კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაიტაცეს ქართველმა ბანდიტებმა ნაპოლეონისეული ეპოქის რამდენიმე ათეული მილიონი მანეთის ღირებულების ძვირფასეულობა


მეოცე საუკუნის სამოცდაათიანი წლების დასაწყისში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნიკალური სპეცოპერაცია განახორციელა, რომლის შედეგად კარგად ორგანიზებული შეიარაღებული ბანდა გაანეიტრალა და სახელმწიფოს ნაძარცვი ქონება დაუბრუნა.

მოუხელთებელი შვიდეული

1970 წლის 7 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ედუარდ შევარდნაძის კაბინეტში „ვერტუშკამ“ დარეკა. გენერალი ყურმილს დასწვდა და მისთვის ჩვეული ქართული აქცენტით უპასუხა:

– გისმენთ.

– გამარჯობა, ედუარდ ამბროსოვიჩ, – მოესმა შევარდნაძეს მაშინდელი საკავშირო შინაგან საქმეთა მინისტრის, შჩოლოკოვის ხმა – როგორ ხართ?

– გაგიმარჯოთ, ნიკოლაი ანისიმოვიჩ. არა მიშავს, თქვენ როგორ ხართ?

– მე, ამხანაგო გენერალო, ცოტა არ იყოს, შეშფოთებული ვარ თქვენთან შექმნილი მდგომარეობით. რომ არ გიცნობდეთ, ვიფიქრებდი, გულგრილობასთან მაქვს-მეთქი საქმე. ამიტომ დაგირეკეთ პირადად და მაინტერესებს, რა ხდება? რა ბანდა მოქმედებს ცხვირწინ, რომელსაც ვერ იხელთებთ?

– ამხანაგო მინისტრო, სიტუაციას პირადად ვაკონტროლებ. გადაუდებელ ღონისძიებებს ვატარებთ და გარწმუნებთ, სულ მალე გავანეიტრალებთ.

– თქვენი იმედი მაქვს, ედუარდ ამბროსოვიჩ. აბა, თქვენ იცით, წარმატებებს გისურვებთ!

შჩოლოკოვის შეშფოთება იმით იყო გამოწვეული, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, საქართველოში, კარგად ორგანიზებული, შეიარაღებული და კონსპირირებული ბანდა გამოჩნდა. ისინი კარგად იყვნენ ინფორმირებულები და ძირითადად, საქართველოს დიდ ქალაქებში მოქმედებდნენ. ბანდიტები მოულოდნელად ესხმოდნენ თავს ინკასატორებს, შემნახველ სალაროებს, ლომბარდებს და დიდი რაოდენობით ფულსა და ძვირფასეულობას იტაცებდნენ. ისინი არც კერძო პირებთან ვიზიტებს თაკილობდნენ და სხვადასხვა ცნობილი ოჯახებიდან ანტიკვარიატს, ძვირფასეულობებსა და ხელოვნების ნიმუშებს იტაცებდნენ. სწორედ ერთ-ერთ ასეთ ოჯახზე თავდასხმის შემდეგ დაინტერესდა საკავშირო მინისტრი ბანდის მოღვაწეობით. ოჯახის უფროსი ცნობილი კოლექციონერი იყო, მოსკოვში დიდი კავშირები ჰქონდა და სწორედ მან შეატყობინა შჩოლოკოვს ბანდის შესახებ. საქმე ის იყო, რომ ბანდიტებმა მთელი მისი კოლექცია წაიღეს და მათ შორის ალმასებით მოჭედილი ოქროს სამკაულიც, რომელიც იმპერატორმა – ნაპოლეონ ბონაპარტემ თავის მეუღლეს, ჟოზეფინას აჩუქა.

შევარდნაძემ, რომელიც ბანდის გამოჩენის პირველივე დღიდან იყო ჩართული საქმეში, „ვერტუშკა“ გათიშა და კაბინეტში გამოძახებულ მოადგილეს ჰკითხა:

– რა სიახლეებია „მოუხელთებელ შვიდეულთან“ დაკავშირებით?

– ხაფანგები დაგებულია, ედუარდ ამბროსოვიჩ, უახლოეს მომავალში შედეგებს უნდა ველოდოთ. იმედი მაქვს, ერთ-ერთში მაინც გაებმებიან.

ოპერატიული მონაცემების მიხედვით, ბანდაში შვიდი ადამიანი იყო გაერთიანებული და სამართალდამცველებმა მათ „მოუხელთებელი შვიდეული“ შეარქვეს.

