მილიონერის ქალიშვილი მემკვიდრეობას ძაღლებს ედავება
ამერიკის შეერთებული შტატების ფლორიდის შტატის ერთ-ერთი მილიონერის შვილი იძულებულია, მემკვიდრეობა სასამართლოს ძალით მიიღოს მას შემდეგ, რაც მისმა დედამ მაიამი-ბიჩზე საცხოვრებელი სახლი და 3 მილიონი დოლარი თავის ძაღლებს დაუტოვა. ბრეტ კარი ამტკიცებს, რომ ამაში დამნაშავენი ოჯახის მსახურები არიან, რომლებმაც 67 წლის გეილ პოზნერი აიძულეს, სწორედ მათთვის – ძაღლებისთვის დაეტოვებინა, საერთო ჯამში, 20 მილიონი ფუნტი სტერლინგი.
გეილ პოზნერი 2010 წლის მარტში გარდაიცვალა, მაგრამ მისი ძაღლები ახლაც ატარებენ ძვირფას კოლიეს და ყოველ კვირას სპა-სალონში დაჰყავთ, მაშინ როცა გეილის შვილმა, ანდერძის თანახმად, მხოლოდ 600 ათასი ფუნტი სტერლინგი მიიღო.
თავის სარჩელში კარი ამტკიცებს, რომ დედას მისთვის მთელი ქონება უნდა დაეტოვებინა, მაგრამ, დარწმუნებულია, რომ მსახურებმა ის ტკივილგამაყუჩებლებით გაჭყიპეს და შეძლეს, ჩაეგონებინათ, ანდერძი ძაღლების სასარგებლოდ შეეცვალა და ამით მათთვის ხელმისაწყდომი ყოფილიყო კონტროლი უზარმაზარ თანხებზე.
მაგალითად, პოზნერის ეკონომი ქალი, ელიზაბეტ ბეკფორდი, ანდერძის თანახმად, სამ მილიონ ფუნტს მიიღებს, თავის ორ მცველს პოზნერმა 7 და 5 მილიონი ფუნტი უანდერძა, პირად მწვრთნელს კი – 1,3 მილიონი.
კარის ადვოკატის, ბრიუს კატცენის სიტყვებით, „გეილს ჰქონდა სერიოზული პრობლემები: ის კიბოსგან იტანჯებოდა, ჰქონდა ბიპოლიარული აშლილობა და ადვილად ექცეოდა სხვისი გავლენის ქვეშ“.
სიცოცხლეში მილიონერმა ქალმა მამისგან ანდერძით 50 მილიონი ფუნტი სტერლინგი მიიღო და ხშირად ტრაბახობდა, როგორ ფუფუნებაში ცხოვრობდნენ მისი ძაღლები. 2007 წელს ინტერვიუში განაცხადა კიდეც, რომ თავის ერთ-ერთ ძაღლს, სახელად კონჩიტას, 15 ათასი დოლარის ღირებულების კოლიე უყიდა, მაგრამ კონჩიტამ დაუწუნა“.
მსგავსი ისტორია მოჰყვა სასტუმროების იმპერიის მფლობელის, ლეონა სელმპსის ანდერძს: მან 12 მილიონი დოლარი დაუტოვა თავის მალტის ტერიერს, სახელად ტრაბლს, ისე, რომ დაავიწყდა თავისი ორი შვილიშვილი. შემდგომში სასამართლომ ძაღლს თანხა შეუმცირა და მხოლოდ 2 მილიონი დაუტოვა.