როგორ დაკარგა მრავალშვილიანმა დედამ თავისი პირველი ტყუპისცალი და ვინ დაინახა დაკარგული შვილიშვილი მეტროში
42 წლის ჯილდა აკაკის ასული ნარიმანიძე-გიორგაძე ეძებს 26 წლის ვაჟს (ბიჭი დაიბადა 1985 წლის 3 სექტემბერს).
ისტორია: ვეძებ ჩემს შვილს, ტყუპისცალს, რომელიც 1985 წლის 3 სექტემბერს დაიბადა ჩაჩავას სახელობის სამშობიარო კლინიკაში. ექიმების თქმით, მე მხოლოდ ერთი ბავშვი გავაჩინე. მაგრამ, მშობიარობის გამო ძალიან ცუდად ვიყავი და დეტალურად ბევრი რამ არ მახსოვს. მყავს 3 ტყუპი. ჩემი აზრით, პირველ მშობიარობაზეც ტყუპები გავაჩინე. რამდენიმე დღის წინ დედაჩემმა მეტროში ნახა ბიჭი, რომელიც ასაკით და ფიზიკურადაც ძალიან ჰგავდა ჩემს შვილს. ჩემმა მეუღლემაც ნახა ნოდარის ასლი ბიჭი მეტრო ახმეტელთან. ძალიან გთხოვთ, მაპოვნინეთ ჩემი ბიჭი.
ჟურნალისტის შენიშვნა: ჩვენი რესპონდენტი, ქალბატონი ჯილდა ამჟამად არის საქართველოს მრავალშვილიან ოჯახთა საქველმოქმედო კავშირის – „საქართველოს მომავლისთვის“ პრეზიდენტი, პარლამენტის 2003-2004 წლის დეპუტატობის კანდიდატი. ამასთანავე, 1981 წელს იგი იუნიორებში ბირთვისა და ბადროს მტყორცნელებს შორის გამარჯვებული, სპორტის ოსტატი გახლავთ ტყვიის სროლაში. მივმართავ ჟურნალ „თბილისელების“ მკითხველს: დაკარგული ტყუპისცალი ბიჭი, რომლის სახელი და გვარიც დაუდგენელია, ფოტოზე გადაღებული ძმის ასლია, ფიზიკურად ის ძალიან ჰგავს ფოტოზე გამოსახულ ნოდარ გიორგაძეს, თუკი ვინმეს გეცნობათ ეს ადამიანი ან იცით მისი ადგილმდებარეობა, გამოგვეხმაურეთ.
– როგორც ვიცი, მრავალშვილიანი დედა ბრძანდებით და საკმაოდ საინტერესო ისტორია გაქვთ. გვიამბეთ. როდიდან გაგიჩნდათ ეჭვი, რომ ერთი შვილი დაკარგული გყავთ?
– ადრეულ ასაკში გამათხოვეს. გათხოვების შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში არ ვფეხმძიმდებოდი. 1985 წლის 3 სექტემბერს ჩაჩავას კლინიკაში შემეძინა ვაჟი, რომელიც 3.200 კილოგრამს იწონიდა. დაიბადა ჯანმრთელი. შვილს ნოდარი დავარქვით. ჩემი პირველი მშობიარობის დღე ძალიან მძიმედ მახსოვს. როდესაც სასწრაფო დახმარების მანქანით სამშობიაროდ მიმიყვანეს, ძალიან არეული სიტუაცია დამხვდა. ვიღაც ქალს არასრულფასოვანი ბავშვი გაუჩნდა. მედპერსონალი არეული იყო, იმ ქალის ნათესაობაც და ახლობლებიც გაოგნებულები და აფორიაქებულები იყვნენ. ამ ყველაფერს ისიც დაერთო, რომ იმავე ღამით ერთმა რუსმა ქალბატონმა ტყუპები გააჩინა, თან ისე, რომ ერთი ბავშვი – სამშობიაროს საწოლში, მეორე კი – გინეკოლოგიურ მაგიდაზე დაიბადა. მე რომ ნოდარი შემეძინა, ძალიან ცუდად ვიყავი და ბევრი რამ კარგად არ მახსოვს, მხოლოდ შემდგომ გავიგე, რომ მშობიარობის დროს ძალიან მაღალი წნევა მქონია, ჩემი ასაკისთვის შეუფერებელი. ის იყო, ნაკერები დამადეს, როდესაც იმ რუს ქალბატონს ძლიერი სისხლდენა დაეწყო და მთელი საავადმყოფოს ექიმები იმ ქალის გადარჩენისთვის იბრძოდნენ. მე შვილი ნოდარ გომელაურმა გამაჩენინა, ბებიაქალის გვარი და სახელი არ მახსოვს. ის ხანშიშესული, ეროვნებით რუსი ქალბატონი იყო. იმის მოყოლა, თუ პირველი შვილის გაჩენას რამხელა სიხარული ახლავს, ზედმეტად მიმაჩნია. მაგრამ, ის გოგო, რომელმაც უცნაური და არასრულფასოვანი შვილი გააჩინა, სულ თვალწინ მიდგას. საეჭვო ის იყო, რომ იმხელა ალიაქოთის შემდეგ მთელი სამშობიარო მალევე დაწყნარდა და ის უცნაური ისტორია არავის უხსენებია. ყველა მიწყნარდა. იმ დროს ამისთვის არანაირი მნიშვნელობა არ მიმინიჭებია. ექვსი წლის განმავლობაში შვილი არ მყოლია, დღემდე არ ვიცი, რისი ბრალი იყო. ამას მთელი ოჯახი ძალიან განვიცდიდით. უცნაურია, მაგრამ ნოდარის ყოველ დაბადების დღეს უცნაური გრძნობა მეუფლებოდა და დღემდე ასეა. 1991 წლის 15 აგვისტოს შემეძინა ბიჭი, რომლის ტყუპისცალიც ადრევე მომწყდა. ლაშა კი წამლებით შევინარჩუნე. 