ჩვენს პლანეტაზე ცოცხალი ორგანიზმების 5,5 მილიონი სახეობა ბინადრობს
დედამიწაზე ცოცხალი ორგანიზმების გაცილებით ნაკლები სახეობა ცხოვრობს, ვიდრე სწავლულებს ეგონათ. სულ ცოტა ხნის წინათ, ბიოლოგები მიიჩნევდნენ, რომ ჩვენს პლანეტაზე 30 მილიონამდე სახეობა სახლობს, მაგრამ, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, უკანასკნელი გამოკვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ ისინი „სულ რაღაც“ 5,5 მილიონია. „შეიძლება, ვუწოდოთ კურიოზული იმ ფაქტს, რომ ადამიანმა დიდი სიზუსტით იცის ჩვენს გალაქტიკაში მდებარე ვარსკვლავების რაოდენობა და წარმოდგენა არ აქვს დედამიწაზე მათი სიცოცხლის „თანამგზავრების“ რაოდენობაზე“, – განაცხადა საერთაშორისო ჯგუფის ხელმძღვანელმა, მელბურნის უნივერსიტეტის პროფესორმა ენდრიუ ჰემილტონმა. სერიოზული სხვაობა ამ შეფასებებში კი იმით აიხსნება, რომ ყველაზე მრავალრიცხოვანი არსებები სწორედ ერთ-ერთ ყველაზე ძნელად შესასწავლ ჯგუფში – ტროპიკულ ფეხსახსრიანებში შედიან (მწერები, ობობისნაირები, ტკიპები და ასე შემდეგ). ამათი რაოდენობა რამდენიმე მილიონია.
საერთაშორისო ჯგუფმა კვლევის დროს გამოიყენა მეთოდები, რომლებიც ახლოსაა მოდელებთან, რომლებიც ფინანსური რისკების შეფასებისას გამოიყენება. დათვლის შედეგად 90-პროცენტიანი ალბათობით გაირკვა, რომ ტროპიკული ფეხსახსრიანების სახეობა 2-დან 7 მილიონამდეა. ყველაზე ოპტიმისტური შეფასებით კი მათი საშუალო რაოდენობა 3,7 მილიონამდე იქნება. მათ უნდა მივუმატოთ 1,3 მილიონამდე სხვა ორგანიზმები (რომელთა უმრავლესობა მიკროორგანიზმებია, ბაქტერიების გამოკლებით), 50 ათასი ხერხემლიანი ორგანიზმები (ძუძუმწოვრები, ფრინველები, რეპტილიები, წყალ-ხმელეთა ცხოველები და თევზები) და დაახლოებით 400 ათასი მცენარე. ჯამში, 5,5 მილიონი სახეობაა, რომლებთანაც ადამიანები პლანეტას იყოფენ.