კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: ყოველთვის მეგონა, რომ თმისთვის უმჯობესია, ნატურალურბეწვიანი ჯაგრისი-სავარცხელი. მაგრამ, ახლახან გავიგე, რომ ასე არ ყოფილა, თურმე ხელოვნურბეწვიანი ჯაგრისი უკეთესია. მართალია თუ არა ეს?
პასუხი: საერთოდ, სავარცხელი (ჯაგრისიანი ან ჩვეულებრივი) უნდა შეარჩიოთ იმის მიხედვით, რამდენად რბილად და უსაფრთხოდ, ანუ თმის ღერებისა და თავის კანის დაუზიანებლად ვარცხნის. ამას კი გაცილებით უკეთ აკეთებს ხელოვნური ჯაგრისი. იდეალურად ითვლება სავარცხელი-მასაჟორი, რომელიც დამზადებულია ხარისხიანი პლასტიკატისგან და აქვს ბრტყელი, ნიჩბისებური ფორმა.
კითხვა: ჩემი შვილი (გოგონა) გარდატეხის ასაკშია და სახეზე აქვს ჩირქოვანი გამონაყარი. ეს ასაკთან ერთად გაუვლის თუ რამე ზომების მიღებაა საჭირო? თუ მკურნალობა აუცილებელია, გთხოვთ, მასწავლოთ, როგორ მოვიქცე.
პასუხი: სქესობრივი მომწიფების პერიოდში ხდება ინდივიდუალური ჰორმონული სტატუსის ფორმულირება, რის შედეგადაც კანი უფრო ცხიმიანი ხდება, რაც ხელს უწყობს მიკროორგანიზმების გავრცელებას და სწორედ ეს ახდენს გამონაყარის პროვოცირებას. ამის თავიდან ასაცილებლად უნდა მოიქცეთ შემდეგნაირად: თქვენმა გოგონამ დილას და საღამოს გაიწმინდოს სახე ამქერცლავი საშუალებით, რომლის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს: სალიცილის მჟავა, ასევე, ფიტოკომპლექსი, რომელიც დამზადებული იქნება სასარგებლო მცენარეულ ექსტრაქტებზე, როგორიც არის, მაგალითად, მოცვი, გვირილა და ასე შემდეგ. ფიტოკომპლექსი აჩქარებს კანის უჯრედების შეხორცებას.
კითხვა: რატომ მიაჩნიათ, რომ 40 წლის შემდეგ ქალისთვის სახის კანის მოსავლელად აუცილებელია კომპლექსური მიდგომა? ნუთუ ეს მოაგვარებს ასაკობრივ პრობლემებს? რა ხდება ამ დროს ორგანიზმში, კერძოდ, კანთან მიმართებაში?
პასუხი: რა თქმა უნდა, მოაგვარებს, რადგან ამ ასაკისთვის დამახასიათებელია მთელი რიგი პროცესებისა, რომლებიც ნეგატიურად მოქმედებს კანის მდგომარეობაზე. ეს პრობლემებია:
ა) ეპიდერმისის უჯრედების აღდგენის შენელება;
ბ) დერმაში კოლაგენის რაოდენობის შემცირება და შემდეგ – ნაოჭები და კანის მოდუნება;
გ) სპეციფიკური ფერმენტების დონის ამაღლება, რაც შლის კოლაგენსა და ელასტინს;
დ) კანქვეშა კაპილარებში მიკროცირკულაციის დარღვევა;
ე) კანის გაუწყლოება.
კითხვა: გთხოვთ, მასწავლოთ ადვილად გასაკეთებელი პილინგ-ნიღბები, რომლებიც მცენარეულ ფუძეზე იქნება დამზადებული.
პასუხი: გასწავლით პილინგ-ნიღბების ორ ვარიანტს:
1) გარგარის ნიღაბი გამოდგება ნებისმიერი ტიპის კანისთვის.
1 ჩაის ჭიქა კურკაგამოცლილი გარგარი ათქვიფეთ მიქსერით, დაუმატეთ 1 სადილის კოვზი თაფლი, სახეზე სქელ ფენად წაისვით და აცადეთ გაშრობა. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და თან დოლბანდის სქელი ტამპონით დაიმასაჟეთ. ბოლოს წაისვით ნებისმიერი დამატენიანებელი კრემი.
2) მარწყვის ნიღაბი მშრალ კანს ელასტიკურობას დაუბრუნებს.
100 გრამი გარეცხილი მარწყვი კარგად დასრისეთ და შეათქვიფეთ 1 კვერცხის ცილა, წაისვით სახეზე და 15 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ბოლოს წაისვით შესაბამისი მკვებავი.
კითხვა: რა არის ბროსაჟი? თუ შეიძლება, მომაწოდეთ მცირე ინფორმაცია.
პასუხი: ბროსაჟი არის აპარატით გაკეთებული პილინგის ერთ-ერთი სახეობა. მისი ზემოქმედება ზედაპირულია. შედეგი: ასწორებს კანის უსწორმასწორო ზედაპირს, წვრილ, მიმიკურ ნაოჭებს.
აღნიშნული პილინგი კეთდება ჩახვეული ჯაგრისებით, რომლებსაც აქვს სხვადასხვა ზომა და სიმაგრე. პროცედურის დასაწყისში კანი ხურდება, რის შედეგადაც ფართოვდება ფორები. შემდეგ კანზე აფენენ ადვილად შემწოვ ხელსახოცს და ზემოდან უსვამენ სპეციალურ გელს ან ემულსიას, რის შედეგადაც ხდება უშუალოდ წმენდა: კოსმეტოლოგი ჯაგრისს უსვამს მასაჟის ხაზების მიმართულებით და აცლის კანის ზედა, გარქოვანებულ ფენას. პროცედურის საშუალო ხანგრძლივობა 10 წუთია.
ეფექტი: შედეგი ჩანს მაშინვე – ადამიანი შესამჩნევად გაახალგაზრდავებულია.
რეკომენდაცია: ბროსაჟის გაკეთება მიზანშეწონილია 7-10 დღეში ერთხელ; კურსი – 4-6 პროცედურა.
უკუჩვენება: ბროსაჟის გაკეთება არ შეიძლება: ძალიან მოდუნებულ კანზე, ეგზემის, ჰერპესის, აკნეს, ვარდისფერი ფერისმჭამელებისა და გაფართოებული კაპილარების შემთხვევაში.