მითიური კოლექცია

ედუარდ შევარდნაძის შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში, სამინისტროში მძლავრი საინფორმაციო ბაზა და ანალიტიკური ცენტრი შეიქმნა, რომელიც თითქმის ასპროცენტიან დასკვნას იძლეოდა ამა თუ იმ დანაშაულისა და დანაშაულებრივი ჯგუფის შესახებ. ამ განყოფილებამ „შვიდეულთან“ დაკავშირებით უტყუარად ივარაუდა, რომ ბოროტმოქმედები ნაპოლეონისეული ეპოქის ნივთებით იყვნენ დაინტერესებულები და ნაძარცვი ფულის გარდა, გატაცებული ანტიკვარიატის 95 პროცენტი სწორედ იმ ეპოქას ეკუთვნოდა. მინისტრი შევარდნაძე მნიშვნელოვანი ოპერაციის გეგმას ყოველთვის პირადად ადგენდა და ზოგჯერ ოპერაციებში მონაწილეობდა კიდეც. ერთ-ერთ თათბირზე მან თქვა:

– თუ ჩვენს ანალიტიკოსებს დავუჯერებთ, მაშინ ეს „შვიდეული“ ნაპოლეონისეულ ანტიკვარიატზე ნადირობს და ჩემი აზრით, მათ ამ კუთხით უნდა დავუგოთ მახე. საქმეში კი მასმედია უნდა გამოვიყენოთ. სხვათა შორის, ამერიკაში ეს პრაქტიკა ფართოდაა გავრცელებული და უამრავი მსხვილი საქმეა გახსნილი ჟურნალისტების გამოყენებით.

– ამხანაგო გენერალო, ჟურნალისტების დახმარებას გვთავაზობთ ბოროტმოქმედების დასაჭერად? – გაუკვირდა მინისტრის ერთ-ერთ მოადგილეს.

– ჟურნალისტების არა, მაგრამ ამ მახეს ტელევიზიისა და გაზეთების საშუალებით დავაგებთ. კონკრეტულად კი, გაზეთებში დავწერთ, რომ ერთ-ერთი ძველი სახლის ნანგრევებში მშენებლებმა ნაპოლეონისეული ძვირფასეულობის კოლექცია აღმოაჩინეს, რომელიც სულ მალე სახელმწიფო მუზეუმში გამოიფინება. წესით, მსგავსი ძვირფასეულობა ოქროს ფონდში გადააქვთ ხოლმე, მაგრამ, რადგან ოქროს ფონდში დღესდღეობით რემონტია, კოლექციას სახელმწიფო მუზეუმში გამოვფენთ. ეს ინფორმაცია ტელევიზიითაც გაშუქდება და ერთი სიტყვით, აჟიოტაჟს ავტეხთ, ბოროტმოქმედებს ილუზიას შევუქმნით და ისინი მუზეუმზე თავდასხმას განიზრახავენ. იქ კი ჩვენები იქნებიან ჩასაფრებული და ბოროტმოქმედებს შევიპყრობთ. ამ მისტიკური კოლექციის ნიმუშებს კი ჩვენი სპეციალისტები დაამზადებენ და დარწმუნებული ვარ, სქემა გაამართლებს.

მინისტრის არაორდინარულმა წინადადებამ უმრავლესობაში მოწონება დაიმსახურა და ნაპოლეონისეული განძი – 19 ცალი ყალბი ნიმუში ისე ოსტატურად დაამზადეს, რომ როგორც გაზეთის ფურცლებზე, ასევე ტელეეკრანებზე ხელოვნების ჭეშმარიტი ნიმუშებისგან ვერ გაარჩევდით.

კოლექცია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში გამოფინეს. იმ დღიდანვე მუზეუმში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული რაზმი ჩასაფრდა და ბოროტმოქმედებს დაუწყეს ლოდინი.

გამოცდილი ექსპერტი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გეგმაში, რომლის სულის ჩამდგმელიც შევარდნაძე იყო, სხვა დეტალებიც გაითვალისწინა და ყველა გამოცდილი საიუველირო ექსპერტი წინასწარ გააფრთხილა ბანდიტების სავარაუდო ვიზიტების გამო. ექსპერტებს კი გამოცდილი ოპერმუშაკი მიამაგრეს და თვალთვალი გააძლიერეს. 17 მარტს, ცნობილ იუველირს – ვანო ბერიძეს, სახლში ახალგაზრდა ეწვია. ბერიძე პლეხანოვზე ცხოვრობდა მარტოდმარტო, ერთ-ერთ ძველებურ ბინაში და მას ცალკე შესასვლელი ჰქონდა. დაახლოებით, საღამოს 8 საათზე მის კარზე ზარის ხმა გაისმა. იუველირმა კარი გააღო. ახალგაზრდამ გაუღიმა და უთხრა:

– ბატონო ვანო, მე თქვენთან ქვების შესამოწმებლად მოვედი და შეიძლება, შემოვიდე?

