს ისეთი მოულოდნელი იყო, რომ გული ეტკინა.
– შენ, გეტყობა, ვერ გაიგონე, რა გითხარი.
– როგორ არა, მშვენივრად გავიგონე. ჰა, ჰა, ჰა! ამიტომ დაგვცოფე მე და ვატო? აუ, ლიკ, რა სასაცილო ხარ, რომ იცოდე!
– მე ვარ სასაცილო? მართლა რომ გავიჩენ საყვარელს, მერე იცინე. ჰო, მერე იცინე, მაგ ცარიელ თავზე რქები რომ ამოგეზრდება!
– ვა, სოფის რა ძვირფასი რჩევა მოუცია! რას ერჩი, ესმის ქალს საქმე და შენთვის სიკეთე უნდა. ხედავს, მუდმივად ქმრის უკმაყოფილო რომ ხარ და, ეტყობა, შეეცოდე. ყოჩაღ! თურმე, როგორ შესტკივა შენზე გული...
– რა მასხარა ხარ, შე საცოდავო, ნეტავი იცოდე! – ლიკამ დანანებით გადააქნია თავი.
– ვიცი, – გაიცინა ლაშამ, – ვიცი და, თუ გინდა, გეტყვი, რატომ ვარ სასაცილო: იმიტომ, რომ ფული არ მაქვს. იმდენიც არ მაქვს, რომ ყოველ სეზონზე ახალი ფეხსაცმელი გიყიდო. მანქანაზე და მობილურზე აღარაფერს ვამბობ. ოცი წლის წინ გამოშვებული, ვიღაც ბებერი გერმანელის „ნაკაჩავები“ „ოპელით“ დადიხარ და, იმის მაგივრად, რომ ანტალიაში ირუჯებოდე, სახლიდან მანქანამდე მზე რომ დაგწვავს, ის გიმუქებს კანს, ქალაქში ჩამოსული სოფლელი გოგოსავით. აი, ასეა, ჩემო კარგო!.. მაგრამ, რას იზამ, უტ...კო ქმარი რომ გყავს, ამას უნდა შეეგუო.
ლიკა შეცბა. ქმრის სიტყვები ცუდად ენიშნა. ლაშას არ გამოჰპარვია ცოლში მომხდარი ცვლილება და ბოლომდე „მიაწვა“:
– რა, არ ვარ უტ...კო? შენ ხომ ყველას ამას ეუბნები.
– რა სისულელეა!.. – პასუხს თავი აარიდა ლიკამ.
– ვატომ მითხრა. თურმე, დედაშენს შესჩივლე, რომ შენი ქმარი არაფერს აკეთებს და ისე გაგიჭირდა, ბავშვის სკოლიდან გამოყვანა გადაწყვიტე...
– არა, ვატომ კარგად ვერ გაიგო, – დაიწყო ლიკამ, მაგრამ ლაშამ თავის მართლების საშუალება არ მისცა:
– არ გინდა! ვიცი, რომ ვატო ტყუილს არ მეტყოდა. იცი, როგორ ინერვიულა? ლიკა, ვერ ვხვდები, ამას რატომ აკეთებ. თუ ჩემზე ხარ გაბრაზებული, მე გამისწორე ანგარიში, მაგრამ ვატოს თავი დაანებე.
– კარგი, მართალია, ვუთხარი დედაჩემს, რომ ზოგჯერ ბავშვის სკოლის გადასახადს ძლივს ვაგროვებთ. დავაშავე ამით? დედაჩემია, ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა იცოდეს, რა მდგომარეობაში ვართ?
– ახლა იმასაც გინდა, გული გაუხეთქო?
– კიდევ ვის უსკდება გული? ოღონდ, არ მითხრა, რომ შენ. სულერთია, არ დაგიჯერებ. მართლა რომ განიცდიდე ჩვენს ასეთ მდგომარეობას, რაღაცას გააკეთებდი.
– ლიკა, ვმუშაობ, ვმუშაობ და, მეტი რა ვქნა? მითხარი და იმას გავაკეთებ, რასაც მეტყვი. ქალი რომ ვიყო, ვინმეს მივცემდი, ფულიანს, რა თქმა უნდა და გავიუმჯობესებდი მატერიალურ მდგომარეობას. ის შენი სოფი ასე არ ცხოვრობს?
