რატომ დაუპირისპირდა ელენა ბატურინა ძმას და რამდენი შვილი ჰყავს მას იური ლუჟკოვისგან
2010 წლის ზაფხულის დასაწყისში, ჟურნალმა „ფორბსმა“ თავის ფურცლებზე, გამოაქვეყნა მსოფლიოს ყველაზე შეძლებული ქალბატონებისგან შემდგარი რეიტინგი. ამერიკელი ტელეწამყვანი ოპრა უინფრი, მწერალი ჯოან როულინგი, ჩინელი ბიზნესლედი ვუ იაჰუნი. ისინი ყველანი ამ რეიტინგის წევრები არიან, მაგრამ არის კიდევ ერთი შეძლებული ქალბატონი მსოფლიოში, რომლის სახელი მრავალ სკანდალურ საქმეს უკავშირდება. მოსკოვის მერის ცოლი, ელენა ბატურინა, „ფორბსის“ ვერსიით, პლანეტის ყველაზე შეძლებული ქალბატონების პირველი სამეულის წევრია და მისი კაპიტალი 2,9 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ის რუსეთის ყველაზე მდიდარი ქალბატონია, ხოლო მსოფლიო მილიარდერების საერთო რეიტინგში მას მოკრძალებული, 342-ე ადგილი უკავია.
ელენა ნიკოლაევნა ბატურინა 1963 წლის 8 მარტს დაიბადა, თუმცა დაზუსტებით ეს არავინ იცის, რადგან მონაცემებით 1991 წელს ის 25 წლის იყო, ანუ 1966 წელს დაბადებული გამოდის. სკოლის დამთავრების შემდეგ, ბატურინა ნახევარი წლის განმავლობაში მოსკოვურ ქარხანა „ფრეზერში“ მუშაობდა ტექნიკოს-კონსტრუქტორად. იგივე ქარხანაში მუშაობდნენ მისი მშობლები. 1982 წელს ელენამ სერგო ორჯონიკიძის სახელობის მოსკოვის მართვის ინსტიტუტი დაამთავრა და ცნობილია, რომ ის საღამო სწავლების სტუდენტი იყო. 1982-1989 წლებში ელენა ბატურინა მოსკოვის ეკონომიკური განვითარების ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად გახლდათ, ასევე მოსკოვის საქალაქო კომიტეტის სპეციალისტად მუშაობდა კოოპერატივების საკითხებში და კერძო სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა. არსებობს ვერსია, რომ ბატურინამ თავისი ბიზნესი პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების კოოპერატივით დაიწყო.
1991 წელს ელენა ბატურინამ დაარეგისტრირა კომპანია (კოოპერატივი) „ინტეკო“, რომელიც პოლიმერული პროდუქციის წარმოებით იყო დაკავებული. ელენასთან ერთად კომპანიის დამფუძნებელთა შორის მისი უფროსი ძმა, ვიქტორ ბატურინი ფიგურირებდა. პრესაში ბატურინა მოიხსენიებოდა, როგორც, „ინტეკოს“ პრეზიდენტი, ხოლო მისი ძმა ვიქტორი „ინტეკოს“ გენერალურ დირექტორად, ვიცე-პრეზიდენტი იყო. 2007 წლიდან ელენა ბატურინა „ინტეკოს“ ერთპიროვნული მმართველია.
1991 წელს ელენა ბატურინა იური ლუჟკოვის მეორე ცოლი გახდა. იმ პერიოდში ლუჟკოვი საბჭოთა კავშირის ქიმიური მრეწველობის სამინისტროსთან არსებული პლასტმასის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი და მეცნიერებისა და ტექნიკის სამმართველოს უფროსი იყო, ხოლო 1992 წელს იგი მოსკოვის მერად დაინიშნა. საინტერესოა, რომ ელენა ბატურინა თავისი სამეწარმეო საქმიანობის დაწყებას და იური ლუჟკოვთან დაახლოებას ჩვეულებრივ დამთხვევას მიაწერდა, თუმცა, ფაქტები სხვაზე მეტყველებს. 90-იანი წლების დასაწყისში „ინტეკომ“ ტენდერში გაიმარჯვა და მიიღო შეკვეთა მოსკოვის სტადიონებზე დასამონტაჟებელი პლასტმასის 100 ათასამდე სკამზე. მოგვიანებით, ბატურინამ დააკონკრეტა და განაცხადა, რომ მოსკოვის „ლუჟნიკების“ სტადიონის 80 ათასი პლასტმასის სკამი მისი კომპანიის მიერაა წარმოებული. მისივე თქმით, კომპანიამ მნიშვნელოვანი შეღავათი გაუკეთა სტადიონის დირექციას, რადგან იგივე სკამებში გერმანელი მწარმოებლები სამმაგ ფასს ითხოვდნენ. რა თქმა უნდა, სტადიონების რეკონსტრუქციისთვის ფინანსების განაწილებისა და ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენის პრეროგატივა მოსკოვის მერიას ეკუთვნოდა, რომელსაც ლუჟკოვი ხელმძღვანელობდა.