ბერიძეს არ გაჰკვირვებია ახალგაზრდის სიტყვები, რადგან ის საექსპერტო სამუშაოს ხშირად ასრულებდა და ამაში გასამრჯელოსაც იღებდა. ამიტომ, სტუმარი ბინაში შეიპატიჟა და უთხრა:

– აბა, ყმაწვილო, მიჩვენეთ თქვენი ქვები.

ახალგაზრდამ ჯიბიდან პატარა ყუთი ამოიღო, გახსნა და შიგთავსი მაგიდაზე გადმოყარა. ექვსი ცალი სხვადასხვა ფერის ქვა შუქზე აკიაფდა.

ბერიძემ სამი ცალი ქვა მარცხნივ გადააწყო და ახალგაზრდას უთხრა:

– ესენი შეგიძლიათ, ბავშვებს აჩუქოთ სათამაშოდ, რადგან მათი ფასი გროშია, – შემდეგ დანარჩენი სამი ქვა ხელისგულზე დაიდო და დააყოლა, – აი, ამათი ფასი კი ერთად ასი ათასია და მათში განსაკუთრებით ეს ორკარატიანი ცისფერი ბრილიანტი ფასობს, რომელიც მინიმუმ, 60 ათასი ღირს.

– ტყუილად არ მიქებდნენ თქვენს თავს. თქვენ თქვენი საქმის ნამდვილი პროფესიონალი ყოფილხართ და მინდა, დაგიქირაოთ, – თქვა ახალგაზრდამ უტიფრად.

ვანო ბერიძე საკმაოდ ეშმაკი კაცი იყო და მაშინვე მიხვდა, თუ ვისთან ჰქონდა საქმე. გარდა იმისა, რომ ბერიძეს შევარდნაძე ესაუბრა და „შვიდეულის“ შეპყრობაში დახმარება სთხოვა, მან თვალის ერთი შევლებით იცნო ჟოზეფინას ალმასებით მოჭედილი სამკაულიდან წამოღებული ორკარატიანი ბრილიანტი. ეს სამკაული ბერიძეს იმ კოლექციონერთან ჰქონდა ნანახი, რომელიც „შვიდეულმა“ გაძარცვა.

– რას ნიშნავს, მქირაობთ, ყმაწვილო? – კოპები შეიკრა ბერიძემ და მოჩვენებით გაბრაზდა, – ახლავე მიბრძანდით აქედან, რადგან თავხედებთან საქმე არ მაქვს.

შავგვრემანმა ბერიძეს „ნაგანი“ მიუშვირა და უთხრა:

– წყნარად, ბიძაჩემო, თორემ სამუდამოდ დაგადუმებ. ჩაიცვი და წამომყევი. შენთვის სამუშაო მაქვს და კარგ „მაყუთს“ გადაგიხდი.

იუველირის გატაცება სამინისტროს გეგმაშიც იყო გათვალისწინებული და ბერიძემ წინასწარ შეთანხმებული პირობა შეასრულა. სანამ სახლიდან გავიდოდა, სასტუმრო ოთახის ფარდა გაასწორა. ეს კი საკმარისი იყო იმისთვის, ბერიძის სახლთან მორიგე ოპერჯგუფი მომზადებულიყო და როდესაც ისინი „პობედაში“ ჩასხდნენ, მილიციამ ახალგაზრდა უხმაუროდ დააპატიმრა. შემდეგ ის უახლოეს მილიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. იუველირის გამტაცებელი ახალგაზრდა 27 წლის პავლე ნოდარის ძე ნოზაძე აღმოჩნდა. პროფესიით ის კბილის ტექნიკოსი იყო და სტომატოლოგიურ კლინიკაში მუშაობდა.

ოპერაცია „აირწინაღი“

პავლე ნოზაძე ჭირვეული პატიმარი აღმოჩნდა და მილიციელების კითხვებზე პასუხის გაცემას თავს არიდებდა, მაგრამ არც იმდენად, რომ მაიორი დევიძისთვის გაეძლო. როდესაც ამ უკანასკნელმა მას რამდენჯერმე წაუთაქა, პავლე ნოზაძე ალაპარაკდა:

– იუველირის მოტაცება კობამ მიბრძანა და მეტი არაფერი ვიცი.

