კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები


მისაბიშვილი

გვარის შექმნაში მონაწილეობას იღებს წინსართი, სულხან-საბა ორბელიანის თქმით – ართრონი (ართრონი – არს ესე ასო, რომელიც სიტყვას წინა დაერთვის, რათა სიტყვა დაატკბოს). მოცემულ შემთხვევაში მი ართრონია, ფუძეა საბა (საბი, საბია), შვილი კი – სუფიქსია, აუცილებელი ელემენტი, რათა გვარს (ვინაობას) ფორმა მისცეს.

ასევე, გვაქვს გვარები: მისაბასშვილი, საბაური, საბაძე, საბიაშვილი, მისერია, მისიდასშვილი.

მისაბიშვილი უძველესი გვარმოდენილობით კოლხეთში შექმნილი გვარია. ის სამეგრელოშია გაჩენილი.

საქართველოში 106 მისაბიშვილი ცხოვრობს: სენაკში – 32, თბილისში – 35, ფოთში – 17. არიან სხვაგანაც.

მამაგულაშვილი

გვარის ფუძეა რთულფუძიანი სახელი მამაგულ, მამაგულა, მამაგულაი.

მამაგულაშვილი ავთანდილ, ბერიკა, ბერუა, ირემა, მამაგულა, პაპუა, როსტომა იგივე ყორხმაზაშვილი როსტომა, მოიხსენიებიან მეჩვიდმეტე საუკუნეში.

საქართველოში 446 მამაგულაშვილი ცხოვრობს: ქარელში – 210, თბილისში – 94, ახმეტაში – 62. არიან სხვაგანაც.

77 მამაგულიშვილი: გორში – 5, რუსთავში – 5, თბილისში – 3. არიან სხვაგანაც.

ივანაძე-ივანიძე-ვანიძე

ივანაძე, ივანიძე და ვანიძე ერთი და იმავე გვარად ჩანან. ფუძედ კი გამოყენებულია სახელი ივანე, იოანე, რაც ებრაულად ღმერთის წყალობას, უფლის წყალობას ნიშნავს.

მეთხუთმეტე საუკუნეში სოფელ ღორეშაში სახლობდნენ ივანისძეები. ამ დროს მცხეთის კათოლიკოსია ივანიასძე. 1492 წელს მცხეთის სიგელშია მოხსენიებული მახარობელი ივანისძე. ძველად საქართველოში იყო ივანობის თვეც კი. ამბობდნენ, „მაისის წვიმა ოქროა და ივანობისა – ვერცხლი, კვირიკობის თვისა – მდუღარე და აგვისტოსი – ცეცხლიო“.

ივანიძეები მესხეთის სოფელ დადეშში ცხოვრობენ. ქართლში – ივანაურები, ფშავში – ივანიშვილები, შუახევის რაიონის სოფელ ჯამნაძეებში ივანაძეები თითქოს გურიიდან გადმოხვეწილ, იმ კაცის ნამრავლია, რომელსაც ივანე ერქვა და მისი მემკვიდრეები ვითომ ისე დაეწერნენ, როგორც, მისი ძმის – ზოსიმესგან ზოსიძეებს მიეცათ დასაბამი. ესაა გადმოცემა, რომელიც გამოკვლევა-დადასტურებას საჭიროებს.

საქართველოშო 350 ივანაძე ცხოვრობს: შუახევში – 133, ქობულეთში – 72, ხელვაჩაურში – 63. არიან სხვაგანაც.

1 570 ივანიძე: ასპინძაში – 446, თბილისში – 292, ახალციხეში – 249. არიან სხვაგანაც.

196 ვანიძე: ოზურგეთში – 64, თბილისში –24, ბათუმში – 18. არიან სხვაგანაც.

ყიფშიძე

გვარის ფუძეა ყიფი. ის ასევე გამოყენებულია ყიფიანების გვარის ფუძედაც. ყიფი ზოგადი მნიშვნელობით იგივეა, რაც ამაყი. სულხან-საბა წერს: „ამაყი სხვათა ენაა, ქართულად – ყიფი“. ყიფი მედიდურსაც ნიშნავს და აქედანაა წარმოშობილი გვარი ყიფიანი. ყიფშიძეებთან ასო შ ინფიქსი უნდა იყოს.

