რომელი საკვები გაუსვამს ხაზს თქვენს სექსუალურობას, რატომ უნდა გაგრილდეთ სიცხეში „კუბალიპრეთი“ და რისგან მზადდება ელიტური „სიურპრიზი“
ზაფხულის ცხელ დღეებში მამაკაცების უმრავლესობა კარგად ჩაციებული ლუდით ცდილობს გულის გაგრილებას, მანდილოსნები, მათგან განსხვავებით, ცივი კოქტეილებით და ბურახით ამჯობინებენ ორგანიზმის გაგრილებას. ასაკში შესული ადამიანები კი ფიქრობენ, რომ ზაფხულის აუტანელ სიცხეში ერთი ჭიქა გაგრილებული ღვინო გამაგრილებელიცაა და ორგანიზმისთვის სასარგებლოც. თუ რომელ საჭმელს და სასმელს მივანიჭოთ ამ დროს მეტი ყურადღება და რომელი უფრო სასარგებლო და მარგებელია ჩვენთვის, ამაზე რჩევები სომელიეს, თეიმურაზ ბენიძეს ვთხოვეთ.
– ამბობენ, ზაფხულში ადამიანის გემოვნება სასმელებთან მიმართებაში რადიკალურად იცვლებაო. თქვენ რას გვირჩევთ, რომელი ალკოჰოლური სასმლით შევძლებთ გულის გაგრილებას პაპანაქება სიცხეში ხანგრძლივი დროით?
– მართალია, ზაფხულში ადამიანის გემოვნება სასმელების მიმართ რადიკალურად იცვლება. თუ ზამთარში უფრო მეტად ალკოჰოლის შემცველ სასმელს ვანიჭებდით უპირატესობას, ახლა მისგან თავი უნდა შევიკავოთ და შედარებით მსუბუქი სასმლით შევძლოთ გაგრილება. შამპანურზე ამავეს ვერ ვიტყვი, რადგან ის უნივერსალური, ამავდროულად, ჩემი უსაყვარლესი სასმელია და მისი დალევა წლის ნებისმიერ დროსაა სასურველი, ოღონდ, გასათვალისწინებელია, წლის რომელ დროს და რამდენ გრადუსზე ჩაციებულს სვამთ მას. საერთოდ კი, ზაფხულში, გრილი „ცქრიალა ღვინის“ დალევა დღის ნებისმიერ მონაკვეთში სასარგებლოა და 6-9 გრადუსზე უნდა ჩააციოთ. ის კარგია როგორც ხილთან და დესერტთან ერთად, ასევე, საზაფხულო მსუბუქ კერძებთანაც. რაც უფრო მსუბუქია კერძი და, შესაბამისად, ასეთ კერძებს ვეტანებით ზაფხულის სიცხეში, მით უფრო მსუბუქი დასალევი და აღსაქმელი უნდა იყოს მისი მისაყოლებელი სასმელიც.
– მამაკაცების უმრავლესობა ზაფხულში ჩაციებული ლუდით ცდილობს ორგანიზმის გაგრილებას. მათ რას ურჩევთ?
– ლუდი მამაკაცებისთვის უნივერსალური სასმელია. მეც ძალიან მიყვარს, მით უმეტეს – ზაფხულში და, თანაც, კარგად ჩაციებული. მაგრამ, გაითვალისწინეთ, რომ ლუდი მძიმე სასმელია. მართალია, ჩაციებული სასიამოვნო დასალევია, მაგრამ მისი სტრუქტურა ძალიან მძიმეა. მასში ალკოჰოლის რაოდენობა ძალიან მცირეა, თითქმის ნახევარი ღვინოსთან შედარებით, მაგრამ, სტრუქტურულად, ლუდი უფრო მძიმე დასალევია და მძიმე აღსაქმელი ორგანიზმისთვის, ვიდრე სხვა სასმელი. დალევის პროცესი სასიამოვნოა, მაგრამ, მონელების პროცესთან რთულად გვაქვს საქმე. თუ მას დიდი რაოდენობით დალევთ, გაფრთხილებთ, ინანებთ. ჩვენს მტერს, ლუდის „პახმელია“! (იცინის). რაც შეეხება ბურახს, რომელიც ზაფხულში ქალებს ძალიან მოსწონთ, რაღაც დონეზე იწვევს თრობის შეგრძნებას. ისე კი, დიდი რაოდენობით ბურახი უნდა დალიოს ადამიანმა, რომ ეს თრობის შეგრძნება განიცადოს. გასაგრილებლად ზაფხულში ნებისმიერი სასმელი კარგია, თუ ის სიამოვნებას განიჭებთ. ბურახის შუშხუნა ეფექტი პირის ღრუში ბევრს სიამოვნებს, ზოგს „რედბული“ მოსწონს, ზოგს ცივი ლუდი – რომ იტყვიან, გემოვნებაზე არ დავობენ. კოქტეილი „შავი ტყე“ ნამდვილი საზაფხულო სასმელია. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: ცოტა დამტვრეული ყინული, 30 მილიგრამი „რედ ბული“, 15 მილიგრამი მაყვლის ლიქიორი, 4-5 ცალი ჟოლო, 90 მილიგრამი მწვანე ვაშლის წვენი. ის ასე მზადდება: ბლენდერში ჩაყარეთ დამტვრეული ყინული, ჩაასხით „რედ ბული“, მაყვლის ლიქიორი, ჟოლო და ვაშლის წვენი. კარგად ამოურიეთ და ჩაასხით მაღალ ჭიქაში. 5 წუთით შედგით მაცივარში, შემდეგ გამოაღეთ და ჩააგდეთ ჭიქაში ერთი ფოთოლი პიტნა. უგემრიელესი და საოცრად გამაგრილებელი სასმელია. „შავი ტყე“ ცოტას გაბრუებთ და სასიამოვნო განწყობასაც გიქმნით.
