საკუთარ თავს თავადვე უმკურნალეთ
ორგანიზმს სჭირდება დროდადრო გაწმენდა. ახლა ის პერიოდია, როცა ასაკოვანი ადამიანები დისკომფორტს განიცდიან, იზრდება გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკი, პიკს აღწევს მთელი რიგი უსიამოვნო დაავადებები. ამიტომ, ყურადღება გაამახვილეთ კვებაზე და ივარჯიშეთ.
ტოქსინების გამოდევნა – შხამებისგან ღვიძლის, თირკმელების, ნაწლავებისა და კანის გასათავისუფლებლად მიმართეთ მარტივ მეთოდს: აფთიაქში შეიძინეთ არყის ხის ქერქი, შავთავა, როზმარინი და ბაბუაწვერა. მცენარეები თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ერთმანეთს. ერთ ჩაის კოვზ ნარევს დაასხით ორი ჭიქა ადუღებული წყალი, ერთი საათით დააყოვნეთ და შემდეგ გადაწურეთ. დალიეთ ერთი ჭიქა დილით, უზმოზე, მეორე კი – საღამოს, ძილის წინ. მკურნალობის კურსი ორი კვირაა.
იზრუნეთ განწყობაზე – ხალისიანი განწყობის შესაქმნელად დაგეხმარებათ კარგი კვება და ძილი. მთელი დღის განმავლობაში, დატვირთვით რომ იმუშაოს, ტვინს ესაჭიროება შაქარი, ძირითადი ცხიმმჟავები, B ჯგუფის ვიტამინები, განსაკუთრებით – B1 და B6. ყველაფერ ამას კი შეიცავს ბრინჯი, ხორცი, თევზი, რძის პროდუქტები და ხორბალი. კარგია სპორტით დაკავება. თამბაქო და ყავა კი ენერგიას შთანთქავს. წონასწორობის აღსადგენად ბალანსირებული კვება უფრო კარგია, ვიდრე ფსიქოსტიმულატორები.
ისუნთქეთ სწორად – ბევრმა ადამიანმა სწორად სუნთქვა არ იცის, ჟანგბადით ცუდად მომარაგებული ორგანიზმი მალე იღლება და იხარჯება, ხოლო ღრმა სუნთქვა კი ერთგვარ მასაჟს უკეთებს შინაგან ორგანოებს, აადვილებს ნარჩენების გამოდევნას, აუმჯობესებს ძალას და სტიმულს აძლევს სისხლის ცირკულაციას. ისწავლეთ სწორად სუნთქვა: დახურეთ პირი, მარცხენა ნესტოზე მიიჭირეთ თითი და მარჯვენა ნესტოთი ღრმად ჩაისუნთქეთ. შემდეგ მარჯვენა ნესტოს მიაჭირეთ თითი და მარცხენა ნესტოთი ამოისუნთქეთ. რამდენჯერმე გააკეთეთ მუცლით სუნთქვა, ცხვირით ჩაისუნთქეთ და პირით ამოისუნთქეთ.
დამტკიცებულია, რომ ხანგრძლივი სიცოცხლე გარანტირებული აქვთ მხიარულ და ოპტიმისტ ადამიანებს. სიცილის დროს ვარჯიშდება ყველა კუნთი და სისხლი ჟანგბადით მდიდრდება. სიცილი დადებით გავლენას ახდენს გონებისა და სხეულის ჰარმონიაზეც.