კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისთან ერთად უნდა ცხოვრება ნოდიკო ტატიშვილს და ვინ უყვარს ნინო ჩხეიძეს ბუმერანგის პრინციპით


ნინო ჩხეიძე ქართული მუსიკალური ბაზრის უპირობო ლიდერია, ნოდიკო ტატიშვილი კი, ყველაზე მასშტაბური მუსიკალური პროექტის გამარჯვებული. ხალხის რჩეულებს დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ – იყვნენ ყოველთვის საინტერესოები, გააკეთონ ის, რაც მათ მსმენელსა და გულშემატკივარს მოეწონება.


ინტერვიუ 1. ჟურნალისტია ნინო ჩხეიძე

– ვიცი, რომ თბილისში არ იყავი. „ფეისბუქით“ გავიგე, რომ გადასარევად გრძნობდი თავს და თან იწერებოდი, კარგად ვარ, ჩემზე არ ინერვიულოთო. ვინ ნერვიულობდა, რატომ, ან საერთოდ, სად იყავი?

– ჩემები ნერვიულობდნენ, მაგრამ როგორც კი დავწერე არ ინერვიულოთ-მეთქი, უფრო მეტად დაიწყეს ნერვიულობა. ერთი სიტყვით, ვიყავი პრაღაში, რომლის საგზურიც „ჯეოსტარში“ მოვიგე. ეს იყო მოგზაურობა თავისი ექსკურსიებით, ამბებით და რაც მთავარია, ელტონ ჯონის კონცერტზე დასასწრები ბილეთით. მოკლედ, წავედი. (იცინიან) წავედი მარტო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩემთან ერთად მოდიოდა დათო დოიაშვილის ოჯახი. ძალიან გამიხარდა, რომ მარტო ყოფნა არ მომიწევდა. პრაღაში დამხვდა ჩემი მეგობარი ანა, რომელიც იქ ცხოვრობს. მომატარა მთელი ქალაქი, ვნახე ყველა მაგარი ადგილი. შოკში ჩამაგდო როგორც ქალაქმა, ისე იქაურმა ცხოვრების რიტმმა.

– როგორი რიტმია, აქტიური?

– დალაგებული, მოწესრიგებული. საერთოდ, ძალიან მიყვარს წესრიგი, როცა ყველაფერი თავის დროსა და ადგილზეა. მიმიზიდა ამ ყველაფერმა. მერე ვნახე ელტონ ჯონის კონცერტი. ძვირფასო მეგობრებო, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ კაცმა თავზე დაიმხო უზარმაზარი საკონცერტო დარბაზი, სადაც მინიმუმ, სამოცდაათი ათასი ადამიანი ეტევა. ორსაათ-ნახევრის განმავლობაში ინსტრუმენტთან ისე იმუშავა, ისე იმღერა და ისეთი კონცერტი გამართა, ემოციებისგან ლამის გონება დავკარგე. გადასარევ ადგილას მქონდა ბილეთი, მაგრამ კონცერტი რომ დამთავრდა, აღმოვაჩინე, რომ სულ სხვა ადგილას ვიდექი ფეხზე. გადავჩოჩდი. ახალი ალბომიდან რამდენიმე სიმღერა, რომ დაასრულა, მერე თითქმის ყველა თავისი ძველი ჰიტი იმღერა და ამ დროს დარბაზში საოცრებები ხდებოდა. ყველა ტიროდა, მღეროდა, ყველაფერი ერთად იყო. გავსკდი ბრავოს ყვირილით. ხუთკაციან ბენდთან ერთად იყო ჩამოსული. ასეთი ჟღერადობა, შემიძლია თამამად ვთქვა, თან მრავალი ძახილის ნიშნით, არსად გამიგია, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი. საქართველოში რომ არ გამიგია, ამაში ყველა ჩემი კოლეგა დამეთანხმება.

– ჰქონდა შოუ?

