რატომ არ სჭირდება ტელევიზორი და გათბობა იმედა არაბულს
იმედა არაბული: არც ჩხირკედელა ვარ და არც ხელმარჯვე. ჩემზე უფრო „ბელარუჩკა “ ითქმის. არ მეხერხება, რომ ავდგე და რაღაც შევაკეთო. ნათურის გამოცვლას კიდევ შევძლებ, მაგრამ ამაზე შორს ჯერ არ წავსულვარ (იცინის). სიმართლე რომ გითხრათ, არც მიცდია. როცა სახლში რამე ფუჭდება, ძირითადად მამაჩემი აგვარებს პრობლემებს. კარგია, რომ მეც ვიცოდე ეს ყველაფერი, მაგრამ ძალიან მაწუხებს-მეთქი ეს ამბავი, ვერ გეტყვი. ხელოსანსაც დედაჩემი იძახებს, ხოლმე.
– როცა შუქი ქრება, ან წყალი წყდება, შესაბამის სამსახურებში რეკავ, რომ მიზეზი გაარკვიო?
– არა. ისიც არ ვიცი, სად უნდა დავრეკო. თუ შუქი ჩაქრება, ალბათ, „თელასში“ უნდა გაარკვიო მიზეზი. წყალს რაც შეეხება, მართლა არ დავინტერესებულვარ, ამ შემთხვევაში ვის უნდა მივმართო.
– ძალიან გაუნებივრებიხართ ოჯახში.
– განებივრებაში არ არის საქმე. უბრალოდ, მე ძალიან იშვიათად ვარ სახლში. დილით რომ გავდივარ, ღამე შემოვდივარ. ან რეპეტიციაზე ვარ, ან სპექტაკლი მაქვს. ერთი სიტყვით სულ გადარბენა მაქვს. როცა ეთერში ვარ, დილის ხუთ საათზე ვდგები და ექვსზე უკვე გავდივარ. ასე რომ, სანამ პრობლემა ჩემამდე მოაღწევს, უკვე მოგვარებულია.
– დილის ხუთ საათზე ვდგები და ექვსზე სახლიდან გავდივარო. ამ დროს რომ დაწყდეს წყალი?
– ასეთი შემთხვევაც ყოფილა, მაგრამ მომიხერხებია რაღაც. (იცინის) თუმცა, ყველაზე მეტად უწყლობას ვერ ვიტან. ოღონდ წყალი იყოს და უშუქობას და სიცივეს ავიტან. რაღაცას ვიზამ, რა. ხომ იყო დრო, როცა ვიყავით უშუქოდ და უგაზოდ, მაგრამ გადავრჩით. უწყლოდ ვერ გადავრჩებოდით. ყველაფერი მირჩევნია უწყლობას.
– კომფორტი გიყვარს?
– ძალიან. მაგრამ კომფორტი ცოტა ზოგადი თემაა და ალბათ, უნდა დავაკონკრეტო, რა არის ჩემთვის კომფორტი. კომფორტი ჩემთვის არის იქ, სადაც თავს კარგად ვგრძნობ.
– ანუ, არ არის აუცილებელი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო.
– ნამდვილად არ არის აუცილებელი. მე კარავში ვყოფილვარ და კომფორტის განცდა მქონია. ისე კარგად მიგრძნია თავი. ქოხში მიცხოვრია, ჩემს მეგობართან და მინატრია, ნეტავი, სულ აქ მამყოფა-მეთქი. ისეთი არაჩვეულებრივი გარემო იყო. ელემენტარული პირობები უნდა მქონდეს, მაგრამ კარავში ტელევიზორს, დენს და შხაპს არ მოვითხოვ. საერთოდ არ მჭირდება. ხუთვარსკვლავიანი სასტუმროც კარგია, რატომაც არა, მაგრამ მარტო კარგი პირობები კომფორტს ვერ შემიქმნის. მაგალითად, მე როცა მთაში მივდივარ, ასეთი რაღაცეები საერთოდ არ მახსოვს. მთაში რომ წუწუნი დაიწყო, ვაიმე, ცხელი წყალი არ არისო, არ გყვარებია მთა და რა გინდა მაშინ, რატომ მიდიხარ? ჩემთვის ყველაზე დიდი კომფორტი იქ არის, სადაც ბედნიერების განცდა მაქვს.
– მოწესრიგებული ადამიანი ხარ?
– შეიძლება ითქვას, რომ კი. პედანტურად მოწესრიგებული ვარ-მეთქი, ასე არ არის, მაგრამ შემიძლია, საკუთარ თავს მოვუარო.
– საკვებსაც მოიმზადებ?
