რონალდოსთან განშორებამ ადრიანა ლიმას 10-მილიონიანი ქმარი აშოვნინა
სპორტული სეზონის განახლებასთან ერთად ჟურნალისტებმა ათასგვარი გამოკითხვისა თუ რეიტინგისთვის მოიცალეს. ყველაზე დიდ ინტერესს მაინც მანდილოსნები იწვევენ. ამიტომ ბრიტანელებმა სპორტის სამყაროში მოტრიალე მამაკაცების საუკეთესო მეორე ნახევრების ტოპ-ათეული შეადგინეს. გამოკითხვაში მონაწილეობა ხუთ მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო და წესით, ეს ათეული სიმართლესთან ახლოს უნდა იყოს.
1. ჟიზელ ბუდჰენი – ჟიზელსა და ლეონარდო დიკაპრიოს თავის დროზე რამე რომ გამოსვლოდათ, ბრაზილიელი მოდელი ახლა სიის ლიდერი არ იქნებოდა, მაგრამ მსახიობთან დაშორების შემდეგ მან რომანი ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავთან – ტომ ბრაიდისთან გააბა, ცოლადაც გაჰყვა და დღემდე მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელად ითვლება. მისი ქონება 150 მილიონ დოლარად არის შეფასებული, თუმცა, ქმარი მასზე შეძლებულია.
2. ევა ლონგორია – ყველაზე ცნობილი „სასოწარკვეთილი დიასახლისი“ საფრანგეთის ნაკრებისა და ამერიკული კალათბურთის ვარსკვლავის – ტონი პარკერის ცოლია. ევა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ქალად ითვლება და დისკომფორტს არც ის უქმნის, რომ კალათბურთელ ქმარზე ნახევარი მეტრით დაბალია. სამაგიეროდ, საუკეთესო ათეულში საპატიო მეორე ადგილს იკავებს.
3. ლიზა დერგანი – მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო გოლფისტის, შავკანიანი ტაიგერ ვუდსის მეორე ნახევარი მუდმივად ამბობს, რომ ცხოვრებაში მთავარი ფული არაა და არსებობს მასზე ბევრად მნიშვნელოვანი რამეები. რა თქმა უნდა, ლიზას უნდა გავუგოთ – მისმა ქმარმა ყვანჯის ქნევით 800 მილიონი დოლარი უკვე დააგროვა და ერთ წელიწადში პირველი სპორტსმენი გახდება, რომლის შემოსავლებიც მილიარდს გადააჭარბებს. ოფიციალურად ჯვარი წყვილმა სამი წლის წინ დაიწერა, თუმცა მათ იმ დროისათვის რამდენიმე შვილი უკვე ჰყავდათ.
4. ადრიანა ლიმა – ბრაზილიელი მოდელი ორი წლის წინ, როცა ბრაზილიის ნაკრების ფორვარდ რონალდოსთან ჰქონდა რომანი, გათხოვებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ რონალდომ ადრიანას უღალატა და ლიმამ ღალატი ვერ აიტანა – აქაოდა, ჩემნაირ ქალს არ ღალატობენო. მას შემდეგ ლიმამ „მემფისის“ კალათბურთელთან – მარკო იარიჩთან გააბა რომანი და მალე ცოლადაც გაჰყვა. პრინციპში, იგი ამ ნაბიჯს არ უნდა ნანობდეს: რონალდოს ხელფასი წლიურად ოთხი მილიონია, იარიჩი კი ათ მილიონზე მეტს იღებს.
5. კარმელა დი ჩეზარე – ამ გოგონას სილამაზის მთავარ საიდუმლოდ იმას მიიჩნევენ, რომ მისი დედა პუერტორიკოელია, მამა კი – იტალიელი. კარმელა თავის დროზე სპორტით თავადაც იყო გატაცებული და საჩვენებელ ორთაბრძოლებშიც იღებდა მონაწილეობას. 2007 წელს იგი ცოლად გაჰყვა ამერიკული ფეხბურთის კლუბ, „ოკლენდ რიდერის“ მცველს, ჯეფ გარსიას და დღემდე მასთან ერთად ცხოვრობს.
