„ნასა“ დედამიწას 2013 წელს ტექნოლოგიურ აპოკალიფსს უწინასწარმეტყველებს
„2013 წელს, მრავალწლიანი ძილის შემდეგ, მზე გაიღვიძებს და „ნასას“ სპეციალისტების პროგნოზით, „იდეალური მაგნიტური ქარიშხალი“ დედამიწაზე ტექნოგენურ კატასტროფას გამოიწვევს,“ – ასეთ დასკვნებს შეიცავს „ნასას“ განყოფილების უფროსის, რიჩარდ ფიშერის მოხსენება. სწავლულის სიტყვებით, მზის ზედაპირზე ტემპერატურის ზრდა დღეს საგრძნობლად აჩქარდა.
მაგნიტური ქარიშხლები გამოიწვევს საკომუნიკაციო და კომპიუტერული სისტემების მუშაობის შეფერხებას, მწყობრიდან გამოიყვანს მობილურ და თანამგზავრულ კავშირს, გამოიწვევს აეროპორტების მწყობრი მუშაობის დარღვევას. მზის აქტივობის გამო, შეიძლება, საბანკო სისტემის მუშაობაც მოიშალოს.
საიტზე THE REGISTER ჩამოთვლილია ტექნიკური კატაკლიზმები, რომლებიც დედამიწაზე მზის ქარიშხლების დროს ხდებოდა: 1859 წელს მაგნიტური ქარიშხლის გამო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მთელ ევროპაში მწყობრიდან გამოვიდა ტელეგრაფი; 1921 წელს გაზრდილმა მზის აქტივობამ მწყობრიდან გამოიყვანა ნიუ-იორკის სატრანსპორტო სისტემა; 1989 წლის მზის შტორმმა კვებეკის ელექტრომომარაგების სისტემის მოშლა გამოიწვია, რის გამოც 6 მილიონი კანადელი სინათლისა და სითბოს გარეშე დარჩა.
„იდეალურ მაგნიტურ ქარიშხალს“, რომელიც მზეზე გიგანტური ბირთვული აფეთქების შედეგად წარმოიშვა, უნარი შესწევს, გაარღვიოს დედამიწის ბუნებრივი დაცვის საშუალებები, რაც გავლენას მოახდენს ყველა კომპიუტერიზებული სისტემის მუშაობაზე. სწავლულების პროგნოზით, მზის ქარიშხლის მოქმედების შედეგად, შეიძლება, ხანგრძლივი ეკონომიკური კრიზისი წარმოიშვას.