– არა, შოუს ელემენტები არ იყო. მხოლოდ ბენდი. მას შოუები უფრო ახალგაზრდულ წლებში ჰქონდა. მის მუსიკას ინგლისში უკვე კლასიკად აღიარებენ, კონცერტებზე ყოველთვის კლასიკური სიტუაციაა – თვითონ, კლავიში, ცოცხალი ბენდი, ფანტასტიკური მუსიკოსები, რომლებიც ბექვოკალსაც აძლევენ. გავგიჟდი დრამერზე, რომელიც უკრავდა და თან ხმას აძლევდა ელტონ ჯონს. ძალიან მაგარი იყო. ბევრი რომ აღარ ვილაპარაკო, ვარ უზომოდ ნასიამოვნები, კმაყოფილი, დადებითად დამუხტული, სავსე და მენატრება პრაღა... სხვათა შორის, ჩემებს გაუკვირდათ ძალიან, რადგან პირველი შემთხვევა იყო, რომ მოგზაურობიდან ჩამოვედი და ვთქვი, რომ ისევ იქ მინდა.

– იცი, რა მაინტერესებს, რა ფერია პრაღა. ყველა ქალაქს ხომ თავის ფერი აქვს.

– ძალიან ბევრი ფერია და დღის სხვადასხვა მონაკვეთში – სხვადასხვა. უფრო მშვიდი ფერია, ბევრი ხიდებით, პატარა სახლებით. სხვათა შორის, ღამის ცხოვრება ძალიან უყვართ. უამრავი კლუბია, მაგრამ ეგ მიმართულებაც მოწესრიგებული აქვთ.

– სამზარეულო?

– კაცი, რომელიც მიჩვეული ვარ ქართულ სამზარეულოს, თავისი ხაჭაპურებით, ქაბაბებით და კუჭმაჭებით, ჩეხურმა სამზარეულომ დიდად ვერ მომხიბლა, ეფექტი ვერ მოახდინა. რაღაც შუალედური საჭმელი აქვთ, არც იქით, არც აქეთ. პირველივე დღეს ჩემმა მეგობარმა წამიყვანა რესტორანში, სადაც ნაციონალურ კერძებს ამზადებდნენ. რაღაც კერძი მოიტანეს, ზუსტად ჩვენი ოსტრი იყო, ოღონდ არამწარე.

– განთქმული ლუდი აქვთ.

– ლუდს საერთოდ არ ვსვამ და მხოლოდ ერთი კათხა დავლიე. ქართველი ფეხბურთელი იყო ჩამოსული პრაღაში, რომელიც ჩეხეთის სხვა ქალაქში თამაშობს და მთხოვა, გამესინჯა. მისი ხათრით, ერთი ჭიქა ლუდი დავლიე და ისე დამათრო, ვერ აგიწერ, „ბარხატნად“ ვიყავი. მართლა უგემრიელესია. რაც ყველაზე მაგარი აქვთ, ეს სოსისები და სარდელებია.

– რაც შეეხება გოგონებს, რას იტყვი?

– გადასარევი კითხვაა, ამ საკითხზე დიდი დაკვირვება მქონდა. ორი კატეგორიის გოგოები არიან ჩეხეთში – ძალიან ლამაზები და საშუალოდ ლამაზები. ანუ, უშნოს და შეუხედავს იქ ვერ ნახავ. ძალიანაც რომ მოინდომო, ვერ შეხვდები. ცოტა სპეციფიკური გარეგნობა აქვთ, რომელიც უფრო ბალკანეთის ქვეყნებს ახასიათებთ.

– იქაური საშუალო ჩვენთან რომ „კრასავიცად“ ითვლება ისეთი?

– არა, ქართველი ქალის სილამაზეზე არ ვისაუბროთ, ვგიჟდები. ყველაზე ლამაზები ხართ. მაინც ყველაზე მეტად მომწონს.

– ორი გოგო რომ იყოს, კარგი ქართველი და ულამაზესი უცხოელი, რომელს მოიყვანდი ცოლად?