ლიკამ ქმარს შეხედა და მოულოდნელად ასლუკუნდა:
– ხედავ, რა საზიზღარი ხარ? ხედავ? ამით იმას მეუბნები, რომ მეც ვიღაც გავიჩინო? რა უნდა გელაპარაკო! სოფი მართალი ყოფილა – არავინ, არც ერთი კაცი, მით უმეტეს, ქმარი, არ ღირს იმად, რომ მის გამო საკუთარ სიამოვნებაზე თქვა უარი.
– დაიკიდე, რა! – ლაშა შეეცადა, ცოლისთვის მხარზე მოეხვია ხელი, მაგრამ ქალმა მკერდზე იდაყვით უბიძგა და გვერდზე მიაგდო.
– სწორედ მაგის გაკეთებას ვაპირებ, თანაც, რაც შეიძლება, მალე. დრო ისედაც ბევრი დავკარგე. ჯერ ახალგაზრდა ვარ და ახლა მინდა, რომ ცხოვრება მიხაროდეს.
– ლიკა, ნუთუ მართლა მარტო ფული გაინტერესებს?
– ამას შენ მეუბნები? შენ? – ლიკა აცრემლდა, – როგორ არ გრცხვენია! დაგავიწყდა, ვინ მთხოვდა ცოლობას? მე კი შენ გამჯობინე. სულელი ვიყავი...
– ჰო. ის ახლა ბანკის პრეზიდენტია, მე გამომცემლობაში ვჯახირობ და საკუთარი თანამშრომლების გარდა არავის ვიცნობ. შენ მარტო ფულიანი ქმარი კი არ დაკარგე, იმის შანსიც გაუშვი ხელიდან, რომ თბილისური ბომონდის ნაწილი გამხდარიყავი. ხომ ვხედავ, როგორ უყურებ ხოლმე საინფორმაციო გამოშვებებში სიუჟეტებს – გულის სიღრმეში ფიქრობ, არ გამიმართლა, ამ ბოთეს რომ გავყევი ცოლად, თორემ, წითელ ხალიჩაზეც გავივლიდი და შამპანურსაც დავლევდი ამ გაპრანჭულ ქალებთან ერთადო... მაგრამ, რა არის, იცი, საყვარელო? შენ მაგ ქალებს არ ჰგავხარ. არაფრით არ ჰგავხარ. თორემ, მაშინ არ შემიყვარდებოდი...
ლიკამ ყელში გაჩრილი ბურთი გადაყლაპა...
– მე აღარ მიყვარხარ...
– ჰო... ვიცი... – ლაშამ თმაზე გადაუსვა ხელი.
– არა, არ იცი, მართლა აღარ მიყვარხარ, ვატოს გეფიცები...
– ე... ლიკ, აბა, რას ამბობ? ბავშვს ტყუილზე იფიცებ და არც კი წითლდები. მოდი, იცი, რა ვქნათ? შენ ახლა წამოწექი და დაისვენე, მე კი რამეს მოვამზადებ, რამეს, ძალიან გემრიელს.
– მაგალითად...
ლაშა დაფიქრდა...
– კარტოფილს შევწვავ... ან, მაგალითად, პიცას ამოვიტან ლუდთან ერთად, „მარტინისაც“ გიყიდი, გინდა?
ლიკამ ამოიოხრა:
– რა ტყუილად იღლი ენას. ფული რომ არ გვაქვს, დაგავიწყდა? ისევ ყავას დავლევ და კარაქიან პურს შევატან. აზრი არ აქვს შენთან ლაპარაკს, უკვე მერამდენედ დავრწმუნდი ამაში, – ლიკამ ხელი ჩაიქნია, – ბავშვს მაინც თუ აჭამე რამე?
– კვერცხი შევუწვი.
– ესე იგი, კვერცხიც აღარ გვაქვს. ნამდვილად გავგიჟდები. მართლა არ ვიცი, ხვალ რა უნდა გაჭამოთ.
– ათი ლარი დევს ჩემს საფულეში, – ლაშამ შარვლის ჯიბიდან საფულე ამოიღო.