საქართველოში ყველაზე გავრცელებულ ათას გვარს შორის ყიფშიძეებს 326-ადგილი უჭირავთ.

საქართველოში 2 460 ყიფშიძე ცხოვრობს: ჭიათურაში – 770, თბილისში – 525, საჩხერეში – 298. არიან სხვაგანაც.

ჯანჯალაშვილი

გვარში ჯანჯალაშვილი ფუძედაა გამოყენებული კაცის მეტსახელი ჯანჯალი (ჯანჯალი-გაჯახირებული).

ამავე ძირისაა გვარი ჯანჯალია.

საქართველოში 308 ჯანჯალაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 217, კასპში – 88, მცხეთაში – 3.

208 ჯანჯალია: სამტრედიაში – 71, თბილისში – 63, ქუთაისში – 44. არიან სხვაგანაც.

ესიაშვილი

გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი ესია. ამავე ძირისაა გვარები ესიავა, ესაძე.

ბიბლიური საკუთარი სახელიდან – ესაია, გვხვდება გვარები: ისაია, ესაიაშვილი.

ასევე, გვაქვს ქართული გვარები: ესაია, ესებია, ესია, ესიკაშვილი, ესიტაშვილი, ესიავა, ესებიძე, ესებუა და სხვა.

გვარი ესიაშვილი მოიხსენიება ყმების ნუსხაში მეჩვიდმეტე საუკუნეში.

საქართველოში 230 ესიაშვილი ცხოვრობს: გორში – 101, თბილისში – 69, რუსთავში – 34. არიან სხვაგანაც.

მარჯანიძე

მარჯანიძე ქართლური, ქართლში წარმოშობილი გვარია. გვარის ფუძეა საკუთარი სახელი მარჯანი.

„მარჯანიძეთა შეწირულება განუახლა სვეტიცხოველს სვიმონ მეფემ დომენტის კათოლიკოსობის დროს, 1556-1560-იან წლებში“.

საქართველოში 400 მარჯანიძე ცხოვრობს: თბილისში – 165, ქარელში – 138, კასპში – 61. არიან სხვაგანაც.

დუჩიძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი დუჩა. ასევე, გვხვდება საკუთარი სახელი დუჩია.

„დუჩიძე ბეჟანა, მოწმე შიოშ და ვარდან ფალავანდიშვილების მიერ გიორგი გულიკაშვილისთვის მიცემული მამულის წყალობის წიგნისა“ (1518 წელი).

საქართველოში 147 დუჩიძე ცხოვრობს. თბილისში – 81, საგარეჯოში – 36, რუსთავში – 22. არიან სხვაგანაც.

საღარაძე-საღირისძენი

დღევანდელ საღარაძეთა წინაპრების გვარი პირველი საუკუნიდან იღებს სათავეს წინაპრის სახელიდან – საღის, საღარა, რაც იგივეა, რაც „შუბლთეთრი ცხენი“, ასევე, ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება გვარი, ანუ „დიდებულთა გვარი“ საღირისძენი.

საქართველოში 276 საღარაძე ცხოვრობს: თბილისში – 114, ქუთაისში – 33, ხობში – 20. არიან სხვაგანაც.

ქემაშვილი

ამ გვარის წარმოშობის გვარ-სახელთა ისტორიას ცნობილი მკვლევრები – ბატონი ილია მაისურაძე და ალექსანდრე ღლონტი სწავლობდნენ. წიგნში „ქართული გვარ-სახელები“ აღნიშნულია: „ქემაშვილი, ვაქირი (სიღნაღის რაიონი), საკუთარი სახელი ქემა“.

წიგნში „პირთა ანოტირებული ლექსიკონი“, გვარები და სახელები შეტანილია მეთერთმეტ-მეჩვიდმეტე საუკუნეებში ქართული ისტორიული საბუთების მიხედვით, სწორედ იქ არის აღნიშნული სახელი ქემა: „ქემა, ზემო ღანუხში მცხოვრები, ლეონ კახთა მეფემ ის შესწირა სვეტიცხოველს“ (1569 წელი).

ჯიხვიშვილი

ამ გვარის შესახებ ძალიან მწირი ცნობებია შემორჩენილი.