– ოო, ამაზე არ მიფიქრია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, საბოლოოდ, მაინც მგონია, რომ ჩემს ცხოვრებას მაინც ქართველ ქალს დავუკავშირებ. არა, ისე არ მინდა გამიგო, რომ შოვინისტი ვარ. თუ შემიყვარდა, ჩეხსაც მოვიყვან, ამერიკელსაც და ესპანელსაც. უბრალოდ, ჩემს მენტალიტეტთან, ხასიათთან უფრო ახლოს ქართველები არიან, ყველაზე უკეთ მიგებენ.

– ევროპელი გოგონები უფრო მოგწონს, როგორც ჩანს.

– (იცინიან) ასე გამოდის. თუმცა, აი ყაზახ გოგონებზე ვგიჟდები, ძალიან ლამაზები არიან.

– სავსე ხარ ემოციებით, როგორც ვხედავ, შესაბამისად, შემოქმედებითი იდეებითაც დაიტვირთებოდი. რის გაკეთება მოგინდა?

– მართლა ძალიან ბევრს ფიქრობ უცხოეთში ყოფნის დროს, ახალ რაღაცეებს ნახულობ. ასე თუ ისე, მარტო ხარ, ბევრს ფიქრობ. ელტონ ჯონის კონცერტი კი ისეთი ინსპირაცია იყო, რომ წამოვიდნენ და წამოვიდნენ მუზები. ყველაზე მთავარი კი ის არის, მინდა, ძალიან ბევრი გავაკეთო იმისთვის, რომ იმდენივე ადამიანი ესწრებოდეს ჩემს კონცერტს, რამდენიც იმ კონცერტზე იყო. ძალიან ბევრი გეგმა მაქვს. ვმუშაობ ალბომზე, რომელიც მინდა, ახალი და საინტერესო იყოს. გამოვა კლიპი, მაგრამ მის დამზადებას დიდი დრო სჭირდება, ანიმაციური იქნება. კიდევ ძალიან ბევრი მოგზაურობა მიწევს ამ ზაფხულს და ისე მიხარია, არ იცი. ვგიჟდები, ისე მიყვარს მოგზაურობა – თვითმფრინავი, ფრენა. აეროპორტში რომ შევდივარ, მაკანკალებს ისე მიყვარს ფრენა.

– მუზები ახსენე, ამბიცია მაქვს, რომ მე ვიყო შენი მუზა.

– (იცინიან) ხარ, ჩემო კარგო. არა, რეალურად მუზა, ასე ხორცშესხმულად არ მყავს. კონკრეტული მოვლენა, ნანახი, განცდილი ხდება მუზა, რომელიც შემოქმედებით იდეებს მიღვიძებს. სამწუხაროდ, ყველაზე მთავარი მუზა ცხოვრებაში, ანუ სიყვარული, რომელიც რადიკალურად განსხვავებულ ძალას გაძლევს, დღესდღეობით არ მყავს. მეორე მომენტიც არის, შეიძლება ემოციით აგავსოს, მაგრამ ძალიან მაგარი რაღაცეები არ გაგაკეთებინოს.

– ყველას უყვარხარ, შენი კრიტიკა არ მსმენია. შენ თუ გაგიგია მსგავსი რამ?

– ნაკლებად. სულ მაინტერესებს ხოლმე რას ფიქრობენ და, ამბობენ ჩემზე. ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის საინტერესოა, მაგრამ ბოღმით გამოწვეულ კრიტიკას ვერ მივიღებ, არ მაინტერესებს და შესაძლოა არც გამეცინოს. კომპეტენტური ადამიანისგან ზუსტ ნათქვამ შენიშვნას მივიღებ, რადგან საკუთარ შეცდომას ადამიანი ყოველთვის გრძნობს. მით უმეტეს მე, რომელიც ძალიან თვითკრიტიკული ვარ. სხვათა შორის, ზუსტ ნაკლს, შეცდომებს და დეტალებს დედაჩემი მეუბნება. ვგიჟდები, ისეთ რაღაცეებს ამჩნევს. სიყვარულია მთავარი კოზირი, რომლის გამოც ცხოვრება ძალიან მიადვილდება.