– წაიღე ეგ ათი ლარი და შენ თვითონ იყიდე ყველაფერი, რის ყიდვასაც საჭიროდ მიიჩნევ, მერე მე მოვამზადებ, კარგი?
ლაშა მიხვდა, რასაც გულისხმობდა ცოლი. მოიღუშა და წყენით ჩაილაპარაკა.
– არ გამოვა, ასე არაფერი გამოვა. ჯიბრით ვერაფერს მივაღწევთ, ყოველ შემთხვევაში, კარგს ვერაფერს. პირიქით, სწორედ ახლა უნდა გვესმოდეს ერთმანეთის. ერთმანეთზე ახლობელი ჩვენ არავინ გვყავს, თანამოაზრეები უნდა ვიყოთ.
– მშვენიერია: თანამოაზრე ცოლ-ქმარი... მაშინ ვინ ვიყავი შენთვის, ამ ბინას რომ გირაოში დებდი და შენი უსინდისო ძმაკაცისთვის სესხი გამოგქონდა? რატომ არაფერი მკითხე? მაშინ სხვა თანამოაზრე გყავდა თუ მარტო საკუთარ თავს დაეკითხე?
– ფეხმძიმედ იყავი და არ მინდოდა, შენთვის ნერვები მომეშალა.
– ნერვები მაინც მომეშალა და, მუცელიც, სხვათა შორის...
– მუცელი ჩემ გამო არ მოგშლია, ექიმმა ხომ თქვა, ვირუსი იყოო...
– და, შენც სინდისი დაიმშვიდე. ისე, კიდევ კარგი, რომ მომეშალა... ყველასთვის ასე სჯობდა, მით უფრო – იმ საცოდავი ბავშვისთვის...
– ამას რატომ ამბობ? შენ გგონია, ცოტა ვინერვიულე, ასე რომ მოხდა?
– კიდევ უფრო მეტი უნდა გენერვიულა, – შეუბრალებლად ჩაილაპარაკა ლიკამ, – ინერვიულა თურმე! დღეს რომ მშიერი გეყოლებოდა და პამპერსსაც ვერ უყიდდი, მაშინ ნახავდი ნერვიულობას. როცა ვფიქრობ, მე და ვატოს როგორ მოგვექეცი, ძალიან მეპარება ეჭვი, რომ საერთოდ იფიქრე ჩვენზე!
– სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი. შენ ქალი ხარ და ამას ვერ გაიგებ, მაგრამ, იმას ხომ მაინც უნდა ხვდებოდე, რომ არ გამოდიოდა, ისე მოვქცეულიყავი, თითქოს არაფერი ხდებოდა.
– მერე? მერე რა მოხდა, მერე?.. – დამცინავად ჰკითხა ლიკამ, – რა სულელი ხარ... პათოლოგიური სულელი.
– შეიძლება, მე რაღაც შემეშალა... ადამიანები ზოგჯერ ძალიან უცნაურად იქცევიან... უცებ აღმოაჩენ, რომ ისე არ ყოფილა, როგორც შენ გეგონა, მაგრამ მე ჩემი სინდისის წინაშე ვარ მართალი.
– კარგია, მაგას რა ჯობია! სინდისი გადასარევი რამეა, მაგრამ, შენი შვილის წინაშე როგორ არის საქმე? მაშინ რას გეუბნება სინდისი, როცა საკუთარ შვილს ელემენტარულ სურვილს ვერ უსრულებ?
– ჩემს შვილს მივხედავ, სულ ასე არ ვიქნები.
– ნეტავი, ვიცოდე, რისი იმედი გაქვს, – ამოიოხრა ლიკამ.
– ღმერთის! – მოკლედ მიუგო ლაშამ.
– რა?
– ღმერთის! ჰო, რა იყო? მე მჯერა, რომ ღმერთი არსებობს და ერთ დღესაც ჩემნაირ კაცს ხელს აუცილებლად მოუმართავს.
– არ შეგიძლია, სერიოზულად დამელაპარაკო? ერთხელ მაინც... მაგრამ, ირონია შენთვის საუკეთესო თავშესაფრად იქცა. მიდი, ჩაიკეტე შენს ნაჭუჭში, ოღონდ თვის ბოლოს ბანკში შესატანი ფული მე არ მთხოვო, ღმერთი გამოგიგზავნის...
