ქართველი მაიორის მიერ დაგეგმილი სპეცოპერაციის შედეგად, რომის უშიშროების იზოლატორიდან 31 წლის ტერორისტი გამოიხსნეს
მოტაცება ვატიკანში
გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების დასაწყისში, იტალიის დედაქალაქ რომში, იტალიის უშიშროების 31 წლის ანტონიო სპალეტი დააპატიმრეს, რომელსაც ტერაქტი და კარდინალის მკვლელობა ედებოდა ბრალად. დაკავებული „კაგებეს“ მიერ იყო მომზადებული და „წითელი ბრიგადების“ წევრად ასაღებდა თავს. მას სიკვდილით დასჯა ელოდა, ამიტომ „კაგებემ“ მისი დახსნა განიზრახა.
4 მაისს წმიდა პეტრეს ტაძრის მოედანზე სამმა ახალგაზრდამ კარდინალი ჩეზარე ლუკარელი და აბატი სანდრო ბორგი გაიტაცეს. სასულიერო პირები თეთრი ფერის „ალფა-რომეოში“ ძალით ჩასვეს და გაუჩინარდნენ. ამ მომენტს რამდენიმე ათეული თვითმხილველი ჰყავდა, რომლებმაც პოლიციას გამტაცებლები აღუწერეს. ფოტორობოტები გაამრავლეს და ყველა პოლიციელს დაურიგეს. საღამოს გაზეთებში კი გატაცების ამბავმა გაჟონა და ძებნილების სურათებიც გამოაქვეყნეს. იმავე დღეს ტელევიზიით სამთავრობო და სასულიერო მაღალჩინოსნები გამოვიდნენ და მოძალადეებს გატაცებულების დაბრუნებისკენ მოუწოდეს. თუმცა უშედეგოდ, სამი დღის მერე კი წმიდა პეტრეს ტაძარში ერთ-ერთმა აბატმა კონვერტი აღმოაჩინა, რომელშიც გატაცებულების სურათები და წერილი იდო, ბარათში ეწერა: „თუ 72 საათის განმავლობაში სპალეტის ციხიდან არ გაათავისუფლებთ, კარდინალსა და აბატს დავხოცავთ...“
72 საათი
წერილი 7 მაისს წაიკითხეს. ზომების მისაღებად იტალიელ ძალოვნებს 10 მაისის შუადღემდე ჰქონდათ ვადა. ნათელი იყო, რომ სასულიერო პირების გატაცება „წითელი ბრიგადების“ საქმე იყო და ძალოვნებმა მშვენივრად იცოდნენ, რომ ისინი ყოველთვის ასრულებდნენ თავის სიტყვას. სასულიერო პირების მკვლელობა მოსახლეობაში დაუცველობის სინდრომს გამოიწვევდა და ხალხი მთავრობას აუმხედრდებოდა. მეორე მხრივ კი, მთავრობას დათმობაზე წასვლა არ უნდოდა. ისინი ორ ცეცხლს შუა იყვნენ მოქცეულები. ანტონიო სპალეტი რომის უშიშროების იზოლატორში იყო გამომწყვდეული, რომელიც კარგად იყო დაცული. ამიტომ, იტალიელ ძალოვნებს დაცვა არ გაუძლიერებიათ და მხოლოდ კარდინალისა და აბატის გათავისუფლებით იყვნენ დაკავებულები. მათ იმედი ჰქონდათ, რომ გატაცებულების ადგილსამყოფელს მიაგნებდნენ და სასულიერო პირებს დაიხსნიდნენ. 8-9 მაისის განმავლობაში, იტალიის უშიშროების სამსახურმა ქვეყნის შვიდ ქალაქში ოცამდე ოპერაცია ჩაატარა და სხვადასხვა შენობებში შეიჭრნენ, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს. გატაცებულები ვერსად აღმოაჩინეს. ტერორისტების ულტიმატუმის ამოწურვამდე 24 საათით ადრე, იტალიის მთავრობამ საიდუმლო თათბირი ჩაატარა, რომელზეც შეთანხმდნენ, რომ თუკი დარჩენილ დროში გატაცებულებს ვერ მიაგნებდნენ, ტერორისტი სპალეტი უნდა გაეთავისუფლებინათ.
სპეცბადრაგი
10 მაისს, დღის 2 საათზე, რომის უშიშროების იზოლაციის მორიგეს ათლეტური აღნაგობის ოცდაათიოდე წლის მამაკაცი ეწვია. ის სამოქალაქო ტანსაცმელში იყო გამოწყობილი და მორიგეს უთხრა:
– მე პრემიერ-მინისტრის დაზვერვის ოფიცერი მარიკო ბოზე ვარ. მაქვს პატივი, საიდუმლო მისიას ვასრულებდე, რომელიც პირადად მისმა აღმატებულებამ დამაკისრა. ანტონიო სპალეტი სრულიად საიდუმლო ვითარებაში უნდა წავიყვანო და დღესვე გატაცებულებში გადავცვალო, – შემდეგ მან იზოლატორის მორიგეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და პრემიერ-მინისტრის ბლანკზე დაბეჭდილი საიდუმლო ბრძანება უჩვენა.
მორიგემ წარდგენილი საბუთები დაათვალიერა და უკან დაუბრუნა. შემდეგ კი პირადად გაუძღვა სპალეტის საკნისკენ და თავადვე გააცილა ტერორისტი. სპალეტი შავი ფერის დახურულ ფურგონში ჩასვეს, რომელიც უშიშროების იზოლატორის ეზოში იდგა და დაცვამ დაუბრკოლებლად გაატარა. ფურგონი რვაასი მეტრის მერე გაჩერდა და ტერორისტი ცისფერ „ფიატში“ გადასვეს, რომელმაც გენუისკენ აიღო გეზი. იმავე საღამოს, სპალეტი ბუქარესტში ჩაიყვანეს. იქ კი მას „კაგებეს“ თანამშრომლები დახვდნენ.
სპალეტის „გათავისუფლება“ თავიდან ბოლომდე საბჭოთა უშიშროების სპეცოპერაციის შედეგი იყო, რომელსაც მაიორი კოტე კავსაძე ხელმძღვანელობდა. ამით მათ „წითელი ბრიგადების“ უძლეველობისა და მოუხელთებლობის მითი კიდევ უფრო განამტკიცეს. სასულიერო პირები კი იმავე საღამოს გაათავისუფლეს. ტერორისტებმა ისინი იმავე ადგილზე დატოვეს, საიდანაც 6 დღის წინ გაიტაცეს.