ინტერვიუ 2. ჟურნალისტია ნოდიკო ტატიშვილი

– შენ ხარ ზუსტად ისეთი ადამიანი, მე რომ მიყვარს – სავსე სიყვარულით, რაზეც წეღან ვსაუბრობდით, ყველას მიმართ ღიმილიანი. როგორ გამოგდის ეს?

– არასდროს ვთამაშობ. მართლა არ შეიძლება, რომ ყველას მიმართ სიყვარულით იყო განწყობილი. მყავს ჩემი რჩეული ადამიანები, არ ვგულისხმობ იმ ერთადერთ რჩეულს, ჩემს მეუღლეს, მეგობრების წრე, რომელიც ერთი ნიშნით გამოვარჩიე – სიკეთით. უცნაურია, მაგრამ ძალიან მალე ვგრძნობ, როგორი აურა აქვს ადამიანს და როგორ არის ჩემს მიმართ განწყობილი. თუ ვგრძნობ, რომ დადებითად არის განწყობილი, მისთვის არც მე ვიშურებ არაფერს. ბუმერანგის პრინციპი მუშაობს – რაც მეტ სიყვარულს გასცემ, მით მეტი გიბრუნდება. თუ ადამიანი ჩაკეტილია და თავის სიყვარულს ვერ გამოხატავს, ვერ შევეცდები მის გახსნას, ეს სიყვარული უნდა გამოიხატოს.

– რაიმე ცხოვრებისეული კრედო თუ გაქვს, რომელსაც მიჰყვები?

– მიყვარს ჩემი ოჯახი, მეგობრები, საქმე... მაქსიმალისტი ვარ, საშინლად მომთხოვნი საკუთარი თავის მიმართ. იმდენად მკაცრი, რომ ხშირ შემთხვევაში ჩემი ეს თვისება მაწუხებს კიდეც. მაგრამ, როგორც შენ თქვი, საოცრად მიზანდასახული ვარ და თავს რაღაცის დაზარების უფლებას არ ვაძლევ. ძალიან ბევრს ვშრომობ. სულ რომ არ მქონდეს კონცერტი, მაინც ძალიან ბევრს ვმუშაობ. ჩემი რეპერტუარიდან მაქსიმუმ, შეიძლება, თხუთმეტი სიმღერა იყოს პოპულარული, მაშინ, როცა სამოცდაათი სიმღერა მაქვს ჩაწერილი. მაგრამ, ვიცი, რომ ჩემი მუშაობა აუცილებლად იქნება დაფასებული.

– რას აპირებ, რა გეგმები გაქვს ისეთი – გამოკვეთილი, კონკრეტული, რის შესახებაც გინდა შენმა მსმენელმა იცოდეს და მეც ძალიან მაინტერესებს. ერთმანეთს სულ ისე ვნახულობთ, ხალხმრავლობაში და ვერ ვისაუბრეთ ამის შესახებ.

– ვმუშაობ ახალ ალბომზე, თითქმის მზად მაქვს. შემოდგომისთვის ვაპირებ, კლიპი გადავიღო. ასევე, ვაპირებ გამოვუშვა ჩემი სახელობის ღვინო. ღვინო იქნება ისეთი როგორიც მიყვარს.

– ვაა, რა მაგარია. ანუ, იყო „ნანის ვენახებიდან“, ახლა იქნება „ნინოს ვენახებიდან“ (იცინიან).

– ჩემი ვენახებიდან არ იქნება. უბრალოდ, იქნება ჩემი ბრენდის ერთ-ერთი მიმართულება. სტუდია რომ გავხსენი, კარგად გახსოვს, იქ ყველაფერს ჩემი სახელი და გვარი ეწერა, შოკოლადებს, ჭიქებს, კანფეტებს. მაგრამ, ეს არ იყო გაყიდვაში. ღვინო გაყიდვაში გამოვა. აუცილებლად, დაგაგემოვნებინებ, უმაგრესი შავი ღვინოა.

– მე შევალ მაღაზიაში და ვიკითხავ, „ნინო ჩხეიძე“ გაქვთ?

– და მოგცემენ უგემრიელეს ღვინოს.

