მამა, რომელიც შვილს ორი წელი აუპატიურებდა, შვილმა დანით მოკლა
წინა კვირას თბილისის საქალაქო სასამართლომ ამაზრზენი დანაშაულისთვის მამა-შვილი გაასამართლა. მამას 30, ხოლო შვილს 13,6 წლით პატიმრობა მიესაჯა, რადგან, დადგინდა, რომ 14 წელს მიუღწეველი გოგონა ჯერ მამამ, შემდეგ კი ძმამ გააუპატიურა. შედეგად, არასრულწლოვან დაზარალებულს ბავშვი შეეძინა. ახალშობილის მამა გაუპატიურებული გოგონას მოძალადე ძმა აღმოჩნდა. ამის მიუხედავად, ძმას 13,6 წელი პატიმრობა ერგო, მაგრამ ამასაც თავის მიზეზი აქვს – დის გაუპატიურების მომენტში ძმაც არასრულწლოვანი იყო.
როგორც თბილისის საქალაქო სასამართლო განმარტავს, დახურულ სასამართლო სხდომაზე გოგონას მამა, რ.შ., მსჯავრდებულ იქნა მისი შვილის – 13 წლის ნ.შ.-ს გაუპატიურებისა და მის მიმართ ძალადობის გაუკუღმართებული ფორმით სქესობრივი კონტაქტისთვის, ხოლო მისი ძმა, ზ.შ., მსჯავრდებულ იქნა მხოლოდ ნ.შ.-ს გაუპატიურებისთვის.
სასამართლო განმარტავს: „ჩატარებული სასამართლო გამოძიებით დადგინდა, რომ 2009 წლის ივნისის დასაწყისში, რ.შ.-მ, თბილისში, საბურთალოს რაიონში მდებარე მისსავე საცხოვრებელ ბინაში ყოფნისას, ისარგებლა იმ გარემოებით, რომ ის და მისი ქალიშვილი, ნ.შ., მარტო იმყოფებოდნენ სახლში, ძალის გამოყენებით დააგდო შვილი ლოგინზე, გახადა ტანსაცმელი და, მიუხედავად ნ.შ.-ს წინააღმდეგობისა, ძალადობით დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი. აღნიშნულიდან რამდენიმე დღეში, რ.შ.-მ, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, კვლავ ძალის გამოყენებით, ნ.შ.-ს გახადა შარვალი და გაუკუღმართებული ფორმით – უკანა ტანიდან დაამყარა მასთან სქესობრივი კონტაქტი.
სასამართლო გამოძიებით, ასევე, დადგენილ იქნა, რომ 2009 წელს, ზ.შ.-მ, ისარგებლა იმ გარემოებით, რომ ის და მისი და, ნ.შ., სახლში მარტო იმყოფებოდნენ და მასთან ძალადობით დაამყარა სქესობრივი კავშირი. საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით, დადგენილია, რომ ზ.შ. არის ნ.შ.-ს ბავშვის ბიოლოგიური მამა.
დაზარალებულის მამას, რ.შ.-ს, 14 წელს მიუღწეველი პირის გაუპატიურებისა და სქესობრივი ძალმომრეობითი მოქმედების ბრალდებით, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახით 30 წლით, ხოლო ზ.შ.-ს, ასევე 14 წელს მიუღწეველი პირის გაუპატიურების ბრალდებით – 13 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.
აღნიშნული დანაშაულის გახმაურების შემდეგ ითქვა, რომ მსგავსი რამ საქართველოში არასდროს მომხდარა. არადა, არცთუ დიდი ხნის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პირობით გაათავისუფლა სკოლის მოსწავლე გოგონა, რომელმაც საკუთარი მამა მოკლა. ისე, როგორც პირველ შემთხვევაში, მკვლელობის მოტივი აქაც გამაოგნებელი და გულისამრევი იყო – ორი წლის განმავლობაში მამა სკოლის მოსწავლე შვილს აუპატიურებდა...