– კობა ვინაა?

– ჩემი მეზობელი.

– სახლის მისამართი და გვარი! სწრაფად, შე პიჟონო! – იღრიალა მაიორმა.

– ვცხოვრობ ავლაბარში. კობას გვარი კი თუშურაულია, – სხაპასხუპით ჩაარაკრაკა ნოზაძემ, რომელიც ისე იყო შეშინებული, ენა ებმოდა.

მონაყოლის შედეგად გაირკვა, რომ თუშურაული „შვიდეულის“ მეთაური იყო. თავად ნოზაძე „შვიდეულის“ აქტიურ საქმიანობაში არ მონაწილეობდა, მაგრამ ეხმარებოდა და ყველაფრის საქმის კურსში გახლდათ.

– კობა ამაღამ აპირებს მუზეუმზე თავდასხმას და კოლექციის გატაცებას. იუველირი კი იმისთვის უნდა, რომ ძვირფასი ქვების ნამდვილი ღირებულება გაიგოს. მე მგონი, ის ამაღამვე აპირებს უცხოეთში გაქცევას და ქვების გატაცებას, – ამცნო ნოზაძემ მილიციას.

– ოპერებმა ისიც შეიტყვეს, რომ თუშურაული ერთობ ორიგინალური მეთოდით ცდილობდა კოლექციის გატაცებას. მას ჯერ მხუთავი გაზი უნდა შეეშვა მუზეუმში და შემდეგ თავის მეგობრებთან ერთად აირწინაღაფარებული შესულიყო შიგ.

– ხედავ შენ, რა ეშმაკი ყოფილა?! – თქვა დევიძემ და სამინისტროში გადარეკა. შემდეგ ყველაფერი მინისტრს მოახსენა და ლაპარაკი რომ დაამთავრა, თავის ჯგუფის წევრებს უბრძანა, – ჩვენები მუზეუმში შევლენ და ოპერაცია „აირწინაღს“ ჩაატარებენ. ჩვენ კი ავლაბარში ვიმოქმედებთ.

ნოზაძის დაპატიმრებიდან სულ რაღაც 2 საათში მთელი „შვიდეული“ სახელმწიფო მუზეუმის სახურავზე დააპატიმრეს, იმ დროს, როდესაც ისინი მთელი კოლექციით აპირებდნენ მიმალვას. კობა თუშურაული ისე იყო გაოგნებული ოპერმუშაკების მოქმედებით, რომ იარაღის ამოღებაც ვერ მოასწრო. თხუთმეტ წუთში მთელი ბანდა სამინისტროში გადაიყვანეს და ედუარდ შევარდნაძე პირადად ჩაერთო გამოძიებაში.

უკანასკნელი საქმე

იმ პერიოდში მიღებული კანონებით, „შვიდეულის“ საქმე „კაგებეს“ კომპეტენციაში შედიოდა და წესით, უშიშროებას უნდა გამოეძია. თუმცა, შევარდნაძემ სულ რაღაც სამ დღეში ისე გამოაძიებინა ყველაფერი თავის ხელქვეითებს, თეთრი ლაქები არ დაუტოვებიათ და ბანდიტებისგან 2 მილიონ 580 ათასი მანეთის ძვირფასეულობა ამოიღეს. ედუარდ შევარდნაძემ კი წარმატების შესახებ თავის მოსკოველ შეფს, ნიკოლაი შჩოლოკოვს უპატაკა.

„შვიდეულის“ საქმის გამო გაწბილებულმა ალექსი ინაურმა შევარდნაძეს დაურეკა და პირადად მიულოცა:

– გილოცავთ, ედუარდ ამბროსოვიჩ. ნამდვილად დიდი წარმატებაა „შვიდეულის“ დაპატიმრება და მომავალშიც ასეთ ნაყოფიერ საქმიანობას გისურვებთ.

– გმადლობთ, ალექსი ნიკოლაევიჩ, კეთილი სურვილებისთვის და თქვენც წარმატებებს გისურვებთ, – უთხრა შევარდნაძემ „კაგებეს“ შეფს, გამოემშვიდობა და ყურმილი დაკიდა.