– ღვინოზე გამახსენდა, გავიგე, რომ ნინო საოცარი მზარეულიაო, ოჯახში კერძებს სულ ის ამზადებსო.

– (იცინიან) რა გინდა, რომ გაგიკეთო?! ასე რომ აღარ დამცინო, მზად ვარ ამწამსვე დაგიმზადო ყველაფერი, რასაც მთხოვ. აი, რა გინდა?!

– რისი გაკეთება გეხერხება? ერთი მაინც მითხარი. ოღონდ კვერცხს მეც ვწვავ და სოსისსაც ვხარშავ.

– როგორ საჭმელს ვაკეთებ, იცი?! ხელოვანი ადამიანი ვარ და კულინარიაშიც შემოქმედებითად ვუდგები ამ საკითხებს. ვერ ვიტყვი, რომ სახლში მოსულ სტუმარს ხელის ჩამორთმევის ნაცვლად იდაყვს ვაგებებ, რადგან ხელები სულ ფქვილში მაქვს-მეთქი, მაგრამ ბევრ უცნაურობას ვაკეთებ. იმ დღეს ძალიან მომშივდა, სახლში მხოლოდ შავი ბრინჯი, კვერცხი და მწვანილები აღმომაჩნდა. ამ მასალით მშვენიერი საჭმელი გავამზადე. პომიდორი რომ მქონოდა, მოვასხამდი.

– ესე იგი, მოგეწონა ძალიან და დღესაც ჯანმრთელად და კარგად ხარ.

– (იცინიან) კი, მშვენივრად ვგრძნობ თავს. შანსები თქვენც გაქვთ.

– შენი მუსიკალური მიმართულების, ჟანრის შეცვლას ხომ არ აპირებ? ძალიან კარგად იმუშავე, სახელი დაიმკვიდრე, როგორც ქალაქური სიმღერების შემსრულებელმა. ამ სტილის შეცვლას ხომ არ აპირებ?

– ვაპირებ. მაიკო კაჭკაჭიშვილმა, რუსა მორჩილაძემ არაჩვეულებრივი სიმღერები დამიწერეს, რომლებიც ჟანრობრივად სულ სხვაა. მაგრამ, ეს არა იმიტომ, რომ ვთქვათ, ისეთ სიმღერას, როგორსაც ადრე ვაკეთებდი, აღარ გავაკეთებ. უბრალოდ, მუშაობაში საინტერესოა მრავალფეროვნება. თან მოვსინჯავ შეიძლება, ხალხმა მიიღოს ისეთი ნინო ჩხეიძე, შეიძლება – არა. რომ ჩავწერ, ჩემს ოჯახს, მეგობრებს მოვასმენინებ და თუ მეტყვიან, რომ ღირს, გამოვიტან დღის სინათლეზეც.

– ბოლოს როდის იმოგზაურე თბილისში? (იცინიან).

– ისე გამოვიდა, რომ ძალიან ხშირად მიწევს უცხოეთში ყოფნა და მეგობრები ხუმრობენ, თბილისში როდის ჩამოხვალ სამოგზაუროდო. ბოლოს ვიყავი პარიზში.

– რომელიც შენი მეორე სახლია?

– კი. სადაც არ უნდა წავიდე, უამრავ ქვეყანაში ვყოფილვარ, ვგიჟდები ევროპაზე, მაინც სულ პარიზში ჩასვლა მინდა. მგონია, რომ წინა ცხოვრებაში პარიზში ვცხოვრობდი. ძალიან ჩემია და იქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. სამწუხაროდ, ფრანგული არ ვიცი. მქონდა მასწავლებელთან სიარულის მცდელობა, მაგრამ მივხვდი, ენის შესწავლისთვის ძალიან დავბერდი. პრაქტიკა თუ მიშველის ახლა. სადაც არ უნდა წავიდე, სულ ვამბობ, ნეტავ, აქ ორი დღე დავრჩენილიყავი და სამი დღით პარიზში გადავსულიყავი-მეთქი. სხვათა შორის, ბოლოს ორი კვირით ჩავედი და პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ვთქვი, თბილისში მინდა წასვლა, მომენატრა-მეთქი. თან ის პერიოდი იყო, რეისები რომ ჩაიკეტა. აეროპორტში, მივედით და გვითხრეს, შეიძლება დარჩეთო, გადავირიე. ყველა მეუბნებოდა, ნინო რა გჭირს, ეს შენ ხარო. ვიცხოვრებდი იქ, მაგრამ ისე, რომ თვეში ერთხელ მაინც უნდა ჩამოვიდე.

– ზუსტად ასე ვარ, მეექვსე დღეს წნევა მიწევს, სიცხეს მაძლევს, მართლა ერთი სული მაქვს, როდის ჩამოვალ თბილისში. ყოველ ჩასვლაზე ახალ-ახალ რაღაცეებს პოულობ, თუ გაქვს უკვე ამოჩემებული ადგილები, სადაც სულ დადიხარ?

– არა, სულ ვცდილობ, ახალ-ახალი რაღაცეები ვნახო. არ მიყვარს ერთი ადგილის ამოჩემება. მირჩევნია, ბევრი ვიარო.

– შეძლებ იქ ცხოვრებას?

– ისე, რომ სულ ლიკვიდაცია გამიკეთონ და პარიზში გამაგდონ, არ მინდა. ეს მაინც ჩემია, რომელიც ისე მიყვარს, როგორც მშობლები, შვილი, რის გარეშეც ვერ ვიცხოვრებდი. ხშირად მაქვს კონცერტები ქართულ დიასპორასთან სხვადასხვა ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ ყველანი მატერიალურად უზრუნველყოფილი არიან, კარგად ცხოვრობენ, მაინც საოცარი სევდა და ტკივილი აქვთ თვალებში. ისე მეფერებიან ხოლმე, გული მეწვება.

– ეტყობა, მაინც სითბოს მომენტია. ქართველებივით თბილები არსად არიან. იცი, რა მაინტერესებს, კრიტიკას როგორ იღებ?

– კრიტიკის უდიდესი ქარცეცხლი გამოვიარე. როდესაც გამოვჩნდი, იმ პერიოდში მართლა არავინ არაფერს აკეთებდა. რადიოში სიმღერა რომ მივიტანე, სულ ძველი სიმღერები ჰქონდათ, პაპსა. ქალაქურ სტილში, დუდუკებით – „იაკატა-დაკატა“, „ჩემი გმირი გიწოდე“, ასეთი მართლა დიდი ხნის განმავლობაში არავის გაუკეთებია. მართლა ძალიან რთული პერიოდი გამოვიარე. არავის ვიცნობდი, ვისაც არ ეზარებოდა, ყველა რაღაცას ამბობდა ჩემზე. გარკვეულ წრეებში თითქოს მოდური გახდა ჩემზე ლაპარაკი. მაგრამ, ამას ყურადღებას არ ვაქცევდი ერთი ძალიან სერიოზული მიზეზის გამო, ეს ხალხის სიყვარული და ჩემი სიმღერების პოპულარობა იყო. ეგრევე მეორე სიმღერა მომთხოვა რადიომ, მერე ისევ მათ შემომთავაზეს, იქნებ, ალბომი ჩაწეროო. როდესაც ამხელა ზურგი და მხარდაჭერა გაქვს, იმ რაღაცეებმა ვეღარ გამტეხა. ჯანსაღად როცა მეტყვი რაღაცას, ჩემი მეგობარი ხარ. მაგრამ, ვერ მივიღებ კრიტიკას ადამიანისგან, რომელსაც თავად არ ჩაუწერია არაფერი უახლოესი ოცი წლის განმავლობაში. აი, შენ არ უნდა იმღერო – ამას დაუსაბუთებლად და უარგუმენტოდ ვერ მივიღებ.

– შენთვის უთქვამთ ასეთი რამ?

– კი.

– და რა უპასუხე?

– არაფერი ისეთი. მოდი, ყველამ თავის საქმე გააკეთოს.


скачать dle 11.3