როდის გაშიშვლდება საბერძნეთის ნაკრების თავკაცი ოტო რეჰაგელი და რომელი ფეხბურთელის ლოგინში ჩაწოლაზე ოცნებობდა კარლოს ბილარდო
ალბათ, გახსოვთ, იტალიელმა მოდელმა საბრინა ფერილიმ ორიოდე თვის წინ რომ თქვა, თუ დედაქალაქური „რომა“ ქვეყნის ჩემპიონი გახდება, მზად ვარ, ქალაქის შუა მოედანზე სტრიპტიზი ვიცეკვოო. საბრინა ამის გამკეთებელი იყო, რადგან წლების წინ ანალოგიური პირობა დადო და შეასრულა კიდეც. იგივე თქვა უბერებელმა სოფი ლორენმაც, მაგრამ, ლეგენდარული მსახიობი „ნეაპოლის“ გულშემატკივარია და ფსონს ნეაპოლური კლუბის ჩემპიონობაზე აკეთებდა, თუმცა, ჩემპიონატი მილანის „ინტერმა“ მოიგო და არავინ გაშიშვლებულა. ისე, წლების წინ, მადრიდული „რაიო ვალეკანოს“ პრეზიდენტმაც თქვა, თუ ჩემი გუნდი „პრიმერა დივიზიონში“ გადავა, მზად ვარ, ფეხბურთელებთან ერთად საშხაპეში შევიდეო. მაშინ „რაიომ“ უძლიერესი ლიგის საგზური მოიპოვა და პრეზიდენტმა სიტყვა აასრულა. ამ ისტორიაში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ კლუბის პრეზიდენტი ქალი გახლდათ, თუმცა კი 50 წელს გადაცილებული და საეჭვოა, ფეხბურთელები მისით მოხიბლულიყვნენ. ახლა კი მსოფლიოს ჩემპიონატია, ყველაზე დიდი საფეხბურთო ფორუმი და დაპირებებმაც უფრო საინტერესო ხასიათი მიიღო. ჩვენი აზრით, პირველ ადგილზე არგენტინული დაპირებებია და, ახლავე მოგიყვებით, რატომ:
1986 წელს არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი კარლოს ბილარდოს ხელმძღვანელობით მოიგო და მაშინ გუნდში დიეგო მარადონა ბრწყინავდა. ჰოდა, სწორედ ბილარდომ თქვა, მზად ვარ, არგენტინის ჩემპიონობის შემთხვევაში, ფინალურ მატჩში გამარჯვების გოლის გამტან ფეხბურთელს ლოგინში ჩავუწვეო.
„ვიცი, რომ უკანალი ძალიან მეტკინება, მაგრამ, მზად ვარ, ეს ტკივილი მოვითმინო, ოღონდაც არგენტინამ მუნდიალი მოიგოს“, – ასეთია ბილარდოს დაპირება.
არანაკლებ საინტერესო დაპირება აქვს არგენტინელთა მთავარ მწვრთნელს, დიეგო მარადონას. ცოცხალი ლეგენდა იფიცება, თუ არგენტინა ჩემპიონი გახდება, ბუენოს-აირესის სტადიონზე აღმართულ ობელისკს სამჯერ მთლიანად შიშველი შემოვურბენო. გულშემატკივრებმა კი ისიც თქვეს, თუ დიეგო გუნდს ჩემპიონს ვერ გახდის, კეთილი ინებოს და იმ ობელისკზე შიშველი ზემოდან ჩამოჯდესო.
გაშიშვლების წინააღმდეგი არ არის საბერძნეთის ნაკრების თავკაცი ოტო რეჰაგელიც. გერმანელი სპეციალისტი 72 წლის გახლავთ და იფიცება, არათუ ჩემპიონობისთვის, სამეულში მოხვედრის შემთხვევაშიც კი, მზად ვარ, ათენში, ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი კილომეტრი ფეხით გავიარო და მხოლოდ ფეხსაცმელები მეცვასო.
იტალიაში კი სხვაგვარი სიტუაციაა: გაშიშვლებით ძირითადად სუსტი სქესის წარმომადგენლები იმუქრებიან და, თან, როგორი წარმომადგენლები: ალესანდრო კოსტაკურტას ცოლი მარტინა კოლომბარი, რომელიც 35 წლისაა და მისი პარამეტრები დღემდე 89-59-89 გახლავთ, ანუ, იდეალურს ერთი სანტიმეტრით ჩამორჩება. ასევე, გაშიშვლებას აპირებს ელიზაბეტ კანალისი, რომელიც, აგერ უკვე ერთი წელია, საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა და გვერდს ცნობილ მსახიობს, ჯორჯ კლუნს უმშვენებს. მაგრამ, ლიზას არ ავიწყდება, რომ იტალიელია და მზად არის, თავისი ქვეყნისთვის ასეთი „მსხვერპლი“ გაიღოს. მათ რიგებშია მელისა სატაც. ქალი, რომელიც ვეტერანი იტალიელი ფორვარდის, კრისტიან ვიერის მეგობრად ითვლება. თავად ვიერიც ამბობს, იტალიამ მოიგოს და, სატას, თუ გნებავთ, მთელი ერთი კვირა შიშველს ვატარებო. და, როგორ გგონიათ, იტალიელი გულშემატკივრები ამით დაკმაყოფილდნენ? ნურას უკაცრავად – ისინი ნაკრების მთავარი მწვრთნელის, მარჩელო ლიპის ქალიშვილის, სტეფანიას გაშიშვლებასაც ითხოვენ, თუმცა, თავად მარჩელო და სტეფანია არანაირი პირობის დადებას არ აპირებენ.
ინგლისში კი თვითმკვლელობების ეშინიათ. საქმე ისაა, რომ ხელისუფლებას ეჭვი აქვს, ჩემპიონობის ვერმოპოვების შემთხვევაში, გულშემატკივართა გარკვეულმა ნაწილმა, შესაძლოა, თავი მოიკლას. ინგლისელები ყველაზე გადამკვდარი ფანები არიან და ყველამ კარგად იცის, რომ ასეთი შემადგენლობა კიდევ კარგა ხნის განმავლობაში ვერ შეიკრიბება.
ჰოლანდიის ნაკრების გულშემატკივრები კი ძალიან საინტერესო წინადადებით გამოვიდნენ: მათ სურთ, რომ, თუ ჰოლანდია ჩემპიონი ვერ გახდება, შიშველი ფოტოსესია რაფაელ ვან დერ ვაარტის ცოლმა, სილვიამ მოიწყოს. ალბათ, იფიქრებთ, სილვია რა შუაშიაო. საქმე ისაა, რომ ვან დერ ვაარტის მეორე ნახევარი ფეხბურთელების ცოლებს შორის ყველაზე სექსუალურად ჯერ გერმანიაში დაასახელეს, მერე კი, როცა რაფა ესპანეთში გადაბარგდა, სილვიამ ტიტული არც იქ დათმო. გულშემატკივართა მოთხოვნაზე სილვიას კომენტარი არ გაუკეთებია, ჰოლანდიას კი მართლა კარგი გუნდი ჰყავს, თუმცა, იქნება თუ არა მათი სიკარგე ჩემპიონობისთვის საკმარისი, ერთად ვნახავთ.
გერმანიის ნაკრების თავკაცს, იოაჰიმ ლიოვს პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, ჩემპიონობის შემთხვევაში რას იზამთო და გერმანული პასუხიც მიიღეს – დასასვენებლად წავალ და ოჯახთან ერთად საქმეებს მოვწყდებიო. სამაგიეროდ, ბუნდესნაკრების ლიდერი, ბასტიან შვაინშტაიგერი ამბობს, რომ ნებისმიერ ათ გოგონასთან ივახშმებს და დანახარჯსაც თავად გადაიხდის. ეს უბრალო ამბავი არ გეგონოთ, ბასტიანთან ერთად ვახშმობისთვის გერმანიაში კონკურსი უკვე სამჯერ გამოცხადდა და გოგონებმა ორი ათასი ევროც გადაიხადეს, რათა კონკურსში მონაწილეობა მიეღოთ. რა თქმა უნდა, ფული საქველმოქმედო საქმიანობას მოხმარდა.
მსოფლიოს ჩემპონატის მოგების ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ესპანეთის ნაკრები მიიჩნევა და ნაკრების თავკაცმა, ვისენტე დელ ბოსკემ, განაცხადა: არ მგონია, ჩემი შიშველი სხეულის ნახვა ვინმეს უნდოდეს და, თუ ამის მოთხოვნა მაინც იქნება, მზად ვარ, გავიხადო და მადრიდის მოედანზე სამი წუთის განმავლობაში დავდგეო.
ალბათ, ფიქრობთ, რატომ არ ვახსენეთ ბრაზილიის ეროვნული ნაკრები. საქმე ისაა, რომ ბრაზილიაში არავინ არანაირ პირობას არ დებს. მიზეზი მარტივია: ბრაზილიაში ყველა ყოველთვის ერთადერთ შედეგს ელოდება და ეს შედეგი – ჩემპიონობაა.