– თუ არსებობს ისეთი საზაფხულო კოქტეილი, რომელიც ადამიანს ამშვიდებს და, თან, სიგრილის შეგრძნებას დიდხანს უტოვებს?
– როგორ არა, ასეთია რძის კოქტეილი ატმით ან გარგარით. ეს ხილი ახლა შემოდის და მისგან მომზადებული კოქტეილი უგემრიელესიცაა და სასიამოვნო დასალევიც. მას დამამშვიდებელი ეფექტიც აქვს – კარგია საღამოს ძილის წინ მისი დალევა და ისე დაძინება, თანაც, ფერადი სიზმრები გარანტირებული გექნებათ. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 2 ჩაის ჭიქა რძე, 2 ჩაის ჭიქა ათპროცენტიანი ცხიმიანობის მქონე ნაღები, 1 კილოგრამი ატამი ან გარგარი და 1 ჩაის ჭიქა შაქარი. კოქტეილი ასე მზადდება: ხილი გარეცხეთ კარგად, გაფცქვენით, გამოაცალეთ კურკები და ცოტა წყალში მოხარშეთ დარბილებამდე. რომ გაგრილდება, გახეხეთ თუშფალანგზე, შეურიეთ შაქარი, შეათბეთ შაქრის გადნობამდე და გააცივეთ. ადუღებულ ცივ რძეს დაუმატეთ ნაღები, ხილფაფა, წვრილად დამსხვრეული ყინული, აურიეთ და შედგით მაცივარში. გამზადებული კოქტეილი ჩაასხით ლამაზ ფუჟერებში და დალიეთ დაძინებამდე ერთი საათით ადრე. შეგიძლიათ, მას მშრალი ბისკვიტი ან ნამცხვარი მიაყოლოთ და კიდევ უფრო დატკბეთ ძილის წინ.
– არაალკოჰოლური სასმელებიდან რომელს მივანიჭოთ სიცხეში უპირატესობა?
– უალკოჰოლო სასმელებიდან „რედბულის“ სხვადასხვა კატეგორიის სხვადასხვა „ენერჯეიზერი“ ზაფხულის პერიოდში ძალიან სასიამოვნოა გასაგრილებლად და დამთრგუნველი სიცხისგან თავის დასაღწევად. რაც შეეხება გაზიან დამტკბარ წყალს, ის წყურვილის გრძნობას არ კლავს როცა მას სვამ, რამდენიმე წუთით განიცდი შვებას და სიამოვნებას, მერე კი ისევ წყურვილის შეგრძნება გაწუხებს. გირჩევთ, თუ ამ სეზონზე გინდათ, დალიოთ ალკოჰოლური სასმელი, ის მიირთვით „კოკა-კოლასთან“ ერთად. ასეთ დროს, ალკოჰოლი შეითვისება მსუბუქად, თავისუფლად და არ ტოვებს ისეთ მძიმე შეგრძნებას, როგორც „კოკა-კოლას“ გარეშე. ასევე, კარგია ვისკის ან არყის გარევა „რედბულთან“, ხოლო, როცა რომში ურევთ „კოკა-კოლას“, ის მას ალკოჰოლის შეგრძნებას უკარგავს, ზედაპირზე ამოაქვს რომის ხილის არომატი და პირში გრჩებათ ტროპიკული ხილის ნაზავის სასიამოვნო გემო. ამიტომ, გირჩევთ, ზაფხულში თეთრი რომის და „კოკა-კოლას“ ნაზავით ტროპიკულად ისიამოვნოთ. მას „კუბალიპრე“ ეწოდება და ის ახალგაზრდა, მოდურ, სექსუალურ და ელიტურ ქალბატონებზეა გათვლილი.
– ახლა ისეთი კულინარიული რეცეპტიც გაგვიმხილეთ, რომელიც ისეთივე სასიამოვნო და გემრიელია, როგორც „კუბალიპრე“ და სწორედ მოდური, ელიტური და სექსუალური ქალბატონების გემოვნებაზეა გათვლილი.