– ოო. მანდ ცოტა ვერ მაქვს საქმე კარგად. კვერცხის და კარტოფილის შეწვის მეტი არაფერი ვიცი. თუ გაჭირდა, მწვადსაც შევწვავ, მაგრამ კერძს ვერ მოვამზადებ. ამ შემთხვევაშიც „ბელარუჩკა“ ვარ. სამაგიეროდ, საყიდლებზე შემიძლია წასვლა და პროდუქტსაც კარგს მოვიტან. ამაში ვერკვევი, მაგრამ საყიდლების სია უნდა გამატანონ. ყველაფერს ვერ ვიმახსოვრებ. რაღაც აუცილებლად დამავიწყდება.
– არის რომელიმე კერძი, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ შეჭამ?
– მგონი, არა. არ ვარ პრეტენზიული მჭამელი. წვნიანები არ მიყვარს, მაგრამ გაჭირვებაში ეგეც მიჭამია. (იცინის) ერთადერთი წვნიანი, რომელიც მიყვარს არის კარგად მომზადებული, წითელი ბორშჩი. ხორცის მოყვარული ადამიანი ვარ და ერთ კვირაზე მეტს ვერ ვძლებ ხორცის გარეშე. მტაცებელი ვარ ბუნებით (იცინის).
– ფულთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?
– ძალიან კარგი. არ არის იმდენი, რამდენიც მინდა რომ მქონდეს, მაგრამ უარესიც მინახავს. იყო დრო, როცა ფული საერთოდ არ მქონდა. ამიტომ, ფულის ყადრი ვიცი. ისე არ ვარ, ხელფასიდან ხელფასამდე სიგარეტის ფული რომ არ მიჰყვებათ ხოლმე. მაგრამ არც ძუნწი ვარ და არც მენანება ჩემი და ჩემი მეგობრების სიამოვნებისთვის დავხარჯო. ბევრი ფული რომ მქონდეს, უპირველესად, მოგზაურობაში დავხარჯავდი. ნეტავი, იმდენი შემოსავალი მქონდეს, ყოველთვე თუ არა, ორ თვეში ერთხელ მაინც შემეძლოს სადმე წასვლა. ფულს სიამოვნებით დავხარჯავდი საჩუქრებსა და ტანსაცმელში. ბრენდებს გამოკიდებული არ ვარ და მიმაჩნია, რომ მარტო „სახელში“ ბევრი ფულის გადახდა, სნობიზმია. თუმცა, მიყვარს ხარისხიანი, კარგი ტანსაცმელი. მაგრამ ბაზრობაზეც წავალ და ვიყიდი დაბალ ფასად იმას, რაც მომიხდება და მომეწონება. არ მენანება ფული კარგი ფეხსაცმლისთვის. მისესხია და მიყიდია ფეხსაცმელი, რომელიც ძალიან მომწონებია.
– მანქანა არ გყავს?
– არა. არ მყავს და ძალიან მინდა. მაგრამ, როდის შევძლებ მის შეძენას ნამდვილად არ ვიცი. ჯერ მაგდენი შემოსავალი არ მაქვს. საერთოდ არ მესმის „მოიკელი და დააგროვე“. ფული როგორ უნდა დავაგროვო, როგორ უნდა გადავდო, ან რა მოვიკლო. საჭმელი აღარ ვჭამო, თუ მეგობრებთან ერთად აღარსად წავიდე?!
– მათთვის, ვინც ფულს ვერ აგროვებს, არის ბანკი.
– ვიცი და მიფიქრია მაგაზეც, მაგრამ ძალიან ბევრი გამოდის. ვნახოთ, სექტემბრამდე რაღაცას მოვიფიქრებ.
– როგორ მკურნალობ „პახმელიას“?
– ოო, ეგ ძალიან რთული და მძიმე თემაა. თუ ცოტა მეტი მომივიდა, ძალიან ცუდი „პახმელია“ მაქვს და რამდენჯერაც დავლევ, იმდენჯერ ღმერთს ვეხვეწები, ოღონდ ახლა გადავრჩე და მეტს აღარ დავლევ-მეთქი (იცინის). მაგრამ, მერე მავიწყდება ჩემი პირობა.
– ხაში და არაყი არ გშველის?
– ხაშმა და არაყმა რომ გიშველოს, სახაშემდე მაინც ხომ უნდა მიხვიდე (იცინის). მე ვერ ვდგები საერთოდ. ერთადერთი, მინერალური წყლის იმედად ვარ, ხოლმე. ყოფილა შემთხვევა, შუადღემდე ვერ დავმდგარვარ ფეხზე.