***
... ახლა დიდების ზენიტში ვარ! იცით, ეს რას ნიშნავს?.. არ იცით. ჯერ ერთი, ყველა ჩემზე ლაპარაკობს და ვერ ვიტყვი, რომ ეს სასიამოვნოა. თავიდან კიდევ ჰო, შეიძლება, მოგეწონოს. მით უმეტეს, თუ ამ ყველაფერს შეუჩვეველი ხარ. მაგრამ მერე... არა, არა, არც ვმღერი და არც ვცეკვავ... ეგღა მაკლდა სწორედ! აუცილებელი არ არის, პოპულარობისთვის ან ერთი აკეთო, ან – მეორე. პოპულარობა სხვა საშუალებითაც მიიღწევა, ზოგჯერ ისეთი საშუალებით, რომ თავმოყვარე კაცს ძალიან შერცხვება და არც მოინდომებს ასეთ პოპულარობას, თავის ღირსებას უფრო მაღლა დააყენებს და ბევრი გაუგებს კიდეც მას. თუმცა, მიზანიც ხომ ამართლებს საშუალებას?! ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ. მართალია, ხშირად ეს თავის მართლებად უფრო ჟღერს, ვიდრე მიზნის გამართლებად, მაგრამ, გამარჯვებულებს რომ არ ასამართლებენ, ფაქტია. კიდევ, იცით, რა აღმოვაჩინე? (ხომ გითხარით, სიმაღლიდან ხელისგულივით მოჩანს ყველაფერი და ბევრი რამ სხვანაირად დავინახე-მეთქი), როცა ადამიანები ვერ ხვდებიან შენი წარმატების საიდუმლოს, შიში იპყრობთ. შურზე არ არის ლაპარაკი, ეს ცალკე თემაა საუბრისთვის, იმიტომ რომ, „თეთრი“ და „შავი“ შურის მე არ მესმის... ვერც ვერასოდეს გავიგებ. შური – შურია და, ნებისმიერ შემთხვევაში, უარყოფითი თვისებაა. თუმცა, ახლა შიშზე ვსაუბრობდით. ჰო, ადამიანებს მაშინ ეშინიათ თავიანთი წარმატებული თანამოძმეების, როცა მისი წარმატების მიზეზს ვერ ხსნიან. შეშინებული ადამიანი კი ყველაზე საშიში არსებაა, იმიტომ, რომ ვერავინ იტყვის, რას მოიმოქმედებს, როცა შიშის მარწუხებში მოქცეული, თავის დასახსნელად დაიწყებს წრიალს და კედლებს მიაწყდება. ერთი სიტყვით, როცა ქვეყანაში შეშინებული ადამიანების რიცხვი მატულობს, იმ ქვეყანაში ცხოვრება უსაფრთხო ნამდვილად აღარ არის... მე, დიდებისა და პოპულარობის ზენიტში მყოფი გეუბნებით ამას!
***
ლაშამ სიდედრი მაშინ დაინახა, როცა ქალი სამზარეულოში შევიდა და პროდუქტით გაძეძგილი, სუპერმარკეტის ლოგოთი დამშვენებული პარკები მაგიდასთან, იატაკზე დააწყო. ისეთი სახე ჰქონდა, ლაშა მაშინვე მიხვდა, სიდედრთან ტკბილი საუბარი რომ არ ელოდა.
ლაშას არ შეეძლო, საყვედური ეთქვა სიდედრზე. ლიკას დედა ნამდვილად არ მიეკუთვნებოდა სიდედრების იმ კატეგორიას, სიძეები ყოველ მეორე სადღეგრძელოზე „საუკეთესო სურვილებს“ რომ გზავნიან მათი მისამართით. ლიკას დედა არასდროს ჩარეულა ცოლ-ქმრის ურთიერთობაში, შვილიშვილზეც გიჟდებოდა, მაგრამ ეს არ იყო ეგოისტური სიგიჟე. ის ყოველთვის ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა, მისი მშობლების აზრის გათვალისწინებით. ერთი სიტყვით, ლაშას სიდედრი თუ არ უყვარდა, მისი სიძულვილი მაინც არ უნდა ჰქონოდა. კარგადაც რომ დაფიქრებულიყო, ვერც ისეთ შემთხვევას გაიხსენებდა, ცოლის დედასთან რომ ეკამათოს.
