შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: დავიბადე 1966 წლის 25 იანვარს, დილის საათებში. რა არის ჩემი კარმული მისია, რომელ პროფესიებში გამიმართლებს და რომელი ქვეყანაა ჩემთვის მეტად მისაღები?
პასუხი: თქვენი კარმული მისიაა, იყოთ მეტად აქტიური, ინიციატივიანი, კომუნიკაბელური, უნდა დაეყრდნოთ ცოდნის ბაზას, კეთილშობილებას, ოპტიმიზმს, დიპლომატიურობას ურთიერთობებში. უნდა შეგეძლოთ შუამავლის ფუნქციის შესრულება – ამით თქვენ შეასრულებთ თქვენს კარმულ მისიას. პროფესიებიდან კარგია: ჟურნალისტიკა, რადიო-ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო საქმიანობა, ავიაციის ბიზნესი ან შემოქმედება, პროფესიული დიპლომატია, ტურიზმი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, იურისპრუდენცია, ავტომატიკის, ტელემექანიკის, სატრანსპორტო და სატელეფონო სფერო, გაზის ინდუსტრია ან ბიზნესი. ამ პროფესიებში წარმატებების შანსი მეტად მაღალი გაქვთ. უცხოეთს რაც შეეხება, ეს თქვენი კარმული მისია და დიდი წარმატებების მომტანი ადგილი არ არის, თუმცა, არ არის ცუდი და არც გეკრძალებათ. შეგიძლიათ, უცხოეთში მოსინჯოთ ძალები და იქ დაგროვილი ცოდნა და კაპიტალი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გამოიყენოთ. ქვეყნებიდან კი კარგია: ინგლისის დასავლეთი მხარე, ბელგია, კანადა, ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთი მხარე, კუნძული სარდინია, ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნები, საფრანგეთი, საბერძნეთი, ნორვეგია, გერმანიის საქსონიის მხარე.
კითხვა: დავიბადე 1981 წლის 18 ივნისს. მაინტერესებს, რა არის ჩემი კარმული მისია და რა გავაკეთო წარმატების მისაღწევად?
პასუხი: თქვენი კარმული მისიაა, იყოთ აქტიური და ენერგიული, უნდა შეგეძლოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების გამოვლენა, უშიშარი, მებრძოლი სულისკვეთების გამოხატვა, უნდა იყოთ, ასევე, „მშვიდობის მტრედი“ და, სადაც შეხვალთ, შეიტანოთ სიმშვიდე, სილამაზე და არა აგრესია და დეპრესია – ეს თქვენი წარმატების შანსია. იყავით, ასევე, მეტად სტაბილური და ჰარმონიული სასიყვარულო-პარტნიორულ ურთიერთობებში. ამავდროულად, იყავით ოპტიმისტური, კომუნიკაბელური, კეთილშობილი, სამართლიანი, დიპლომატიური.
კითხვა: დავიბადე 1982 წლის 14 ივნისს. მაინტერესებს, რა არის ჩემი კარმული მისია და რა გავაკეთო ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად?
პასუხი: წარმატების მისაღწევად, აუცილებელია შეასრულოთ თქვენი კარმული მისია. კერძოდ, იყავით მეტად ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, შრომისმოყვარე, ნებისყოფიანი, ფულის ყაირათიანი მხარჯველი, პუნქტუალური. მეტად გქონდეთ საკუთარი შესაძლებლობების იმედი, შეძელით ინიციატივის აღება, გამოავლინეთ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებები წამოსწიეთ წინა პლანზე. ამასთანავე, დაეყრდენით ინტუიციას, დაიცავით საიდუმლო. ამით თქვენ სწორ ევოლუციურ გზაზე დგებით, ასრულებთ კარმულ მისიას და იმარჯვებთ კიდეც. გეტყვით იმასაც, რომ აუცილებელია, დაასტაბილუროთ საოჯახო და სანათესაო წრე. უნდა ემსახუროთ სამშობლოს, დაიცვათ ადათ-წესები, იყოთ პატრიოტი, პატივი სცეთ ტრადიციებს. ასე რომ, თქვენი სამყოფელი არის სამშობლო და მისი სამსახური.
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1998 წლის 25 ივნისს, პარასკევ დღეს, საღამოს 9 საათზე. მაინტერესებს, რა არის მისი კარმული მისია, რომელ პროფესიებში გაუმართლებს და რაგბის პროფესიულად მიუდგეს თუ არა?
პასუხი: სპორტთან მიმართებაში მას ექნება ცოტა წინაღობები. მაგრამ, ძალების მოსინჯვა ღირს. სპორტი მისთვის დიდი წარმატების მომტანი არ არის, მაგრამ მისი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. მისი კოსმიური მისიაა ის, რომ იყოს მეტად ორგანიზებული, დისციპლინირებული, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, პრაქტიკული, პუნქტუალური, მოწესრიგებული, მარტოხელა მებრძოლი; ასევე, საქმეს უნდა მიუდგეს სერიოზულობით და გამოავლინოს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ირგვლივ უნდა შემოიკრიბოს ერთგული ადამიანები და თავადაც იყოს ერთგული. იყოს წინდახედული და ფრთხილი. მაქსიმალურად დაასტაბილუროს ცხოვრება. პატივი სცეს ტრადიციებს. ამით ის დადგება სწორ ევოლუციურ გზაზე და ცხოვრებაში გამარჯვებებსაც მიაღწევს. პროფესიებიდან კი წარმატებების მომტანია: საქველმოქმედო საქმიანობა, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, ფსიქოთერაპია, ფოტოგრაფიის ხელოვნება, სასტუმროების ბიზნესი ან შემოქმედება, არქიტექტურა, დიზაინი, კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, პედაგოგიური მოღვაწეობა, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, მედიცინა, ოღონდ ენდოკრინოლოგიის გარდა, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო სფერო, ჟურნალისტიკა, რადიო-ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრიის ფართო სპექტრი, ლინგვისტიკა, სოციოლოგიის ფართო სპექტრი.