ცნობილია, რომ, სავარაუდოდ, ამ გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჯიხვა.

ასევე, გვხვდება გვარი ჯიხვაძე, რომელიც ამავე ფუძისაა.

საქართველოში 479 ჯიხვაშვილი ცხოვრობს: ტყიბულში – 142, თერჯოლაში – 128, ქუთაისში – 53. არიან სხვაგანაც.

32 ჯიხვიშვილი: გორში – 11, დედოფლისწყაროში – 8, ზესტაფონში – 3. არიან სხვაგანაც.

66 ჯიხოშვილი: ახმეტაში – 49, თბილისში – 13, გორში – 1. არიან სხვაგანაც.

სამიტაშვილი

გვარი სამიტაშვილის ფუძეა მეტსახელი სამა. ასევე, გვხვდება სახელები: სამატა, სამე, სამნა, სამო, სამიტა, სამეტა.

„სამიტაშვილის მიწა ესაზღვრებოდა ავთანდილ საგინაშვილის მიერ აბადარბაშ ბეჟანისთვის მიყიდულ გულიტაშვილის მიწას“ (1700 წელი).

1700 წელს, ასევე, მოიხსენიება სამეტაშვილი ბერია.

საქართველოში 72 სამიტაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 16, ზუგდიდში – 1, რუსთავში – 1. არიან სხვაგანაც.

ანანიძე

გვარის ფუძეა ქალის საკუთარი სახელი ანა, მოფერებით – ანანა, ანანია. ანანია გვხვდება კაცის სახელადაც.

ანანა ძველებრაულად მოწყალეს, გულკეთილს ნიშნავს. ანანაი, ანანო, ანანიე ძირითადად სასულიერო პირთა სახელებია.

„ანანია ვაჰანის მონასტრის მნათე... ანანია, კვეთელი მღვდელ-მონაზონი... ანანია მოურავი... ანანია ციციშვილების აზნაურიშვილი...“

საქართველოში 1 457 ანანიძე ცხოვრობს: ქობულეთში – 734, ქედაში – 224, ბათუმში – 173. არიან სხვაგანც.

ჩარგეიშვილი

გვარის ფუძედ გამოყენებულია მამაკაცის საკუთარი სახელი ჩარგა.

ამავე ძირისაა გვარი ჩარგვაძე, ჩარგაიშვილი.

გვაქვს საკუთარ სახელად ქცეული ეთნონიმი ჩარგაზა, რაც ჩერქეზს ნიშნავს.

საქართველოში 747 ჩარგეიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 255, ქუთაისში – 49, ბათუმში – 39. არიან სხვაგანაც,

ტუჩაშვილი-ბაბაშვილი-ბაბეური

ტუჩიშვილები, სოფელ ქურთას 1781 წლის აღწერაში ტუჩიაშვილებად არიან ჩაწერილები.

ტუჩაშვილების ადრინდელი გვარი ბაბეური ყოფილა, შემდგომში კი ბაბიაური გამხდარა. ხურთისში მცხოვრები ტუჩაშვილების ადრინდელი გვარი ბაბაშვილები ყოფილა.

1773 წლის აღწერაში, ხურთისში, სამი კომლი ბაბიაურია მოხსენიებული. ბაბიაურები, იგივე ბაბაშვილები, ტუჩაშვილის გვარზე მეჩვიდმეტე საუკუნეში გადასულან.

1781 წლის აღწერაში ის ადამიანები, რომლებიც 1774 წელს ბაბიაურის გვარს ატარებდნენ, ტუჩაშვილებად არიან ჩაწერილები.

ბაბაშვილები დღესაც ცხოვრობენ ხევში, კერძოდ, სიონში. ამ გვარის წარმომადგენლები, როგორც სიონში, ისე ხურთისში, თრუსოდან იყვნენ გადასულები.

ტუჩაშვილები და ბაბაშვილები ნათესაურ კავშირს ინარჩუნებენ და ერთმანეთზე არ ქორწინდებიან.

საქართველოში 209 ტუჩაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 73, მცხეთაში – 23, კასპში – 11. არიან სხვაგანაც.

122 ბაბაშვილი: თბილისში – 39, მცხეთაში – 37, ყვარელში – 23. არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით


скачать dle 11.3