– გამარჯობა! როგორ ბრძანდებით? – ლაშას ტონი აშკარად კეთილგანწყობილი და მეგობრული იყო, მაგრამ ქალმა არ გაიზიარა მისი „ენთუზიაზმი“. საქმიანი სახით ალაგებდა პროდუქტებს. ლაშას შეეძლო, ამდგარიყო და შეუმჩნევლად გასულიყო სამზარეულოდან და კეთილგონიერებაც სწორედ ამას ჰკარნახობდა, მაგრამ მოუსვენარი ჭინკა ჩაუსახლდა „გვამში“ და კეთილგონიერებამაც უკან დაიხია:
– რატომ არ მესალმებით, ქალბატონო ლიანა, დავაშავე რამე? რით ვერ გასიამოვნეთ? თუ, ქალიშვილმა შემოგჩივლათ, რომ ტირანი და უვარგისი ქმარი ჰყავს? ნუ დამზოგავთ, პირდაპირ მითხარით, რასაც ახლა ჩემზე ფიქრობთ!
ლიანამ კარტოფილით სავსე პატარა ბადურას ხელი უშვა და სიძეს სინანულნარევი საყვედურით შეხედა:
– ლაშა, შვილო, მე ხომ არაფერი მითქვამს?
– არ გითქვამთ, მაგრამ, ყველაფერი სახეზე გაწერიათ. თქვენც ხომ იმას ფიქრობთ, რომ მე უვარგისი და თქვენი ქალიშვილისთვის შეუფერებელი ვარ...
– ლაშა, მე არაფრის თქმას არ ვაპირებდი... – გაიმეორა ქალმა და სამზარეულოდან გასვლა დააპირა, მაგრამ, ვინ გაუშვა, „ჭინკა“ თავისას ცდილობდა და, ჯერჯერობით, იმარჯვებდა. ახლა ის იყო სიტუაციის ბატონ-პატრონი. ცელქობდა და ლაშაც, მის ცელქობას აყოლილი, შეცდომას შეცდომაზე უშვებდა.
– მაშ, ასე, ქალბატონო ლიანა! ესე იგი, არაფრის თქმას არ აპირებდით, სულ არაფრის, ერთი სიტყვისაც კი... მაგრამ, სურვილი რომ გქონდათ, აშკარაა.
– ჩემს სურვილებზე მხოლოდ მე ვარ პასუხისმგებელი, – წარბი შეიკრა ლიანამ, – როგორმე თავად გადავწყვეტ, რისი თქმა მინდა და როდის. შენ კი კარგად არ იქცევი.
– რადგან თქვენი სურვილები გავახმოვანე? – ლაშამ თითები გაატკაცუნა, – დიახ. უზრდელიც ვარ, ყველა სხვა სიკეთესთან ერთად.
– ნუ ცდილობ, თავი იმაზე ცუდად მომაჩვენო, ვიდრე სინამდვილეში ხარ. მე ყველაფერში არ ვეთანხმები ლიკას, მაგრამ, ბევრ რამეში მართალია. თუმცა, არც ამაზე მინდა ლაპარაკი.
– ბევრ რამეში და არა ყველაფერში? ეს არ ვიცოდი. ესე იგი, შანსი თქვენთან უფრო მქონია, ვიდრე საკუთარ ცოლთან.
– ლაშა, ხომ იცი, რომ, რაშიც ლიკა გედავება, იმ საქმეში მართალი არ ხარ – შენს მეგობართან დაკავშირებულ პრობლემას ვგულისხმობ.
– ქალბატონო ლიანა, ჩემი ძმაკაცები ჩემი პრობლემაა.
– სწორედ მაგაში ცდები, თანაც, ძალიან ცდები. ჯერ ერთი, ცოლ-ქმარს პრობლემებიც საერთო აქვს. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მასწავლეს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც ბინის ბანკში ჩადება და სხვისი სისულელეების გამო ვალის აღებაა, ნორმალური ცოლ-ქმარი ერთად უნდა წყვეტდეს, შეთანხმებულად.
