შვედეთს ატომური ენერგეტიკა გადაარჩენს
იმ ფონზე, როცა ევროპის წამყვანი ქვეყნები სულ უფრო მეტად განიცდიან ენერგეტიკულ პრობლემებს, ატომური ენერგეტიკის პოპულარობა დღითიდღე იმატებს. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ და დემოკრატიული ტრადიციების მქონე სახელმწიფოში – შვედეთის სამეფოში მოიხსნა 30-წლიანი აკრძალვა ბირთვული რეაქტორების მშენებლობაზე. ამ ქვეყნის პარლამენტის დეპუტატთა უმეტესობამ მხარი დაუჭირა პროექტს, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ათეულობით ახალი ატომური რეაქტორი აშენდება. თუმცა, ოპოზიციური პარტიები, მათ შორის მწვანეები და სოციალ-დემოკრატები ამ პროექტს სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ. ოპოზიცია უკვე დაპირდა ამომრჩევლებს, რომ თუკი საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებენ, რომელიც 2010 წლის სექტემბერში გაიმართება, პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს დაუყოვნებლივ გააუქმებენ. აღსანიშნავია, რომ ზუსტად 30 წლის წინათ გაიმართა საერთო სახალხო რეფერენდუმი, რომლის მიხედვითაც გადაწყდა, რომ 2010 წლისთვის შვედეთში მთლიანად შეჩერდებოდა ატომური ელექტროსადგურების მშენებლობა. ახალი კანონით ატომური ელექტროსადგურების მშენებლობა მიმდინარე წლის აგვისტოდან დაიწყება. მოსახლეობის დიდი ნაწილი ატომური ელექტროსადგურების მშენებლობას დადებითად აფასებს. გამოკითხულ შვედთა 51 პროცენტი ატომური ელექტროსადგურების მშენებლობის გაგრძელების მომხრეა, წინააღმდეგი კი მხოლოდ 31 პროცენტია. დღეისთვის შვედეთში 12 ატომური რეაქტორი და 4 ატომური ელექტროსადგურია, რომლებიც ქვეყანაში მოხმარებული ელექტროენერგიის 50 პროცენტს გამოიმუშავებს.