რას აზიანებს წყალი და როდის წვავს ის ძრავას
ბოლო დროს გახშირებული წვიმების ფონზე, თბილისის ქუჩებში ხშირად გვინახავს შუა სავალ გზაზე გაჩერებული ავტომობილი, შეწუხებული მძღოლი და უამრავი ევაკუატორი, რომელსაც წყლისგან დაზიანებული ავტომობილები სერვისში გადაჰყავს. როგორ აზიანებს წყალი ავტომობილს და როგორ უნდა ვმართოთ ის წვიმიან ამინდში, ამაზე პროფესიონალი მრბოლელი, მევლუდ მელაძე საუბრობს.
მევლუდ მელაძე: ამ ბოლო დროს მთელ საქართველოში და მათ შორის ჩვენს დედაქალაქშიც, ძალიან ინტენსიური წვიმებია, რომელმაც სერიოზულად დააზიანა გზის საფარი და ქუჩებში არათუ გუბეები, ტბებიც გაჩნდა. წვიმიან ამინდში ძალიან ხშირად ნახავთ ბორდიურთან ახლოს მიყრილ, გაჩერებულ ავტომობილებს. რატომ ხდება ეს? როდესაც გუბეში, დაახლოებით, ათ სანტიმეტრამდე წყალში გიწევს გავლა, ეს აუცილებლად ნელა უნდა გააკეთო. სწრაფად გავლისას წყალი ქვევიდან დიდი წნევით ისხმება და ძრავამდე აღწევს. ავტომობილთა უმრავლესობაში ძრავის ელექტროობა დაცული არ არის, წყალი შედის და სველდება ეგრეთ წოდებული „ტრამლიორი“. ამის შემდეგ სველდება სანთლებიც. მათ აღარ მიეწოდებათ დენი და ავტომობილი ჩერდება.
– ამბობენ, ზოგიერთი მოდელი ისეა მოწყობილი, გუბეში სწრაფად გავლა უფრო ურჩევნიათო.
– კი ამბობენ, რომ უმჯობესია, ზოგიერთი მოდელით რაც შეიძლება, სწრაფად გაიარო გუბეში, რადგან წყალი გვერდებზე ასხამს და არ შედის სანთლებთან. ყველაზე უსაფრთხო ამ სიტუაციაში დიზელზე მომუშავე ძრავაა, რომელსაც არ აქვს სანთლები. ის ბენზინის ძრავებისგან განსხვავებული პრინციპით მუშაობს, განსხვავებული სტილის სანთლები აქვს და წყალში გემივით გადის.
– რა შეგვიძლია, ამის წინააღმდეგ გავაკეთოთ?
– ასეთ ინტენსიურ წვიმებში კარგი იქნება, თუ გადაამოწმებთ „ტრამლიორის“, „ბაბინის“ მდგომარეობას და მას პარკით შეაფუთინებთ. თუ ამის გაკეთება თავად მძღოლს არ შეუძლია ავტომობილი ძრავის ხელოსანთან უნდა მიიყვანოს და მას გააკეთებინოს ეს ყველაფერი. ამის შემდეგ შეამოწმებინეთ სადენებიც, სადმე გახსნილი არ იყოს და საიზოლაციო ლენტით შეახვიეთ ისინი წვიმისგან რომ დაიცვათ.
– რას ნიშნავს ჰიდროდარტყმა?
– ეს არის ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება, ავტომობილს წვიმაში დაემართოს. საჰაერო მილში მოხვედრილი წყლის ერთი წვეთის წყალობით, შესაძლოა, ავტომობილის ძრავა დაიწვას და გადასაგდები გახდეს. სწორედ ძრავაში წყლის შეღწევას ეწოდება „გიდრო უდარი“ ანუ ჰიდრო დარტყმა. უმეტეს მანქანებს საჰაერო ფილტრი კაპოტში, წინა ფართან ახლოს უყენია. არის ყუთი, სადაც ფილტრი დევს და მასთან მიერთებულია მილი, რომელსაც წინა „შიტოკთან“ აქვს ბოლო. სწორედ იქიდან შედის ჰაერი. თუ ძალიან მაგრად წვიმს, როგორც ეს ამ დღეებში იყო, და მილმა ჰაერთან ერთად, თუნდაც ერთი წვეთი წყალი შეიტანა ჯერ ფილტრში, შემდეგ კი ძრავის ფეთქების კამერაში, მაშინ აფეთქების დროს ჰაერის მაგივრად საწვავს წყალი ერევა და დამთავრდა – ძრავა იწვება. ამიტომაც გირჩევთ, რაც შეიძლება ნელა გაიაროთ წყალში. არის მოდელები, რომელთაც საჰაერო მილი ზემოთ აქვს, ანუ სალონამდე ამოდის და იქიდან იღებს ჰაერს. ეს უკვე დამატებითი კომფორტია, ეგრეთ წოდებული, „ნავაროტკა“. ასეთ მილებს ძირითადად „ჯიპებსა“ და სპეცავტომობილებზე აყენებენ, რომელთაც მთებში და უგზოობაში უწევს სიარული. ხშირად ისეთ მდინარეშიც გადიან, ავტომობილი მთლიანად რომ იფარება. ეს ნიშნავს, რომ მათ საჰაერო მილი სახურავზე მაღლა აქვთ. ჩვეულებრივ მოდელებზე ასე არ არის. ძალიან ცუდია, რომ მანქანებს არ აქვს ეგრეთ წოდებული „ზაშიტნიკი“, ანუ ქვემოდან ლითონის ფენა, რომელიც ავტომობილის შიდა დეტალებს თავიდან არა წყლისგან, არამედ პატარა კენჭებისა და ქვების მოხვედრისგან იცავს. თუმცა, ის წყლისგანაც გადასარევად იცავს მანქანას. ერთი სიტყვით, თუ დასველდა და ავტომობილი გაჩერდა, ეცადეთ, ავტომობილი გვერდზე გადააყენოთ და დაელოდოთ სანთლების გამოშრობას. ამას, დაახლოებით, თხუთმეტი-ოცი წუთი სჭირდება. შემდეგ ეცადეთ, თავიდან დაქოქოთ ის. კარგი იქნება, თუ „ტრამლიორს“ და სადენებს პარკებსა და საიზოლაციო ლენტებს შემოახვევთ, რადგან ხშირად ის სადენებიც გახეულია და იოლად სველდება. ცალკე შეგვიძლია, ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ გავიაროთ წყლიან საფარზე ისე, რომ ავტომობილის მართვა არ დავკარგოთ, რადგან წყალი ხშირად ყინულზე საშიშია.