ლაშა გააღიზიანა სიდედრის დამრიგებლურმა ტონმა და თავი შეურაცხყოფილად იგრძნო.
– მე საბავშვო ბაღის აღსაზრდელი არ ვარ, რომ ყური ამიწიოთ და კუთხეში დამაყენოთ. ვიცი, რომ ჩემი ამ ნაბიჯით ოჯახი დავაზარალე, მაგრამ, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ახლაც ზუსტად იმავეს მოვიმოქმედებდი, იმიტომ, რომ მეგობრობა მე ასე მასწავლეს.
ქალს არც უცდია, თავისი უკმაყოფილება დაემალა:
– ეს სიჯიუტე ყველაზე უარესია, რაც შეიძლება, ადამიანს სჭირდეს. ასე არაფერი გამოვა, მაგრამ, მე მხოლოდ ის შემიძლია, რომ გირჩიოთ.
– გმადლობთ. თქვენ ძალიან მზრუნველი და კორექტული სიდედრი ბრძანდებით.
– არ არის საჭირო ირონია, მე შენი მტერი არ ვარ. არც მოვიდოდი, პრობლემები მარტო თქვენ რომ გეხებოდეთ და არა ჩემს შვილიშვილსაც.
– ვატოს არაფერი აკლია. მით უფრო, მშიერს ნამდვილად არ მოვკლავ ჩემს შვილს.
– რატომ ხარ ასეთი აგრესიული? რას ხედავ იმაში ცუდს, რომ ბებიამ შვილიშვილზე იზრუნოს? ვატოს მეტი ვინ მყავს?
– მეორე შვილიშვილს არ თვლით თუ იმის მამა ჩემსავით უტ...კ-ო არ არის? – გესლიანად ჩაილაპარაკა ლაშამ და გულის სიღრმეში თავისი სიტყვების შერცხვა.
– შვილებსა და შვილიშვილებს არ ითვლიან. ოდესმე შენც მიხვდები ამას. ახლა კი წავალ, ჩემი აქ ყოფნით აღარ გაგაღიზიანებ.
ლაშა უხერხულად შეიშმუშნა. ჩვენი სინდისი ყოველთვის შეუფერებელ მომენტში იღვიძებს ხოლმე. ეს ჩვეულებრივ, ასე ხდება, იმ არცთუ იშვიათი გამონაკლისის გარდა, როცა სინდისი საერთოდ მკვდარია. ანუ, როცა მას ვერაფერი გააღვიძებს. ახლა მეტყვით, რა საჭიროა სინდისიო. მაგრამ, ასე მარტივადაც არ უნდა იყოს საქმე. საჭირო რომ არ ყოფილიყო, არც გვექნებოდა. თუმცა, ჯერჯერობით არავის უნახავს შუბლის ძარღვი არც მთლიანი და არც გაწყვეტილი... და, რა გამოდის? – სიტყვაზე უნდა გვენდოთ. მოკლედ, ლაშა სინდისმა შეაწუხა და...
– ქალბატონო ლიანა, მე არ მინდოდა, თქვენი წყენინება. მართლა. გულახდილად გეტყვით, არ ხართ ცუდი ადამიანი.
ქალს გაეცინა:
– მადლობის მეტი რა მეთქმის. კარგია, რომ სულ გადასაგდებიც არ ვყოფილვარ. ლიკაზე ვნერვიულობ. ძალიან შეიცვალა და, მეშინია, რამე სისულელე არ ჩაიდინოს.
– გააჩნია, სისულელეში რას გულისხმობთ.
– ხომ მიმიხვდი, რაღად გინდა, ზედმეტი მალაპარაკო. დამპირდი, ყველაფერს გააკეთებ, რომ ლიკამ გვერდზე არ გაიხედოს.
ლაშამ ხელები გაშალა:
– ვინ იცის, იქნებ ჯობდეს, გვერდზე გაიხედოს. ეგებ, ჩემზე გაცილებით უკეთესი ქმარი იშოვოს, ის, ვინც მის ღირსებებს ჯეროვნად დააფასებს.