6. ინგრიდ ვანდერბოში – ეს ქალბატონი 19 წლის იყო, როცა „მის ბელგია“ გახდა. ეს შორეულ 1990 წელს მოხდა. ახლა კი 38 წლის ინგრიდი საუკეთესო ათეულში მეექვსე ადგილზეა, რაც უდავოდ დასაფასებელი ამბავია. ვანდერბოშმა სამოდელო სამყაროშიც სერიოზულ წარმატებებს მიაღწია და ეს ძირითადად მომხიბვლელი თვალებით შეძლო. მისი სახე დღემდე არაერთ კოსმეტიკურ საშუალებაზეა გამოსახული. თავად ინგრიდი არ ამხელს, როგორ უვლის თავს, მაგრამ, პრაქტიკულად, ყველა აღიარებს, რომ მას პლასტიკური ქირურგისთვის არასდროს მიუმართავს. მისი მეორე ნახევარი ცნობილი მრბოლელი, „ნასკარის“ არაერთგზის გამარჯვებული ჯეფ გორდონი გახლავთ.
7. ნიკოლ შერზინგერი – ნიკოლი ცნობილი მომღერალია, მისი საყვარელი კაცი კი „ფორმულა 1-ის“ მოქმედი ჩემპიონი, ბრიტანელი ლუის ჰამილტონი გახლავთ. სხვათა შორის, ამ ურთიერთობის წინააღმდეგი მრბოლელის მშობლები არიან, რადგან შერზინგერი ლუისზე შვიდი წლით უფროსია, მაგრამ ჰამილტონი ყურებამდეა შეყვარებული და ნიკოლის დათმობას არ აპირებს. ერთი ეგაა, მის კონცერტებზე არ დადის, რადგან თურმე მაყურებელი კაცები შერზინგერზე ხმამაღლა ოცნებობენ და ბიჭი ამას ვერ იტანს.
8. ჯესიკა ტეილორი – მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვა ბრიტანელებმა ჩაატარეს, ჯესიკა ერთადერთი ბრიტანელია, რომელიც ათეულში მოხვდა. მისი ქმარი, ასევე ბრიტანელი, კრიკეტის მოთამაშე ქევინ პიტერსონია. წყვილმა ერთმანეთი 2006 წლის იანვარში გაიცნო და გაცნობიდან ზუსტად ერთი წლის თავზე იქორწინა კიდეც. მათი ქორწილი საინტერესო იმით იყო, რომ მიწვეულ სტუმართა შორის დევიდ ბექჰემიც გახლდათ, რომელმაც წყვილს 50-ათასდოლარიანი ბეჭედი აჩუქა, თავად ქორწილი კი 70 ათასი დოლარი დაჯდა.
9. ამანდა ლი ვილიფორდი – „ცუდი გოგოს“ მეტსახელით ცნობილ მოდელს თავის დროზე მსახიობური ნიჭიც აღმოაჩნდა და რამდენიმე სერიალშიც ითამაშა, თუმცა მისგან დიდი ვარსკვლავი არ გამოვიდა. სამაგიეროდ, მისმა შოუმ „ცეკვა ვარსკვლავებთან ერთად“ პოპულარობა მოიპოვა. სწორედ ამ შოუში გაიცნო მან ამერიკული ჰოკეის ვარსკვლავი მიკ მოდანო და მალე ცოლადაც გაჰყვა. ამის შემდეგ ამანდამ საკუთარ გვარს ბოლოში „მოდანოც“ მიუმატა და ამით ძალიან ამაყობს.
10. კენდრა უილკინსონი – მართალია, კენდრა ათეულის ბოლოშია, მაგრამ, ის რად ღირს, რომ რამდენიმე ათეულ ათას ქალს შორის ათეულში მოხვდა?! კენდრა 19 წლის იყო, როცა პირველად „ფლეიბოისთვის“ გაიხადა. ამ ჟურნალის გამომცემელ ჰიუ ჰეფნერს გოგო ისე მოეწონა, რომ საკუთარ სახლში გადაიყვანა საცხოვრებლად. ჰეფნერს კენდრა ორ წელიწადში დაშორდა და მოდელობა დაიწყო, მერე კი „ფილადელფიის“ ლიდერი ჰენკ ბასკეტსი გაიცნო, ცოლად გაჰყვა და, დღე-დღეზე პირველ შვილსაც ელოდება. მშობიარობის შემდეგ უილკინსონი „ფლეიბოისთვის“ გახდას კიდევ ერთხელ აპირებს.