შვილის მიერ მამის მკვლელობის ისტორია არ გახმაურებულა. ახლაც დიდხანს ვფიქრობდით, ღირდა თუ არა მისი გაშუქება, მაგრამ, ფაქტია, ორივე დანაშაული ერთმანეთს არა მხოლოდ ძალადობით ჰგავს, რატომღაც, მათი ჩადენის დროც ემთხვევა ერთმანეთს – ორივე შემთხვევაში დანაშაული ივნისში და თბილისის პრესტიჟულ უბანში მოხდა.
საკითხის დელიკატურობიდან გამომდინარე, ისე, როგორც გაუპატიურებაში ბრალდებული მამა-შვილის საქმეს, სასამართლო დაზარალებული სკოლის მოსწავლე გოგონას სისხლის სამართლის საქმესაც დახურულ ფორმატში განიხილავდა. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ, მამის მკვლელობის მიუხედავად, არასრულწლოვანი ციხეში არ მჯდარა – ირინას პირობით ერთი წელი მიესაჯა.
მანიაკ მამას სექსუალური კავშირი ორივე შვილთან ჰქონდა!
საბრალდებო დასკვნის თანახად, ოჯახი, სადაც ეს ამაზრზენი ტრაგედია დატრიალდა, ვარდების რევოლუციამდე რუსეთის ფედერაციაში (ოჯახის წევრთა ნამდვილ ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებთ) ცხოვრობდა. მაშინ ირინა 13 წლის იყო, როდესაც მშობლებთან – გიგისთან, მარინასთან და უფროს დასთან ერთად, საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა. იმ პერიოდისთვის ოჯახის უფროსი უმუშევარი იყო და დროს ლოთობაში ატარებდა, სასმლით გაბრუებული კი ცოლ-შვილს ხშირად სცემდა. რატომ მაინცდამაინც ირინა? – ეს კითხვა პასუხგაუცემელია, მაგრამ, როგორც გაირკვა, განსაკუთრებული ძალადობით მამა სწორედ ირინას მიმართ გამოირჩეოდა – ბავშვს არა მხოლოდ სცემდა, დღეების განმავლობაში ოთახში კეტავდა და ხშირად სკოლაშიც არ უშვებდა.
ასე გრძელდებოდა ორი წლის განმავლობაში. მცირეწლოვანი ბავშვის მშობლები არსად მუშაობდნენ, მაგრამ, როგორღაც, ირინას დედამ მუშაობა დაიწყო, მთელ დღეს სამსახურში ატარებდა და შინ ყოველდღე გვიან ბრუნდებოდა. ამ პერიოდში გოგონა მამასთან მარტო რჩებოდა და... სწორედ მეუღლის სახლში არყოფნისას, ძალადობითა და ფიზიკური განადგურების მუქარით, მამა შვილს სისტემატურად აიძულებდა გაუკუღმართებული ფორმით დაემყარებინა მასთან სქესობრივი კავშირი. როგორც გამოძიებით ირკვევა, გოგონას იმდენად ეშინოდა მშობლის, რომ, როგორც თავად ამბობს, მას სწორედ შიშის გამო თანხმდებოდა ასეთ კავშირზე. როგორც ბავშვი განმარტავს, ასევე შიშის გამო იყო, რომ მომხდარის შესახებ ვერც დას და ვერც დედას ვერაფერს ეუბნებოდა.
გამოძიების მასალებით, ერთ დღეს, როგორც ყოველთვის, მამა-შვილი შინ მარტო დარჩა. დაახლოებით დღის 12 საათზე, მამამ შვილის თვალწინ ყველაფერი გაიხადა და მოსთხოვა, რომ ხელ-ფეხით საწოლის კიდეებზე მიება. შეშინებული გოგონა ასეც მოიქცა, მაგრამ მამამისმა გაშიშვლება მასაც აიძულა, შემდეგ კი, გაუკუღმართებული ფორმით, შვილთან მორიგი სქესობრივი კავშირი დაამყარა. გარყვნილი მამისთვის გაუკუღმართებული ურთიერთობა ამჯერად საკმარისი აღარ აღმოჩნდა და შვილს აიძულებდა, მასთან კავშირი ბუნებრივი გზით დაემყარებინა, რასაც, გამოძიების ვერსიით, მანამდე ადგილი არასდროს ჰქონია. როგორც არასრულწლოვანი ჩვენებაში ამბობს, მამის მოთხოვნამ ძალიან შეაშინა. ამიტომ ის სამზარეულოში გავიდა, მაგიდიდან დანა აიღო და მიბმულ მამას რამდენჯერმე დაარტყა, მკვლელობის შემდეგ კი თოკები გადაჭრა, ფეხებში ხელი ჩაავლო და ეზოში, მომიჯნავე სახლის კედელთან მდგარ ხესთან დააგდო, რის შემდეგაც ფოთლები მიაყარა.