1993 წლის 13 ნოემბერს შემეძინა ორი ვაჟი, ანუ ისევ ტყუპები – დათო და გიორგი. სამწუხაროდ, დათუნა მეოთხე დღეს დაგვეღუპა, გიორგი კი მძიმე მდგომარეობაში დიღომში, ბავშვთა განყოფილებაში გადავიყვანეთ. გარდაცვლილი ბავშვი, დათუნა შემთხვევით ვნახე ინკუბატორში... 1995 წლის 6 აპრილს შემეძინა ტყუპი გოგო – ნინო და მარიამი. ღვთის წყალობით, ორივე შემრჩა და ამჟამად უკვე 15 წლისები არიან. სხვებთან შედარებით, მძიმე პერიოდში მომიწია ბავშვების გაჩენა და აღზრდა. ომიანობა იყო, გაჭირვება და პირველი საფიქრალი, რა თქმა უნდა, ის იყო, ბავშვები როგორ გამომეკვება. ამის გამო ფიქრისთვის დიდი დრო არ მქონია, მაგრამ ერთი კითხვა წლების განმავლობაში სულ თან დამდევს და არ მასვენებს: რა დამთხვევაა, რომ ნოდარი ერთია, ხოლო დანარჩენი ყველა ტყუპები მყავდა, ნეტავ, მართლა ასე იყო თუ იმ დღეს სამშობიაროში რაღაც სხვაც მოხდა? ტყუპები გენეტიკურად გვყავს: ჩემი მამამთილის ბაბუა ტყუპისცალი იყო, მამაჩემის დედასაც ტყუპისცალი ყოლია, ასე რომ, ყოვლად შესაძლებელია, პირველ მშობიარობაზეც ტყუპები გამეჩინა...
– როდის გაგიჩნდათ დასაბუთებული ეჭვი, რომ პირველ მშობიარობაზეც ტყუპები გააჩინეთ?
– რამდენიმე დღის წინ დედაჩემმა ჩემი ცხოვრების გაუცემელ კითხვას პასუხი უპოვა. საქმე ისაა, რომ ჩემი შვილი – ნოდარი უკვე დიდი ხანია, თურქეთშია სამუშაოდ წასული. ბუნებრივია, ყველას ძალიან გვენატრება. ივნისის დასაწყისში დედაჩემი სახლში გაოგნებული დაბრუნდა და მითხრა, რომ მეტროში ნოდარის ტყუპისცალი ნახა. გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ჩვენს ნოდარს ის ბიჭიო. დედამ ვერ მოითმინა და მისივე თქმით, ახლოს მიუჯდა იმ ბიჭს და გამოელაპარაკა კიდეც. ტირილიც კი დაუწყია. იმ ბიჭს კი უთხრა, რომ შვილიშვილი ჰყავს, რომელიც მას ძალიან ჰგავს და ახლა ენატრება. იმ ახალგაზრდამ თანაგრძნობით დააიმედა დედაჩემი, რომ მალე ნახავთ თქვენს შვილიშვილსო და სადგურ „ღრმაღელეში“ ჩავიდა. დედამ იმხელა შოკი მიიღო „ახმეტელის“ სადგურზე რომ ამოვიდა, ვერ გაიგო, სად იყო და ტირილი დაიწყო. სახლში დაგვირეკა და შველა გვთხოვა, სახლისკენ გზას ვეღარ ვაგნებო. კორპუსთან მოყვანილ დედაჩემს ჩემი მეუღლე დახვდა. საღამოს დედამ ყველაფერი მიამბო. მე გამეცინა და ვუთხარი, ეს ყველაფერი დიდი მონატრების ბრალია-მეთქი. მას კი ეწყინა, განა შეიძლება, ასე მიმემსგავსებინა მხოლოდ მონატრების გამო. ხელებიც კი ნოდარისას უგავდა და სხვა ყველა ნაკვთიო. ამ ამბის მერე ჩემი მეუღლეც გამომიტყდა, რომ მასაც ჰქონია ანალოგიური სიტუაცია და უნახავს ნოდარის მსგავსი ბიჭი. მსგავსება ერთი-ერთზეაო. ამ ამბის მერე უფრო დავაკვირდი ჩემს უცნაურ შეგრძნებებს, რაც ნოდარის დაბადების დღეზე მაქვს ხოლმე. ამას თან ერთვის ის გაურკვეველი ალიაქოთი, რომელიც მართლაც დაუჯერებლად მალევე ჩაწყნარდა სამშობიარო სახლში, როდესაც ქალმა არასრულფასოვანი ბავშვი გააჩინა.