– მინდა, დავიჯერო, რომ მაგ სიტყვებს ხუმრობით ამბობ. არ შეიძლება ასე ლაპარაკი. ვატოს მამას ვერავინ შეუცვლის და... – ლიანა შეყოყმანდა, – ლიკასაც უყვარხარ... მე მჯერა.
– ჰო? შეიძლება, თქვენ გჯერათ, მაგრამ, ცოტა უცნაურად გამოხატავს თქვენი ქალიშვილი სიყვარულს.
– ამაში შენც ხომ არ ხარ დამნაშავე?
– შეიძლება, ვარ, მე ჩემს დანაშაულს არ უარვყოფ, მაგრამ, მაინტერესებს, ეს ჩემი „აღიარებითი ჩვენება“ რას ცვლის? აი, თქვენთვის რა შეიცვალა ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ?
– მთავარია, თქვენთვის შეიცვალოს, შვილო – შენთვის და ლიკასთვის. გაიგე, მე რა მაწუხებს?
ლაშამ თავი დაუქნია:
– დიახ, გავიგე. საერთოდაც, ძალიან კარგად მესმის თქვენი. ყურადღებას ნუ მომაქცევთ, ქალბატონო ლიანა, თვითონაც არ ვიცი, რა მემართება, რაღაც სისულელეებს ვლაპარაკობ.
ქალბატონმა ლიანამ სევდანარევი სინანულით გაიღიმა:
– კარგი ბიჭი ხარ, შვილო, და ამიტომ, მეტად მტკივა გული, ასე რომ დაგემართა. რომ არ მიგეცა, ალბათ, არ შეიძლებოდა...
– ჰო, არ შეიძლებოდა... არ შეიძლებოდა... – ლაშამ მაგიდის ზედაპირს გამეტებით დაჰკრა ხელისგული... – ნეტავი ყოფილიყო შესაძლებელი, მაშინ ასე ძალიან ხომ არ დავიტანჯებოდი და არც ლიკა დაიტანჯებოდა! ჩვენ ხომ აქამდე არასდროს გვიჩხუბია.
– მეც მაგიტომ მტკივა გული და გთხოვ, მოაგვარო შენი პრობლემები, შენ ამას შეძლებ.
– თუ ფულზე ლაპარაკობთ და ფიქრობთ, რომ ეგ არის ჩემი მთავარი პრობლემა, გეტყვით, რომ გადავიხდი როგორმე.
– მართლა? კარგია, თორემ, ჯერჯერობით მაგ ფულს ჩემი შვილი იხდის.
ლაშამ ნიშნისმოგებით დააქნია თავი:
– აი, ახლა მივადექით მთავარ სათქმელს. როგორც იქნა, წამოგცდათ ის, რისი თქმაც მართლა გინდოდათ. ლიკა გეუბნებათ, რომ ყველაფერი მის კისერზე გადადის და ვალსაც მაგას ვახდევინებ... ე, ქალბატონო ლიანა, ქალბატონო ლიანა! თუმცა, მეც კარგი ვინმე ვარ! აბა, რისი იმედი მქონდა! რატომ გექნებოდათ განსხვავებული აზრი, როცა სახელებიც კი ერთნაირი გაქვთ? ჰო, მართლა, სულ მინდოდა, მეკითხა. ერთნაირი სახელები რატომ გქვიათ?
ლიანამ ხელები გაასავსავა. უკანასკნელი შანსი იმისა, რომ სიძესთან მოლაპარაკებას შეძლებდა, ხელიდან გამოეცალა.
– რადგან ასე გინდა, მე წავალ, თავს არ შეგაწყენთ, თურმე, არც ჩემს აქ მოსვლას ჰქონია აზრი. სამწუხაროა, მეგონა, თქვენს დახმარებას შევძლებდი, თუმცა...
– თქვენ უკვე დაგვეხმარეთ. მართლა, ქალბატონო ლიანა. ნუ ინერვიულებთ, ყველაფერი კარგად იქნება.
– ღმერთმა ქნას, ღმერთმა ქნას...