– (იცინის) ვხუმრობ ხოლმე, ახლა სწორედ სექსუალური, მოდური და ელიტური ქალბატონების სეზონია-მეთქი და, მათ ისეთი კერძი უნდა შევთავაზო, რომლის მირთმევისას ამ თვისებებს კიდევ უფრო გაუსვამენ ხაზს. მაგალითად, ასეთია, კუბური „ნასაქა“, რომელიც ქათმის ფილეთი და ნიგვზით მზადდება და მას „ცეცხლოვან ქათამსაც“ უწოდებენ. როგორც კუბელები ამბობენ, ამ კერძის დაგემოვნების შემდეგ ადამიანი უფრო ვნებიანი და სექსუალური ხდება. მის მოსამზადებლად საჭიროა: 500 გრამი ქათმის ფილე, 200 გრამი მიწის თხილი, 4 სადილის კოვზი სოიას კარაქი, 1 ჩაის კოვზი სახამებელი, 2 ცალი კვერცხის ცილა, 100 გრამი ღორის ხორცის რბილობი, 1 ცალი წითელი და 1 ცალი ყვითელი ბულგარული ტკბილი წიწაკა, 1 ცალი სტაფილო, 4 სადილის კოვზი ქათმის ბულიონი, ზეთი, დაფქული შავი პილპილი და მარილი გემოვნებით, 1 სადილის კოვზი დაჭრილი მწვანე ხახვი და ოხრახუში. ეს კერძი ასე უნდა მოამზადოთ: ქათმის ფილე დაჭერით, ამოავლეთ ცილაში არეულ სახამებელში და კარგად დაბრაწეთ ტაფაზე. ღორის ხორცი, სტაფილო და ტკბილი წიწაკა დაჭერით ოთხკუთხედ ნაჭრებად და შეწვით ცოტა სოიას კარაქში. დაუმატეთ ქათმის ფილე, მიწის თხილი, შეანელეთ მარილითა და პილპილით, ჩაასხით ბულიონი და მოთუშეთ კიდევ 2 წუთის განმავლობაში. სუფრაზე მიიტანეთ ცხელი, მიტანის წინ კი მოაყარეთ მწვანე ხახვი და გააფორმეთ მწვანილის ღერებით. ამ კერძს თუ ერთ ჭიქა წითელ ღვინოსაც მიაყოლებთ, ნამდვილად სექსუალურობის პიკს მიაღწევთ (იცინის). აქვე გეტყვით ახალი კარტოფილის უგემრიელესი კერძის – „სიურპრიზის“ რეცეპტსაც, რომელიც ადვილი მოსამზადებელი და „სვეტსკი“ საჭმელია, თან, არც ბევრი ინგრედიენტები სჭირდება. მის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტებია: 450 გრამი ხორცის ფარში, 10 ცალი ახალი, დიდი ზომის კარტოფილი, 50 გრამი ბრინჯი, 2 პატარა თავი ხახვი, 60-70 გრამი არაჟანი, 1 ცალი მოხარშული კვერცხი, მარილი და პილპილი. ეს კერძი ასე უნდა მოამზადოთ: გაფცქვენით კარტოფილი, წააჭერით თავი და ამოაცალეთ გული. ფარშს შეურიეთ ხახვი, ბრინჯი, მარილი, პილპილი და კარგად ამოურიეთ. გამზადებული ფარში ჩატენეთ კარტოფილში, ჩაალაგეთ ქვაბში, მოასხით ზემოდან არაჟანი და შედგით წინასწარ გახურებულ ჰაერღუმელში. გამზადებულ კერძს, სანამ სუფრაზე გაიტანთ, მოაყარეთ წვრილად გახეხილი მოხარშული კვერცხი. სხვათა შორის, „სიურპრიზს“ ჩაციებული ლუდის მიყოლებაც ძალიან უხდება. ასევე მსუბუქი და საზაფხულო კერძი-სალათაა კვერცხი მაიონეზის გარნირით, რომელსაც „კაკადუ“ ჰქვია. მისთვის საჭიროა: 6 ცალი კვერცხი, 100 გრამი მოხარშული კარტოფილი, 100 გრამი მოხარშული სტაფილო, 60 გრამი ახალი ან მჟავე კიტრი, 60 გრამი ტკბილი ბულგარული წიწაკა, 2 ცალი პომიდორი, 30 გრამი მწვანე ბარდა, 300 გრამი მაიონეზი, მწვანილი. ეს კერძი ასე მზადდება: კვერცხი მოხარშეთ მაგრად, მოაცილეთ ნაჭუჭი და გაჭერით შუაზე. ბოსტნეული დაჭერით კუბიკებად, დაუმატეთ მწვანე ბარდა და მაიონეზის ნახევარი. კარგად ამოურიეთ და ჩადეთ სასალათე ჭურჭელში. ზემოდან მოასხით დარჩენილი მაიონეზი. გააფორმეთ მწვანილით, სტაფილოთი, კიტრისა და პომიდვრის ნაჭრებით. სულ რაღაც ოც წუთში მოამზადებთ ამ ჰაეროვან სალათას და არც დიდხანს მოგიწევთ გაზქურასთან დგომა ამ სიცხეში.