1999 წლის რუსეთის „დუმის“ არჩევნებზე, ელენა ბატურინა კენჭს იყრიდა ყალმუხეთიდან. მისი კონკურენტი „რუსეთის აგრარული პარტიის“ წევრი გენადი კულიკი იყო. არჩევნების წინა პერიოდში მოსკოვში არაერთხელ გაიმართა შეხვედრა იური ლუჟკოვის, ევგენი პრიმაკოვის, კირსან ილუმჟინოვისა და გენადი კულიკის მონაწილეობით. ისინი ლუჟკოვის დარწუნებას ცდილობდნენ, რომ ბატურინას უარი ეთქვა არჩევნებში მონაწილეობაზე, მაგრამ ეს არ მოხერხდა. ბატურინამ წააგო არჩევნები, მანამდე კი ხმაურიანი სკანდალი აგორდა „მოსკოვის პირველი არხის“ ჟურნალისტის სერგეი დორენკოს განცხადებების გამო. მან თავის საავტორო გადაცემაში ღიად განაცხადა, რომ ლუჟკოვი და ბატურინა ზეკორუმპირებული პერსონები არიან, ამის გამო ბატურინამ მას სასამართლოში უჩივლა და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 400 ათასი დოლარის გადახდა მოსთხოვა დორენკოს. რა თქმა უნდა, ბატურინამ მოიგო სასამართლო, ფულიც მიიღო, ხოლო დორენკოს გადაცემა დაუხურეს და სამსახურიდან მოხსნეს.
2001 წელს კომპანია „ინტეკო“ მსხვილ საინვესტიციო სამშენებლო კორპორაციად გადაიქცა. იმავე პერიოდში ბატურინამ შეიძინა რუსეთის ცემენტის ქარხნების უმეტესობა, რითიც ქვეყანაში ცემენტის და სამშენებლო მასალების უმსხვილესი მიმწოდებელი გახდა. 2000-იანი წლების შუა პერიოდში „ინტეკოს“ სახელთან დაკავშირებით კიდევ ერთი სკანდალი აგორდა. ელენა ბატურინას ძმამ, ვიქტორმა უჩივლა სასამართლოში. საქმე ისაა, რომ ვიქტორმა თავისი წილი აქციების 50 პროცენტი დას მიჰყიდა და ავტომატურად კომპანიის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი დატოვა. მოგვიანებით, განაცხადა, რომ ელენამ თაღლითური გზით გამოისყიდა მისგან აქციები და მან სამსახურში აღდგენა და აქციების დაბრუნება მოითხოვა. ვიქტორის სარჩელს ელენას საპასუხო სარჩელი მოჰყვა. მოსკოვის მერის მეუღლე ძმის პრეტენზიებს უსაფუძვლოდ მიიჩნევდა და პირიქით, მას ადანაშაულებდა, იმაში, რომ კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ გადაუჭრელ პრობლემებს არ აგვარებდა. მოგვიანებით, ორივე მხარის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბატურინებმა საკუთარი პრობლემები სასამართლოს გარეშე მოაგვარეს. სხვათა შორის, ზუსტად ამ პერიოდს დაემთხვა ვიქტორ ბატურინის საოჯახო პრობლემებიც. მას მეუღლე – მუსიკალური პროდიუსერი იანა რუდკოვსკაია დაცილდა და ბავშვების ნახვის საშუალებას არ აძლევდა. რუდკოვსკაია დიმა ბილანთან თანამშრომლობით არის ცნობილი და ამჟამად ის ფიგურისტ ევგენი პლიუშჩენკოს ცოლია. ვიქტორთან დაშორების მიზეზად კი ჟურნალისტები ყოფილი ქმრის ფინანსურ კრიზისს ასახელებენ.
ელენა ბატურინა დაკავებულია ჩოგბურთით, უყვარს თხილამურებით სრიალი და ავტომობილის მართვა. ელენა ასევე სერიოზულ დონეზეა გატაცებული ჯირითით და ამბობენ, რომ ამაში დიდი წვლილი ცნობილ რუს ოფთალმოლოგს სვეტოსლავ ფიოდოროვს მიუძღვის. 1999-2005 წლებში ის რუსეთის ცხენოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი იყო. საინტერესოა, რომ ელენა ბატურინა რამდენიმე ცხენსაშენს ფლობს და ბიზნესის ეს სფერო მას საკმაოდ კარგად მისდის. თუმცა, სულ ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბატურინას კუთვნილი „მოსკოვის ცხენოსანთა სპორტული კლუბიდან“ ბოროტმოქმედებმა 20 ელიტური ჯიშის ცხენი გაიტაცეს, რომელთა საერთო ღირებულება 40 ათასი ევროა. რაც შეეხება მის ოჯახს, იური ლუჟკოვისგან ელენას ორი ქალიშვილი ჰყავს, 1992 წელს დაბადებული – ალიონა და 1994 წელს დაბადებული – ოლგა.