შევარდნაძე პირადად შჩოლოკოვმა გამოიძახა მოსკოვში და მადლობა გადაუხადა. კობა თუშურაული და მისი მეგობრები კი გაასამართლეს და სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. კობას, როგორც ბანდის სულისჩამდგმელს და უპირობო ლიდერს, 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს და ეტაპით სოლიკამსკში, ეგრეთ წოდებულ „ბელი ლებედის“ ციხეში გააგზავნეს, სადაც გამოუსწორებელი დამნაშავეები იხდიდნენ სასჯელს. თუმცა, თუშურაულმა გაქცევა მოახერხა და საეტაპო მატარებლიდან ადიდებულ მდინარე დონში იმ დროს ჩახტა, როდესაც მატარებელი საბჭოთა კავშირის „ქურდულ დედაქალაქს“ ტოვებდა...

32 წლის თუშურაულზე საკავშირო ძებნა გამოცხადდა და საქმეში გამოცდილი მაძებრები ჩაებნენ. თუმცა, გაქცეულის კვალს ვერსად მიაგნეს და მიუხედავად იმისა, რომ მისი სურათები საბჭოთა კავშირის ყველა ქალაქში თვალსაჩინო ადგილებზე იყო გამოფენილი, არავინ იცოდა, სად იყო კობა. მხოლოდ 6 თვის მერე, ოქტომბრის შუა რიცხვებში „მურში“ ინფორმაცია შევიდა, რომ ძებნილი კობა თუშურაული მოსკოვში, რიგის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ვინმე ტიტე გოგოლის ბინას აფარებდა თავს. რუსული წარმოშობის ქართველი გოგოლი თბილისელი იყო. თუმცა, მოსკოვში გადაბარგდა საცხოვრებლად და იატაკქვეშ სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა, ეგრეთ წოდებული „ცეხები“ ჰქონდა, სადაც ცელოფნის პარკებს ამზადებდნენ. მილიციამ თვალთვალი დააწესა გოგოლზე და მის ბინაზე. თუმცა, ორკვირიანმა ძალისხმევამ არანაირი შედეგი არ გამოიღო და დადგინდა, რომ „ცეხავიკის“ ბინა „სუფთა“ იყო. მაშინ, მილიციამ გოგოლი დააკავა და დაკითხა. მან კი, თუშურაულის სურათს დახედა და გამომძიებელს ოლიმპიური სიმშვიდიდით უთხრა:

– ეს ლადო პაიჭაძეა და 10 ათასი პარკი შემიკვეთა. თუმცა, აღარ წაუღია და რამდენიმე ათასით მაზარალა. წინასწარ კი მისივე თხოვნით არ გამოვართვი ფული და, როგორც თანამემამულეს, ვენდე.

თავდაპირველად, მილიცია დაიბნა. თუმცა, როდესაც შეიტყვეს, რომ გოგოლი ნაპოლეონისეული ეპოქის ძვირფასეულობის კოლექციას ფლობდა, მას უთხრეს, რომ „შემკვეთი“ აუცილებლად გამოჩნდებოდა და მის ბინაში ოპერჯგუფი ჩაასახლეს... ერთკვირიანმა ჩასაფრებამ შედეგი არ გამოიღო და 29 ოქტომბერს „მურში“ შეიტყვეს, რომ ცნობილი ლენინგრადელი კოლექციონერის, ისაკ გუტმანის ბინიდან ბანდიტებმა 1 მილიონ 895 ათასი მანეთის ღირებულების ძვირფასეულობა წაიღეს... მაძებრებმა დაადგინეს, რომ თუშურაულის ხელწერით იქნა ჩადენილი ეს დანაშაული და მისი ძებნა გააძლიერეს. თუმცა, მის კვალს ვერსად მიაგნეს და არც მისი ახალი ბანდის წევრების ვინაობის დადგენა მოხერხდა...

P. S. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კობა თუშურაულმა ნაძარცვი ძვირფასეულობა ჯერ თურქეთში გაიტანა, მერე კი კანადაში და დღესდღეობით ავსტრალიაში ცხოვრობს სხვისი გვარით და მსხვილი ბიზნესის წილშია. გაირკვა, ისიც, რომ მოუხელთებელი ბანდის ჭერმარიტი სულისჩამდგმელი ტიტე გოგოლი იყო, რომელიც „ცეხავიკობით“ ინიღბებოდა და მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის მერე გაემგზავრა უცხოეთში. ის 2000 წელს ავსტრალიაში გარდაიცვალა და იქვეა დასაფლავებული.


скачать dle 11.3