– ამას ისე ამბობთ, რომ ღმერთის დიდად არ უნდა გჯეროდეთ. მე კი ნამდვილად მჯერა, რომ სწორედ ღმერთი გამომიწვდის დახმარების ხელს, – დარწმუნებულმა თქვა ლაშამ. ლიანამ ეჭვით შეხედა, მაგრამ, როცა ნახა, რომ მისი სიძე არ ხუმრობდა, დაუმატა:
– მარტო თქმა, რომ ღმერთის გჯერა და გწამს, ბევრს არაფერს ნიშნავს. რას აკეთებ ამის დასამტკიცებლად? არ ვიცი, რამდენად სერიოზული იყავი, მაგას რომ ამბობდი, მაგრამ, მე მხოლოდ გამიხარდება, თუ რამე სასიკეთოდ შეიცვლება. ისე კი, ალბათ, უნდა დაიმსახურო ღმერთის ყურადღება.
– სხვათა შორის, თქვენი ქალიშვილი დამემუქრა, საყვარელს გავიჩენო... – ლაშამ ბოლომდე მაინც ვერ მოითმინა.
– არ გამიკვირდება, თუ ამას მართლა გააკეთებს...
– თქვენ კი მეუბნებოდით, უყვარხარო.
– ჰო, უყვარხარ, მაგრამ, ძალიან არის სასოწარკვეთილი და მის მდგომარეობაში არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება.
– გა-სა-გე-ბი-ა... – დამარცვლით ჩაილაპარაკა ლაშამ, – მაინც მე გამოვალ დამნაშავე, თუკი ხვალ ან ზეგ, რა თქმა უნდა, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, ლიკა ვიღაც ღიპიან ბიძას ჩაუწვება. ის ამას ოჯახის გადასარჩენად გაღებულ მსხვერპლს დაარქმევს, მაგრამ, ვინ ვიქნები მე?!
– მაგ კითხვაზე პასუხი მარტო შენ შეგიძლია გასცე, – აღარ დაინდო ლიანამ სიძე, – ოღონდ, ერთ რამეს გთხოვთ ორივეს: შვილზე იფიქრეთ. თქვენს წინდაუხედაობაზე მან არ უნდა აგოს პასუხი.
ლიანას წასვლის შემდეგ ლაშა კიდევ დიდხანს იჯდა სამზარეულოში და ფიქრობდა. ლიკა თითქოს საგანგებოდ არ შემოდიოდა და კაცს კიდევ უფრო გაუმყარდა იმისი ეჭვი, რომ ლიანამ შვილთან შეთანხმების შემდეგ წაუკითხა ეს ლექცია.
...მაინც რატომ იყო ლიკა ზოგჯერ ასე წარმოუდგენლად ჯიუტი? რატომ არ უნდოდა, გაეგო საკმაოდ მარტივი ჭეშმარიტება, რომ იმას, რაც მოხდა, აღარაფერი ეშველებოდა. დიახ, ლაშამ შეცდომა დაუშვა: დახმარების ხელი გაუწოდა ადამიანს, რომელიც ამის ღირსი არ იყო... მაგრამ ლაშამ ეს არ იცოდა და თანაც, ახლა თავისი სინდისისა და კაცობის წინაშე იყო მართალი... აი, რას ვერ იგებდა, ან, არ იგებდა ლიკა. თუმცა, ლაშასთვის ამას ნაკლებად ჰქონდა მნიშვნელობა... მაგიდაზე იდაყვებით დაყრდნობილმა თავი ხელისგულებში ჩამალა და ამოიოხრა... სიდედრისთვის არ უთქვამს და, ალბათ, არც იყო საჭირო, მას სცოდნოდა, რომ ვალის რაღაც ნაწილს ლიკას ქარაფშუტობით თუ უაზრო ხელგაშლილობით დახარჯული თანხაც შეადგენდა... ლაშამ ღრმად ამოისუნთქა და გაიფიქრა: „მგონი, მართლა მარტო ღმერთის იმედად ვარ დარჩენილი!“ მისდა გასაოცრად, ამ ფიქრმა სიმხნევე შეჰმატა და უჩვეულოდ გაახალისა. სწრაფად წამოხტა, სასტუმრო ოთახში გავიდა და, გაოცებული ცოლის თვალწინ, რომელიც მოუთმენლად ელოდა, ენახა, რა შედეგი გამოიღო სიძე-სიდედრის საუბარმა, რაღაცის ძებნა დაიწყო.
გაგრძელება შემდეგ ნომერში