– აქამდე არ გქონიათ უცნაური შეგრძნება? ამბობენ, დედა შვილს ყოველთვის გრძნობსო.
– უცნაურად მეჩვენება ყოველთვის ის ფაქტი, რომ სულ ტყუპები მყავს გაჩენილი და ნოდარი კენტია. სწორად გამიგეთ, მართლაც ცუდ დროში მომიწია ბავშვების გაჩენა, დრო არ მქონია ამაზე უფრო მეტად მეფიქრა, მაგრამ ნოდარის დაბადების დღეზე სულ უცნაური გრძნობა მეუფლება, თითქოს მარტო არაა. აქამდე, სანამ დედაჩემს ეს ისტორია გადახდებოდა, თავს სულ ვეწინააღმდეგებოდი: სისულელეებს ვფიქრობ-მეთქი. ბრალს, იმაში, რაც სამშობიარო სახლში მოხდა, ვერავის დავდებ. მაგრამ თუკი ჩემი შვილი მართლაც გააშვილეს ჩემ დაუკითხავად და დამეთანხმებით, რომ მსგავსი ფაქტი ძალიან ბევრი მომხდარა, მაშინ ბრალის დადება დამნაშავეს ეკუთვნის. სამწუხაროდ, არიან ადამიანები, მსგავსი საქციელი შემოსავლის წყაროდ რომ გაუხდიათ და მშობელზე კი არავინ ფიქრობს.
– მაინც, სად გგონიათ თქვენი შვილი?
– ალბათ, სადმე ახლოს. ხშირად უმიზეზოდ ვიხედები ხოლმე უკან, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ვიღაც უხმოდ მეძახის. დედის და მეუღლის მონაყოლის შემდეგ კი ეს შეგრძნება თითქოს გამიმძაფრდა და ამიტომაც გადავწყვიტე თქვენთან მოსვლა დახმარებისთვის. აქამდე ჩემი შვილი არ მიძებნია, რადგან ვერ მოვახერხებდი ამას. ბუნებრივია, მას ჩემთვის უცხო სახელი და გვარი აქვს და არ ვიცი სად ცხოვრობს. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რატომღაც, რომ ტერიტორიულად ჩემგან არც ისე შორსაა.
ანგარიშს ვუწევ იმ წყვილსაც, რომელმაც ჩემი შვილი საკუთარი ბავშვივით აღზარდეს, მაგრამ მათი ბიოლოგიური შვილი არაა. ვფიქრობ, რომ სამართლიანი იქნება, თუკი მას სიმართლე ეცოდინება. ოჯახის წევრებმაც იციან ჩემი გადაწყვეტილების შესახებ და გვერდში მიდგანან.
– ღმერთმა ქნას და შვილის პოვნის შემთხვევაში, რას აპირებთ, როგორ ფიქრობთ, შეძლებთ ერთმანეთის ისე მიღებას, თითქოს დაშორების ეს წლები არც ყოფილა?
– იცით, ამაზე ბევრს ვფიქრობ, ღმერთმა ქნას, რომ მართლა ვიპოვო ჩემი შვილი. მაინტერესებს ყველაფერი მის შესახებ, თუ როგორ ოჯახში იზრდებოდა, როგორი გარემოცვა ჰყავს. შეიძლება, მისთვის უფრო მისაღებიც კი იყოს ჩვენს ოჯახში, იმის მიუხედავად, რომ ბევრნი ვართ ოჯახში, მის ტყუპისცალს მეუღლე და შვილიც კი ჰყავს უკვე. მე, ჩემი მხრიდან, ყველანაირად შევეცდები, გვერდში დავუდგე, არა მხოლოდ როგორც დედა, არამედ, როგორც მეგობარი. ალბათ, მერე ერთობლივად გადავწყვეტთ, როგორ გავაგრძელებთ ცხოვრებას.
თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.