არასრულწლოვანი ირინა პოლიციამ იმავე საღამოს დააკავა, მაგრამ მას ბრალად წაუყენეს არა მკვლელობა, არამედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის პირველი ნაწილი – „განზრახ მკვლელობა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, რაც გამოიწვია დამნაშავის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ მსხვერპლის მიერ მართლსაწინააღმდეგო ძალადობამ, მძიმე შეურაცხყოფამ ან სხვა მძიმე ამორალურმა ქმედებამ; აგრეთვე, მსხვერპლის არაერთგზის მართლსაწინააღმდეგო და ამორალური ქცევით განპირობებულმა ფსიქიკურმა ტრავმამ“. აღნიშნული მუხლი თავისუფლების შეზღუვას 3 წლამდე, 4 თვემდე ტუსაღობას ან 1-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. თუმცა, ვინაიდან წარდგენილ ბრალდებაში არასრულწლოვანმა სასამართლოზე თავი მთლიანად დამნაშავედ ცნო, სასამართლომ სკოლის მოსწავლეს ყველაზე მცირე – ერთი წლით პირობითი სასჯელი შეუფარდა.
როგორც ირინამ სასამართლოზე განმარტა, კაცი, რომელიც აუპატიურებდა, მისი ნამდვილი მამაა.
არასრულწლოვანის ჩვენებიდან: „2003 წელს, ზუსტი რიცხვი არ მახსოვს, ჯერ კიდევ რუსეთში ყოფნისას, მამაჩემთან მარტო დავრჩი. მითხრა, რომ უკვე დიდი გოგო ვარ და სექსს მასწავლიდა. ამასთან, ამიხსნა, რომ ეს ნორმალური მოვლენა იყო – სექსი შენ დასთანაც მაქვსო. იმის შიშით, რომ მეც და დედასაც მოგვკლავდა, მეტი გზა არ მქონდა, ვთანხმდებოდი, მაგრამ მასთან ორალური და ანალური კონტაქტი მქონდა. შემდეგ საცხოვრებლად საქართველოში გადმოვედით. დედამ მუშაობა დაიწყო, მე კი მამასთან მარტო ვრჩებოდი და მაიძულებდა, დაახლოებით კვირაში ორჯერ, მასთან გაუკუღმართებული ფორმით კონტაქტი მქონოდა. ვინაიდან მამაჩემი მემუქრებოდა, ამის შესახებ ვერც დედას და ვერც ვინმე ახლობელს ვერ ვუთხარი.
ერთ დღესაც, დედა სამსახურში წავიდა და კვლავ მარტოები დავრჩით. მამაჩემმა გაიხადა და მიბრძანა, საწოლზე ხელებითა და ფეხებით მიმება. შემდეგ მეც მიბრძანა გახდა და ამის შემდეგ რეალური კონტაქტი დაამყარა. მეტი გზა არ მქონდა, დავთანხმდი, მაგრამ, აქტის დასრულების შემდეგ მომთხოვა, რომ სექსი ჩვეულებრივი ფორმით გვქონოდა. შემეშინდა, ვიფიქრე, რომ, არათუ დავფეხმძიმდებოდი, სხვა პრობლემებიც შემექმნებოდა... სამზარეულოში გავედი, დანა ავიღე და მეტი არაფერი მახსოვს... როდესაც გონზე მოვედი, მიბმული მამაჩემი, რომელიც უკვე მკვდარი იყო, საწოლიდან ჩამოვხსენი და გვამი ეზოში ჩავიტანე. დედა საღამოს დაბრუნდა და მომხდარის შესახებ თვითონ ვუამბე. მან ეს ამბავი მეზობლებს შეატყობინა, რომლებმაც საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. ვინანიებ ჩადენილ დანაშაულს და გთხოვთ, სასჯელი შემიმსუბუქოთ“, – დაასრულა განსასჯელმა.
სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ, სიმართლის დასადგენად, ცხადია, უამრავი ექსპერტიზა ჩატარდა. გამოძიებამ თავად არასრულწლოვანიც შეამოწმა და გაირკვა, რომ მისი საქალწულე აპკის მთლიანობა დარღვეული არ იყო. თუმცა, როგორც ექსპერტიზაშია ნათქვამი: „უკანა ტანის არეში აღენიშნება სიგრძივ მდებარე მორუხო-მოთეთრო ფერის ნაწიბურები. დაზიანება მიყენებულია მკვრივი ბლაგვი საგნით (შესაძლებელია, ერეგირებული სასქესო ასოს) მოქმედებით. აღენიშნება მრავლობითი სისხლნაჟღენთები მარცხენა თვალბუდის ქვემო ქუთუთოზე, მარჯვენა ბარძაყის არეში, დაზიანებები მიყენებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ეკუთვნის დაზიანების მსუბუქ ხარისხს და არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს“ ანუ, ექსპერტიზით დადგინდა, რომ ბავშვი არათუ სიმართლეს ამბობდა, დროც ზუსტად ემთხვეოდა მკვლელობის პერიოდს...
ამავდროულად, გოგონას ჩაუტარდა კომპლექსური ამბულატორიული სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზაც, რითაც, ასევე, დადგინდა, რომ „ინციდენტის მომენტში გოგონას არაფსიქოზური დონის აფექტური რეაქცია აღენიშნებოდა და მას არ შეეძლო, სრულად გაეცნობიერებინა ქმედების ფაქტობრივი ხასიათი – ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენისას ის იმყოფებოდა აფექტის მდგომარეობაში“. სწორედ ეს ფაქტორი გახდა იმის საფუძველი, რომ ირინას არა წინასწარ განზრახული მკვლელობის, არამედ ძლიერი სულიერი აღელვების ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობის მუხლი წაუყენეს.
ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ, ქიმიური გამოკვლევით, გარდაცვლილის სისხლსა და შარდში აღმოჩნდა: „მორფის ჯგუფის ალკალოიდები, ფონოტიაზინისა და ბარბიტურის მჟავის ნაწარმოები ბენზოდიაზეპინები, მეტადონი, ბუპრენორფინი და მარიხუანა“, რაც ნიშნავს, რომ მოძალადე მამა არა მხოლოდ მთვრალი, არამედ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშაც იყო.
მიუხედავად ყველა გარემოებისა, გოგონას 1-დან 5 წლამდე პატიმრობა ელოდა, მაგრამ სასამართლომ პასუხისმგებლობის შესამსუბუქებლად მიიჩნია ის გარემოება, რომ მან დანაშაული გულწრფელად აღიარა და, ამასთან, არასრულწლოვანია. ამიტომ, სასამართლომ ჩათვალა, რომ მისი დასჯა თავისუფლების აღკვეთის გარეშეც შეიძლებოდა. თუმცა, რეალურად, მას 1 წლითა და 4 თვით პატიმრობა მიუსაჯა, მაგრამ, ასაკიდან გამომდინარე, როგორც კანონი მოითხოვს, სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდა და საბოლოოდ ერთი წელი მიესაჯა.
დაბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე უკვე დასრულებულია, ბევრი დეტალი მაინც ბუნდოვანია. მაგალითად, რატომ მოკლა შვილმა მამა მხოლოდ ორი წლის შემდეგ? საინტერესოა ისიც, რას იტყოდა არასრულწლოვანის მამა ცოცხალი რომ გადარჩენილიყო, თუმცა, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს.