კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის ახალგაზრდა პენსიონერი და როგორ გადაუხადა სამაგიერო ირაკლი ლაბაძემ ჯორჯ ბუშს


ქართველმა ჩოგბურთელმა, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა ირაკლი ლაბაძემ, მართალია, თავისი საჩოგბურთო კარიერა დაამთავრა და ახალგაზრდა პენსიონერი“ გახდა, მაგრამ, ისევ რჩება მშობლიურ ჩოგბურთში და ახლა მწვრთნელის ფუნქციას ითავსებს. სასურველ სასიძოს ამჟამად მეტი თავისუფალი დრო აქვს და, გამორიცხული არაა, დაქორწინებისთვისაც მოიცალოს. თუ როგორი გოგონები მოსწონს ირაკლი ლაბაძეს და ვის აქვს მეტი შანსი მისი გულის მოსაგებად, ამას თავად გაგიმხელთ.


ირაკლი ლაბაძე: ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. როგორც ყველას, მეც მიყვარს გართობა, მაქსიმალურად ვცდილობ, თავისუფალი დრო მეგობრებთან ერთად გავატარო. ახლა, რაც კარიერა დავასრულე, დროის დეფიციტს აღარ განვიცდი. ერთი წელია, რაც თვითმფრინავში აღარ ვცხოვრობ, და როგორც იქნა, თბილისში დავფუძნდი, რაც შეეხება ჩემს საქმიანობას, იმავე სამყაროში ვტრიალებ – ისევ ჩოგბურთს ვემსახურები: ვარ მწვრთნელი და ვცდილობ, მომავალ თაობას ჩემი გამოცდილება გავუზიარო.

– ჩოგბურთი სპორტის ერთ-ერთი ძვირად ღირებული სახეობაა და, შესაბამისად, მისით ელიტური ფენა ინტერესდება. პრესტიჟულობის გამო ხომ არ ჩაებით ამ სპორტში?

– ფეხბურთი რომ ითამაშო, გინდა ბუცები და ფეხბურთის ბურთი; ჩოგბურთის თამაშისას კი გესაჭიროება ჩოგანი, სინა, ბუცები და ბურთები, რომლებიც თვის განმავლობაში 100-200 ცალი დაგჭირდება და ბევრად ძვირია, ვიდრე ფეხბურთის ან კალათბურთის ბურთი, მარტო ჩოგანი 200 დოლარი ღირს და თვის განმავლობაში სამი ცალი მაინც გჭირდება. თამაშის დროს მოედნის დაქირავებაა საჭირო, რომელიც საათში 25 ლარი ღირს, მწვრთნელის დაქირავებაც ძვირი სიამოვნებაა. ალბათ, ამიტომ ეტანებიან ჩოგბურთს შეძლებული ადამიანები, რადგან ის ღარიბებისთვის ხელმიუწვდომელია.

– მოდი, გაიხსენეთ თქვენი პირველი წარმატება ჩოგბურთში, როგორც მახსოვს, ეს საკმაოდ ადრეულ ასაკში მოახერხეთ.

– ტურნირებში მონაწილეობა დავიწყე 12 წლიდან. ჯერ პირველი ადგილი ავიღე, მერე მეორე და ასე გაგრძელდა კარგა ხანს. ყველაზე დიდი მიღწევა კი იყო, 16 წლამდე ასაკის მონაწილეებში 15 წლის ასაკში რომ გავხდი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ჩოგბურთში. არსებობდა იტალიური ფირმა „სერჯიო ტაჩინი“, რომელიც მოგვიანებით მამაჩემს ჩაენაცვლა და ის გახდა ჩემი სპონსორი.

– რომ არა ადრეულ ასაკში მოპოვებული წარმატებები, თუ გააგრძელებდით საჩოგბურთო კარიერას?

– 15 წლის ასაკში მსოფლიოს ჩემპიონი ყველა ვერ გახდება, მაგრამ, თუ არ აღმოაჩინე საკუთარ თავში უნარი და პოტენციალი, მაშინ, დროის ფუჭად დაკარგვა არც ღირს, ჩოგბურთის კარგად თამაშის გამო მომცეს შანსი, მესწავლა ერთ-ერთ პრესტიჟულ კოლეჯში, სადაც სწავლა 45 000 დოლარი ღირდა, თუმცა, მე გამიმართლა და უფასოდ ვსწავლობდი. მართლაც ბევრი და სახალისო ისტორია გადამხდენია ჩოგბურთის მოედანზე. როცა ვთამაშობდი, ყველაფერს იუმორით ვუყურებდი, საკუთარ თავს ვახალისებდი. ერთ მომენტს გავიხსენებ: 2003 წელია. ატლანტაში ტარდება შეჯიბრება და ვეთამაშები ანდრე აგასს. საკმაოდ დაძაბული თამაშია, რომელსაც ესწრება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში. უცებ, გათამაშებისას ბურთი წავაგე, ადვილი ბურთი გავაფუჭე და ტაში დამიკრეს. ვეცადე არ გავბრაზებულიყავი, თავი ხელში ამეყვანა. როცა ბუშს შევნიშნე, რომ ის ჩემს შეცდომაზე ხარობდა და სიცილით ტაშს უკრავდა, არც ვაციე, არც ვაცხელე, დავმანჭე სახე, ყბა გვერდულად მოვაქციე და აჟიტირებულივით ჩქარი ტაში დავუკარი ბუშს. ამგვარად დავცინე მას. როცა გამოვედი მოედნიდან, მოვიდა და ხელი გამომიწოდა. ორივე ვიცინოდით, რადგან იუმორზე არც ერთი არ ვიყავით „აცრილი“. აქვე კიდევ ერთ ამბავს გავიხსენებ: 2006 წელს მივფრინავდი ამერიკის ღია პირველობაზე. აეროპორტის გასასვლელი გავიარე და ველოდები, ჩასხდომა როდის დაიწყება. თვითმფრინავში შევედი და მერე გამახსენდა, რომ გარეთ დამრჩა მუსიკის აიპოდი. გამოვედი გარეთ, რაღაც დაბნეული ვიყავი და გავიფიქრე, ნეტა, ჩემი გაფრენა დღეს ღირს-მეთქი? შევედი ისევ თვითმფრინავში, მეტი რა გზა მქონდა?! შემოვიდა სამი არაბი და მათგან ერთზე გავიფიქრე, თუ ეს კაცი ჩემ გვერდით დაჯდა, უეჭველი ბომბი ექნება-მეთქი. ამის გაფიქრება იყო და, მართლაც ასე არ მოხდა?! ბევრი ფიქრი აღარ დამიწყია, ავდექი და, უნდა წავიდე, აღარ მივფრინავ-მეთქი, განვაცხადე. რატომო, რომ ჩამეკითხნენ, ვუპასუხე, აგაფეთქებენ, თქვენც გადადით-მეთქი... როგორც მერე გავიგე, ის რეისი გამოუცვლიათ, გაფუჭებულა თვითმფრინავი და საფრანგეთამდე ძლივს ჩაუღწევიათ მგზავრებს. არ ვიცი, მართლა იმ არაბის გამო მოხდა თუ არა რამე, მაგრამ, ხათაბალას რომ დავაღწიე თავი, აღარაფერს დავეძებდი (იცინის).

– ირაკლი, შენს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი რომელი თამაში იყო?

– წლის განმავლობაში – 100, სულ კი, დაახლოებით, 1 000 მატჩი მექნება ნათამაშები. ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს რაც შეეხება, ეს იყო 2001 წელს ანდრე აგასის დამარცხება. ჩემი მოწინააღმდეგე პირველი ჩოგანი იყო მსოფლიოში და მისმა დამარცხებამ დიდი სტიმული მომცა. მე ტრავმის გამო დავანებე ჩოგბურთს თავი, მაშინ მხოლოდ 25 წლის ვიყავი. გარკვეული ტაიმაუტის მერე ისევ ვითამაშე რამდენჯერმე და 2008 წელს დავასრულე ჩემი საჩოგბურთო კარიერა.

– შეიძლება, ვთქვათ, რომ ახალგაზრდა პენსიონერი ხართ...

– დიახ, ასე გამოვიდა (იცინის).

– ირაკლი, თითქმის მთელი მსოფლიო გაქვთ მოვლილი. ყველაზე მეტად რომელი ქალაქი მოგწონთ და სად იცხოვრებდით სიამოვნებით?

– თითქმის კი არა, მართლა ყველგან ვარ ნამყოფი. სამომავლოდ არსად ცხოვრებას აღარ ვაპირებ თბილისის გარდა, მაგრამ, ძალიან მომწონს ისეთი ქალაქები, როგორიცაა რომი, მილანი. პარიზი არ მომწონს იმის გამო, რომ რომანტიკული ქალაქია, მე კი რომანტიკული პიროვნება არ ვარ.

– როცა შეყვარებული ხართ, მაშინ მაინც არ ამჟღავნებთ რომანტიკას?

– სხვათა შორის, მეუბნებოდნენ, შენებური რომანტიკა გაქვსო. მიმხვედრი ხვდებოდა ჩემს რომანტიზმს (იცინის).

– ქართველი მამაკაცების მისწრაფება ხშირ შემთხვევაში ღვინო, დუდუკი და ქალებია. ამათგან თქვენ რომელი გირჩევნიათ?

– ტრადიციების მიმდევარი ერი ვართ და, ღვინოც და დუდუკიც მისი შემადგენელი ნაწილია, ამიტომ, ქალებზე სხვა პლანში ვისაუბროთ. მე მოუსვენარი ადამიანი ვარ, ამიტომ, სუფრასთან ჯდომა და საათიანი ღრეობა ჩემთვის მეტად დამღლელი პროცესია, ამიტომ, ღვინის სმისა და თამადობისგან შორს ვარ. თუმცა, თუ სიტუაცია მოითხოვს, შეიძლება, ცოტა დავლიო კიდეც. სიტუაციას გააჩნია, თორემ, მწეველებისა და მსმელების რიცხვში არ შევდივარ.

– ეს მართლაც დასაფასებელი თვისებაა, ამგვარ სიკეთეებს ისიც ემატება, რომ თბილისში ერთ-ერთი სასურველი სასიძო ხართ, შესაბამისად, ალბათ, ქალებში პოპულარობითაც სარგებლობთ.

– არ მგონია, სასურველი სასიძო ვიყო. ისე დამახასიათეთ, რომ დამაფიქრეთ კიდეც. არც დიდი პოპულარობით გამოვირჩევი მანდილოსნებში.

– მესმის თქვენი, გეძნელებათ თავის ქება, მაგრამ ეს რეალობაა და ასეთი თავმდაბლობაც, არ მგონია, ამ მომენტში საჭირო იყოს.

– ამ თემაზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ, თქვენს ცნობისმოყვარეობას მაინც დავაკმაყოფილებ: ვარ ნამდვილად უცოლო, 29 წლის მამაკაცი, რომელმაც დროის უქონლობისა და მუდმივი მოგზაურობის გამო დაქორწინება ვერ მოახერხა. იმდენ ენერგიას ვხარჯავდი, მართლა არ მეცალა პირადი ცხოვრებისთვის.

– სამაგიეროდ, ახლა ნამდვილად გცალიათ და, საინტერესოა, შეყვარებულია თუ არა ირაკლი ლაბაძე?

– ახლა შეყვარებული ნამდვილად არ ვარ, ჯერ არ შემხვედრია ისეთი ადამიანი, ვისაც გავუგებ და მისი შეყვარება მომინდება, თუ გამოჩნდა ასეთი ადამიანი, აი, მაშინ ვიფიქრებ ოჯახის შექმნაზე. ეს, თავისთავად, ორმხრივი სურვილით უნდა მოხდეს. ალბათ, მოვა ამის დროც.

– მაინც, როგორი სტილის გოგოს აქვს თქვენი მოხიბვლის შანსი?

– პირველ ყოვლისა, კარგი იუმორის გრძნობა უნდა ჰქონდეს, იყოს თავმდაბალი და უშუალო პიროვნება, „ბარბის“ სტილის ქალი არ მომწონს, უკეთესია, თუ იქნება შავგვრემანი და, რა თქმა უნდა, მიმზიდველიც. ისიც ვიცი, რომ იდეალური პიროვნება არ არსებობს. ასე, ზოგადად ჩამოვთვალო – ასეთი და ასეთი უნდა იყოს ჩემი მეორე ნახევარი-მეთქი, ესეც შეუძლებელია. როცა გამოჩნდება ჩემი გემოვნების გოგონა, გაუგებარი არ დარჩება, მერწმუნეთ.

– ისე, რომ გაკვირდებით, მაინცდამაინც მექალთანე არ უნდა იყოთ.

– მადლობა, სწორად მიხვედრილხართ, მექალთანე მართლა არ ვარ. აქამდე სერიოზულად მხოლოდ ერთხელ ვიყავი შეყვარებული 23-26 წლის ასაკში. ახლა მეორედ შეყვარებასაც შევძლებ, არაა პრობლემა (იცინის).

– მაინც, როგორი გოგოა თქვენთვის სასურველი – ევროპული აზროვნების თუ ქართული ტრადიციების მიმდევარი?

– რას ნიშნავს ევროპულობა? ალბათ, იგულისხმება თამამი და თავისუფალი, არა? მე, საერთოდ, „ოქროს შუალედის“ მომხრე ვარ – მასში ცოტ-ცოტა ყველაფერი უნდა იყოს შეზავებული: ტრადიციების მიმდევარიც უნდა იყოს, ცოტა თავისუფალიც და, ასევე, ევროპულადაც თუ იაზროვნებს, არც ეგ იქნება ცუდი. არ გამჩენია აზრად სხვა ეროვნების გოგონა მომეყვანა ცოლად, მინდა, ქართველი იყოს და სხვა დანარჩენზე პირადად შევთანხმდებით.

– და, ბოლო კითხვა მექნება თქვენთან: წარმატებული სპორტსმენები კარიერის დასრულების შემდეგ ორი არჩევნის წინაშე დგებიან: ბიზნესი ან პოლიტიკა. სად ხედავთ თქვენს თავს?

– ერთ რამეში დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ პოლიტიკაში ცხვირის შეყოფას არ ვაპირებ. სურვილი მაქვს, მქონდეს ჩემი საკუთარი კლუბი. სავარაუდოდ, ბიზნესში გადავინაცვლებ.


скачать dle 11.3